როგორ გადაურჩა დაჯარიმებას და ცემას გივი სიხარულიძე
საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმდევარი ვარ და სპორტის თითქმის ყველა სახეობაში მომისინჯავს ძალები. მთიდან თხილამურების ლაღად დაშვებას არაფერი შეედრება. როგორც ახლა ამბობენ, ადრენალინის გამომუშავების უებარი საშუალებაა, მაგრამ, სულ მთა და თოვლი სადაა შენს ნებაზე.
მანქანით ძალით ჩქარა მოძრაობაც მიყვარს, ერთი-ორჯერ გვარიანი „ჯახიც“ მომსვლია, თუმცა, არავინ დამიზარალებია. თბილისი მაინც თბილისია და ყველაფერი „შინ“ ხდებოდა, მაგრამ, რაც სოჭში მომივიდა, არასდროს ამოვა ჩემი მეხსიერებიდან.
იმ ზაფხულს სწორედ სოჭში ვისვენებდი. რა თქმა უნდა, მანქანით გახლდით. გავიცანი ორი გადასარევი ლამაზმანი. ბელორეჩინსკიდან გახლდნენ. ძმაკაცს დავურეკე – პურმარილი გაამზადე, „საცოლეები“ მომყავს-მეთქი. ჩავისვი ეს კეკლუცები მანქანაში და მივსრიალებთ ქალაქის ულამაზეს ქუჩაზე. მაგნიტოფონი ბოლო ხმაზე მაქვს ჩართული და სამივენი ხმას ვაყოლებთ „აბბას“ ჰანგებს. აქსელერატორი ბოლომდე მივატკეპნე იატაკს... იმატებს სიჩქარე და, მასთან ერთად – ჩვენი წივილ-ღრიალიც. ვუმატებთ და ვუმატებთ ხმას „ღვინის ქურდებივით“. მოულოდნელად, წითელი აინთო შუქნიშანზე, მაგრამ, შეჩერება არც მიცდია, გავვარდი ისარივით და... „შვიშტოკის“ ყურისწამღები ხმაც ჩამესმა (ელიბოი!!!).
პირდაპირ ფეხებთან დავუმუხრუჭე მანქანა ინსპექტორს. ამიღო ჩესტი:
– ვაში პრავა!
თბილისში მაგას ვინ მკადრებდა, მაგრამ, სოჩაა... სოჩა! მაგის ჩიტი ვარ სწორედ, ახლა ამას ჩემით ჩავუდო მართვის მოწმობა ხელში... თანაც, მაქვს თუ არა, არც ვიცი.
– ბრატ, პრასტი, ნიჩაინო...
– ვაში პრავა! – გაიმკაცრა ხმა წესრიგის დამცველმა.
– ხაროში შაშლიკ ბუდეტ! – გავუღიმე გულღიად.
არ გაჭრა.
– ხაროში კანიაკ ტოჟე ბუდეტ! – წავუმატე ქრთამს ქრთამი.
გოგონები გასუსულები მიყურებენ – აინტერესებთ, რას მოვიმოქმედებ და თავის შერცხვენა როგორ შეიძლება...
– ვოტ ჩერვონეც! – ამოვაძვრინე თუმნიანი ჯიბიდან.
– ნე პაიდიოტ, დაი პრავა! – თავისას აწვება.
„ახლა, ამას რო ვხევ, მერე ყლაპოს კბილები და იძახოს „პრავა-პრავა“! – გამიელვა გუნებაში, მაგრამ, გადავიფიქრე. აქ სოჩაა, თან – კომუნისტების ეპოქა.
მეტი გზა არაა, გავაღე კარი და გადავედი მანქანიდან. წელში და მხრებში რომ გავიმართე, ეს მიჩინდრულ-დაბარძღილი ინსპექტორი ქვევით დამრჩა.
მაინც არ მეპუება.
ტკბილი სიტყვა არ ჭრის, ძალაა საჭირო!
– პარენ, – ვეუბნები, – ტი ზნაიეშ, კტო ია?
– ნუ კტო, ნუ კტო?!
– ია ბარეც... – შევათამაშე კუნთები.
– კტო, კტო?
– ბარეც, გავარიუ! ინსპექტორი თურმე, მოჭიდავე ყოფილა, ვიღაც ჩეჩენი ალიყურდიევი... მძიმედ დაიძრა და მოგვიახლოვდა. იმხელაა, რომ ახლა მე დავრჩი ქვევით... ბუღასავით მაგარი კისერი აქვს, კუნთები კი – დასკდომაზე.
– ონ გავარიტ, ჩტო ბარეც! – მომენტალურად ჩამიშვა დაბარძღულმა.
„დედა, რაღა ვქნა ახლა?! ამ ვერზილას მტერი ეჭიდაოს. სად მაქვს მაგის თავი გუშინდელ ნაპახმელიარს?!“ – გამიელვა გუნებაში.
– ტი ბარეც? – მეკითხება ეს ურჩხული.
– და, ბარეც! – დავაწექი პირველ ჩვენებას.
მოჭიდავეები ალალები და გულუბრყვილოები არიან და კოლეგებს პატივს სცემენ.
– ზნაჩიტ, ბარეც! ნუ, პო კაკომუ ვიდუ? – მეკითხება ალი.
რომ ვთქვა, ძიუდოისტი ვარ, ან სამბისტი-მეთქი, ვაი და, ადგილზევე მოინდომოს ჩემი გამოცდა... ვაი შენს გივის!
– ნუ, პო კაკომუ ვიდუ? – ისევ ჩამეძია ის ჩემი ცოდვით სავსე ახმახი.
– ია ბარეც ზა დრუჟბუ ი მირა ნაროდოვ მირა-მეთქი.
ალის სახე გაებადრა, გაუმშვენიერდა და კინაღამ „აყვავებულა არაგვზე დეკა“ წამოიწყო, მაგრამ, არ იცოდა... ამიტომ, მხოლოდ გადამეხვია და ალალი ბიძაშვილივით გადამკოცნა.
იქვე, ულამაზეს რესტორანშივე გავაფორმეთ დაძმობილება და სასტუმროშიც დროზე მივედი ჩემი ორი „მზეთუნახავით“.
გივი სიხარულიძის ნაამბობის მიხედვით