კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოაჩინა ქვიშით ხატვის ტექნოლოგია ნონა გიუნაშვილმა და როგორ გადაიტანა მან აგვისტოს ომი

 2008 წლის ომი „ნიჭიერის” ფინალისტისთვის საშინელ მოგონებად, უდიდეს ტკივილად და შიშად იქცა, რომელმაც გზა ხელოვნებაში იპოვა. ნონა გიუნაშვილმა შეძლო ამ საშინელი შთაბეჭდილებების შუშაზე ქვიშით გადმოტანა და მთელი საქართველოს ატირება. ნონა ახლა ფინალისთვის ემზადება, ნომერს სიურპრიზად ტოვებს, თუმცა, ერთს გვიმხელს – ის ყველა ქართველის გულს შეეხება.

ნონა გიუნაშვილი: ბავშვობიდან ვხატავ, ეს ჩემი პროფესიაა და ახლაც საჯარო სკოლაში ხატვას ვასწავლი. რაც შეეხება ქვიშით ხატვას, პირველად ინტერნეტში ვნახე და გავოცდი, ძალიან მომეწონა. თუმცა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ვერავინ ვნახე ისეთი, ვინც ამ სტილში ხატავდა და რაიმე რჩევას მომცემდა – როგორი უნდა ყოფილიყო ქვიშა, მაგიდა, რა ტექნოლოგიით ხდებოდა ეს სასწაული. 2008 წლის ომის შემდეგ გადავწყვიტე, ამ თემაზე ნამუშევარი შემექმნა და ასე გადმომეცა ის ემოციები და განცდები, რომელიც მაშინ გადავიტანეთ. ვცადე ფურცელზე, ტილოზე, მაგრამ ერთ ნახატში ვერ ჩავტიე ის, რისი თქმაც მინდოდა. ამან ერთგვარი ბიძგი მომცა, რომ ქვიშაზე ხატვა მაინც მეცადა, ის საშუალებას გაძლევს, რამდენიმე კადრი სწრაფად შეასრულო, ამბავი მოყვე.
– მაგრამ, ცუდია, რომ ის ასევე მალე იშლება.
– კი, მაგრამ, ნეტავ, მართლა წაიშალოს ჩვენი მეხსიერებიდან ის ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა  და ყოველთვის დარჩეს ახალი, სასიამოვნო ნახატების ხატვის ადგილი. მათი წაშლა არ მენანება.
– აგვისტოს ომი ყველასთვის კოშმარად იქცა, მაგრამ, ვიცი, რომ ის შენთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო.
– კი. როდესაც ყველაფრის ეპიცენტრში ხარ, უყურებ, რა ხდება, როდესაც შენს თავზე ფეთქდება ბომბები და გრძნობ, რამდენად უსუსური ხარ – ამ ყველაფერმა საშინლად იმოქმედა ჩემზე და ალბათ, ამ დღეების დავიწყებას ვერასდროს შევძლებ. ამას დაემატა ის, რომ ჩემს მეუღლეს ისეთი სამსახური აქვს, ევალებოდა ომში ჩართვა და არ იყო ჩემ გვერდით. გორში ვცხოვრობდით და პირველ დღეს, როდესაც დაბომბვა დაიწყო, სარდაფში ჩაგვიყვანა, თვითონ კი სამსახურში წავიდა. მეორე დღეს როგორღაც მოახერხა ჩემი და ბავშვების ქალაქიდან გაყვანა, მაგრამ ქალაქში დარჩნენ ჩემი ქმარი, მშობლები, მეგობრები... სამი დღე ისე გაგრძელდა, რომ მათთან არანაირი კონტაქტი აღარ მქონია. ვიცოდი, რომ ის ადგილები, სადაც მეუღლე მუშაობდა და ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, დაიბომბა. არ ვიცოდი ცოცხლები იყვნენ თუ არა, არავითარი ინფორმაცია არ მქონდა მათზე. სამი დღე ვტიროდი, არ ვჭამდი არაფერს, მხოლოდ შვილებთან ვცდილობდი, თავი შემეკავებინა, რომ მათ კიდევ უფრო მეტად არ შეშინებოდათ.
– როგორ მოახერხეთ ერთმანეთთან დაკავშირება?
– სამი დღის შემდეგ თვითონ დამირეკა ჩემმა მეუღლემ, მითხრა, რომ ცოცხალი იყო, გადარჩა... დედაჩემი კი დაიჭრა. მისი ჭრილობა, საბედნიეროდ, სასიკვდილო არ ყოფილა, ჭურვის ნაწილი ხელში მოხვდა. ჩვენი გამოსვლის შემდეგ, ინტენსიური დაბომბვა გრძელდებოდა. ჩემი მშობლების სახლიც დაიბომბა და იქიდან, რომ გამორბოდნენ, სწორედ მაშინ მოხვდა ჭურვის ნაწილი ხელში.
– თბილისში ჩამოსვლა მოახერხეს?
– კი, ქალაქის ევაკუაციის დროს. ის რამდენიმე დღე ნათესავთან ვცხოვრობდით, მაგრამ ისინი რომ ჩამოვიდნენ, ამდენი ხალხის ვინმესთან სახლში ყოფნა უკვე შეუძლებელი იყო და თემქაზე, საბავშვო ბაღში გადავედით. ასე გაგრძელდა თვეზე მეტხანს.
– სახლში დაბრუნება არ გაგიჭირდათ, არ ახლდა დაბომბილ ქალაქში ჩასვლას შიში?
– რა თქმა უნდა, თუმცა იმის შიში უფრო დიდი იყო, რომ იქ ვერ დავბრუნდებოდით და მთელი ცხოვრება დევნილებად დავრჩებოდით. იმდენად დიდი იყო სახლში დაბრუნების სურვილი, რომ ეს სურვილი ყველანაირ წინააღმდეგობას, შიშს ჯობნიდა. ჩემს სახლში, ჩემს ქალაქში ჩავედი – მთავარი ეს იყო. საბედნიეროდ, სახლი გადარჩენილი დაგვხვდა, მხოლოდ შუშები იყო ჩალეწილი. შიშები ძალიან დიდხანს გაგრძელდა. თვითმფრინავის ხმაზე, თუ ნებისმიერ უცნაურ მოძრაობაზე გარეთ, გული მიფანცქალებდა.
  – ნონა, შვილები რამხელა გყავს?
– რვა წლის გოგონა და ათი წლის ბიჭი, რომლებმაც ეს ყველაფერი ჩვენთან ერთად გადაიტანეს. მაგრამ, სამაგიეროდ, მათ იციან საკუთარი სახლის, ქალაქის, სამშობლოს ფასი.
– კარგი, თავი დავანებოთ ამ დღეებს. მომიყევი შენი სიყვარულის ისტორია, როგორ შეხვდი შენს მომავალ მეუღლეს?
– ჩემი მეუღლე ნათესავის სახლში საკმაოდ პატარამ, თექვსმეტი წლისამ გავიცანი. მისი მხრიდან ძალიან დიდი სიმპათია ვიგრძენი და მეც მომეწონა. რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და მერე ისეთი ამბავი მოხდა, რამაც ჩვენი დაქორწინება დააჩქარა. უნდა ვაღიარო ერთი ამბავი (იცინის). მაშინ გორში მოტაცებების ბუმი იყო. ერთ დღესაც მოხდა ისე, რომ ჩემი მეუღლე (რა თქმა უნდა, მაშინ მეუღლე არ იყო) ჩემი მოტაცების მცდელობის სცენას შეესწრო. ამან ყველაფერი დააჩქარა. წინა დღით გამომიტყდა, რომ ვუყვარდი და მეორე დღეს კი უკვე მომიტაცა (იცინის). ეტყობა, ჩემი დაკარგვის შეეშინდა და თვითონ მოაგვარა უცებ ყველაფერი.
– ნონა, „ნიჭიერში” მონაწილეობა რამ გადაგაწყვეტინა და როგორ შეხვდა ამ ყველაფერს შენი ოჯახი?
– ომის თემამ მიბიძგა, რომ რაღაცნაირად მეცადა ქვიშით ხატვა. ღამეები არ მეძინა, სულ ამაზე ვფიქრობდი. ჩემი მეუღლე ძალიან დამეხმარა, ვარჩევდით მასალებს, ვცადე ფქვილით, მჭადის ფქვილით ხატვა. გამოვიყენე ჩვეულებრივი მაგიდა და სხვა. მოკლედ, ბევრი რაღაც ვცადე. საბოლოოდ, შევჩერდით ყვითელ, სამშენებლო ქვიშაზე, რომელიც საცერში გავცერით. უბრალოდ, მაგიდაზე დადებულ შუშას ვიყენებდი, განათების გარეშე. მერე გავარკვიე რომ არსებობს სახატავი ეგრეთ წოდებული ვულკანური ქვიშა და ძალიან ძვირი ღირს. მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია. მისი შოვნა ვერც შევძელით. საბოლოოდ, ჩვენი დიზაინით ავაწყობინეთ მაგიდაც. პირველი, რაც ვცადე, ომის თემა იყო, რომელიც ამდენი ხანი მაწუხებდა. ყველას, ვისაც ეს ნომერი ვაჩვენე, ძალიან მოეწონა და გამიჩნდა სურვილი, ის მთელი საქართველოსთვის მეჩვენებინა, ამისთვის კი „ნიჭიერი” საუკეთესო საშუალება იყო. მინდოდა, კიდევ ერთხელ გამეხსენებინა მათთვის ეს ამბავი და მეთქვა, რამხელა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას. თავიდან ძალიან მეშინოდა. როდესაც ზრდასრული ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, რისკზეც მიდიხარ. ასე თუ ისე, დარწმუნებული უნდა იყო წარმატებაში და გაითავისო ყველაფერი ის, რაც შეიძლება კონკურსს მოჰყვეს. ჩემი ოჯახი, ახლობლები, გვერდში დამიდგნენ და ამისთვის მადლობა მინდა, გადავუხადო. მათ საოცარი ძალა მომცეს.
– ფინალისთვის როგორ ემზადები?
– სულ ვმეცადინეობ, დატვირთულ რეჟიმში ვარ. დიდი აუდიტორიის წინაშე მანამდე არასდროს დამიხატავს. თითქოს წინა გამოსვლებს ეს ნერვიულობა უნდა მოეხსნა, მაგრამ არა, მაინც განვიცდი. რაც შეეხება თემას, რომელიც ფინალისთვის ავირჩიე, ცოტა სარისკოა. დიდხანს ვიფიქრე, ამ თემას შევხებოდი თუ არა და მეცადინეობაც გვიან დავიწყე. ეს არის თემა, რომელსაც სიურპრიზად დავტოვებ და რომელიც ყველა ადამიანს შეეხება.

скачать dle 11.3