ვისთან ერთად მოილხინა საკუთარ ქორწილში რუსული „კომედი ქლაბის” ქართველმა იუმორისტმა და ვინ აჩუქა მას „ტუჩის დასაბერი” ინსტრუმენტი ქორწილში
რუსული „კომედი ქლაბის” იუმორისტმა-მსახიობმა, ქართველმა ზურა მატუამ, ახლახან ჯვარი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერა. მისი რჩეული ულამაზესი ანასტასია გომელკოა, რომელიც ისე მოხიბლა ჩვენმა თანამემამულემ, რომ მის გვარზეც დაეწერა და გადაწყვიტა, ქართული წერა-კითხვაც შეესწავლა. ზურა წარმოშობით სოხუმელია, წლების წინ ის თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ სანკტ-პეტერბურგში და ახლა მოსკოვში დაფუძნდა.
სვეტიცხოველში ჯვრისწერის შემდეგ, ნეფე-პატარძალი სტუმრებთან ერთად დედაქალაქში დაბრუნდა და ტრადიციული ქართული ქორწილი, რესტორან „სენატეში” გაგრძელდა.
ზურა მატუა: მე და ანასტასიამ ერთმანეთი მეგობართან გავიცანით. არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან უყვარს ქართველები და სულ რაღაც ექვს თვეში, ისიც კი მოახერხა, რომ ახლა ქართული ესმის, წერს და ლაპარაკობს კიდეც.
– როგორც ვიცი, აჩი ფურცელაძე და შენ ბავშვობის მეგობრები ხართ.
– დიახ, მე და აჩი მეექვსე კლასიდან ვძმაკაცობთ. სოხუმიდან რომ ჩამოვედი, პირველი ის გავიცანი და დავმეგობრდით. იმ დღიდან ერთად მოვდივართ. მერვე კლასში რომ ვიყავით, პირობა დავდეთ, ვინც ჩვენ შორის პირველი მოიყვანდა ცოლს, მეორე მეჯვარედ წაჰყვებოდა. მართალია, აჩიმ დამასწრო ცოლის მოყვანა, მაგრამ მე რომ გავიგე და მივულოცე, უკვე გაშორებული იყო (იცინის). ასე რომ, აჩიმ დამასწრო როგორც დაქორწინება, ისე გაცილება და ახლა, ის გახდა ჩემი მეჯვარე.
– ანასტასიას მეჯვარე ვინ იყო?
– ჩემი მეუღლის მეჯვარე იყო კატია, იგივე ეკატერინე სტეპლევა. ეს ის ადამიანია, ვინც ერთმანეთი გაგვაცნო. უკვე სამი წელია, მე და ანასტასია ვიცნობთ ერთმანეთს და ახლა გადავწყვიტეთ დაოჯახება. მართლა ლამაზი ქორწილი გვქონდა საქართველოში, რომელიც მთელი სიცოცხლე გვემახსოვრება როგორც ერთ-ერთი უბედნიერესი დღე. სვეტიცხოველში ჯვრისწერას ულამაზესი, ტრადიციული ქორწილი მოჰყვა – თავისი ჩოხიანი ბიჭების გადაჯვარედინებული ხმლების ქვეშ გასვლით, ქართული მრავალხმიანი სიმღერითა და ცეკვით. სიმართლე გითხრათ, როგორც ყველა ნეფე-პატარძალი, ამ დღეს ჩვენც ვნერვიულობდით. აჩიმ იმღერა და ეს არ გამკვირვებია, მაგრამ ოთო ლომთაძემ რომ იმღერა სცენაზე, ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო, რადგან, როგორც თავად მითხრა, ეს მისი პირველი ნამღერი იყო სცენაზე. კი გამაფრთხილა თავიდან, ცუდად ვმღერი, მაგრამ შენს ქორწილში უნდა ვქნა ეგ ამბავი, უნდა ვიმღეროო და ქნა კიდეც (იცინის).
– თუმცა, მანამდე ხელი მოსკოვში მოაწერეთ, არა?
– დიახ, ხელი იანვარში მოვაწერეთ, მოსკოვის მმაჩის ბიუროში და ქორწილიც გადავიხადეთ, სადაც მოსკოველი, სანკტ-პეტერბურგელი მეგობრები იყვნენ დაპატიჟებულები და მათ შორის ორი ქართველიც. ძალიან გვინდოდა მე და ნასტიას, სვეტიცხოველში ჯვრის დაწერა და ეს ავისრულეთ კიდეც. აჩი მოსკოვშიც, ხელისმოწერაზე ჩვენი მოწმე იყო.
– და, რა გაჩუქათ ბავშვობის მეგობარმა მეჯვარემ ნეფე-პატარძალს?
– აჩიმ მაჩუქა ციფრული საქსოფონი. მაგარი საჩუქარია, მაგრამ, ეტყობა უნდა, ტუჩები მეც დამებეროს (იცინის). ნასტიას კი რა აჩუქა, ამას ვერ გეტყვით, ეს საიდუმლოა.
ბედნიერი, ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილის შემდეგ მკვდარი ზღვის სანაპიროზე განმარტოვდა, ახლა კი ისინი თაფლობის თვეს თელავივში ატარებენ. ზურას და ანასტასიას ჟურნალი „თბილისელები” ულოცავს გაბედნიერებას.