კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები 5

(უკანასკნელი ქურდი)

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აუჩქარებლად ჩაიკითხა მიმართვა და მკაცრი ტონით ჰკითხა რიბკინს:
– რას ნიშნავს ეს?!
– მე მოვითხოვ სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მიმართ მოკვლევის დაწყებას, – უპასუხა გამომძიებელმა.
– და, რას მიიღებ მაგით?
– მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
– რომელსაც შენ სტახანოვური ტემპებით გამოიძიებ და საბრალდებო სკამზე დასვამ ექსპერტიზის ხელმძღვანელს?!
– ისეთი მიამიტი არ ვარ, ექსპერტიზის ხელმძღვანელობის ციხეში გასტუმრებას რომ ვგეგმავდე. მისთვის სამსახურიდან გათავისუფლებაც საკმარისი სასჯელი იქნება, – უპასუხა რიბკინმა.
– მაინც, რა ბრალდებას უყენებ, რისთვის დავიწყოთ მოკვლევა? – ჰკითხა სამსახურის უფროსმა.
– გამოძიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ნივთმტკიცებების განადგურების გამო, – ოფიციალურად წარმოთქვა რიბკინმა.
– რას გულისხმობ?
– ექსპერტიზის ხელმძღვანელის განკარგულებით, გამოკვლევაზე წარდგენილ გვამს კრემაცია ჩაუტარდა – იმ გვამს, რომელიც, სავარაუდოდ, გეგეშიძეს ეკუთვნოდა.
– და, რაა ამაში კანონსაწინააღმდეგო? – გაუკვირდა  სამსახურის უფროსს, – სხვა რა უნდა გაეკეთებინათ, სუვენირად ხომ არ დაიტოვებდნენ გეგეშიძის მძორს?!
– მაპატიეთ, ნიკოლაი პეტროვიჩ, მაგრამ, თქვენი ირონია უადგილოდ მეჩვენება! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა  რიბკინმა.
– რა გეჩვენება უადგილოდ? – მკაცრად ჰკითხა სამსახურის უფროსმა.
– ჩვენ ვსაუბრობთ პიროვნებაზე, რომელიც ეჭვმიტანილია უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლის მკვლელობის ორგანიზებაში. ამას დაუმატეთ რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში ჩადენილი მკვლელობები. პრაქტიკულად ჩვენ სერიულ მკვლელთან გვაქვს საქმე!
– გვქონდა!.. – შეუსწორა სამსახურის უფროსმა, – ამჟამად გეგეშიძე ჯოჯოხეთში იმყოფება. ექსპერტიზა კი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებდა – განახორციელა ყველა სავალდებულო პროცედურა და მოახდინა გვამის კრემაცია.
– ექსპერტიზამ გვამის კრემაცია კი არა, ნივთმტკიცებების განადგურება მოახდინა! – უკმაყოფილოდ შენიშნა რიბკინმა.
– კეთილი, შენი აზრით, როდემდე უნდა შეენახათ გვამი?
– ვიდრე მისი იდენტიფიკაცია არ მოხდებოდა!
– უცნაური კაცი ხარ, – გაეცინა სამსახურის უფროსს, – ცოტა ხნის წინ მითხარი, ექსპერტიზამ გეგეშიძის გვამის კრემაცია მოახდინაო. ახლა კი მეუბნები, რომ ის იდენტიფიცირებული არ იყოო!
– იმაზე, რომ გვამი მართლაც გეგეშიძეს ეკუთვნოდა, მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები მიუთითებს, კერძოდ, აწ გარდაცვლილი ვალერი რიჟკოვის ერთობ ბუნდოვანი განმარტება. საუბრისას მან მითხრა, რომ გეგეშიძე მანქანით გაიქცა. გაქცევისას ის გადააწყდა ჩეჩენი კრიმინალის, გამზათის დაჯგუფების წევრებს. მათ შორის მოხდა შეტაკება, ურთიერთსროლისას კი მანქანა აფეთქდა და გეგეშიძე დაიღუპა.
– რა გეჩვენება ამაში ბუნდოვანი? ჩემის აზრით, ყველაფერი ნათელია – გეგეშიძე თავისნაირ ავაზაკებს ემსხვერპლა, – მშვიდად თქვა სამსახურის უფროსმა.
–  რიჟკოვის განმარტებას ოფიციალურ ჩვენებად არავინ ჩათვლის. მე ხომ მისი დაკითხვა ვერ მოვასწარი – ის პროკურატურიდან გასვლისთანავე მოკლეს!
– მაგაზე ნუ ღელავ. მთავარია, შენი ხელმძღვანელობა როგორ შეაფასებს წარმოდგენილ მასალებს, მე კი შენ ბოლომდე გენდობი. შეგიძლია, საქმეს შენი ახსნა-განმარტება დაურთო.
– მაგრამ, მე არ მჯერა, რომ გეგეშიძე დაიღუპა!
– რა გაძლევს ამის საფუძველს?
– რიჟკოვის მკვლელობა! – სწრაფად თქვა რიბკინმა – გეგეშიძის გარდა, ვერავინ გაბედავდა პროკურატურის წინ „ეფესბეს” ოფიცრის დემონსტრაციულად მოკვლას – ეს ხომ პირდაპირი გამოწვევაა! მან გვაგრძნობინა, რომ ნებისმიერ  ჩვენგანს გაუსწორებს ანგარიშს.
– ამ საკითხს მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით. ბუნებრივია, რიჟკოვის მკვლელობა გაუხსნელი არ დარჩება. ახლა კი ერთ კითხვაზე მიპასუხე: შენი აზრით, რიჟკოვის მკვლელობა პირადად გეგეშიძემ ჩაიდინა?
– არა, – თავი გაიქნია რიბკინმა, – მე მკვლელობის თვითმხილველებს ამოსაცნობად გეგეშიძის ფოტოსურათები წარვუდგინე და მათ განაცხადეს, რომ თავდასხმა სლავური გარეგნობის მამაკაცმა განახორციელა. მაგრამ, ამაში არაფერი მეჩვენება უცნაური – გეგეშიძის ბანდაში რამდენიმე ათეული თავზეხელაღებული მკვლელია.
– სწორედ ამის მოსმენა მინდოდა, – კმაყოფილებით  თქვა სამსახურის უფროსმა, – გეგეშიძის ბანდა ყოველთვის გამოირჩეოდა შურისმაძიებლობით და ის არასდროს ასხვავებდა ერთმანეთისგან კრიმინალებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. სხვათა შორის, ამ ბანდას უკრაინაში რიჟკოვზე მაღალი თანამდებობის პირებიც ჰყავს მოკლული!
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ რიჟკოვი გეგეშიძის ბანდის წევრებმა მოკლეს და პირადად მას არაფერი აკავშირებს ამ თავდასხმასთან?!
– მართალი ხარ, სწორედ ასე ვთვლი. გეგეშიძე დაიღუპა, მისმა მიმდევრებმა კი ჩათვალეს, რომ ეს რიჟკოვის დამსახურებით მოხდა და შურისძიების მიზნით დაესხნენ თავს – ლოგიკურია?
– დიახ და საკმაოდ დამაჯერებლადაც ჟღერს, მაგრამ, ეს მაინც ვერ ხსნის გეგეშიძის გვამის ნაჩქარევ კრემაციას.
– ისევ კრემაცია, – ამოიოხრა სამსახურის უფროსმა, –  გთხოვ, იგორ, ნუ დავიწყებთ თავიდან!
– კეთილი, ოღონდ, ერთი პირობით – ლოგიკური ახსნა მიეცით ექსპერტის საქციელს.
– იგორ! – ხმა გაიმკაცრა სამსახურის უფროსმა, – მგონი, დაგავიწყდა, ვის კაბინეტში იმყოფები! მე არ მევალება ექსპერტიზის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების შეფასება და ახსნა-განმარტებების გაცემა. გადაწყვეტილებების მიღებისას ვეყრდნობი მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებსაც შენ წარმომიდგენ. შენ მიერ მოპოვებული მონაცემები კი ასეთია: გეგეშიძე დაიღუპა, ხოლო ექსპერტიზამ განახორციელა მისი გვამის კრემაცია და ამით ყველაფერი დამთავრდა. მე ვერ ვხედავ საქმის ძიების პერსპექტივას. მით უმეტეს, ექსპერტიზის ხელმძღვანელის მიმართ მოკვლევის დაწყების საჭიროებას.
– ვერ დაგეთანხმებით, ნიკოლაი პეტროვიჩ. მე ხომ ექსპერტისთვის რაიმე განსაკუთრებული არ მითხოვია, მხოლოდ გვამიდან გენეტიკური მასალის აღება შევთავაზე, რაც მომავალში გვამის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას მოგვცემდა!
– რატომ აიკვიატე, რომ გეგეშიძე ცოცხალია?
– ჩვენ გვაქვს გვამი და, სავარაუდოდ, ის გეგეშიძეს ეკუთვნის, მაგრამ, ექსპერტიზა ვერ ამტკიცებს ამას. გვამი ისეა დამწვარი, რომ მისი ვიზუალურად ამოცნობა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტიზა ვერც იმას ადასტურებს, რომ გვამი სხვა პიროვნებას ეკუთვნის. რჩება მხოლოდ ერთი გზა – გენეტიკური ანალიზი. სწორედ ამ საკითხის შესათანხმებლად შევხვდი ექსპერტიზის ხელმძღვანელს და გვამიდან გენეტიკური მასალის აღება ვთხოვე. მან პირობა მომცა, რომ ასეც მოიქცეოდა, ჩემი წამოსვლის შემდეგ კი სასწრაფო განკარგულება გასცა, მოეხდინათ გვამის კრემაცია. რას მივაწერო ეს, ნიკოლაი პეტროვიჩ?
– შენი აზრით, რასთან უნდა შეედარებინათ გვამიდან აღებული მასალები?
– შედარებისთვის აუცილებელ მასალას გეგეშიძის ქალიშვილისგან, ნატო გეგეშიძისგან მოვიპოვებდი. ასეთი ექსპერტიზა ზუსტი დასკვნის მიღების შესაძლებლობას მოგვცემდა.
– გეგეშიძის ქალიშვილის ადგილსამყოფელი თუ იცი?
– სავარაუდოდ, ის გერმანიაში, მის დედასთან, ვანდა ანსბახთან უნდა იმყოფებოდეს.
– მისი დედა გერმანიის მოქალაქეა?
– დიახ.
– და როგორ გგონია, შეძლებდი გეგეშიძის ქალიშვილის დათანხმებას ექსპერტიზაში ნებაყოფლობით მონაწილეობაზე?
– სავარაუდოდ, ის უარს იტყოდა  ექსპერტიზაში მონაწილეობაზე, მაგრამ, მე მაინც შევძლებდი საჭირო მასალის არაოფიციალურად მოპოვებას. ამისთვის თმის ღერი ან ფრჩხილის ფრაგმენტიც საკმარისი იქნებოდა.
– ტყუილად გქონდა იმის იმედი, რომ მსგავს ავანტიურაში ჩამითრევდი. საერთაშორისო სკანდალებიღა გვაკლია!
– საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე...
– არავითარი „მნიშვნელობიდან გამომდინარე”! – ხაზგასმით წარმოთქვა სამსახურის უფროსმა, – კანონმდებლობის ჩარჩოებში თუ ვერ ეტევი, გირჩევ, სხვა სამსახური მოძებნო – სამომავლოდ გაითვალისწინე!
– ახლა აღარ ღირს ამაზე ლაპარაკი. გვამი აღარ არსებობს და მასთან ერთად ექსპერტიზის შესაძლებლობაც დაიკარგა, – რიბკინმა ახლოს მიუწია სამსახურის უფროსს მოკვლევის დაწყების დადგენილება, – იმაზე კი, თუ რატომ მოხდა ეს, თავად ექსპერტებმა უნდა გაგვცენ პასუხი.
– დაივიწყე, – სამსახურის ხელმძღვანელმა გულგრილად მოჭმუჭნა დადგენილება და სანაგვე ყუთისკენ მოისროლა.
– ესე იგი...
– შენ სწორად გამიგე – მოკვლევას არ დავიწყებთ. ვერ ვხედავ საამისო საფუძველს და, უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ექსპერტიზის ხელმძღვანელი სწორად მოიქცა, არაოფიციალური გზით მოპოვებული მასალების საფუძველზე ის დასკვნას ვერ გასცემდა.
– მე სხვა ვერსია მაქვს: ექსპერტიზის ხელმძღვანელი ვიღაცის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა. მან შეგნებულად გაანადგურა გვამი, რათა არ მომხდარიყო მისი იდენტიფიცირება.
– და, ვის ინტერესებს იცავდა, შენი აზრით, ექსპერტი? – ჰკითხა სამსახურის უფროსმა.
– არ ვიცი. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ვივარაუდო: მისთვის უარის თქმას, ექსპერტიზის ხელმძღვანელმა ჩემთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელთან დაპირისპირება ამჯობინა.
სამსახურის ხელმძღვანელმა უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.
– კმარა, იგორ! ეტყობა, გადაიღალე. ახლა შენთვის ყველაზე კარგი დასვენება იქნება. რას იტყვი ორიოდ კვირით სოჭში გამგზავრებაზე?
– შვებულებას მთავაზობთ? – გაუკვირდა რიბკინს.
– ჰო... დაისვენე.
– საქმე? – რიბკინმა საქაღალდეს მიაპყრო მზერა.
– რაც შეეხება საქმეს... – სამსახურის უფროსი მცირე ხნით ჩაფიქრდა და მერე განაგრძო, – გეგეშიძის მიმართ ყველაფერი გარკვეულია. ამ მიმართულებით ძიების გაგრძელებას აზრი არ აქვს. რიჟკოვის მკვლელობის ფაქტი ცალკე საქმედ გამოიყოფა, თუმცა, ამას შენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. რიჟკოვის საქმეს სხვა გამომძიებელს გადავცემ, შენ კი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ახალ საქმეს მიიღებ.
– ასე აპირებთ საქმიდან ჩემს ჩამოშორებას?! – დაუფარავი ბრაზით წამოისროლა რიბკინმა, – სიმართლე გითხრათ, მე სრულიად სხვა ახსნა მივეცი მომხდარს – ჩავთვალე რომ ექსპერტიზა გეგეშიძემ მოისყიდა, ან, უბრალოდ, შეაშინა. ახლა კი ვხვდები, რომ გვამის განადგურება თქვენს ინტერესებშიც შედიოდა!
– ხომ არ შეიშალე?!  – მზერა გაეყინა სამსახურის უფროსს, – ხვდები, რომ ასეთი სიტყვებისთვის, შემიძლია, სამსახური დაგატოვებინო?!
– მემუქრებით?!
– არა, იგორ, დამიჯერე, მე შენთვის ცუდი არ მინდა. პირიქით, მომწონს კიდეც  შენი პირდაპირობა, მაგრამ, ჩვენს საქმიანობაში მოქნილობა უფრო მეტად ფასობს.
– არა, ნიკოლაი პეტროვიჩ, ამ შემთხვევში თქვენი თეორია ვერ იმუშავებს. ვერ ვხვდები რით დაიმსახურა გეგეშიძემ თქვენი კეთილგანწყობა, მაგრამ, პირობას გაძლევთ, რომ ამ საქმეს არ მოვეშვები. ის თუ წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანისთვის გამოგაქვთ განაჩენი, გეგეშიძის მიმართ ძიების შეწყვეტით?! მე საკმაოდ კარგად შევისწავლე მისი წარსული და, დარწმუნებული ვარ, რომ ის არ შეჩერდება. საპატიმროს გარეთ მისი ყოფნა  თავისთავად ნიშნავს ახალ სისხლისღვრას.
– რამდენი ხანი მუშაობდი მის საქმეზე? – მოულოდნელად ჰკითხა სამსახურის ხელმძღვანელმა.
– რამდენიმე თვე, – უხალისოდ უპასუხა რიბკინმა.
–  და, რას მიაღწიე იმ რამდენიმე თვეში,  რამდენით მიუახლოვდი გეგეშიძეს? იმ დროს, როდესაც შენ კაბინეტში იჭყლეტდი ტვინს, ის მშვიდად განაგრძობდა საქმიანობას. შეგახსენო რამდენი ადამიანი შეიწირა მისმა თარეშმა?
– არ არის საჭირო, მე კარგად ვიცნობ სისხლის სამართლის საქმეს.
– სხვათა შორის, მე ერთხელაც არ გამომითქვამს საყვედური შენი უნაყოფო მუშაობის გამო!
– ჩვენ გვქონია საქმეები, რომლებსაც ორი, სამი წელი ვიძიებდით, – შენიშნა იგორმა.
– გვქონია, მაგრამ, იმ საქმეების ძიებისას შენ უყოყმანოდ ასრულებდი ჩემს მითითებებს და მე არ ვაპირებ ამ წესის შეცვლას, – ამ სიტყვებთან ერთად სამსახურის ხელმძღვანელმა საქაღალდე მაგიდის უჯრაში შეინახა! – წასვლისას კადრების განყოფილებაში შეიარე და უთხარი, რომ შვებულებაში გასასვლელი საბუთები მოგიმზადონ.
– განცხადებაც ხომ არ დავწერო სამსახურიდან საკუთარი სურვილით გათავისუფლებით მოთხოვნით?!
– ჯერჯერობით არ არის საჭირო, – მშვიდად უპასუხა  სამსახურის ხელმძღვანელმა.
– ჩემთვის გეგეშიძე თავზეხელაღებული, ცივსისხლიანი მკვლელია, რომელმაც სავსებით დაიმსახურა სიცოცხლის ბოლომდე საკანში ჯდომა. მაგრამ, დროდადრო მეჩვენება, რომ ის სამართლიანად იქცეოდა! – ცივად ჩაილაპარაკა რიბკინმა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისკენ.

* * *
დიმიტრი გრომოვის სამუშაო ოთახში ჩვეული არეულობა სუფევდა: მაგიდაზე დასტებად ელაგა ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, სხვადასხვა გამოცემიდან ამოჭრილი სტატიები. კომპიუტერის მონიტორსა და კლავიატურას შორის სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე იდო. მაგიდის ერთ მხარეს – პრინტერი, მეორეს კი სუფთა ფურცლების  შეკვრა იკავებდა.
– როგორ მუშაობ ამ ბარდაკში? – რიბკინმა უკმაყოფილო მზერა მოავლო მაგიდას და მასპინძელს გახედა.
– ეს ბარდაკი კი არა, შემოქმედებითი ქაოსია. ძალიან გთხოვ, ნურაფერს ახლებ ხელს, – აჩქარდა დიმიტრი, როგორც კი სტუმარმა გაზეთების დასტის გვერდზე გაწევა მოინდომა, – უკეთესი იქნება, თუ მაგიდისგან მოშორებით, სავარძელზე დაჯდები...
რიბკინი ახალი გადასული იყო პროკურატურაში, როდესაც დიმიტრი გაიცნო. ახალ თანამდებობაზე დანიშვნისას ხელმძღვანელობამ საგანგებოდ გააფრთხილა, თავი შორს დაეჭირა სკანდალური სტატიებით ცნობილი ჟურნალისტისგან. რიბკინმა ყურად იღო გაფრთხილება და მუდამ ცივად ხვდებოდა პროკურატურაში მისულ ახალგაზრდას. მათ დაახლოებას საგამოძიებო სამსახურში მომხდარმა ინციდენტმა შეუწყო ხელი. ერთ-ერთი საქმის ძიებისას, ჯგუფის ხელმძღვანელმა იგორის შევიწროება სცადა, მაგრამ ის არ შეეპუა ძალადობას. საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელობამ არ მოიწონა ახალბედა გამომძიებლის თავნებობა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება გადაწყვიტა. მაგრამ, ვიდრე გადაწყვეტილებას სისრულეში მოიყვანდნენ, საქმეში  დიმიტრი ჩაერთო. იგორისთვის დღემდე უცნობი იყო, საიდან შეიტყო  ჟურნალისტმა საგამოძიებო სამსახურში არსებული დაპირისპირების შესახებ, თუმცა, მისმა მწვავე სტატიამ ყველაფერი შეცვალა – მოვლენები საპირისპირო მიმართულებით განვითარდა და სამსახური იგორის ხელმძღვანელმა დატოვა. ამ შემთხვევის შემდეგ იგორი და დიმიტრი  თავისთავად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რაც მალე მეგობრობაში გადაიზარდა.
– დაღლილი მეჩვენები, – დიმიტრიმ ყურადღებით შეათვალიერა სტუმარი, – ჩაის დალევ? მაცივარში ლუდიც მაქვს.
– რამე უფრო მაგარიც ხომ არ მოიძებნება შენს მაცივარში? – ჰკითხა რიბკინმა.
– არაყი გინდა? – გაუკვირდა დიმიტრის. იგორი ძალიან იშვიათად სვამდა სპირტიან სასმელს.
– ჰო.
– ესე იგი, ცუდადაა საქმე, – ჩაილაპარაკა დიმიტრიმ და სამზარეულოს მიაშურა.
ორიოდ წუთში მასპინძელი ოთახში დაბრუნდა, ჟურნალების მაგიდაზე არყის ბოთლი და ჭიქები დააწყო, იგორის პირისპირ დაჯდა და ჰკითხა;
– რა შეგემთხვა?
– მგონი, სამსახურიდან წასვლა მომიწევს.
– შენით გინდა წამოსვლა თუ გათავისუფლებენ? – ჰკითხა დიმიტრიმ.
– ჩემით თუ არ წამოვედი, გამათავისუფლებენ.
–  და, იმედი გაქვს, რომ ისევ ჩემი დახმარებით შეინარჩუნებ სამსახურს?
– არა... მაგის არც იმედი მაქვს და არც სურვილი.  უბრალოდ, ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ.
– ასეთი რა გაქვს სათქმელი? – უმალ დაინტერესდა დიმიტრი.
– გახსოვს, სამი წლის წინ, პიტერში, სინთეტიკური ნარკოტიკის – „ალიგატორის” მწარმოებელი ლაბორატორია რომ აღმოაჩინეს?
– რა თქმა უნდა. გახმაურებული საქმე იყო, – დაუდასტურა დიმიტრიმ.
– იმ საქმეში ერთი ქართველი კანონიერი ქურდი ფიგურირებდა, გეგეშიძე....
– მგელო?
– კარგად ხარ ინფორმირებული, – შეაქო იგორმა.
– პურის ფულს მაგით ვშოულობ. როგორც მახსოვს, მაშინ გეგეშიძე აიყვანეს, მაგრამ, გაქცევა მოახერხა.
– მართალი ხარ, „კრესტებიდან” გაიქცა, – დაუდასტურა იგორმა.
– მაგრამ, შენ ხომ არაფერი გაკავშირებდა იმ საქმესთან?
– მაშინ არ მაკავშირებდა, ახლა კი...  – რიბკინმა ჭიქა არყით შეავსო, სულმოუთქმელად გამოცალა და ლაპარაკი განაგრძო: – ერთ ჩანაწერს მოგასმენინებ და დანარჩენი შენ თვითონ გადაწყვიტე.
– სისხლის სამართლის მასალაა?
– არა, პირადი საუბარია. ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ არავინ იცის. გარწმუნებ, ბევრისთვის ნამდვილი შოკი იქნება მისი გახმაურება, – უპასუხა  რიბკინმა და მაგიდაზე დიქტოფონი დადო.
იგორი მაშინვე მისწვდა დიქტოფონს, ჩართო და მოსასმენად მოემზადა.
ორიოდ წამში ოთახში რიჟკოვისა და რიბკინის საუბრის ხმა გაისმა:
– სხვანაირად არ შეგეძლო ჩემთან შეხვედრა? რაში დაგჭირდა ჩემი სამსახურის ამ საქმეში ჩარევა?!
– სამსახურის საქმეში ჩარევაში რას გულისხმობ?  – ჰკითხა იგორმა.
– უწყებას, რომელიც სამსახურში გამომიგზავნე. შეგეძლო, პირადად დამკავშირებოდი. თუ, ფიქრობ, რომ უარს გეტყოდი შეხვედრაზე?!
– მე შეხვედრაზე კი არა, დაკითხვაზე დაგიბარე!
– ცეცხლს ეთამაშები, იგორ, არ დაგავიწყდეს, ვისთან გაქვს საქმე!
– სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობ ამდენი ხანია! მე არ მაინტერესებს ის გულის ამაჩუყებელი ამბავი, რომელიც შენს ხელმძღვანელობას გააცანი. პირდაპირ გკითხავ: რატომ მოკალი რუსლან ტარბა? – თქვა რიბკინმა.
– რა?! პროვოკაციას მიწყობ?! – ხმას აუწია რიჟკოვმა.
– ვალერი, შენ კარგად მიცნობ და ხვდები, რომ ასეთ კითხვას უსაფუძვლოდ არ დაგისვამდი!
– შენც კარგად მიცნობ და უნდა ხვდებოდე, რომ ასეთი კითხვა არ უნდა დაგესვა!
– კარგი, იყოს ასე, მაგრამ, მაშინ, სხვანაირად მოგვიწევს საუბარი. ერთ ჩვენებას წაგიკითხავ... გაითვალისწინე, რომ ეს სისხლის სამართლის საქმის მასალებია... მაშ, ასე: „სროლა მიწყნარებული არ იყო სამალავიდან სახეგასისხლიანებული მამაკაცი რომ დავინახე. სასტუმროსკენ მორბოდა. ვიფიქრე, დავეხმარები-მეთქი, მაგრამ, ხელში პისტოლეტი დავუნახე და ამან შემაშინა. იმ მამაკაცმა ახლოს ჩამიარა. მან ვერ შემნიშნა, მაგრამ, მე შევძელი მისი შეთვალიერება. ეს კაცი ვალერი რიჟკოვი იყო....”
– გილოცავ, – რიჟკოვმა თეატრალურად  დაუკრა ტაში, – მაგრად გიმუშავია. ასე განაგრძე და მალე რომელიმე პროვინციული  გამომძიებლის თანამდებობას მიაღწევ.
 „როგორც კი რიჟკოვი სასტუმროში შევიდა, – ჩვენების კითხვა განაგრძო რიბკინმა, – კიდევ ორი მამაკაცი შევნიშნე. იმავე მხრიდან მორბოდნენ, საიდანაც რიჟკოვი მოვიდა.  ერთს პისტოლეტი ეჭირა, მეორე უიარაღო იყო. ამ დროს საპირისპირო მხრიდან კიდევ ორნი გამოჩნდნენ. უიარაღომ მათ დაუყვირა – გაიქეცითო!.. პისტოლეტიანი და ის ორნი იქვე მდგარი მანქანისკენ გაიქცნენ. მანქანა მაშინვე დაიძრა ადგილიდან და მოსახვევში მიიმალა. წამის შემდეგ გაისმა აფეთქების ხმა...”
– დავიღალე, იგორ, – შეაწყვეტინა რიჟკოვმა, – მე ვიცნობ მაგ მასალებს, რა საჭიროა გამეორება?
– არა მგონია, ამ ჩვენებას იცნობდე... გავაგრძელოთ: „სროლა აფეთქებისთანავე შეწყდა. ცოტა ხანში სასტუმროდან რიჟკოვი და კიდევ ორნი გამოვიდნენ, იქაურობა მოათვალიერეს და მოსახვევისკენ წავიდნენ, სადაც მანქანა იწვოდა. ამ დროს მოსახვევს კიდევ ერთი მამაკაცი გამოსცდა, მგონი, დაჭრილი იყო, რადგან,  ბარბაცით მოდიოდა და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ჩაიკეცა. რიჟკოვი მაშინვე იმ მამაკაცთან მივიდა. სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ, ჩემამდე რამდენჯერმე მოაღწია ყვირილმა, მერე კი რიჟკოვმა დაჭრილს ცემა დაუწყო – რამდენჯერმე ჩაარტყა, ბოლოს კი პისტოლეტის ლულა მიაბჯინა შუბლზე და გაისროლა. ნანახმა ისე შემაშინა, რომ მაშინვე უკან გავფოფხდი და, როგორც კი ტყემდე მივაღწიე, გავიქეცი”... – რას იტყვი ამაზე?
– უაზრო ბოდვაა და მეტი არაფერი, – მშვიდად უპასუხა რიჟკოვმა, – ვინ მოგცა ეგ ჩვენება?
–  ავტოსადგომის დარაჯმა. ამასთან ერთად, მან ფოტოსურათზეც ამოგიცნო – დაადასტურა, რომ სწორედ შენ ესროლე რუსლან ტარბას.
– გაგიჭირდება. მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებით ვერაფერს დაამტკიცებ! მაგ ჩვენებით რომელიმე დიშოვკასთან მართლაც გაქაჩავდი, მაგრამ, ჩემნაირ კაცს ვერაფერს დააკლებ!
– ცდები, ვალერი, მე სხვა მოწმეებიც მყავს.
– ვინ? – მექანიკურად ჰკითხა რიჟკოვმა.
– ოპერატიული ჯგუფის წევრები, რომლებსაც შემთხვევის ადგილზე მოუწიათ მუშაობა და, თავად რუსლან ტარბა!..
– რა?! – რიჟკოვი აშკარად დაიბნა, – გადარჩა?!
– საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა, მაგრამ, რაღაცის თქმა მაინც მოასწრო!
– რა თქვა?
– ერთი წინადადება, მაგრამ, ის სრულიად საკმარისია საბრალდებო სკამზე შენს დასასმელად!
– იგორ, რად გინდა ამის გახმაურება?.. ყველაფერი დამთავრდა: გეგეშიძე მკვდარია. აღარც ნეჯეთი, ტარბა და გამზათი იტყვიან რამეს. ჯობია მეგობრებად დავრჩეთ. დარწმუნებული იყავი, რომ მეც შემიძლია სამაგიეროს გადახდა. შენ შეძლებ ყველაფრისთვის სხვა ელფერის მიცემას... ვინ იყო ტარბა? – დიშოვი ინფორმატორი, რომელიც თავის გაუმაძღრობას გადაჰყვა. არ ღირს იმ ნაბიჭვრის გამო „ეფესბეს” გადამტერება!
– შენ წარმოიდგინე, რომ ცალ ფეხზე მკიდია ტარბაც და დანარჩენი ნაბიჭვრებიც!
– მაშ, ვისი ინტერესი გაქვს?
– შენი! – ცივად მოსხიპა რიბკინმა, – შენ დაამკვიდრე აფხაზეთში არაბი ნაბიჭვარი, რომელიც ჩეჩნეთში ჩვენს ჯარისკაცებს ყელს სჭრიდა!.. შენ შექმენი სოხუმში ნარკობარიგების ოაზისი და შენვე ქმნიდი ახალ ნარკოტრასას – განა ეს საკმარისი არ არის?! საკმარისიცაა და უფრო მეტიც, მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის – შენ მე გადამაგდე!
– გადაგაგდე?! – გაიკვირვა რიჟკოვმა.
– გეგეშიძის სანაცვლოდ შენ, ნეჯეთის ხელშეუხებლობა მოითხოვე! მაშინ არაფერი ვიცოდი ნეჯეთის საქმიანობისა და მოქმედი ნარკოტრასის შესახებ. ეს რომ მცოდნოდა, ვერაფრით ვერ დამითანხმებდი თანამშრომლობაზე. მაშინ ჩავთვალე, რომ ნეჯეთის სახით, „ეფესბეს” ინფორმატორს იცავდი და ამიტომაც დაგყევი. მაგრამ თურმე, სრულიად სხვა გეგმები გქონია. შენს ინტერესებში საერთოდ არ შედიოდა გეგეშიძის აყვანა. მხოლოდ დროის გაწვევა გინდოდა და მანამდე აპირებდი გეგეშიძის თავიდან მოშორებას, სანამ მე მის აყვანას შევძლებდი!.. მართალი ვარ თუ არა?!
– არა, ცდები, იგორ!
– მაგას სასამართლო გაარკვევს!
– ესე იგი, ვერ შევთანხმდით?
– გამორიცხულია! გამოუცდელი ღლაპი არ ვარ და იმასაც ვხვდები, რომ ასე იოლად არ მოხვდები საბრალდებო სკამზე. „ეფესბე” სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს შენთვის და მუნდირის ღირსების შენარჩუნებისთვის, მაგრამ, არ გირჩევ ამ გზით  წასვლას – ეს შენვე გავნებს!
– რატომ?
– მე შენთვის ყველაფერი არ მითქვამს... ტარბამ შენთვის რაღაცის გადმოცემა მოითხოვა – მისი ბოლო სიტყვები იყო: „მე რიჟკოვმა მომკლა, მაგრამ, თვითონაც დიდხანს ვერ დატკბება სიცოცხლით!... სისხლი სისხლის წილ!..“ – ეს გეგეშიძის მუქარაა და, ის, მკვდარი თუ ცოცხალი, მაინც შეასრულებს სიტყვას!..
– და, რა ამით?
– შენთვის ციხე ყველაზე მშვიდი სამყოფელი იქნება. მე კარგად შევისწავლე გეგეშიძის წარსული და, შენს ადგილზე უფრო სერიოზულად მოვეკიდებოდი მის მუქარას!
– გეგეშიძე მკვდარია! – ავად წამოისროლა რიჟკოვმა.
– მისი ხალხია ცოცხალი!
– შენი ლოგიკით, იმ ავაზაკებს მთელი ცხოვრება ციხეში უნდა ვემალო?!
– არა, ამისთვის ორი წელიც გეყოფა. ამ დროის განმავლობაში გეგეშიძის ბანდას ბოლოს მოვუღებთ, შემდეგ კი შეძლებ ციხიდან ცხვირის გამოყოფას.
– საინტერესო წინადადებაა, მაგრამ, მე მაინც უარს ვიტყვი!
– ესე იგი, ჩვენების მოცემასაც არ აპირებ?
– მე უკვე გითხარი სათქმელი!
– მაინც მოგიწევს ამის გაკეთება!
– სცადე!..
ჩანაწერი შეწყდა. ოთახში ხმადაბალი შიშინის ხმა გაისმა.
დიმიტრიმ დიქტოფონი გამორთო და იგორს ჰკითხა:
– ეს ის პოლკოვნიკი რიჟკოვია, პროკურატურის წინ რომ მოკლეს?
– ისაა. ამ საუბრიდან ხუთი წუთიც არ იყო გასული, კეფაში ტყვია რომ დაახალეს! – უპასუხა იგორმა.
– და, მის მკვლელობაში გეგეშიძეა ეჭვმიტანილი?
– საქმე უფრო რთულადაა და მე ამის დამტკიცებას ვცდილობ, ჩემი ხელმძღვანელობა კი მიმტკიცებს, რომ გეგეშიძე დაიღუპა. შეგონებამ რომ არ გაჭრა, შვებულებაში გამისტუმრეს და საქმე სხვა გამომძიებელს გადასცეს.
– საინტერესოა... – დიმიტრი დიქტოფონს მისწვდა და ჩანაწერის გადახვევა დაიწყო, რათა თავიდან მოესმინა საუბარი.
– მაგრამ, გაფრთხილებ, დიმა: ძალიან სახიფათო საქმეა. ვისაც ამ საქმესთან უშუალო შეხება ჰქონდა, ყველა დაიღუპა.
– ნუ პანიკობ. ხომ გითხარი, ამით ვშოულობ პურის ფულს, – გაიცინა დიმიტრიმ და ჩანაწერი ჩართო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3