წერა-კითხვის დეფიციტში
ინტერნეტი „უხმარ არს ბრიყვთათვის“
მართალია, ჩვენ ვამტკიცებთ, არათუ დავეწიეთ, სსრკ-სგან განსხვავებით, კიდეც გავუსწარით არა მხოლოდ ამერიკას, თვით სრულიად დასავლეთს, მაგრამ, ვაი რომ, სავსებით უვნებელი ციფრები სრულიად საპირისპიროს მეტყველებს. კერძოდ, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევით (ამაღელვებელი სახელწოდების მქონისა: „კავკასიის ბარომეტრი 2011“), ჩვენი მოსახლეობის 45 პროცენტი ინტერნეტს არასდროს იყენებს. ყოველდღიურად მას მხოლოდ 28 პროცენტი მოიხმარს, 5-მა პროცენტმა კი საერთოდაც არ იცის, ასეთი რამ თუ არსებობს. რაც მთავარია, წლევანდელი ვითარება ორი წლის წინანდლისგან დიდი არაფრით განსხვავდება.
როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტის მომხმარებელთა 62 პროცენტს ინტერნეტი სახლში აქვს, ხოლო, არმოსარგებლეთა 37 პროცენტი არსარგებლობის მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ კომპიუტერი, უბრალოდ, არ აქვს. უფრო მეტიც, 18 პროცენტის აზრით, ინტერნეტი არც სჭირდება. ამასთან, 37 პროცენტს პერსონალური კომპიუტერიც არ აქვს. ხოლო 51 პროცენტს არც კომპიუტერის ფლობის საბაზისო ცოდნა გააჩნია. კომპიუტერთან ურთიერთობა საშუალო დონეზე 22-მა პროცენტმა იცის, ძალიან კარგად მცოდნეთა რიცხვი კი 13 პროცენტია.
მაგრამ, რაკი მთავარი მაინც ისაა, რა თავში იხლიან მცოდნენი ან კომპიუტერს, ან ინტერნეტს, აქვე გეტყვით, რომ ვირტუალურ სივრცეს ახალ-ახალი ამბების გასაგებად მხოლოდ 20 პროცენტი იყენებს. თუმცა, ძირითადი ნაწილი ინტერნეტს მაინც სოციალური ურთიერთობისთვის მოიხმარს, 26 პროცენტი – ფილმების სანახავად და მუსიკის მოსასმენად, ონლაინ თამაშებისთვის კი – 14-ოდე პროცენტი. რაც ყველაზე საგულისხმოა, მხოლოდ 4 პროცენტი წერს ან კითხულობს ბლოგებს. ხოლო, თუ ამ ციფრებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში ახალგაზრდების ცოდნის ხარისხის კვლევის მონაცემებს დავამატებთ, იმას გარდა, რომ ორი აგური ჩვენთვის მისწრებაა, ეს ის შემთხვევაა, რომელზეც, ასევე, ითქმის: „კომპიუტერი (ჭკუის პარალელურად) უხმარ არს ბრიყვთათვის, ინტერნეტი ცოდნით მოიხმარების“!