კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა კახა ჯოხაძის ყოფილი ცოლი მისი მეწყვილის და და ვინ უსრულებს მას ყველა კაპრიზსს

მსახიობი კახა ჯოხაძე ჟურნალისტებისთვის ყოველთვის სასურველი რესპონდენტია. ის ამჯერადაც დიდი სიამოვნებით გვესტუმრა და ახალი სერიალის შესახებ გვესაუბრა. „ალუბლების ქუჩა 12” მაყურებელმა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ იხილა და ინტერესით ადევნებს თვალს საყვარელი მსახიობების მიერ განსახიერებულ ახალ გმირებს. ჩვენი რესპონდენტი ახალ სერიალში უჩას პერსონაჟს ასახიერებს. რა ხდება მსახიობის შემოქმედებით ცხოვრებაში და როგორია მისი განახლებული გეგმები, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

– გარკვეული პაუზის შემდეგ, მაყურებელს კვლავ აქვს საშუალება, ტელეეკრანზე გიხილოს.
– ღმერთს მადლობა, რომ ასეა. „დაიქოქა“ ის ამბავი, რასთვისაც დიდხანს ვემზადებოდით. მზადება დეკემბრიდან დავიწყეთ და, როგორც იქნა ეთერშიც გავედით. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ის პერიოდი, როცა პაუზა გვქონდა აღებული, მაგრამ, ალბათ, ასე იყო საჭირო. ძნელია, პოპულარული პროექტის შემდეგ, მეორე დღესვე ახალი პროექტის დაწყება. ამიტომ, ეს პაუზა ჩვენს საქმეს წაადგა და მაყურებლის თვალიც დავასვენეთ ჩვენგან. ამდენად, „რუსთავი 2-ის” შემადგენლობამ ზუსტად გათვალა ეს ყველაფერი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოგვიანებით გავიდა სერიალი ეთერში.
– ახალ სერიალზე რას გვეტყვი? 
– ძნელია, როცა რამდენიმე წელი ერთ გმირს წარმოადგენ მაყურებლის წინაშე, მერე კი უცბად იცვლი იმიჯს და სხვას თამაშობ. ეს მაყურებლისთვისაც ცოტა რთული მისაღებია. მინდა, ყველამ კარგად  გამიგოს, მსახიობი არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ცხოვრების განმავლობაში ერთი კი არა, უამრავი სხვადასხვა პერსონაჟი უნდა განასახიეროს. ამიტომ, კრიტიკულად ნურავინ შემოგვხედავს. თოთო ბავშვი სიარულს რომ იწყებს, მას ვერ მოსთხოვ, უცებ გაიქცეს. ასე რომ, ჯერ სულ რამდენიმე სერიაა გასული ეთერში და ყველაფერი წინ გვაქვს. პერსონაჟები ჩამოყალიბების პროცესში არიან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სერიალი წარმატებული იქნება. როგორც გავიგე, ბევრს უკვე მოსწონს, რაც ძალიან სასიამოვნოა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, იქნება თუ არა ეს სერიალი „შუა ქალაქზე” უფრო რეიტინგული, აჯობებს თუ არა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ „ალუბლების ქუჩა 12” თავის სიტყვას იტყვის.
– ალბათ, ძალიან რთული იყო ახალი სერიალის დაწყება თითოეული თქვენგანისთვის, ვინც „შუა ქალაქის” მიღმა აღმოჩნდით, თან, საკმაოდ დიდი რისკიც იყო თქვენი მხრიდან მაყურებლის წინაშე ახალი იმიჯით გამოჩენა.
– რა თქმა უნდა. შვებულებაში როცა წავედით, ვიცოდით, რომ, შეიძლება, „შუა ქალაქში” სექტემბრიდან აღარ ვყოფილიყავით, მაგრამ, გადაჭრით არაფერი გვქონდა მოლაპარაკებული. სექტემბერში კი მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენც ყველაფერი ჩვეულებრივად მივიღეთ. ალბათ, ეს იმ სიტუაციაში სერიალის გადარჩენისთვის იდეალური გამოსავალი იყო. თუ როგორ გააკეთებდნენ სერიალის განახლებას, ეს უკვე ჩვენ აღარ გვეხებოდა. ამ დროს კი „რუსთავი 2-მა” ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო – იმ პერიოდისთვის აქტუალურ და, გაზვიადების გარეშე, პოპულარულ მსახიობებს, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ, სამუშაო შემოგვთავაზა. საერთოდ, „რუსთავი 2-ში” სულ იმას ვამბობთ, რომ ეს არის ერთი მთლიანი გუნდი და არა კონკრეტულად მსახიობების გუნდი – ცალკე, „კომედი გრუპი“ – ცალკე და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ ოჯახი, რომელიც ერთად აკეთებს საქმეს. თუ ეს შეკრულობა და გუნდურობა დაირღვა, მაშინ ისეთი შედეგიც არ იქნება, როგორსაც ველით ჩვენ და მაყურებელი, ეს კი ყველასთვის წამგებიანია.
– რაც შეეხება შენს პერსონაჟს, ანუ უჩას.
– ვცდილობ უჩა დაბნეული ადამიანი არ გამოვიდეს. უჩა ახლა ყალიბდება და მისი „დამუშავების“ პროცესი მიდის. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე უჩა თავის მიმართულებასა და სახეს მიიღებს და ხალხი დაინახავს, თუ როგორი ტიპისა და ხასიათის ადამიანია.
– როგორც მივხვდი, რეჟისორი თავისუფლებას გაძლევთ და მსახიობებს იმპროვიზაციის საშუალებაც გაქვთ.
– რა თქმა უნდა. ყველა ჩაწერაზე მოდიან  სცენარისტები. რეპეტიციის დროს რაღაცეებს ვიღებთ, ვამატებთ და ამ ყველაფერს სცენარისტი რომ აკვირდება, ხვდება, კონკრეტულ გმირს რა უნდა მოარგოს. ეს პროცესი მათთვისაც საინტერესოა და ჩვენთვისაც. ამდენად, ამ ეტაპზე ძალიან საინტერესოა მუშაობის პროცესი, რადგან, ის მომენტი არ გვაქვს, როცა მთავარია, ტექსტი ჩავწეროთ და მერე დავისვენოთ.
– პირველი სეზონი როდის მთავრდება?
– სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს. სექტემბრიდან ისევ განვაგრძობთ ჩაწერებს, აი ეთერში როდის გავა, ეს კი უკვე აღარ ვიცი.
– მაყურებლის რეაქცია როგორი იყო იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ უმუშევრები იყავით?
– ხალხი სულ გვეკითხებოდა, როდის გავა ეთერში ახალი სერიალიო. ძალიან თბილად გვხვდებოდნენ ყველას.
– სად არის ახალი სერიალის პავილიონი?
– მარშალ გელოვანის ქუჩაზეა ჩვენი ახალი პავილიონი. ძალიან კარგად არის ყველაფერი გაკეთებული და თავს ძალზე კომფორტულად ვგრძნობთ. ყველაფერი თავის ადგილზეა.
– მოკლედ, „რუსთავი 2-მა” სრული კომფორტი შეგიქმნათ.
– ნამდვილად ასეა. ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი იმისთვის, რომ ძალიან კარგად ვიგრძნოთ თავი.
– ამ სერიალში თათული შენი მეწყვილის დას თამაშობს, წინა სერიალში კი ცოლ-ქმარი იყავით.
– ფაქტობრივად, ყოფილი ცოლი მეწყვილის და აღმოჩნდა. ჩვენთვის არა, მაგრამ, მაყურებლისთვის, ალბათ, რთულია ამაზე გადმოწყობა. პირველ რეპეტიციებზე ვმაიმუნობდით კიდეც – თათულიზე ვამბობდი, ცოტა მეცნობა-მეთქი. მოკლედ, კარგად ვხალისობდით ამაზე. 
– რა ხდება ახმეტელის თეატრში?
– ახმეტელის თეატრში მიწვეული მსახიობი ვარ, სადაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. კარგი კოლექტივია და უამრავი მეგობარი მყავს. მალე პრემიერაც ექნება. სხვათა შორის, ახლახან ქასთინგი ჩატარდა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მსახიობი იყო მოსული, რაც ძალიან კარგია. ბევრი სიახლე იგეგმება და, დარწმუნებული ვარ, მალე მიზანში მოვარტყამთ.
– როგორც ვიცი, საკმაოდ ყურადღებიანი მამა ხარ.
– ბოლო ხანებში, დროის სიმცირის გამო, ცოტა მოვიკოჭლებ, მაგრამ, მინდა, უკეთესი მამა ვიყო ჩემი შვილებისთვის. უმეტესად, დილით ბავშვები მასწრებენ სახლიდან გასვლას, უკან რომ ვბრუნდები, ამათ უკვე სძინავთ. როცა დრო მაქვს, ვცდილობ, მათთან ვიყო და ერთად გავერთოთ. ძირითადად, სახლში ვთამაშობთ ფეხბურთს.
– რას ეტყოდი იმ მაყურებელს, რომელსაც მართლა ძალიან გაუხარდა შენი დაბრუნება ტელესივრცეში?
– პირველ ყოვლისა, ყველას დიდი მადლობა, რადგან, ჩვენი ასეთი პოპულარობა, უპირველესად, მაყურებლის დამსახურებაა. დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის. უბრალოდ, მინდა ვთხოვო მაყურებელს, რომ ძალიან კრიტიკულად ნუ შეხედავენ ჩვენს სერიალს, ცოტა ხანს გვაცადონ. მართლა ძალიან ბევრს ვწვალობთ და ვშრომობთ იმისთვის, რომ კარგი შედეგი მივიღოთ. ნებისმიერი მაყურებელი მინდა დარწმუნებული იყოს, ჩვენ თავს არ ვზოგავთ, რომ 100 პროცენტით მივიღოთ შედეგი. „რუსთავი 2” ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს და ყველა კაპრიზს გვისრულებს. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩვენი ნაშრომი დაინახონ, ჰაერზე არაფერი კეთდება. წინა სერიალი კარგი გამოვიდა იმიტომ, რომ კარგად ვიშრომეთ. ამჯერადაც არანაკლებად ვშრომობთ. ვისაც მხოლოდ კრიტიკული თვალით სურს ჩვენი ყურება, ჯობია, საერთოდ არ გვიყუროს და სხვა არხზე გადართოს – ამით თვითონაც ნაკლებად აიშლის ნერვებს და სხვასაც ნაკლებად გააღიზიანებს. ნუ შეადარებთ ერთმანეთს „შუა ქალაქსა” და „ალუბლების ქუჩა 12-ს,” რადგან ისინი ერთიმეორისგან განსხვავდება. „ალუბლების ქუჩა 12-ში“ სხვანაირი ხუმრობები და სიტუაციებია, რასაც უნდა „დაუმუღამო.” რამდენი ხანი დასჭირდება ამას, არ ვიცი, მაგრამ, ბევრმა უკვე „დაამუღამა.”

 

скачать dle 11.3