წყალდიდობის გაკვეთილები
ანუ, სწავლა სიკვდილამდე
ქართველი სინოპტიკოსები, გეოლოგიურ სამსახურთან უნისონში, აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ უხვი ნალექის გამო (მათ შორის, 4 ივლისამდეც) წყალმოვარდნებიც იქნებოდა, მეწყრებიც და ღვარცოფებიც. თავის მხრივ, ხელისუფლებაც ირწმუნებოდა, რომ პრევენციულ ღონისძიებებში ათენ-აღამებდა, თუმცა, რეალურად, წვიმამ სამეგრელო იმდენად დააზარალა, რომ სოფლებიც დატბორა, სახლებშიც შევარდა, ნათესებიც გაანადგურა და პირუტყვიც დახოცა. რაკი პრევენციული ღონისძიებების დეტალები ჩვენთვის არავის უცნობებია, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, არასაკმარისი ჩატარდა თუ, საერთოდაც, ყურიდან ყურში შეუშვ-გამოუშვეს სინოპტიკოსების გაფრთხილება. სამაგიეროდ, ვიცით, რომ პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და სამეგრელოს დაზარალებულ რეგიონებს ესტუმრა. რა თქმა უნდა, დავალებებიც ადგილზე გასცა და არც ადგილობრივ ხელისუფლებას დაამადლა რჩევა-ბრძანებები.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სამეგრელოს წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ, პრეზიდენტი ჩამოვიდა; ხოლო თბილისურს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა პრეზიდენტი მეორე დღეს დედაქალაქიდან გაგვიფრინდა, სავარაუდოა, რომ ან ბაქო უფრო ადვილად დათმო, ან, მთლად უკეთესი – დაშვებული შეცდომა გამოასწორა, რაც გვაფიქრებინებს, რომ სწავლა (არათუ სიკვდილამდე) თვით მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლომდეც კი აუცილებელია, ოღონდ, მთავარია, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც ხშირ-ხშირად იმეორო.