მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-25(599)
– ახლა კი, ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ. შენთვის ახალი საქმეა და, როგორც ყოველთვის, მის მაქსიმალური სიზუსტით შესრულებას ვითხოვთ. ამჯერად ლათინურ ამერიკაში მოგიწევს გამგზავრება. იცოდე, ძალიან ფრთხილად იყავი. ამჯერად სულ მარტო მოქმედებ. არანაირი კავშირი და დაზღვევა არ გექნება და მიახლოებითაც კი არ გვეცოდინება შენი ადგილსამყოფელი. აბა, შენ იცი, შენი იმედი გვაქვს.
საქმე ის იყო, რომ ერთი გერმანელი ნარკოემისრის როლი უნდა შემესრულებინა, რომელიც „კაგებემ“ აღმოსავლეთ ბერლინში აიყვანა და შემთხვევით შეიტყო მისგან, რომ მრავალი წლის ძებნილ ხუან აიალას უნდა შეხვედროდა. აიალა „კაგებეს“ ყოფილი რეზიდენტი იყო მექსიკაში, მაგრამ, მან 3 მილიონი დოლარი გაიტაცა და, მასზე ტოტალური ნადირობის მიუხედავად, „კაგებემ“ ვერსად იპოვა. მისი კვალი ჩვენს თანამშრომლებს არგენტინაში დაეკარგათ და ის უცებ კოლუმბიაში აღმოჩნდა. ნარკოემისარმა შეგვატყობინა, რომ აიალასთან 20 ტონა კოკაინის ევროპაში ტრანსპორტირებაზე უნდა გარიგებულიყვნენ.
– ამ საქმეში ერთადერთი პლუსი გვაქვს: აიალა ნარკოემისარს სახით არ იცნობს და მათი შეხვედრა პაროლის მეშვეობით უნდა მოხდეს. ყველაფერი დანარჩენი კი ჩვენი მინუსია და, გამორიცხული არ არის, რომ მას გარეგნობაც კი ჰქონდეს შეცვლილი. მისი ამოცნობა თითების ანაბეჭდებით შეიძლება, აგრეთვე, ზურგზე დახატული ტატუთი – მას ორთავიანი არწივი ახატია, რომელსაც კლანჭებით ცეცხლწაკიდებული ამერიკული დროშა უჭირავს, – მითხრა შჩუკინმა და აიალას რამდენიმე ფოტოსურათი მაჩვენა.
მე ჯერ ბერლინში ჩავედი, იქიდან კი ფრანკფურტში გავემგზავრე და რიოს გავლით ბოგოტაში ჩავფრინდი. აიალას ქალაქ მედელინში უნდა შევხვედროდი და იქ ძველისძველი ავტობუსით გავემგზავრე, ხოლო, გზაში რაც შემემთხვა, ბედის ბოროტ დაცინვას უფრო ჰგავდა, ვიდრე გაუთვალისწინებელ შემთხვევითობას.
კოლუმბია არეულ-დარეული ქვეყანაა. იქ შეიძლება, ყველაფერი მოხდეს და ძალიან ხშირად იცვლება ხოლმე მდგომარეობა. თითქმის ნახევარი გზა უკვე გავლილი გვქონდა და ჩვენი დრანდულეტი ავტობუსი შუა ჯუნგლებში მიიკვლევდა გზას, როდესაც უნიფორმიანმა, ავტომატებით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა გაგვაჩერეს, ძირს ჩამოგვყარეს და ყველანი გაგვძარცვეს. ესეც არ იკმარეს, თავიანთ ბანაკში გაგვრეკეს, რომელიც ღრმა ჯუნგლებში იყო შენიღბული და გამოგვიცხადეს, რომ, თუკი კოლუმბიის მთავრობა მათ თხუთმეტ სიკვდილმისჯილ მეგობარს არ გამოუშვებდა ციხიდან, მაშინ ორმოცდაათივე მძევალს დაგვხვრეტდნენ...
ავტომატიანები, ეგრეთ წოდებული კოლუმბიის რევოლუციური არმიის ერთ-ერთი ფრთის წარმომადგენლები იყვნენ და დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ და არასდროს, არაფერზე იხევდნენ უკან. მათთან მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, რადგან საკუთარი თავის გარდა არავის ცნობდნენ.
რევოლუციონერების ბანაკი კარგად დაცული და მიუვალი იყო, თანაც, დანაღმული – ამას იმით მივხვდი, რომ ჩვენი დამტყვევებლები სპეციფიკურად გადაადგილდებოდნენ.
„ნუთუ აქ, ამ საყრუეთში უნდა ამომხდეს სული?“ – გავიფიქრე გუნებაში და ულვაშებაპრეხილ, სამვარსკვლავიან უნიფორმაში გამოწყობილ ავტომატიან მამაკაცს ესპანურად ვუთხარი:
– სენიორ, მე უცხოელი ვარ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, თქვენს ქვეყანაში კი სამოგზაუროდ ჩამოვედი.
– ჰოდა, იმოგზაურე, ვინ გიშლის, – ირონიულად მომიგო ულვაშებაპრეხილმა, – ოღონდ, მას შემდეგ, რაც მთავრობა ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებს.
– რომ არ შეასრულოს? – ვკითხე მე.
– რომ არ შეასრულოს, დაგხვრეტთ! – ცალსახად მითხრა ულვაშებაპრეხილმა.
– კი მაგრამ, ჩვენ ხომ უდანაშაულოები ვართ?
– ჩვენი მეგობრებიც უდანაშაულოები არიან.
– ჩვენ ხომ მათ დატყვევებაში არანაირი წვლილი არ მიგვიძღვის და ჩვენი დახვრეტა, გარდა იმისა, რომ უსამართლობაა, დიდი შეცდომაც იქნება თქვენი მხრიდან. სისასტიკის გამო ხალხი მხარს არ დაგიჭერთ და პოლიტიკურ ბრძოლას ვერ მოიგებთ.
– თქვენი ჰიტლერი უფრო მეტ სისასტიკეს სჩადიოდა.
– ჰიტლერი ჩემი არ ყოფილა, სისასტიკემ კი ის დაღუპა და ლამის მთელი ერიც თან ჩაიყოლა უფსკრულში. ამაზე დაფიქრებულხართ?
ულვაშებაპრეხილმა პაუზა გააკეთა და ღრმად ჩაფიქრდა, შემდეგ საათს დახედა და მითხრა:
– თუკი მთავრობა თორმეტ საათში ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს, პირველს თქვენ დაგხვრეტთ, ფირს კი მთავრობას გავუგზავნით, კიდევ თორმეტ საათს მივცემთ და, თუკი კვლავ წაგვიყრუებს, მაშინ დანარჩენ ორმოცდაცხრასაც უკან მოგაყოლებთ. ახლა კი ცალკე ოთახში მოგათავსებთ, როგორც საპატიო სტუმარს და თორმეტ საათში პირადად გეწვევით, რომ, ან მოგკლათ, ან გაგიშვათ.
კოლუმბიელი რევოლუციონერების „საპატიო სტუმრებისთვის“ განკუთვნილი ოთახი კარგად შეკრული პატარა ფიცრული ქოხი იყო. მას ფანჯრები არ ჰქონდა და ერთი კარი ეკიდა, რომლის მიღმაც შეიარაღებული გუშაგი იდგა.
– ანიტა, ტყვეს უყარაულე, – უბრძანა ულვაშებაპრეხილმა ოცდახუთიოდე წლის უნიფორმიან გოგონას, რომელმაც შავი თვალები დამიბრიალა, წინ გამიგდო, ქოხში გამომკეტა და კართან დადგა.
ულვაშებაპრეხილის საუბრიდან აშკარა იყო, რომ, თუკი რამეს არ ვიღონებდი, აუცილებლად დამხვრეტდნენ. ამიტომ, გონება დავძაბე და იმაზე ფიქრს შევუდექი, როგორ დამეხსნა იქიდან თავი. მთელი ღამე ვიფიქრე და, ჩემი ვარაუდით, რომ ირიჟრაჟა, კართან მივედი, მივაყურადე და დავრწმუნდი, რომ გოგონას არ ეძინა. შემდეგ ამოვისუნთქე და ესპანურად გავძახე:
– წადი, დაუძახე ულვაშას. ვაღიარებ, რომ ამერიკელი ჯაშუში ვარ და აქ თქვენს დასაზვერად გამომგზავნეს!
კოლუმბიელ რევოლუციონერებს ამერიკელები განსაკუთრებულად სძულთ. მე ეს ვიცოდი და ანიტას ასეთი რამ იმიტომ ვუთხარი. ფანდმა გაჭრა, ანიტამ კარი გააღო, ავტომატი მომიშვირა, შავი თვალები მომანათა და კბილებში გამოსცრა:
– წყეულო გრინგო! კოლუმბიური ჰალსტუხი და საშინელი წამება არ აგცდება, პირადად მე ამოგხდი სულს!
ძალიან პირმშვენიერი, ტანწერწეტა და, ალბათ, ქალწულიც კი იყო ანიტა, მაგრამ, მე ის ტანჯვა-წამებით მოკვლას მიპირებდა და, აშკარა იყო, შეასრულებდა კიდეც. ამიტომ, მე მას ჯერ ავტომატი ავართვი, კისერი მოვტეხე და იქვე მივაგდე, შემდეგ უზარმაზარი დანა ამოვუცურე ქამრიდან, ხელში მოვიმარჯვე და ბანაკიდან გასასვლელი გზის ძებნას შევუდექი. ნელ-ნელა თენდებოდა, ბუნება იღვიძებდა, რაც ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა. ამიტომ, უნდა ავჩქარებულიყავი და, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამეღწია ბანაკიდან. როგორც დატყვევების დროს დავითვალე, ულვაშას ჩათვლით, თოთხმეტი შეიარაღებული მებრძოლი იყო, რა თქმა უნდა, იმათ გარდა, ვინც ბანაკში იმყოფებოდა, მაგრამ, მათი რაოდენობა არ ვიცოდი. სავარაუდოდ, ეს რიცხვი სამზე გავამრავლე და მივიღე ორმოცდაორი.
„ანიტა მკვდარია, მაგრამ, ორმოცდაერთი მებრძოლიც ძალიან ბევრია და მათთან გამკლავება უხმაუროდ არც ისე იოლი საქმეა“, – გავიფიქრე გუნებაში და ბანაკიდან გასვლა დავიწყე. მოკლული გოგონასთვის ართმეული დანით ორი მებრძოლი ჰამაკშივე მოვკალი, თან ცოცხლად დარჩენილების სავარაუდო რაოდენობას ვითვლიდი.
„ოცდაცხრამეტიღა დარჩნენ“, – გავიფიქრე და მორიგ მსხვერპლს კეფაში დანის ტარი ჩავარტყი. ძირს რომ დაეცა, ამოვატრიალე, პირზე ხელი დავაჭირე და კბილებში გამოვცარი:
– თუ გინდა, რომ არ მოგკლა, მითხარი, სულ რამდენი მებრძოლი ხართ ბანაკში ამჟამად. იცოდე, რომ იყვირო, ადგილზევე მოგკლავ!
შეშინებულ მებრძოლს პირიდან ხელი მოვაშორე და მან მითხრა:
– სულ თვრამეტნი ვართ ბანაკში, მაგრამ შუადღეს დანარჩენი სამოციც მოვა.
მებრძოლის გულში დანა ჩავარტყი, ადგილზევე მოვკალი და ჩავილაპარაკე: „უკვე თოთხმეტნი დარჩნენ“.
მე უკვე ოთხი ავტომატი მქონდა და შემეძლო თოთხმეტ მებრძოლსაც კი შევბმოდი, მაგრამ, უხმაუროდ სვლა განვაგრძე, კიდევ ექვსი მებრძოლი მოვკალი და ბანაკში მყოფთა რაოდენობა რვამდე დავიყვანე. ავტომატებს მჭიდები გამოვაცალე და ზურგჩანთაში ჩავაწყვე, რომელიც ერთ-ერთ მოკლულს ავართვი. შემდეგ პატარა ფიცრულ ქოხში შევძვერი და ულვაშებაპრეხილს წავადექი თავზე, რომელსაც ეძინა და ხვრინავდა. მე მის პისტოლეტს დავწვდი, იქვე სკამზე რომ იდო და მძინარეს წყალი მივასხი სახეზე. მან თვალები გაახილა და, რომ დამინახა, გველნაკბენივით წამოხტა, მაგრამ, პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:
– მშვიდად, არ გაინძრე, თორემ მოგკლავ!
– ანიტა სადაა? – იღრიალა ულვაშებაპრეხილმა, რომელსაც სახეზე საზარელი გამომეტყველება აღებეჭდა.
– კისერმომტვრეული გდია.
– რაო? შენ ის მოკალი?
– კი.
– ოო, ღმერთო, ჩემი საცოდავი შვილი! საცოდავი ანიტა! – იღრიალა ულვაშებაპრეხილმა და ჩემკენ გამოიწია, რომ მცემოდა, მაგრამ, მე მისი შვილისთვის ართმეული დანა მოვუქნიე, თავი ქათამივით წავაცალე და კარისკენ შევბრუნდი, რომ გარეთ გამესწრო და საცეცხლე პოზიცია დამეკავებინა, რადგან თავმოკვეთილმა ისე საზარლად იღრიალა, რომ მთელი ბანაკი გააღვიძა.
კოლუმბიელი რევოლუციონრები გარეთ გამოცვივდნენ და ცეცხლი გამიხსნეს, თუმცა, მე მათ ძალიან მალე გავუსწორდი. შემდეგ ორმოცდაცხრა მძევალი გავათავისუფლე, რომლებიც უზარმაზარ მიწურში ეყარნენ და ვუთხარი:
– თუ სასწრაფოდ აქედან არ გააღწევთ, სხვა მებრძოლები მოვლენ და ყველას დაგხოცავენ-მეთქი.
ყველანი ერთად გამოვედით ბანაკიდან. ნახევარ კილომეტრში მიტოვებული ავტობუსი ვიპოვეთ და გზა იმით განვაგრძეთ, თუმცა, მე ადრევე ჩამოვედი. ჯერ ფეხით წავედი, შემდეგ მატარებელზე გადავჯექი და ქალაქ მედელინში ერთი დღის დაგვიანებით ჩავედი. შემდეგ იმ პატარა კაფეში მივედი, სადაც ხუან აიალასთან შეხვედრა მქონდა დანიშნული. როგორც შეთანხმებული იყო, ტელეფონზე დავრეკე და ვთქვი:
– ქიშმიშის მაღაზიაა, ხომ? მე ბრუნო ვალტერი ვარ და პარიზიდან ამსტერდამის ხედები ჩამოგიტანეთ.
– სალამი, ბიძაჩემო! აბა, ერთი მოდი და გვიჩვენე, რა ჩამოიტანე სენის ნაპირებიდან, – პაროლზე პაროლით მომიგო მამაკაცის ხმამ და დაამატა, – კაფეში ხარ?
– დიახ, – მივუგე მე, მან კი მითხრა:
– ძალიან მალე მოვალ, დამელოდე!
მე ყურმილი დავკიდე და მაგიდისკენ უნდა წავსულიყავი, რომ აიალას დავლოდებოდი. ამ დროს დახლთან მდგომმა ბარმენმა ხელი დამადო მხარზე და მითხრა:
– წამომყევით, აიალა გველოდება.
ბარმენმა პატარა ოთახში შემიყვანა და პატარა, საიდუმლო კიბით სარდაფში ჩავედით. შემდეგ პატარა გვირაბით ორასიოდე მეტრი გავიარეთ, ტყის პირას ამოვედით, „ჯიპში“ ჩავსხედით, ჯუნგლებში ორიოდე კილომეტრი გავიარეთ და ერთ კარგად დაცულ რანჩოში შევედით, რომელსაც ბეტონის სქელი გალავანი ერტყა, მასზე კი კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლები იყვნენ განლაგებულები.
ხუან აიალა რანჩოს მეორე სართულზე დამხვდა, დაჯავშნილ ოთახში შემიპატიჟა და მითხრა:
– რატომ დააგვიანეთ?
– გზაში პატარა ინციდენტი შემემთხვა – ვიღაც რევოლუციონერებმა დაგვატყვევეს და თავი ძლივს დავიხსენით.
– მართლა? რა საოცარი დამთხვევაა... ჩემი მარჯვენა ხელიც იქ იყო და მანაც ძლივს მოახერხა იქიდან გამოქცევა, – თქვა აიალამ, შემდეგ ტელეფონით ვიღაცას დაუძახა და მითხრა: – აი, ახლავე მოვა ის და გაგაცნობთ.
სულ მალე აიალას მარჯვენა ხელი შემოვიდა, რომელმაც დამინახა თუ არა, თვალები გაუბრწყინდა და შეჰყვირა:
– აი, ის რემბო, რომელმაც ის წყეულები ამოხოცა! ჰოი, საოცრებავ, საიდან სად შევხვდით!
აიალამ ყურადღებით შემათვალიერა, პაუზა გააკეთა და მითხრა:
– თქვენ უბრალო ნარკოემისარი არ ყოფილხართ და, როგორც გეტყობათ, ბრძოლაში გამოცდილი უნდა იყოთ.
– დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით, სამი წელი ფრანგულ უცხოურ ლეგიონში გავატარე და არაერთ სისხლისმღვრელ ბრძოლაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
– კარგი, ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.
– გადავიდეთ, სენიორ, გისმენთ, – ვუთხარი აიალას, თან იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ უნდა გამეღწია ამ ციტადელიდან, როდესაც აიალას მოვკლავდი.
რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ნათელი იყო, რომ იქიდან ცოცხალი ვერ გავაღწევდი. ამიტომ, ერთმა აზრმა გამიელვა: რანჩოს ეზოში რომ შევედი, მის სახურავზე დამჯდარ ვერტმფრენს მოვკარი თვალი და გადავწყვიტე, აიალას კუთვნილი საფრენი აპარატით მესარგებლა. ამიტომ, ჩემს მასპინძელს ყელზე ბასრი მაჩეტე მივადე, რომელიც კედლიდან მოვხსენი და ვუთხარი:
– თავს მოგაჭრი, თუკი გაქცევას შეეცდები ან შენი გორილები იარაღს არ დაყრიან.
– ვინ ხარ და რა გინდა? – მკითხა აიალამ.
– რევოლუციონერი ვარ და ათი მილიონი დოლარი გვჭირდება, – მოვატყუე აიალას, რადგან, რომ მეთქვა, ვინ ვიყავი, ცოცხალი თავით არ წამომყვებოდა და მეც დამღუპავდა. ასე კი, იფიქრებდა, რომ მართლა ფული მინდოდა და წინააღმდეგობას არ გამიწევდა.
– ათ მილიონს ახლავე გადაგიხდი, ოღონდ გამიშვი!
– გაგიშვებ, როდესაც სამშვიდობოზე გავალთ. ახლა კი სახურავზე ამომყევი და ვერტმფრენით გავფრინდეთ, ფული კი იქ მოიტანონ, სადაც ვიტყვი, – ვუთხარი აიალას და ყელზე მაჩეტემიდებული გამოვიყვანე დაჯავშნილი ოთახიდან.
დერეფანში შეიარაღებული მცველები იდგნენ, მაგრამ მათ აიალას ბრძანებით იარაღი დაყარეს და დაუბრკოლებლად გაგვატარეს სახურავზე.
– ფული ხვალ დილით ბოგოტაში, კაფე „ვარდში“ მოიტანეთ და თქვენს შეფს ერთ საათში მიიღებთ უკან. იცოდეთ, არაფერი მიჰქაროთ, თორემ, მას ცოცხალს ვეღარ იხილავთ! – გადმოვძახე აიალას მორჩილებს რანჩოს სახურავიდან. შემდეგ მასთან ერთად ვერტმფრენში ჩავჯექი და ჰაერში ავიჭერი.
ვერტმფრენის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვა კოჯრის სპეცსკოლაში ვისწავლე. დაახლოებით ოთხას მეტრზე რომ ავედით, აიალა ვერტმფრენიდან გადმოვაგდე და მივაძახე: მშვიდობით, მოღალატევ! „კაგებეს“ გრძელი ხელები და უზომო შესაძლებლობები აქვს!“
საფრენი აპარატით ორმოცდაათიოდე კილომეტრი რომ ვიფრინე, ის ერთ ტყიან მასივში დავსვი და ტრასაზე ფეხით ჩავედი, შემდეგ შემხვედრი მანქანა გავაჩერე, რკინიგზის სადგურში მივედი და საპორტო ქალაქ სანტა-მარტინამდე მშვიდობიანად ჩავაღწიე. იქ კი, კარიბის ზღვის სანაპიროზე, პატარა იახტა ვიქირავე და პანამის გავლით თავისუფლების კუნძულ კუბაზე ჩავედი. ჰავანაში, საბჭოთა საელჩოში მივედი და სამხედრო ატაშე მოვითხოვე.
– ვინ ბრძანდებით, სენიორ? – მკითხა საელჩოს თანამშრომელმა ესპანურად და მეც ესპანურადვე მივუგე:
– საბჭოთა სამხედრო ატაშეს სიტყვასიტყვით გადაეცით: „კომშისოდენა სეტყვამ ყურძნის მთელი მოსავალი მოსპო“. ეს პირობითი სიტყვებია. მე კი საგანგებო დავალებას ვასრულებ.
ჩემ მიერ ნათქვამი პაროლი ყველა საბჭოთა სამხედრო ატაშემ იცოდა ლათინურ ქვეყნებში და ვალდებულები იყვნენ, დაუყოვნებლივ გამოსულიყვნენ კავშირზე. ამიტომ, მე მოსაცდელში, სკამზე დავჯექი და დაველოდე. თუმცა, ათიოდე წუთის შემდეგ ოთხი კუბელი მილიციელი წამომადგა თავზე, მათ საბჭოთა საელჩოს თანამშრომელიც ახლდა, რომელმაც ჩემზე მიუთითა და უთხრა:
– აი, ეს კაცია. გაარკვიეთ, ვინ არის.
გავმწარდი და ბრაზი მომერია, მაგრამ, თავი შევიკავე და მილიციელებს თავაზიანად ვუთხარი:
– არაფერია, ბატონებო, ვიხუმრე, ახლავე წავალ.
– აბა, ადგილიდან არ გაინძრე, – პისტოლეტი მომიშვირა ერთ-ერთმა მილიციელმა, დანარჩენებმა კი ხელბორკილები დამადეს და წამიყვანეს...
საელჩოს შენობიდან რომ გავყავდით, იმ კრეტინ საელჩოს თანამშრომელს რუსულად დავუყვირე:
– იდიოტო! ატაშეს ჩემი სიტყვები გადაეცი, თორემ, მოსკოვში ჩათრევამდე დაგხვრეტენ!
– ფეხი გამოადგი და ნუ ლაყბობ! – ზურგში ხელი მიბიძგა ერთ-ერთმა კუბელმა მილიციელმა და, მანქანაში რომ ჩამსვეს, მანვე მითხრა, – რუსების ჯაშუში ხარ, არა, შე წითელტრაკიანო? მოიცა, ჩვენთან მიგიყვანთ და ყველაფერს გამოგიბერტყავთ.
კუბელები და საბჭოელები, მართალია, მეკავშირეები იყვნენ, მაგრამ, ერთმანეთის მიმართ ფარული სიძულვილი და უნდობლობა ჰქონდათ. გარდა ამისა, კუბის სპეცსამსახურები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ და მათ ხელში ჩავარდნილ პატიმარს თუ დაკავებულს ცოცხლად აძრობდნენ ტყავს. ამიტომ, კუბელი მილიციელის მიერ ჩემთვის ნათქვამი – მიგიყვანთ და ყველაფერს გამოგიბერტყავთო, – უბრალო დაშინება კი არა, სერიოზული მუქარა იყო და, სანამ მილიციის ჯურღმულში საწამებლად მიმიყვანდნენ, რამე უნდა მეღონა.
მილიციელების მანქანა ჰავანის ლაჟვარდოვანი სანაპიროს გასწვრივ მისრიალებდა. მზე ჩადიოდა. ნელ-ნელა ბინდდებოდა და გზატკეცილის გასწვრივ ჩამწკრივებული ფარნები ჩართეს. მანქანაში ოთხი კუნთმაგარი მილიციელი იჯდა. ერთი საჭეს მართავდა, მეორე მძღოლის გვერდით იყო მოკალათებული, ორნი კი მანქანის უკანა სავარძელზე, აქეთ-იქით მესხდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ხელბორკილები მედო, ხელებზე, მათ ჩემთვის ხელკავი ჰქონდათ გამოდებული.
– ხუთ წუთში ადგილზე ვიქნებით, – თქვა წინ მჯდომმა მილიციელმა, შემომიტრიალდა და დაამატა: – ხუთ წუთში გავიგებთ, ვინ ხარ. ახლა კი ბუნებით დატკბი, თორემ იქ ამის საშუალება უკვე აღარ გექნება.
მე კუბელი მილიციის რჩევა ყურად ვიღე და მას ისეთი წიხლი ვთხლიშე ყბაში, რომ მოვტეხე და გავთიშე. ამავდროულად ჩემ გვერდით მჯდომ მილიციელებს რიგ-რიგობით თავი დავარტყი ნიკაპში და ისინიც გავთიშე. ბოლოს კი მძღოლს კეფაში წიხლი ვკარი და მან მაშინვე გონება დაკარგა. შემდეგ წინ ვისკუპე და მანქანა დავამუხრუჭე. ყოველივე ამას კი რამდენიმე წამი მოვანდომე და კუბელმა მილიციელებმა რეაგირებაც კი ვერ მოახერხეს. ამის მერე ბორკილები გავიხსენი და მილიციელები ერთმანეთზე გადავაბი. ერთი პისტოლეტი დავიტოვე, სამი კი კლდიდან გადავყარე, შებოჭილი მილიციელები გზის პირას დავყარე და მათივე მანქანით გავეცალე იქაურობას. მე, რა თქმა უნდა, საბჭოთა საელჩოში მივდიოდი, რადგან ეს საუკეთესო ვარიანტი იყო. მთავარი იყო, სამხედრო ატაშე მენახა და ხელშეუხებლობა გარანტირებული მქონდა. მანქანა საელჩოდან ორასიოდე მეტრის მოშორებით გავაჩერე და შენობასთან ფრთხილად მივედი. საეჭვო არაფერი ჩანდა. შენობის კარს მივუახლოვდი და ზარი დავრეკე. ბედის ირონიით, კარი ისევ იმ კრეტინმა გამიღო და რომ დამინახა, ენის ბორძიკით მითხრა:
– შემობრძანდით, ახლავე მოგხედავთ.
– ატაშე სად არის? – ვკითხე მე.
– თქვენ გამოსახსნელად წამოვიდა, – მითხრა საელჩოს თანამშრომელმა, რომელსაც მარცხენა თვალი გასიებული ჰქონდა.
როგორც შემდეგ შევიტყვე, სამხედრო ატაშეს ჩემი ამბავი რომ გაუგია, საელჩოს კრეტინი თანამშრომლისთვის ძლიერი მუშტი უთავაზებია თვალში, უგინებია და ჩემს დასახსნელად წამოსულა, რადგან მანაც კარგად იცოდა კუბელი მილიციელების სისასტიკის შესახებ და, უნდოდა დროზე ეშველა ჩემთვის.
– მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი და უვნებელი ხართ. მაგარი ვინმე ყოფილხართ, – მითხრა სამხედრო ატაშემ, როდესაც საელჩოში დაბრუნდა, – იმ კრეტინს კი აქედან მოვაშორებ და მგლის ბილეთს მივცემ, რომ მეეზოვედაც არავინ მიიღოს.
– გთხოვთ, იმ საწყალს ასე მკაცრად ნუ დასჯით, მან უკვე მიიღო თავისი, რაც თვალზე ამჩნევია. დარწმუნებული ვარ, აღარასოდეს გაიმეორებს მსგავს შეცდომას.
– რომ არ გამოქცეულიყავით და იმ წყეულ კუბელ მილიციელებს თქვენთვის ტყავი გაეძროთ?!
– მთავარია, რომ ასე არ მოხდა და, მოდი, ვაპატიოთ. გაქცევა და თავის დახსნა ჩემი პროფესიაა.
– კარგი, თქვენებურად იყოს. ყველა რომ თქვენნაირად ასრულებდეს თავის მოვალეობას, მაშინ, რა გვიჭირდა, – მითხრა სამხედრო ატაშემ და საქმეზე გადავიდა: – ახლა კი თქვენი ტრანსპორტირების საკითხი განვიხილოთ. ეს ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, თვითმფრინავით ჩვეულებრივად გაფრინდებოდით ჰავანიდან, მაგრამ ახლა თვითმფრინავში დიპლომატიური ბარგით შეგიტანთ, იქ კი, ჩვეულებრივად, პილოტების კაბინაში იჯდებით. ეკიპაჟის მეთაური გაფრთხილებული იქნება, მოსკოვში კი ტრაპთან დაგხვდებიან.
დიპლომატიური ბარგის მეშვეობით თვითმფრინავში შეღწევის გამოცდილება უკვე მქონდა. სწორედ ასე დასრულდა ჩემი პირველი საქმე, როდესაც ლონდონიდან ნაცისტი პოლკოვნიკი შტაინერი გავიტაცე – მაშინაც საბჭოთა საელჩოს დიპლომატიური ბარგით შეგვიტანეს მე და შტაინერი თვითმფრინავში.
როდესაც საბჭოთა ავიალაინერი ჰავანის აეროპორტიდან აფრინდა, მე უზარმაზარი ჩემოდნიდან ამომიშვეს და პილოტების კაბინაში დამსვეს. ხუთიოდე წუთი იყო გასული, როდესაც პილოტების კაბინას სტიუარდესა მოადგა და შემოშვება ითხოვა.
– ჰმ, პრობლემაა, თვითმფრინავის ბორტზე ტერორისტები არიან. სასწრაფოდ მოსკოვს გადაეცით! – თქვა ეკიპაჟის უფროსმა და ტაბელური იარაღი შეაყენა.
– თქვენ რა იცით? – ვკითხე ეკიპაჟის უფროსს, მან კი მომიგო:
– დამუშავებული გვაქვს. სტიუარდესამ პაროლით შემატყობინა ეს. მე ვლადიმირ სერგეევიჩი ვარ, მან კი სერგეი ვლადიმიროვიჩი მიწოდა, რაც წინასწარი შეთანხმებით იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავში ტერორისტები იმყოფებიან.
სტიუარდესამ პაროლი გაიმეორა, თვითმფრინავის ეკიპაჟის უფროსმა კი მიკროფონში ჩასძახა:
– ბოდიში, ლენოჩკა, მაგრამ, შენ მარტო არ ხარ და, სავარაუდოდ, ტერორისტების ტყვეობაში იმყოფები, ამიტომ, კარს ვერ გაგიღებთ. ალბათ, გიკვირს, საიდან ვიცით ეს და გეტყვი, რომ კაბინაში საიდუმლო „თვალია” დაყენებული, რომელიც კარს მიღმა ხედვის საშუალებას იძლევა და იქიდან დაგინახე.
ეკიპაჟის უფროსი, რა თქმა უნდა, ცრუობდა, მაგრამ, ტერორისტები მოტყუვდნენ, სტიუარდესას არაფერი ავნეს და მათმა მეთაურმა მიკროფონში თქვა:
– შემოგვიშვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრების დახოცვას დავიწყებთ.
– კარი დაბლოკილია და მანამდე არ გაიღება, სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება. მე ის ამ რეჟიმზე დავაყენე და რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია. ხალხს ტყუილად დახოცავთ. უმჯობესია, თქვენი მოთხოვნები წამოაყენოთ! – მიუგო ეკიპაჟის უფროსმა ტერორისტს. ვლადიმირ სერგეევიჩი მორიგ ტყუილს ამბობდა – კარის გაღება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო.
– კურსი შეცვალეთ და თვითმფრინავი მაიამიში დასვით! – ბრძანა ტერორისტმა.
– გასაგებია, – მიუგო ტერორისტს ეკიპაჟის უფროსმა და ყველაფერი მოსკოვს შეატყობინა, იქიდან კი მკაცრი ბრძანება მიიღო, რომ კურსი არანაირად არ შეეცვალა და ლაინერი ისევ ჰავანის აეროპორტში დაესვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმფრინავს საბჭოთა „მიგები“ ჩამოაგდებდნენ, რომლებიც კუბაზე იყო ბაზირებული.
– ძუკნები! დამპლები! რა მოხდება, ამერიკაში რომ დავსხდეთ, ხალხი ხომ გადარჩება? ტერორისტებს კი თავში ქვა უხლიათ, ესაა პატრიოტი, სახალხო ხელმძღვანელობა?! – აღშფოთებული იყო ეკიპაჟის მეთაური, რომელიც საბჭოთა მთავრობას ლანძღავდა, ასეთი რამ კი მაშინ უკიდურესად საშიში იყო.
– რას აპირებთ? – ვკითხე ვლადიმირ სერგეევიჩს.
– ჰავანაში დავჯდები, სხვა გზა არ გვაქვს. ასე, შეიძლება, მგზავრების ნაწილი მაინც გადარჩეს, ისე კი შანსი არ არსებობს, ჩვენებივე ჩამოგვაგდებენ და ყველანი დავიღუპებით, – მომიგო ეკიპაჟის მეთაურმა.
– ვლადიმირ სერგეევიჩ, აქედან სალონში მოხვედრა თუ შეიძლება სხვა გზით?
– აი, ამ ლუკიდან საბარგო განყოფილებაში შეიძლება მოხვედრა, იქიდან კი – სალონში. ტუალეტის წინ ლუკია და იქ შეიძლება ამოძრომა.
– ჰავანაში რამდენ ხანში ჩავფრინდებით?
– თხუთმეტ წუთში.
– შეგიძლიათ, ეს დრო გააორმაგოთ?
– პრინციპში, კი.
– მაშინ, თქვენი ტაბელური პისტოლეტი მათხოვეთ და, ეცადეთ, ნახევარ საათზე ადრე ვერ მიხვდნენ ტერორისტები, რომ მათ მოთხოვნებს არ ვასრულებთ, მე კი მათ განეიტრალებას შევეცდები.
ეკიპაჟის მეთაურს არც კი უკითხავს, ვინ ვიყავი, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი მომცა და მითხრა:
– წარმატებას გისურვებთ!
მე კაბინის ლუკში ჩავძვერი და საბარგო განყოფილებიდან ტუალეტთან ამოვძვერი, სალონის კარს ამოვეფარე და ფრთხილად შევიხედე შიგნით, რომ გამეგო, იქ რა ხდებოდა. უცებ ტუალეტის კარი გაიღო და ავტომატგადაკიდებული, მულატი მამაკაცი დავინახე, რომელიც, რა თქმა უნდა, ტერორისტი იყო. დაყოვნება არ შეიძლებოდა და ტერორისტს წიხლი ვკარი, უკან შევაგდე, მეც შევყევი, ავტომატი ავართვი, პისტოლეტი შუბლზე მივადე და კბილებში გამოვცარი:
– თუ არ გინდა, რომ მოგკლა, მითხარი, რამდენი ხართ.
– ჩემიანად – ხუთნი.
– ვინ ხართ და რა მიზანი გაქვთ?
– ორგანიზაცია „თავისუფალი კუბის“ წევრები ვართ. თვითმფრინავის მაიამიში გატაცება იმიტომ გვინდა, რომ ჩვენი დატყვევებული მეგობრები გამოვაშვებინოთ ციხიდან და მგზავრებზე გავცვალოთ, თან, მთელ მსოფლიოს დავანახვოთ, რომ ვიბრძვით და სულ მალე კასტროს დიქტატურას დავამხობთ.
– არ გამოგივათ, – მივუგე ტერორისტს, კისერი მოვტეხე და ტუალეტში დავტოვე. შემდეგ ავტომატიც მოვიმარჯვე, სალონის კარს ავეკარი და თვალთვალს შევუდექი.
ოთხივე ტერორისტი მამაკაცი იყო – ორი მულატი, ორიც თეთრკანიანი. ისინი თანაბრად იყვნენ სალონში განაწილებულები, ჩემგან ზურგით იდგნენ და მგზავრებს აკონტროლებდნენ. შემუშავებული გეგმის მიხედვით, ტერორისტები ელვისებურად, თითო ზუსტი გასროლით უნდა დამეხოცა, ისე, რომ მათ გასროლა ვერ მოესწროთ და მგზავრები არ დაშავებულიყვნენ. მე მოვემზადე: მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე, იარაღები მოვიმარჯვე და, ჯერ სწრაფად შევედი სალონში, შემდეგ კი ცეცხლი გავხსენი და „მაკაროვიდან“ ერთი გასროლით კეფაში ყველაზე ახლოს მდგარი ტერორისტი გავანეიტრალე. შემდეგ ავტომატის ჯერი მივუშვი ერთ რიგში მდგარ ტერორისტებს და სამივე ისე დავყარე, რომ სასხლეტზე თითის გამოკვრაც კი ვერ მოასწრეს.
– დამშვიდდით, ამხანაგებო, ყველაფერი წესრიგშია! – მივმართე შეშინებულ მგზავრებს, შემდეგ სალონიდან გავედი, პილოტების კაბინას მივადექი და მიკროფონში ვთქვი:
– ვლადიმირ სერგეევიჩ, ყველაფერი წესრიგშია, გააღეთ!
დაჯავშნილი კარი მძიმედ გაიღო. იქიდან ეკიპაჟის უფროსი გამოვიდა, გადამეხვია და მითხრა:
– ყოჩაღ, ჩემო მეგობარო, ზუსტად შვიდ წუთში ჩაეტიე, გმირი ხარ, ნამდვილი გმირი! შენი სახელი მითხარი.
– ჯარისკაცი დამიძახეთ, ვლადიმირ სერგეევიჩ, ეს კი გამომართვით, – მივუგე ეკიპაჟის უფროსს და მისი კუთვნილი პისტოლეტი დავუბრუნე, შემდეგ პილოტების კაბინაში დავბრუნდი და სკამზე ჩამოვჯექი.
ჰავანის აეროპორტში თხუთმეტი წუთის შემდეგ დაჯდა ჩვენი თვითმფრინავი. იქაურობა უშიშროების ძალებით იყო სავსე. დაჯდომისთანავე მათ ალყა შემოგვარტყეს და მიზანში ამოგვიღეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში