რა შემოთავაზებები მიიღო თამუნა ამონაშვილმა ამერიკიდან და ჰოლანდიიდან და გაშორდა თუ არა ის ქმარს
მომღერალმა თამუნა ამონაშვილმა და მისმა მეუღლემ, პროდიუსერმა რეზიკო არჩვაძემ მოსკოვში წასვლა რომ გადაწყვიტეს, დანამდვილებით იცოდნენ, რომ უცხო მხარეში დიდი შრომისა და წვალების გარეშე წარმატებებს ვერ მიაღწევდნენ. მათ ბევრი გაჭირვებაც გამოიარეს და ახლა საკუთარი თავით და მიღწევებით კმაყოფილები არიან. თუმცა, თბილისში ჭორი გავრცელდა, რომ ისინი გაშორდნენ და ცალ-ცალკე ამჯობინეს ცხოვრება. რასაკვირველია, ამ ჭორის გადამოწმება თავად თამუნასთან და რეზისთან გადავწყვიტეთ და მათ მოსკოვში დავუკავშირდით.
– ბოლო დროს თბილისში ბევრს ლაპარაკობდნენ თქვენს გაშორებაზე. ზოგი რას ამბობს, ზოგიც – რას...
რეზი: ეს სრული სისულელეა, რადგან მე და თამუნა ერთად ვართ, ვმუშაობთ, ვწვალობთ და ერთად ვგეგმავთ მომავალს. ვერ ვხვდები, ვის რაში სჭირდება მსგავსი ჭორები. ცოცხალი ბენდი შევქმენი, თამუნა მღერის და მივყვებით აქტიურ ცხოვრებას. მაინც, რა თქვეს, რატომ დავშორდით თუ დაგვაშორეს?
– ასე ამბობენ, რეზიმ თამუნას რუს გოგონასთან უღალატაო.
– (იცინის) რას ამბობთ, მე ჩემი ცოლი ისე მიყვარს... თანაც, ისეთ ფორმაშია თამუნა, როგორ შეიძლება, სხვა ქალისკენ გამექცეს თვალი?! ის რომ სცენაზე დგას, უამრავი თაყვანისმცემელი უყურებს და ტკბება მისით და, მე მის ღალატს გავივლებ გულში?! სრული სისულელეა. ვერ გეტყვით, ვის აწყობს ასეთი ჭორების გავრცელება, მაგრამ, ჩემი მხრიდან მათ ვეტყვი, რომ მსგავსი რამეები გულთან არ მიმაქვს და არც ვრეაგირებ. იჭორაონ და იყვნენ. უბრალოდ, სასაცილოა. თამუნაზე კარგ გოგოს სად ვნახავ?! არაჩვეულებრივი ადამიანია, თბილი, ლამაზი, ჭკვიანი, ნიჭიერი და მოსიყვარულე. თანაც, ერთად ბევრი გაჭირვება გამოვიარეთ. წარმოიდგინეთ, აქ ჩამოსულებს ნულიდან მოგვიწია ცხოვრების დაწყება.
– რეზი, ის თუ არის მართალი, მიშელ ლეგრანი თამუნას ნამღერით ისე მოიხიბლა, დიდხანს ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშსო?
– მიშელ ლეგრანი და მისი მეუღლე იყვნენ მოსკოვში და ჩემს ბენდსა და თამუნას მოუსმინეს. უფრო სწორად, სპეციალურად ლეგრანისთვის გაკეთდა მიღება და ამ მიღებაზე თამუნამ ლეგრანის სიმღერები ცოცხლად ისე იმღერა, კაცი გადაირია. მთელი მოსკოვის ელიტა იქ იყო და ნამდვილად დიდი ოვაციები გამოხატეს. ლეგრანმა თამუნასთან ერთადაც იმღერა და, ბოლოს, საკონტაქტო ნომრები ჩაიწერა, ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
თამუნა: მართლაც დიდი სიამოვნებაა მიშელ ლეგრანთან სიმღერა.
– რეზი, გავიგე, რუსეთში ბიზნესი დაგიწყია.
რეზი: – არა, ბიზნესი არ დამიწყია, უბრალოდ, მოსკოვში ერთ-ერთი ქართული რესტორნის არტ-დირექტორი ვარ – კონცერტებს ვუკეთებ ორგანიზებას. ამას წინათ აჩი ფურცელაძეს გავუკეთე კონცერტი, დათო ხუჯაძეს კი – კლიპის პრეზენტაცია. თამუნაც ხშირად მღერის ამ რესტორანში ბენდთან ერთად. რაც შემიძლია, ვეხმარები ყველა აქ მცხოვრებ ქართველს და ეს ძალიან მსიამოვნებს.
თამუნა: დამიჯერეთ, არ ყოფილა ჩვენთვის ადვილი იმის მიღწევა, რასაც ახლა ვაკეთებთ. არ შეიძლება, ამბიციები გქონდეს ადამიანს, მით უმეტეს, უცხო მხარეში ჩამოსულს, სადაც შენი სათქმელი უნდა თქვა. ძალიან მწყინს, მე და რეზის რომ გვაშორებენ. ვერ ვხვდები, ვის აწყობს ეს. რადგან ბევრ ცნობილ მამაკაცთან მაქვს სურათი გადაღებული, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ქმარს გავშორდი?!
– იქნებ, ეს შენი ეჭვიანობის გამო მოხდა?
– რა სისულელეა! მე ეჭვიანი არ ვარ, რასაც რეზიზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ყველას უკვირს, მე რომ არ ვარ ეჭვიანი. ქალებთან თუ სურათები აქვს გადაღებული, ამის გამო სკანდალებს ავტეხ?! მას ვენდობი და უმიზეზო ეჭვიანობას არ დავიწყებ.
რეზი: უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს თამუნას, მაგრამ იმხელა ნდობა გვაქვს ერთმანეთის მიმართ, რომ ვერც კი დავუშვებ მისგან ღალატს. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა გავიფიქრო მასზე ცუდი. სულ ერთად ვართ, მის კონცერტებს მე ვგეგმავ, ჩამწერ სტუდიებში ერთად დავდივართ. არ ვმალავ, მქონდა ძალიან ცუდი პერიოდები, როცა ფიზიკური შრომით ვშოულობდი ფულს, მე გასაჭირს დავუძვერი და, ეტყობა, ეს აღიზიანებს ზოგ-ზოგიერთს. აქ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინეთ. თან, თამუნა არაჩვეულებრივი კულინარია. ადრე, ყველას ჩვენთან უყვარდა შეკრება და მიდიოდა საჭმელების კეთება (იცინის).
თამუნა: ეს ადრე იყო, ახლა კი ისე ვიღლები და იმდენ ემოციას ვხარჯავ, დრო აღარ მრჩება საჭმელების საკეთებლად. არადა, ადრე ყოველდღე მინი-კონცერტები იმართებოდა ჩვენს ბინაში (იცინის).
– მოსკოვში მცხოვრებ ქართველ მომღერლებს ხშირად ხვდებით?
რეზი: როცა დრო გვაქვს, სულ ერთად ვართ. დათო ხუჯაძესთან, გიგა კვენეტაძესთან, აჩიკო მეფარიძესთან, აჩი ფურცელაძესთან, ქეთა თოფურიასთან ვახლობლობთ. ჯაზმენი სერგეი მანუკიანიც ჩემი ძალიან მაგარი, უახლოესი მეგობარია. მოსკოვში ურთიერთობების აწყობა ურთულესია, მაგრამ, ნელ-ნელა ვაწყობ და ბედს არ ვუჩივი. სწორად გამიგეთ, რუსეთში დიდი სცენა არ არსებობს, ძირითადად, კლუბები და კორპორატიული საღამოებია ფინანსურად მომგებიანი, სადაც ბევრი გამოჩენილი და გემოვნებიანი მსმენელი დადის. რუსებს ისე მოსწონთ თამუნას ქართულად ნამღერი, ვერ წარმოიდგენთ.
– მართალია, რომ თამუნამ სტილი შეიცვალა?
– თამუნა ძალიან შეიცვალა, სულ სხვანაირია. „პაპსას“ აღარ მღერის, იმპროვიზაციას აკეთებს და ძირითადი აქცენტი ჯაზზე აქვს გადატანილი. ასე ვთქვათ, გარდაქმნა მოხდა მის შემოქმედებაში და ძალიან მოირგო ეს სტილი. ჩემთვის აღმოჩენა იყო – ამ სტილში სულ სხვანაირი თამუნა დავინახე და აღმოვაჩინე.
თამუნა: იყო დრო, როცა „პაპსათი“ ვშოულობდით მომღერლები ფულს, ახლა კი, ცოცხალ ბენდთან ერთად, სულ სხვა შესაძლებლობებია – შეგიძლია მომღერალმა შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნო და თავიდან აღმოაჩინო საკუთარი თავი. ცოცხალ მუსიკასა და ცოცხლად სიმღერას სულ სხვა „კაიფი“ აქვს.
რეზი: ახლა თამუნა სოლო კონცერტისთვის ემზადება. საკმაოდ მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს და, იმედია, მსმენელს, კიდევ ერთხელ მოხიბლავს. კლიპის გადაღებასაც ვგეგმავთ. ასე რომ, სიმღერ-სიმღერით, ეტაპობრივად მივიწევთ წინ, ჩვენ სხვა საქმე არ ვიცით. მერე გვინდა, ეს კონცერტი საქართველოშიც ვაჩვენოთ. შემოთავაზებებიც გვაქვს უცხოეთიდან, კერძოდ, ამერიკიდან და ჰოლანდიიდან. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.