ყურთა მბრძანებელი
Must Carry ქართულად მაინც სულ სხვაა
მიუხედავად იმისა, რომ ხალხის რჩეული ბ-ნი მინაშვილი გვარწმუნებდა, ჯონ ბასი სხვა Must Carry-ზე საუბრობდა, ხოლო ქართული არასამთავრობოები – სულ სხვაზეო, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ, გაწიე-გამოწიე, Must Carry „მასთ ქერია”, ანუ მოსახლეობას აქვს უფლება, სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, თუმცა, ქართველი ხელისუფლის აზრით, მხოლოდ არჩევნებამდე ორი თვის პერიოდში და არც ერთი საათით – მანამდე თუ მის შემდეგ.
როგორც უნდა იყოს, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჩვეული დაჩქარებული ტემპით კიდეც მოამზადა და, ზედაც, სამივე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივა, რის მიხედვითაც, ქვეყანაში მოქმედ საკაბელო მაუწყებლებს აწ უკვე კანონით დაევალათ თავიანთ ქსელებში საქართველოში არსებული ყველა სატელევიზიო არხის ჩართვა (მაგრამ, ოდენ არჩევნების დღემდე, სავარაუდო ოკუპანტური პრინციპით: „ხოროშემუ პო ნემნოგუ“). ოღონდ, არც მანამდე და არც შემდეგ არ შეუწყვეტიათ ვიშვიში, რომ კერძო ბიზნესში ერევიან (აქაოდა, საკაბელო ტელევიზიების გადასაწყვეტია, რომელ არხებს ჩართავენო, თუმცა, აშკარაა, სწორედაც რომ საკაბელო ტელევიზიები უნდა იყვნენ, თუ, რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია, დაინტერესებული რაც შეიძლება მეტი არხის ჩართვით, რათა, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მიიზიდონ!).
გაჭირვებით, მაგრამ, როგორც ჩანს, საგარეო წნეხის გამო, ზემოთ მყოფებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თანაც მოგვამადლეს, რომ ქართული „მასთ ქერი“ ამერიკულს ჯიბეში ჩაისვამს (დაახლოებით ისე, ქმარი ომში იყო, ცოლი ამბავს ახვედრებდაო). მართალია, თვით NDI-მაც კი, ჩვენებურ კანონმდებლებს მოუწოდა, მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მაინც უნდა მიაწოდოთო, თუმცა, ჩვენმა მშობლიურმა კანონმდებლებმა ბრძანეს, არჩევნების წინა დღემდეც ეყოფათო (ძალიანაც არ შეეჩვიონო)!
უფრო მეტიც, პარლამენტის თავკაცმა არ დაიზარა და ინსტრუქციაც მოაყოლა მათ გასაგონად, ვინც ყველა სატელევიზიო არხის ყველა ქართულ ოჯახში ტრანსლირების მომხრეა (მომყავს ზუსტი ციტატა): ,,ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. არაფერი არ მოხდება ისე, თითქოს ჩვენი საზოგადოება უცებ აღმოჩნდება საინფორმაციო ვაკუუმში. ყველა სატელევიზიო არხი დარჩება ისე, როგორც არის დღეს (როგორც დღეს არის, ანუ, სრულიად საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადად წოდებული ტელევიზიები გადასცემენ ხელისუფლებისთვისვე საამურ ინფორმაციასო).“ ოღონდ, მხოლოდ ამას არ დასჯერდა და ბ-ნმა ბაქრაძემ (თან ისე, რომ წარბიც არ შეუხრია) შეგვახსენა: „რასაც დღეს ვიღებთ, არის უფრო დემოკრატიული და ყოვლისმომცველი, ვიდრე არის ამერიკული სტანდარტი (და მერე რა, რომ ამერიკულ საზოგადოებას ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია სიზმრადაც არ უნახავს)“. ბუნებრივია, აშშ-ელებმა რომ დემოკრატიის ფასი იცოდნენ, ხან ერთი, მაქსიმუმ კი, ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, განა მმართველ პარტიას თავის პრეზიდენტიანად გამოცვლიდნენ?!