დამშვიდებული თემიდა
სამ თვლაში – ერთხელ
მიუხედავად თავად სასამართლოს ეგიდითა და ძალისხმევით ჩატარებული კვლევებისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ თავსაც არ ენდობა ისე საფუძვლიანად, როგორც ქართულ სასამართლოს, თვით იქ, ზემოთ მყოფნიც არ მალავენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობამდე კიდევ დიდი გზა აქვს გასასვლელი. გარეთ მყოფნი კი (ანუ ჩვენი პარტნიორ-მეგობრები) იმით არიან შეშფოთებული, რომ ამ ჩვენს სასამართლოებს ერთთავად გამამტყუნებელი განაჩენები გამოაქვთ (გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ქართული დემოკრატიის მიღწევებისადმი თვით ყველაზე ლოიალურად განწყობილ დასავლელსაც კი ფრიად ორაზროვან ეჭვებს აღუძრავს).
ასეა თუ ისე, რაც ვართ, ის ვართ და რა სასამართლოც გვაქვს, ის გვაქვს. იმის გარდა, რომ თემიდის ამ ჩვენებურ სავანეში ვიდეო და ფოტოგადაღება კარგა ხანია, აკრძალულია (ჩვენ თვითონვე გადავიღებთ და, თუ საქმეს დასჭირდა, თავადვე გავავრცელებთო, და მერე რა, რომ ხშირად ადვოკატებსაც კი არ აძლევენ სასამართლო სხდომების ჩანაწერებს, რაც მთავარია, იქ ინახება, სადაც საჭიროა!).
არცთუ ისე დიდი ხნის წინათ კი გაირკვა, რომ, არათუ სასამართლოს შენობებში, თვით მის ეზოებშიც კი, ჩაწერის ფუნქციის მქონე მობილური ტელეფონების შეტანაც აიკრძალა (სიმშვიდეს არღვევსო). ვფიქრობ, ქართული სასამართლოების ტერიტორიაზე სამ თვლაში ერთხელ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რეჟიმიც უნდა დაწესდეს, ხოლო მოსამართლისთვის თვალის თვალში გამყრელი მოქალაქე კი სამაგალითოდ და საჩვენებლად უნდა დაისაჯოს!