როგორ გახდა ბექა გოჩიაშვილი ჩიკ კორეას სახლში ყველაფრის პროდიუსერი და რა შესთავაზა მან ცნობილ მუსიკოსებს
„ჩემი მიზანია‚ ჩამოვყალიბდე‚ როგორც მუსიკოსი ბექა, რადგან ჯერ დამწყები ვარ, რომელიც ცდილობს‚ რაღაც დაუკრას... ამას ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ. ჩემი რაღაცეები კი გამოიკვეთა, მაგრამ ხან ჩიკ კორეას გავლენით ვუკრავ, ხან ჯარეტის... ბევრი კლასიკური მუსიკა უნდა მოვისმინო, წიგნი უნდა წავიკითხო, ფილმი ვნახო, მუზეუმებში უნდა ვიარო... გაზრდა მჭირდება – ეს არის ჩემი მთავარი მიზანი“... – ეს სიტყვები 16 წლის ბექა გოჩიაშვილს ეკუთვნის, რომელიც 21 ივლისს ბათუმის „ბლექ სი ჯაზ“ ფესტივალზე საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად კიდევ ერთხელ დაუკრავს და მუსიკის მოყვარულებს დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს.
ბექა გოჩიაშვილი და
ცნობილი მუსიკოსები „ბლექ სი ჯაზ“ ფესტივალზე
ბექა გოჩიაშვილი: თბილისში ჩამოსვლისთანავე ვნახე ჩემი შეყვარებული და მთელი დღე ერთად გავატარეთ. ახლაც განვაგრძობთ ჩვენს ურთიერთობას. ის ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანია. ზოგადად‚ სულ შეყვარებული ვარ, მაგრამ, ასეთი შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. განსაკუთრებული პოზიტივი მოდის ნინიკოსგან. სულ სხვანაირი ადამიანია, ისეთი‚ როგორიც მე მინდა. წელსაც ვაპირებ „ბლექ სი ჯაზ“ ფესტივალზე დაკვრას. ჩემთან ერთად ჩამოდიან: ლენი ვაითი, ვიქტორ ბეილი, რავი კოლტრეინი – ჯონ კოლტრეინის შვილი, ასევე, ლაიონელ ლუეკე, რომელიც აფრიკელი გიტარისტია, ჰერბი ჰენკოკის კვარტეტში უკრავს და ჯალილ შო – ავტოსაქსოფონისტი; ის ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ სულ ვამბობ, რომ დიდი მუსიკოსია და ნიუ-იორკში უკვე „დიდ მამებთან“ ერთად უკრავს. 21 ივლისს დავუკრავთ, ახალი პროექტია, ძალიან განსხვავებული შარშანდელისგან. ამის თქმა არ მერიდება: წელს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობაა. ლენი ვაითი და ვიქტორ ბეილიც მაილს დევისის ეგრეთ წოდებული შვილები არიან... რავი კოლტრეინი მაშინ გავიცანი, როდესაც ჩიკ კორეასთან დავუკარი. შემდეგ ლენი ვაითის დახმარებით დავეკონტაქტე და დაგვთანხმდა ჩამოსვლაზე. ლენი ვაითი და ვიქტორ ბეილი კი ლატვიაში ჯაზ-ფესტივალზე გავიცანი და ერთად დავუკარით – მაშინ 11 წლის ვიყავი. ლენი ვაითს სოციალური ქსელით შევეხმიანე: ბექა ვარ, თუ გახსოვარ, 11 წლის ვიყავი, როდესაც ერთად დავუკარით-მეთქი. გამიხსენა, მითხრა: სულ ვაკვირდებოდი, ვიღაც ბავშვი, რომ გამოდიოდა, ვამბობდი, ეს ბექაა თუ არაო. მეძებდა და, ნათქვამია, ვინც ეძებს, პოულობსო – ვიპოვეთ ერთმანეთი. რომ მივწერე, ერთად ხომ არ დავუკრათ კონცერტზე-მეთქი, მომწერა, მოდი‚ ჯერ მოგისმენ და მერე გადავწყვეტ, ერთად დავუკრათ თუ არაო. „ბირდლენდში“ მქონდა კონცერტი, მოვიდა, მომისმინა და‚ როგორც ჩანს‚ მასზე კონცერტმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან, ძალიან კარგად ჩაიარა. თუმცა‚ მე ყველაფერს ასე ვუდგები: კარგად ჩაიარა – ეს დროებითია. შეიძლება, ბანალურია იმის თქმა, რომ არ უნდა გაჩერდე, უნდა განვითარდე, მაგრამ, სწორია. ამას ზოგი კომპიუტერულად ამბობს, დაიმახსოვრებს ისე, რომ მასში არ დევს. როდესაც ვუკრავ, სულ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს. რაღაც მომენტში, ჩემს მუსიკას უფრო ხშირად ვუსმენ, ვიდრე დიდ მუსიკოსებს, ჩემს მენტორებს, რადგან, ხანდახან საკუთარი თავის კრიტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მენტორებისგან კარგის აღება – ეს უფრო მეტად გზრდის. სულ ვამბობ: არ მიყვარს, როდესაც მეუბნებიან‚ თავში არ აგივარდესო. ეს მართლა შორს არის ჩემგან, არ მაინტერესებს ასეთი რაღაცეები. შეიძლება, ჩიკ კორეასთან დისკი ჩავწერე, მაგრამ, ეს ყველას შეუძლია, უბრალოდ‚ უნდა იპოვო გზა ან გაგიმართლოს. მე გამიმართლა ამ შემთხვევაში და, როგორც ამბობენ‚ ნიჭიც დამეხმარა‚ თუმცა‚ ამაზე საუბარი ცოტა მეუხერხულება.
ადამიანები, რომლებმაც ჩემი
ცხოვრება შეცვალეს...
ვერ ვიტყვი, რომ ბავშვი არ ვარ, მაგრამ, ჩემი ასაკის ბიჭებთან ვერ ვმეგობრობ. დიდებთან უფრო ბევრ საერთოს ვნახულობ, ვიდრე პატარებთან. არ მინდა, ისე გამოვჩნდე, რომ 16 წლის ასაკში ვდიდობ ან ვკაცობ – თუ მინდა‚ ბავშვურიც ვარ ხოლმე. შეიძლება‚ ეს ყველაფერი სიყვარულისა და ჯაზის დამსახურებაა, ოღონდ‚ ერთად. ჩემთვის მუსიკა და სიყვარული ერთმანეთთან ასოცირდება. მინდა ვთქვა, რომ ვცხოვრობ ნონა და გია შენგელაიებთან, ოღონდ‚ არა მხოლოდ ვცხოვრობ, ვერ ვგრძნობ (კარგი გაგებით) ჩვენ შორის ასაკის სხვაობას, რადგან ისინი ჩემი მეგობრები, მასწავლებლები‚ მშობლები არიან. ხუმრობით ვამბობ, ადამიანს დამამსგავსეს-მეთქი – მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, დიდი როლი ითამაშეს ჩემს ცხოვრებაში. სხვათა შორის, ნონა შენგელაიამ მაჩვენა ნინიკოს ფოტო. თავიდან‚ რა თქმა უნდა‚ მისმა გარეგნობამ მომხიბლა, მთელი ერთი წლის განმავლობაში არ ვიცნობდი, მაგრამ, მისი ფოტოებიდან საოცარი პოზიტივი მოდიოდა. მოკლედ, ძალიან მეხმარებიან ეს ადამიანები, ასევე‚ ბატონი ნიკა რურუა, საერთოდ კი, ყველაფერი მამაჩემისგან დაიწყო. არ მგონია‚ ჩემს მშობლებზე დიდი გულშემატკივარი მყავდეს და მეც მათი გულშემატკივარი ვარ. არ შემიძლია‚ არ ვახსენო ბებე ლორთქიფანიძე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, მარტივად რომ გითხრათ – ენერგიის შენახვა – ადვილად ვიღლებოდი, ხელი მეღლებოდა. ბებესთან ურთიერთობა იმხელა რელაქსაციაა და‚ თან‚ მასწავლა ეს ყველაფერი. ზურა რამიშვილზე აღარაფერს ვამბობ, ის ჩემი ერთ-ერთი მამაა, მან მასწავლა‚ რა ხდება მუსიკაში, მის ადგილს ვერც ჩიკ კორეა, ვერც ჯარეტი და ვერავინ ვერ დაიკავებს...
სტუმრად ჩიკ კორეასთან და დისკი, სახელწოდებით „ბექა“
ჩიკ კორეასთან ვიყავი სახლში. დიდი და საინტერესო სახლი აქვს, გემოვნებით მოწყობილი. მითხრა, დღეს შენ აქ ხარ ყველაფრის პროდიუსერი, მთელი სახლი შენია, როიალებიც და ყველაფერიო. როცა გვინდოდა – ვისვენებდით, როცა გვინდოდა – ვწერდით ან ვუკრავდით, კარგად გავერთეთ. თავისი ნახატები მანახვა, ძალიან კარგად ხატავს, ცოტა ფილოსოფიურად, სიღრმისეულად, მაგრამ, მიხვდები, რომ ჩიკ კორეას დახატულია. ეს დისკი გამოვა, მაგრამ მანამდე ჩემი მეორე დისკი უნდა გამოვიდეს, რომელიც ჩავწერე ლენი ვაითთან, ვიქტორ ბეილისთან, ჯონ პატიტუჩისთან და სტენლი კლარკთან ერთად, დისკს ერქმევა „ბექა“, ლენი ვაითია პროდიუსერი. წესით‚ მსმენელმა უნდა ისიამოვნოს, ბათუმში უკვე იქნება. მასში შევა ჩემი შვიდი თემა, ორი – გია ყანჩელის, ორი – ლენი ვაითის და ერთი – სტენლი კლარკის – მრავალფეროვანი იქნება. როგორც ჩანს‚ ჩემი აზრი მათთვის მნიშვნელოვანია, რისთვისაც მადლობელი ვარ. სხვათა შორის‚ საკუთარი თავის არ მეშინია იმ კუთხით, რომ არ ვარ იმ ტიპის მუსიკოსი, რომელიც ამბობს: „ჩემი აზრია და ამიტომ ასე უნდა იყოს“. როცა ვატყობ, რომ ვიღაც რაღაცას მიხსნის და მან ჩემზე მეტი იცის, რა თქმა უნდა‚ ვეთანხმები. ჩიკ კორეასთან ჩაწერილ ალბომს ჯერ არ ვიცი‚ რა ერქმევა, შეიძლება‚ დავარქვათ „ბექა ენდ ჩიკ“ ან რაღაც ასეთი. სტუდიაში მუშაობა ცოტა მღლის, მაგრამ, კარგია, ეს ძალიან მზრდის, მუშაობის პროცესს მასწავლის. სულ ვიმეორებ ჩიკ კორეას სიტყვებს: შვიდი საათი თუ დაუკარი გამები ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ანუ‚ უბრალოდ‚ ეს აუცილებლად წყალში ჩაგეყრება. თუ ტვინი არ მუშაობს და მხოლოდ ხელები მუშაობს, არ აქვს აზრი, რადგან, მნიშვნელოვანია‚ ამ დროს როგორ მუშაობს ტვინი. მე ვკომპოზიტორობ კიდეც, ძალიან მომწონს, ვერთობი და ესეც მეცადინეობაა. მაგალითად‚ როდესაც ჩემს შეყვარებულს ველაპარაკები, მისი მხრიდან იმხელა ინსპირაცია მოდის, რომ ესეც მეცადინეობად ითვლება, დროის ფლანგვა ნამდვილად არ არის არც ჩემთვის და‚ დარწმუნებული ვარ‚ არც მისთვის.
ბექას სამოთხე და ოცნებები, რომლებიც ყოველთვის სრულდება
სტენლი კლარკთან და ლენი ვაითთან ერთად მქონდა კონცერტი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ბლუ ნოუთში“ ისეთ მუსიკოსებს აქვთ დაკრული, როგორებიც არიან: ჯარეტი, ჩიკ კორეა, ჩარლი პარკერი, მაილს დევისი და ასე შემდეგ. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა, სტენლი კლარკმა და ლენი ვაითმა ჩემზე ბევრი კარგი რაღაც თქვეს. გია ყანჩელის „ჰერიო, ბიჭებო“ დავუკარით და ხალხს ძალიან მოეწონა. ლენი ვაითი საერთოდ გაგიჟდა, მითხრა, ისეთი მუსიკაა, ჟრუანტელმა დამიარა და ქართული სითბო ვიგრძენიო. ეს ერთი კვირა ჩემთვის სამოთხე იყო, უბრალოდ‚ ძალიან მალე გავიდა და მერე ყველაფერი მენატრებოდა. აქ დაკვრა ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო და ესეც ახდა. მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება – მუსიკიდან დაწყებული, პირადი ამბებით დამთავრებული. რასაც იმსახურებ‚ ის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოვა. სხვათა შორის‚ „ბლუ ნოუთში“ გავიცანი ლონდონის ჯაზ-კლუბ „რონი სკოტის“ მფლობელი, არც ვიცოდი‚ ვინ იყო. თავისი „ვიზიტკა“ მომცა და მითხრა, რომ იცოდე, ამას ბევრს არ ვაძლევო. შინაურულად რომ ვთქვა, ვიღაც ამბიციური ბაბუ მეგონა. მერე სახლში „დავგუგლე“ და მივხვდი, რომ ამ ადამიანს ძალიან ადეკვატური ამბიციები აწუხებდა – იმ შეფასებას‚ რაც საკუთარ თავს მისცა, ნამდვილად იმსახურებდა. მოკლედ, „რონი სკოტში“ მეპატიჟებიან. ახლო მომავალში წავალ, მექნება კონცერტი ჩემს ბენდთან ერთად. უკვე გადაწყვეტილია, უბრალოდ‚ ჯერ კონკრეტული თარიღი არ არის დანიშნული.