როგორ არის წარმოდგენილი ეკლესიურ სწავლებაში ოთხგანზომილებიანი სივრცე და დრო და რა წერია ნათლობის ლოცვაში ნივთიერების მეოთხე განზომილების შესახებ, რომელიც თანამედროვე ფიზიკამ მხოლოდ 1932 წელს დააფიქსირა
დეკანოზი, მამა ზაქარია ძინძიბაძე, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, სხვადასხვა გამოგონების ავტორი და არაერთი ლიცენზიის მფლობელია. მართალია, ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი მაინცდამაინც არ უყვარს, მაგრამ, ინტერვიუს ჩაწერისას ბევრ ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს შეეხო, როგორიც არის: საქართველოში ბიოგაზისა და ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით მიღება, მიწისძვრის ზუსტი პროგნოზირება, ცუნამისა და ტორნადოს შეჩერება და კატასტროფების თავიდან აცილება.
მამა ზაქარია (ძინძიბაძე): ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი ვარ, ვმუშაობდი ბირთვული ფიზიკის კათედრაზე, ასევე იზოტოპების ინსტიტუტში. ისეთ პერიოდში ვცხოვრობდით, მაშინ ფიზიკა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მაღალ დონეზე იყო, ამ კუთხით საბჭოთა ხელისუფლება სერიოზულ დაფინანსებას გამოყოფდა. პირდაპირ გეტყვით – ფიზიკით გავხდი მორწმუნე, ფიზიკით შევიმეცნე ღმერთი. ზოგი ფიზიკით ხდება მორწმუნე, ზოგი – ხატვით, ზოგი – მუსიკით, ეს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გზაა. თუმცა‚ ამით არ დავკმაყოფილებულვარ, ისეთი საინტერესო მოვლენები აღმოვაჩინე ბიბლიაში, რაც თანამედროვე მეცნიერებამ არ იცის და, შემდეგ‚ როგორც ფიზიკოსმა‚ შევისწავლე. თუნდაც, როგორ არის მოწყობილი მართლმადიდებლური კოსმოლოგია. საოცარი რაღაცეებია... დღეს მეცნიერება იცნობს ოთხ ურთიერთობას: გრავიტაციულს, ბირთვულს, ქიმიურსა და მსუბუქს, ბიბლიაში კი 9 წერია, რომელთაგან ხუთი არ ვიცით, რა არის. გაცილებით უკეთ არის წარმოჩენილი ეკლესიურ სწავლებაში ოთხგანზომილებიანი სივრცე, დრო, ვიდრე თანამედროვე ფიზიკაში. მემბრანის თეორიაც კი არის, რომელიც მიღწევებისა და აღმოჩენების ბოლო თეორიად მიიჩნევა. ასევე‚ სამყაროს ისეთ საინტერესო ობიექტებზეა საუბარი, როგორიც არის ნისლეულები, გალაქტიკები და მათ შორის‚ შავი ხვრელები, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, ნათლობის ლოცვაში არის ასეთი ადგილი: „ოთხითა ნივთითა და ოთხითა ჟამითა შეამკე სამყარო“. გასაგებია, რომ „ოთხი ჟამი” – ეს არის წელიწადის ოთხი დრო, მაგრამ ოთხი ნივთი რა არის? ეს არის: მყარი, თხევადი, გაზი და – მეოთხე?! მხოლოდ 1932 წელს დაფიქსირდა ნივთიერების მეოთხე მდგომარეობა – პლაზმური, მანამდე, უბრალოდ, ცეცხლად მიიჩნევდნენ. წარმოიდგინეთ‚ ეს წერია პირველ საუკუნეში, ნათლობის ლოცვაში. კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამ წერია ბიბლიაში, იქ, ასევე, საუბარია არა სამგანზომილებიან, არამედ, მრავალგანზომილებიან სამყაროზე, რომელიც სრულიად სხვა სამყაროში გვახედებს. დღეს თითოეულ ადამიანს რომ ჰკითხო, რა არის სიყვარული, მეგობრობა, თავისუფლება, ყველა თავისებურად ახსნის, რაც არასწორია. ქრისტეს უდიდესი გამარჯვება, მისი ამქვეყნად მოსვლის არსი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მან სამყაროს ერთიანი ხედვა შექმნა. მხოლოდ 1961 წელს შეიქმნა „სი სისტემა“ – ეს არის მასის, სიგრძისა და დროის ერთეულთა ერთიანი ინტერნაციონალური სისტემა, რომელიც ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე გახდა. მეცნიერება თავის დროზე მიხვდა, რომ საჭირო იყო მათი ერთ ერთეულში გადაყვანა. ადამიანი შედგება სხეულისგან, სულისგან, სამშვინველისგან. თითოეულ მათგანს კი აქვს თავისი ერთეულები, განზომილებები, კატეგორიები. დღეს‚ როდესაც გვინდა, თავისუფლები ვიყოთ, წარმოდგენა არ გვაქვს იმაზე‚ თუ რა არის თავისუფლება. პირადად მე ყველაზე თავისუფალ ადამიანებად მიმაჩნდნენ მესვეტე მამები და შიო მღვიმელი, რომელიც პატარა ორმოში იჯდა. თავისუფლება სულიერი კატეგორიაა და არა ფიზიკური. ჩვენ კი მას ფიზიკურ კატეგორიაში ვეძებთ, ამიტომაც ვერასდროს ვიპოვით იქ. როდესაც ვამბობთ, რომ ერთნი უნდა ვიყოთ ქრისტეში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი და იგივე წარმოდგენა უნდა გვქონდეს ფუნდამენტურ განმარტებებზე, მაშინ ყველაფერი ერთნაირი იქნება და არ გვექნება ერთსა და იმავე რაღაცეებზე დავა.
მარტივი გზით მიღებული ულევი ელექტროენერგია, ბიოგაზები
ფიზიკისთვის არ დამინებებია თავი, დღემდე ვარ ჩართული და ბევრ რამეზე საავტორო უფლებებიც მივიღე. ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ადამიანი გაცილებით ბედნიერი იყოს, ვიდრე ის დღეს არის. ყველაფერი‚ რაც სამყაროში არსებობს, არის ღვთის მიერ ადამიანის საკეთილდღეოდ შექმნილი, ამიტომ, სწორად უნდა გამოვიყენოთ. ბევრი რამის უფრო კარგად გაკეთებაა საჭირო, მაგრამ მე ამის პირობები და საშუალებები არ მაქვს და, ამიტომ, ვაკეთებ იმას‚ რის საშუალებაც მაქვს. სამწუხაროდ‚ ლაბორატორია არ მაქვს, მაგრამ, მომავალში ვაპირებ გაკეთებას. ჩემი სპეციალობა არის ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკა. კარგია, ქაღალდზე წერო, მაგრამ, თუ განახორციელებ – უკეთესია. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ამოვხსენი „მაქსველის დემონია“. დღეს‚ როდესაც ენერგიის მიღებაზე ვსაუბრობთ, იმდენი ენერგია გვაქვს, რომ, არ ვიცით‚ სად წავიღოთ, მაგრამ, ამას ვერ ვიყენებთ, რაც გულდასაწყვეტია. სითბური, მზის, ელექტროენერგიის მისაღებად ბევრი ალტერნატიული საშუალების გამოყენებაა შესაძლებელი. საქართველო მდებარეობს მიწისძვრის რეგიონში, აქ დიდი კაშხლების მშენებლობა არ შეიძლება სამი რამის გამო: ერთი – შეიძლება‚ მიწისძვრამ გამოიწვიოს ამ კაშხლების ნგრევა და, მეორე – შეიძლება‚ ნგრევა არ გამოიწვიოს, მაგრამ, იტალიაში მოხდა ასეთი რამ: მთა მოწყდა, წყალსაცავში ჩავარდა, წყალი კაშხლის ზემოდან გადმოვიდა და რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ის წყალსაცავები ძალიან მალე მოისილება და ირღვევა; მესამე – წყალსაცავების აშენების გამო ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე: ბუნება და მდინარის თევზები უკვე გადაიკეტა. საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ თართის, ანუ „ასეტრინის” სამშობლო საქართველო იყო და ეს თევზი ქვირითობდა ლიახვსა და არაგვში. მაგრამ, მინგეჩაურის, ზაჰესის, ორთაჭალის წყალსაცავებმა, სხვადასხვა ჰესებმა მათ საქართველოში ამოსვლის საშუალება მოუსპეს და თევზი გაქრა. ამ დროს, შეიძლება, ისე მივიღოთ ენერგია, რომ არც კაშხლები და არც დიდი, ძვირად ღირებული ნაგებობები არ ავაშენოთ, მაგრამ, იმავე რაოდენობის ენერგია მივიღოთ. პრინციპს ვიტყვი: ყველა ქალაქთან, სოფელთან, დასახლებულ ადგილებში, გადის მდინარე, რომლებიც მთის მდინარეებია და დაახლოებით 100 მეტრში 5-6 მეტრი სიმაღლიდან ვარდნა აქვს. შეგვიძლია, ყველა სოფელს თავისი ელექტროსადგური ჰქონდეს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს უფრო შრომის ორგანიზებაა, ტექნიკური თვალსაზრისით ახალს არაფერს ვამბობ. ამისთვის სულაც არ არის საჭირო მდინარის გადაკეტვა და კაშხლის აშენება. უბრალოდ‚ ბეტონი დაგვჭირდება იმდენი, რამდენიც გენერატორის დასაყენებლად იქნება საჭირო. თვითღირებულება იქნება მინიმალური, ასევე შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება. მზე ათბობს წყალს, ჩვენ იქიდან ამოვიღებთ მაღალი ენერგიის ცხელ ნაწილს, რითიც შესაძლებელი გახდება სახლის გათბობა და შეიძლება, ამ მეთოდის გამოყენებით ფიზიკაში ახალი დარგიც შემოვიდეს. წარმოიდგინეთ‚ ზამთარში გარეთ არის 10 გრადუსი სიცივე ან ნული გრადუსი. სიცივიდან შეგვიძლია ავიღოთ სითბო და სახლი გავათბოთ, ამისთვის კი ცოდნაა საჭირო და, შემდეგ – ცოდნის სწორად გამოყენება. ჩვენ გვინდა, გამზადებული გაზი ამოვიდეს მიწიდან, მერე ცეცხლი დავანთოთ და ასე შემდეგ. გაზის მიღება რომ შეიძლება და, თანაც, რამდენიც გვინდა, ამას რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას? ბიოგაზი ხომ არსებობს?! მაგალითად‚ თუ სოფელში ერთ ოჯახს ექნება 5 კუბმეტრი მოცულობის აუზი, იქიდან შეგვიძლია ყოველდღე მივიღოთ 8-10 კუბმეტრი გაზი, რომელიც ნებისმიერ ოჯახს გასათბობად და ყველაფრისთვის ეყოფა. რატომ არ შეიძლება, გავაკეთოთ 100 მეტრი მოცულობის აუზი? ხომ შეიძლება სტადიონისხელა შენობები ავაშენოთ, უფრო მეტ ბიოგაზს არ მივიღებთ?! საქართველოს დაახლოებით 100-200 მილიონი კუბმეტრი გაზი სჭირდება. ერთი მილიონი კუბმეტრი მოცულობის აუზიდან დაახლოებით 5 მილიონ კუბმეტრ გაზს მივიღებთ ყოველდღე. ერთი მილიონი ბიოგაზი რომ მივიღოთ ყოველდღე, საქართველო უკვე უზრუნველყოფილი იქნება გაზით. თან‚ ერთხელ ააშენებ და მერე უკვე მოდის და მოდის გაზი...
მიწისძვრის ზუსტი პროგნოზირება
და საშუალება, რომლითაც ცუნამისა და ტორნადოს თავიდან აცილება შეიძლება
სტუდენტობის დროს ძველ, 30-იანი წლების ჟურნალში აღმოვაჩინე საინტერესო რამ. ჩვენ ვიცით, რომ ზღვა მიიქცევა და მოიქცევა, წყლის დონე აიწევს და დაიწევს. შავ ზღვაზე ეს არ ჩანს, იმდენად მცირეა‚ ჩაკეტილი ზღვაა, მაგრამ, ოკეანის სანაპიროზე კარგად ჩანს. ხანდახან მოქცევის სიმაღლე 8-10 მეტრს აღწევს, ეს კი დამოკიდებულია მთვარის ფაზებზე და მზის ურთიერთობაზე. ფრანგმა მეცნიერმა ფრედერიკო ჟოლიო კიურიმ 30-იან წლებში გაზომა და, აღმოჩნდა, რომ წყალთან ერთად მიწაც ამოექცევა – აიწევს და დაიწევს ყოველ 6 საათში ერთხელ. ეს აწევა და დაწევა‚ თურმე‚ 30 სანტიმეტრია, მაგრამ, ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, რადგან მასთან ერთად ავდივართ და ჩავდივართ. წარმოიდგინეთ‚ რომ წყალზე არის ყინულის ნატეხები; ერთ მხარეზე რომ დაარტყამ ხელს, ტალღები წავა და ეს ყინულები ერთმანეთს დაეჯახება. სწორედ‚ ასეთი მოძრაობა ახასიათებს დედამიწის ქერქს. დავაკვირდი და ვნახე, რომ თბილისში რამდენიმე ადგილას მიწა ყოველდღიურად მოძრაობს. თუ ამ მონაცემებიდან გადაუხვევს, – ან უფრო მაღლა ავა, ან – გაჩერდება, ესე იგი‚ ქვეშ რაღაც დაძაბულობა მოხდა, ადრე თუ გვიან ამას ვეღარ გაუძლებს, უნდა განიმუხტოს და მოხდება მიწისძვრა. აქ მხოლოდ სტატისტიკის გამოთვლაა საჭირო. როდესაც ცუნამის დროს მოდის დიდი ტალღა, ჩვენ შეგვიძლია, ის დავშალოთ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ტალღებად და აღარ მოვა ნაპირამდე. როგორ? ათასნაირი მეთოდებია ამისთვის. მოდის ტალღა, მას ვესროლე ქვემეხიდან და ავაფეთქე. რა მოუვა? დაიშლება ნაწილებად; მაგრამ, სად უნდა მოარტყა – ის ზუსტი წერტილები უნდა იცოდე, ამას კი გათვლა სჭირდება. ის ხომ ხმელეთის სანაპიროზე კი არ წარმოიქმნება, არამედ, ზღვაში, ოკეანეში, ასეულ, ათასეულ კილომეტრზე და სანამ მოუახლოვდება, შეიძლება დაიშალოს და მაქსიმალურად იქნეს აცილებული კატასტროფა. ასევე შეიძლება ტორნადოს შემთხვევაშიც. ხშირად არასწორი შეფასებები გვაქვს ბევრი რამის მიმართ. ვუყურებთ ტორნადოს – ქარბორბალა ტრიალებს, თან, ისე ჩქარა, რომ ყველაფერს ანგრევს. ისე ჩქარა ტრიალებს, რომ შიგნით ვაკუუმი წამოიქმნება და, თუ ვაკუუმი წარმოიქმნება, მაშინ რაღა ანგრევს?! ესე იგი, ჩვენ ტორნადოს არასწორად ვაფასებთ, ამ დროს სულ სხვა ძალები მოქმედებს, დამანგრეველი და, ამის აცილება‚ თურმე‚ შესაძლებელია. ეს არის ლორენცის ძალა, კოსმოსური სხივების ნაკადი, რომელიც წარმოქმნის ვეებერთელა მუხტს და ანგრევს და გადააადგილებს ყველაფერს. ტყეში არ ხდება ტორნადოები, რადგან იქ ელექტონული ველი სულ სხვანაირია. თუ ჩვენ დასახლებულ პუნქტში, სადაც ტორნადოს საშიშროება შეიძლება იყოს‚ გავაკეთებთ დიდ რკინის ანძებს, ის განმუხტავს მას და საშიშროებაც აღარ გვექნება.
იყო ერთი პერიოდი, როდესაც მედიცინით დავინტერესდი – ჯერ ხალხურით, შემდეგ ჩინურით. ასევე‚ დავინტერესდით, ადამიანის – როგორც ფიზიკური სისტემით, აქ კიდევ სულ სხვა რაღაცეები გამოჩნდა. თურმე, მიწის პოტენციალი არის ნული ვოლტი, ყოველ ერთ მეტრ სიმაღლეზე კი 100 ვოლტი ემატება. ადამიანი მიწის ზედაპირზე დაახლოებით 200 ვოლტის გრადიენტში არსებობს და ცხოვრობს. მაგრამ‚ თუ ჩვენ ავალთ მეათე სართულზე, 30 მეტრზე უკვე 3 000 ვოლტი იქნება, რაც‚ ცხადია‚ მოქმედებს ქიმიურ პროცესებზე, ის კი‚ თავისთავად‚ ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია PH სისტემაზე, ანუ მჟავე-ტუტიანობის წონასწორობაზე. როდესაც ეს წონასწორობა ირღვევა‚ მაშინვე ჩნდება ავადმყოფობა. როცა ადამიანი მიწაზე ფეხშიშველი დადის, სიამოვნებს, თითქოს მუხტი გადის მისგან, რადგან, თანამედროვე ფეხსაცმელი იზოლატორისგან, პლასტმასებისგან მზადდება და, ის მუხტი, რომელიც ორგანიზმში გროვდება – მეტი ან ნაკლები რაოდენობით, ანგრევს ორგანიზმის ჯანმრთელობას. კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა შარდი, რომელიც მხოლოდ გამონაყოფი ნივთიერება კი არ არის, არამედ, არაჩვეულებრივი ელექტროგამტარია, თითქმის ლითონის გამტარობას უახლოვდება. როდესაც ადამიანი მიწაზე შარდავს, ის ზედმეტი მუხტი გაცილებით ადვილად გამოდის ორგანიზმიდან, ან – შედის და წონასწორობა აღდგება. ჩვენ არასწორად ვცხოვრობთ, განსაკუთრებით კი, არასწორად ვიკვებებით, რაც იწვევს ადამიანის ორგანიზმის წონასწორობის დარღვევას, ასევე‚ ირღვევა ფსიქო-ფიზიოლოგიური წონასწორობები. ნებისმიერი დაავადება შეიძლება განიკურნოს‚ თუ სწორად იქნება ნამკურნალევი, ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. საკმეველზე დამემართა ალერგია, როდესაც გამოუცდელი მღვდელი ვიყავი – მსიამოვნებდა და ბევრს ვყრიდი ცეცხლზე, ამან კი თავისი შედეგი გამოიღო და, იმ მდგომარეობამდე მივედი, რომ ყნოსვის უნარიც დავკარგე. თავიდან არ ვიცოდი, რაში იყო საქმე. იმდენად რთულ მდგომარეობაში ჩავვარდი, მკურნალობა დამჭირდა, რამაც თავისი დადებითი შედეგი გამოიღო. ბოლოს საკუთარ თავზე ჩავატარე ექსპერიმენტი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ალერგია საერთოდ არ არსებობს, ეს არის თირკმელების სისუსტე, რომელსაც თავისი ხარისხი აქვს: არის ნორმალური, საშუალო და ძალიან რთული. როდესაც ადამიანი დიალიზზე „ზის”, ამ დროს ორგანიზმი ვერ გამოყოფს ალერგენებს და ორგანიზმში გარკვეული რაოდენობით რჩება. საკუთარ თავზე ჩავიტარე მკურნალობა და შედეგი გამოიღო, უბრალოდ‚ ამას არ უნდა ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი. ერთადერთი‚ რაც ადამიანს სძვრება, ეს კბილებია. ღმერთს დაენანა თუ რა ხდება? რა თქმა უნდა‚ არ დაენანა, უბრალოდ‚ გვეუბნება, რომ ასაკში ბევრი არ უნდა ვჭამოთ, რადგან, ენერგიას ვეღარ ვხარჯავთ, გამოყოფაც ნაკლებად ხდება და ეს ათას დარღვევას იწვევს, თორემ‚ თუ თანამედროვე მდგომარეობას, მიღწევებს, ცოდნას გამოვიყენებთ‚ თანამედროვე ადამიანს შეუძლია, 500 წლამდე იცოცხლოს...