როგორ ყრიან დასჯის შიშით სკოლების დირექტორები სუსტ მოსწავლეებს ქუჩაში და როგორ ყალიბდება არასრულწლოვნებისგან ყველაზე იაფი მუშახელი
ის-ის იყო საქართველოს არასრულწლოვანი მოსახლეობა 8 საატესტატო გამოცდას ეჩვეოდა, იმის პარალელურად, რომ უკვე ნაჩვევი იყო ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რომ ვითარება შეიცვალა და გაირკვა, რომ მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი გაუქმდება და იმიერიდან მოყოლებული მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში 8+1 საგამოცდო პრინციპით გადანაწილდებიან (8 გამოცდა სასკოლო საგნებში ჩაუტარდებათ, იმ დამატებით ერთში კი უნარებში გამოიცდებიან). თუმცა საქმეში ჩახედული ადამიანები არ გამორიცხავენ, რომ 8 ან შვიდი გახდეს, ან, სულაც, 9. არც ის ვიცით, რა ტიპის იქნება მომავალ წელს საატესტატო გამოცდები და არც ის პრინციპი, რითაც მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხებიან. ბუნებრივია, ისიც უცნობია, რა გზას უნდა მიმართოს მან, ვინც სკოლა უფრო ადრე დაამთავრა და ამიტომაც საატესტატო გამოცდები არ ჩაუბარებია. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სტუდენტობის მსურველების მშობლებს შვილების ახლა უკვე 9 საგანში მომზადება მოუწევთ (ამიტომ ჯიბეები კარგად უნდა მიიჩხრიკ-მოიჩხრიკონ). სიმონ ჯანაშიასთან ერთად ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც გამოვემშვიდობებით და საატესტატო გამოცდების ბუნების დადგენასაც შევეცდებით.
– 8+1 პრინციპით დანიშნული საატესტატო გამოცდები შეძლებს, შეითავსოს საკუთარიც და ერთიანი გამოცდების ფუნქციაც?
– მისაღები გამოცდები საერთოდ არ ამოწმებდა ცოდნის დონეს. ის ამოწმებდა, ვინ უკეთესად იცოდა. სატესტო გამოცდები კი იმისთვისაა, რომ დადგინდეს, აქვს თუ არა მოსწავლეს ის დონე, ჩაითვალოს, რომ მან მიიღო ზოგადი განათლება. მომავალ წელს შეჯიბრი იქნება უნარების ტესტის მიხედვით.
– და ეს ერთი გამოცდა იქნება საკმარისი აბიტურიენტის პოტენციალის და უკეთესოობის შესამოწმებლად?
– საერთოდ, ვერანაირი ტესტი ვერ იქნება საკმარისი იმის დასადგენად, არის თუ არა ადამიანი მზად უმაღლესში სწავლისთვის. მისაღები გამოცდების ტესტების ძირითადი ფუნქცია იყო, გამოევლინა ვინ უფრო იმსახურებს უმაღლესში სწავლის გაგრძელებას და არა ის, ვინ უფრო მზად არის. ამიტომ სულერთია, ამას ოთხი გამოცდით შეამოწმებ თუ ერთით. ის, რომ მხოლოდ გამოცდებით ხდება უმაღლესში აბიტურიენტის მიღება, თავისთავად, უსამართლო სისტემაა. ასე არის მხოლოდ საქართველოში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში. სხვაგან უმაღლესები თვითონ აწესებენ პირობებს, მაგალითად, იღებენ საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულებს. ჩვენთან უმაღლესი არ აწესებს არანაირ კრიტერიუმს, გარდა სასპორტო და სახელოვნებო მიმართულებების მქონე უმაღლესებისა. ამდენად, არ ვაძლევთ საშუალებას უმაღლესებს, შეარჩიონ ზუსტად ისეთი აბიტურიენტები, როგორებიც სჭირდებათ. მაგრამ შეგიძლია, თქვა, ჩემთან სწავლა ღირს, ვთქვათ, ათი ათასი ლარი და ამით შეზღუდო კონტინგენტი.
– ზღუდავ ფინანსურად, რადგან, თუ ფული გაქვს, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ნიჭიერი ხარ?
– უმრავლეს შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, კარგად ესწავლათ და ამიტომ შესაძლოა, უკეთესი შედეგი აჩვენონ. გამოდის, რომ შერჩევის რაღაც კრიტერიუმი აქვთ. რადგან ვერ აწესებენ კრიტერიუმს დამატებითი გამოცდებისა თუ გასაუბრების სახით, ისინი აწესებენ ისეთ გადასახადს, რომლითაც განაპირობებენ, რომ მხოლოდ რომელიღაც სოციალური ჯგუფის წევრი მივიდეს მათთან სასწავლებლად. მაგალითად, უმაღლესს შეუძლია თქვას, მე მივიღებ კონტინგენტს, რომელსაც ექნება თავისი ლეპტოპი.
– თუ ახალგაზრდა ნიჭიერი და პერსპექტიულია, მაგრამ არ აქვს ლეპტოპის შესაძენი ფული, იმიტომ რომ მაღალი უმუშევრობის პირობებში საუშუალო ხელფასი გაცილებით ნაკლებია ლეპტოპის ფასზე, როგორ უნდა მოიქცეს?
– ცხადია, უნდა არსებობდეს ალტერნატივები და სახელმწიფომ უნდა შექმნას ასეთი ალტერნატივები, მაგრამ, თუ მე მინდა, გამოვირჩეოდე სწავლის ხარისხით, მჭირდება რაღაც ბაზა.
– მაშინ დაარიგე ეს ლეპტოპები, თუ ასეთი სწავლამოწყურებული ხარ?
– უნდა დაარიგო შემოსავლებით, ესე იგი, სტუდენტებისგან მიღებული თანხით.
– დემოკრატიული საზოგადოების მთავარი პრინციპია, რომ ადამიანებმა მოახერხონ თავიანთი პოტენციალის რეალიზება და ამით მოიპოვონ თავიანთი სოციალური სტატუსი. ის სისტემა კი, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და რაც არსებობს ჩვენთან, ვერ უზრუნველყოფს ნიჭიერი ადამიანის ვერც რეალიზებას და ვერც მის მიერ სოციალური სტატუსის სამართლიანად მოპოვებას?
– ერთი შეხედვით, შესაძლოა, ასეც იყოს, მეორე მხრივ კი, მდიდარ უმაღლესებს უფრო მეტი შანსი აქვთ, სოციალური პროგრამები ჰქონდეთ.
– ანუ ვაცალოთ გამდიდრება?
– რა სჯობს: არსებობდეს ისეთი უმაღლესები, სადაც მეტ ფულს ჩადებ, თუ არ არსებობდეს არც ერთი ასეთი უმაღლესი?! რა ჯობია საზოგადოებისთვის: ბევრი საშუალო განათლების მქონე ადამიანი ჰყავდეს თუ ცოტა და ელიტური განათლების მქონე?
– განათლებული ადამიანების კრიტიკული მასა უნდა დაგროვდეს, რომ შეიქმნას ელიტა განათლებული ადამიანების, არა?
– უკეთესია, როდესაც საზოგადოებაში ბევრ ადამიანს აქვს უნარები, მაგრამ კამათია, რამდენად იძლევა ეს სისტემა შესაძლებლობას, რომ ეკონომიკაში არსებობდეს ინოვაციური პროექტები.
– რას უწყობს ხელს მისაღები გამოცდების 8+1 სისტემა? თუკი წლევანდელ წლამდე საფუძვლიანად, მინიმუმ, ოთხ საგანში ამზადებდა შვილს მშობელი, ახლა ცხრა საგანში უნდა მოამზადოს. რაც უნდა მოიწონოს თავი შედეგებით სამინისტრომ, ყველამ ვიცით, რომ სკოლა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის ცოდნის მიცემას?
– ბოლო წელსაც ასე იყო. იმ საატესტატო გამოცდების ჩაბარება, რაც ახლა არის, არ არის რთული.
– ეს ჯერჯერობით, რადგან საატესტატო გამოცდების მიზანი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა, მაგრამ, თუკი საატესტატო გამოცდებით მოხდება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა, ეს უკვე კონკურსია და ისინი უნდა გართულდეს?
– უმაღლეს სასწავლებლებში კონკურენცია იკლებს ადგილების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე. ანუ კონკურენცია იკლებს ზოგადად სისტემაში, თუმცა არის პრესტიჟული ფაკულტეტები, სადაც ადგილების რაოდენობა არ იზრდება და იქ კონკურენცია არის, მაგრამ იქ მოხვედრის მსურველებს მეტი შანსი აქვთ, მოხვდნენ სხვაგან. საბოლოოდ, ვიღებთ ვითარებას, როდესაც მსურველებისა და ადგილების რაოდენობა, დაახლოებით, ერთი და იგივეა. მაგალითად, შარშან გამოცხადებული იყო 33 000 და აბარებდა 35 000 აბიტურიენტი. ასეთი კონკურენციის პირობებში კი, ამ გამოცდების ფუნქცია იქნება ერთადერთი: მოემსახუროს მხოლოდ პრესტიჟულ უმაღლესებს, სადაც ერთ ადგილზე ბევრი კონკურსანტია.
– ანუ სახელმწიფო საშუალებას აძლევს ყველას, რომ ჩააბაროს და ფული გადაიხადოს? სახელმწიფო გრანტის მიმღებთა რაოდენობა არ იცვლება, მაგრამ სახელმწიფო ყველას მისცემს დიპლომის მიღების საშუალებას, თუ გადაიხდის ფულს?
– საქმე ის არის, რომ სახელმწიფომ სპეციალურად თუ უცოდინრობით, მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როდესაც ადამიანები კონკურსამდე უბრალოდ ვერ მიდიან. იმის გამო, რომ საატესტატო გამოცდები დაწესდა და, ამასთან, საატესტატო გამოცდებით ფასდება არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ სკოლებიც. სკოლები ხშირად მუშაობენ იმაზე, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ სწავლობენ, საერთოდ არ მივიდნენ გამოცდებამდე. ამდენად, მივიღეთ ვითარება, რომ თორმეტ კლასს ამთავრებს გაცილებით ნაკლები, ვიდრე საატესტატო გამოცდების შემოღებამდე ამთავრებდა. მეთორმეტე კლასი იმ თაობიდან, 12 წლის წინათ რომ შევიდა სკოლაში, 20 000-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაამთავრა. 12 წლის წინათ პირველ კლასში შევიდა 60 000 მოსწავლე, მეთორმეტე კლასი კი 41 ათასმა დაამთავრა. მსგავსი გადინება ყოველთვის ხდებოდა მეცხრე კლასიდან და ზევით, მაგრამ მოცულობა იყო ნაკლები. მაგალითად, თუ 2006-2007-2008 წლებში მეცხრე კლასის შემდეგ სკოლებიდან გადიოდა 5 000 მოსწავლე, საატესტატო გამოცდების შემოღების შემდეგ 15 000 გავიდა, ანუ სამჯერ გაიზარდა გადინება. სად გადიან და ქუჩაში: იწყებენ მუშაობას.
– და განვითარების პერსპექტივა აღარ აქვთ?
– მათ აღარ აქვთ სკოლის ფარგლებში განვითარების შესაძლებლობა, ნაკლები აქვთ პერსპექტივა და ეს ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები პოტენციალით იწყებენ მუშაობას.
– ამ ისედაც იაფი მუშახელის ქვეყანაში, უფრო იაფ მუშახელად იქცევიან?
– მართალია, ვიცით, რომ 41 000 გადავიდა მეთორმეტე კლასში, მაგრამ არ ვიცით, რამდენი მივიდა საატესტატო გამოცდებზე, ამ სტატისტიკას არ აქვეყნებენ. წელს თქვეს, რომ ჩააბარა 41 000-მა, მაგრამ მათგან რამდენი იყო შარშან ჩაჭრილი? ასე რომ, სახელმწიფო სულაც არ ზრუნავს იმაზე, რომ ბევრმა დაამთავროს სკოლა, კონკურსი იყოს მაღალი და უმაღლესში სწავლა მიმზიდველი. სახელმწიფოს ძალიანაც არ აინტერესებს, ბევრი სტუდენტი იქნება თუ ცოტა, თუმცა ხელს აღარ უშლის უმაღლესებს, რომ ბევრი სტუდენტი ჰყავდეთ. ამასთან, სახელმწიფო ისეთ ბარიერებს აწესებს, რომ უზღუდავს ადამიანებს გამოცდებამდე მისვლას. მაგალითად, თუ ადრე არაქართველი აბიტურიენტები თავიანთ მშობლიურ ენებზე აბარებდნენ უნარების გამოცდას, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ქართულს და შემდეგ განაგრძობდნენ სწავლას უმაღლესებში, ახლა ამ კონტინგენტის ნაწილი იჭრება საატესტატო გამოცდებზე და ვერც მიდის იმ სისტემამდე, სადაც ეხმარებიან და, გარდა ამისა, მათ აძლევენ ატესტატს, ანუ შანსს, რომ წავიდნენ უცხოეთში.
– ეს ძალიან ჰგავს შენი მოქალაქის გაგდებას ქვეყნიდან.
– ერთი მხრივ, არსებობს პროგრამა, რომ საქართველოს მოქალაქე ინტეგრირდეს და, მეორე მხრივ, არსებობს მეორე პროგრამა, რომელიც ბარიერს უწესებს და პლუს არსებობს დახმარების სისტემა, რომ წავიდეს სხვაგან. არ მგონია, ასეთ გადაწყვეტილებებს სპეციალურად იღებდნენ, უბრალოდ, არ უფიქრიათ უკეთეს გამოსავალზე. მსგავსი პრობლემები ყოველთვის ჩნდება, როდესაც სახელმწიფო ერთი საზომით ჭრის ყველა პრობლემას. ცენტრალიზებული და ხისტი მიდგომები იწვევს ასეთ პრობლემებს და ვიღაცეები რჩებიან სისტემის გარეთ.
– სკოლების დირექტორებს პირდაპირ ემუქრება სახელმწიფო გათავისუფლებით, თუკი მათი მოსწავლეები ჩაიჭრებიან საატესტატო გამოცდებზე. ამიტომაც ისინი დაინტერესებული არიან, რომ მოსწავლეები გაყარონ სკოლებიდან, მაგრამ კანონი არ ავალდებულებს სკოლას, მისცეს მოსწავლეს ზოგადი განათლება?
– არ ავალდებულებს, კანონი აძლევს უფლებას, ჩაატაროს შიდა, კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდები და სკოლები ამას აკეთებენ.
– ეს მესმის, მაგრამ კლასში ჩატოვება ხომ შეუძლიათ?
– ეუბნება, დარჩი თუ გინდა, მაგრამ ხომ იცი, რომ ვერ გადახვალ შემდეგ კლასში, ამიტომ ჯობია, წახვიდე. მშობლისთვისაც შვილის კლასში ჩარჩენა ნიშნავს დამატებით გადასახადს.
– კლასში ჩარჩენილ მოსწავლეს არ აფინანსებს სახელმწიფო?
– სახელმწიფო მოსწავლეს 12 წელს უფინანსებს. თუ მშობელი მიმართავს, ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს უფლება, დაუფინანსოს მეცამეტე წელიც, მაგრამ არ აქვს ვალდებულება. იმ მოსწავლეების დიდი ნაწილი, რომლებიც სკოლებიდან ადრე გადიან, სავარაუდოდ, არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ სოციალური პრობლემა. მათ უწევთ მუშაობის ადრე დაწყება, რომ ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი. ამიტომ სკოლები მალავენ პრობლემას, რომ ნაკლები მოსწავლე ჩაიჭრას საატესტატო გამოცდებზე. წელს ითქვა, რომ საატესტატო გამოცდებზე უფრო ნაკლები მოსწავლე ჩაიჭრა, ვიდრე შარშან და ამის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზია, რომ ნაკლებმა ჩააბარა. უფრო მეტიც, ის მოსწავლეები, რომლებსაც შესაძლოა, ეჩვენებინათ ცუდი შედეგი, არ მივიდნენ გამოცდებზე. შარშანაც იყო ეს პრობლემა: საატესტატო გამოცდაზე არ მივიდა 5 000 მოსწავლე, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია და დაახლოებით იმდენივემ საერთოდ არ გაიარა რეგისტრაცია, თუმცა სკოლა იმ წელს დაამთავრა. დღეს სკოლების ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმებად მიიჩნევა: მათი რამდენი მოსწავლე იღებს ატესტატს, რამდენი აბარებს უმაღლესში და რამდენი იღებს გრანტს. კრიტერიუმად რომ იყოს ისიც, თუ რამდენი მოსწავლე გავიდა სკოლიდან დროზე ადრე, მაშინ სკოლები დაინტერესებული იქნებოდნენ, ავტომატურად გადაეყვანათ კლასიდან კლასში მოსწავლეები და არ ეჩვენებინათ თავიანთი უარყოფითი შედეგი, რომ ვერ ასწავლეს მოსწავლეს ისე, სტანდარტები დაეკმაყოფილებინათ.
– რაში შეუძლია მოსწავლეს ცხრა კლასის ატესტატის გამოყენება?
– შეუძლია სახელობო სასწავლებელში მოხვედრა. მეცხრე კლასის ატესტატების გაცემას წყვეტს სკოლები. სკოლიდან დროზე ადრე გასულების უმეტესობას აქვს ცხრა კლასის ატესტატი.
– მაგრამ პროფესიული სასწავლებლებიც ფასიანია?
– არის სახელმწიფოს დაფინანსებით და კერძოც, მაგრამ არჩევანიც მცირეა და ადგილების რაოდენობაც.
– მაშინ რა უნდა ქნან მათ?
– დაიწყონ მუშაობა.
– სად?
– დაბალი კვალიფიკაციის ადამიანები, ძირითადად, მუშაობენ სოფლის მეურნეობაში და ამიტომაც არის, რომ სოფლის მეურნეობაში დაკავებულია მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, მაშინ, როდესაც აწარმოებს ეკონომიკის უმცირეს სეგმენტს. ბევრი ამას არ მიიჩნევს პრობლემად, ყველამ ხომ არ უნდა ისწავლოს უმაღლესში და დაამთავროს სკოლაო; ყველამ არ უნდა დაამთავროს და არ უნდა ისწავლოს, მაგრამ ჩვენი მოტივაცია უნდა იყოს, რომ ბევრმა დაამთავროს. რაც უფრო მეტი დაამთავრებს, მით უფრო მეტი შანსია, რომ ისინი საკუთარ თავს თვითონვე არჩენენ. მათ ან მოუწევთ სოციალური პრობლემების გადაჭრა, ან თავის დაცვა, რომ არ გადაუარონ ღარიბმა, გაბოროტებულმა და უპერსპექტივობით შეწუხებულმა ადამიანებმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ასეთი პრობლემა. იქ არის გალავნიანი უბნები, სადაც არ უშვებენ მათ გარდა არავის, რადგან იქვე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შემოსავალი, არ იღებენ მონაწილეობას საზოგადო სიკეთის შექმნაში და მათგან იცავენ. ამდენად, ასეთი სისტემები გაცილებით უარესია, ვიდრე ევროპული სისტემები, სადაც გაცილებით მეტი მექანიზმია, რომ ადამიანი არ ჩამოყალიბდეს სხვაზე დამოკიდებულად.