დაუბრკოლებლები
გაშლილი ხელით
მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად გერმანელი ექსპერტები ჩვენს ხელისუფლებას, განსაკუთრებით, ტალიავინის დასკვნის შემდეგ, მაინცდამაინც, არ ეპიტნავება, ეს მაინც ვერ აბრკოლებს, რომ გაშლილი ხელითა და მშვიდი სინდისით მიიღოს დახმარება გერმანიის მთავრობისგან (შესაძლოა, იმიტომაც, რომ სულით დემოკრატია და მისთვის „გერმანელი ექსპერტი“ და „გერმანული ფული“ ორი განყენებული ცნებაა). შესაბამისად, გასულ კვირას გერმანიის ელჩი და ორგანიზაციის – „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ – დირექტორი, შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად (რომელმაც, მოარული ხმებით, მრავალასკაციანი ქორწილი გადაიხადა, რაც, წესით, ომგადატანილი ქვეყნისა და ომის ეპიცენტრი რეგიონის გუბერნატორის ჯიბეს მძიმედ უნდა დასწოლოდა) გორის რაიონის სამ სოფელში ხელდამშვენებული ჩავიდნენ. ხელდამშვენებული, ვინაიდან გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით შეძენილი შეშა ჩაიტანეს. გუბერნატორმა ვარძელაშვილმა (შესაძლოა, ხელდამშვენებული სტუმრების შეგულიანების მიზნით) აღნიშნა, რომ ტყეები, სადაც მოსახლეობა შეშას ჭრიდა, ოკუპირებულია, რითაც გვაგრძნობინა, რომ შეშის ჩატანით სულზე მიუსწრეს.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანიის მთავრობას ჩვენი დაზარალებული მოსახლეობისთვის შეშის შეძენა, სულ რაღაც, 50 000 ევრო დაუჯდა (სულ რაღაც – ჩვენი ჩინოვნიკების ხელფასების ფონზე) და გავიხსენებთ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა გასულ კვირას საკუთარ სასახლეში ახალი მონუმენტი გახსნა (ესპანელი არქიტექტორის მიერ შექმნილი საქართველოს მრავალეთნიკურობის სიმბოლო, რომლის ღირებულებაც ზემოხსენებულ შეშას იყიდდა და გაყიდდა), უნდა ვივარაუდოთ, რომ (განა სხვისი) შენი ჭირი – ღობეს ჩხირი.