კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოუსწორებელი შეცდომა

 

ორი უცნობი მამაკაცი ავტომობილში ისე სწრაფად ჩახტა, რომ საჭესთან მჯდარმა ახალგაზრდა კაცმა გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო. იმან, რომელიც მის ზურგს უკან მოეწყო, კეფაზე რევოლვერის ლულა მიაბჯინა და ცივი ხმით უბრძანა:
– ახლავე დაიძარი! შეკითხვების გარეშე! რაღას უცდი? მიეცი გაზი, და რაც შეიძლება სწრაფად!
მანქანა საკმაოდ ძველი იყო, სტანდარტული მოდელის, მაგრამ მის მძღოლს თავისი პატარა საიდუმლო ჰქონდა – მანქანას რაღაც ნაწილები შეუცვალა და ახლა ის გაცილებით რბილად დადიოდა, შესაბამისად – სწრაფადაც... მძღოლმა გაზის სატერფულს ფეხი მიაჭირა და მანქანა ადგილს მოსწყდა, სწრაფად გავიდა ქალაქიდან და მთავარ გზაზე გაილაღა. ის ორი ეჭვით უმზერდა. ლულა კეფაზე აღარ ედებოდა, მაგრამ მის სიახლოვეს მაინც გრძნობდა. მანქანა ისევ მთელი სისწრაფით მიჰქროდა. სპიდომეტრი უკვე 110 კილომეტრ უჩვენებდა. მძღოლმა მხარზე ხელის შეხება იგრძნო. უკანა სავარძელზე მოკალათებული მოძალადე ანიშნებდა, ცოტა ნელა იარეო. არც მძღოლის გვერდით მჯდომი იყო უკეთეს დღეში.
– ყოველთვის ასე გადარეულივით დაგყავს მანქანა?
– ყოველთვის? არ მესმის, რას გულისხმობთ, – მხრები აიჩეჩა მძღოლმა.
– გეტყობა, პროფესიონალი ხარ. რბოლებშიც ხომ არ იღებ მონაწილეობას?
– თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? მიგიყვანთ იქ, სადაც გინდათ.
– მაგარია! მომწონხარ. ტიმ, კარგი ტიპია არა?
– ჰო, – პირქუშად მიუგო იმან, ვისაც ტიმი უწოდეს.
– რა გქვია, როგორ მოგმართო?
– ჯონი ტერელი ვარ, – თქვა მძღოლმა, რომელიც ნელ-ნელა მშვიდდებოდა. გვერდით რომ ეჯდა, იმ ტიპის ფეხებთან თავმოკრული ტომარაც შენიშნა.
– რას საქმიანობ, ჯონი? – დაინტერესდა უკანა მგზავრი.
მძღოლმა მხრები აიჩეჩა:
– რა ვიცი, ვცხოვრობ ჩემთვის, პატარ-პატარა სამუშაოებით ვირჩენ თავს. ცოლი არ მყავს და იოლად გავდივარ. ქალები მხოლოდ პრობლემებს ქმნიან.
– შენ როგორი ჭკვიანი ყოფილხარ. არ გინდა, ჩემთან იმუშაო? კმაყოფილი იქნები.
– რა უნდა გავაკეთო?
– რასაც ახლა აკეთებ – საჭე უნდა ატრიალო და ენას კბილი დააჭირო. ზედმეტი შეკითხვები არ გვიყვარს. ისე, კარგი ხალხი ვართ, სერიოზული.
– გეტყობათ, – გაუღიმა მძღოლს.
– ბიჭო, მოგვისმინე, – უცებ დასერიოზულდა უკანა მგზავრი და რევოლვერის ლულით კეფა მოიქექა. – მოკლედ გეტყვი: ჩვენ სანდო მძღოლი გვჭირდება. ვიღაც-ვიღაცეები გვყავდა, მაგრამ, არ გაამართლეს, რაღაც მაინც შეეშალათ. იდიოტებად უნდოდათ ჩვენი გამოყვანა. ამიტომ, გვჭირდები. ბევრი საქმე არ გექნება – ბანკთან უნდა იდგე და გველოდო. ერთი სულელი გვყავდა, მძღოლად, იცი, რა გააკეთა? შემოსახვევი აურია. გამოვდივართ ბანკიდან ფულით და – მანქანა არ არის. მაშინ კინაღამ „დავიწვით”. ისე გავმწარდი, მისი დახრჩობა მინდოდა...
იმ ორმა კიდევ ბევრი ილაპარაკა მძღოლების სისულელეებზე. ჯონი უსმენდა. ქალაქს უკვე შორ მანძილზე გასცდნენ, „კუდიც“ არ ჩანდა. მგზავრებს კმაყოფილება დაეტყოთ და გახალისდნენ.
ბოლოს, იმ მგზავრმა, უკან რომ იჯდა, გზიდან გადახვევა უბრძანა. მძღოლს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, ვისთან ჰქონდა საქმე და რა შეიძლებოდა ყოფილიყო ტომარაში.
 სადაც მანქანამ გადაუხვია, იმას გზას ნამდვილად ვერ დაარქმევდი, ვიწრო შარა უფრო ეთქმოდა, რომელიც  ორივე მხრიდან მაღალი ხეებით იყო შემოსაზღვრული და ერთი შეხედვით, გაუვალი ჩანდა. მანქანამ სიჩქარეს მკვეთრად უკლო. ქვებზე ისე რბილად გადადიოდა, რომ მგზავრები აღფრთოვანდნენ.
– მაგარი ხარ, რა! საჭე შენთვის არის მოგონილი. გადაწყდა, ჩვენთან იმუშავებ!
მძღოლმა მხრები აიჩეჩა. ვერ მიხვდებოდი, ეთანხმებოდა თუ არა. გვერდით რომ მგზავრი ეჯდა, იმან მეგობრულად დაჰკრა მხარზე ხელი, აქაოდა, უკვე  ჩვენიანი ხარო.  მძღოლი გვიან, მაგრამ, მაინც მიხვდა, სად მოვიდნენ. ადრეც ყოფილა აქ, ორი წლის წინ, ტურისტებისთვის განკუთვნილი პატარა ხის სახლებით მოფენილ მინდორზე. სახლებიც ყველა ერთნაირი იყო, წელიწადის ამ დროს სრულიად უკაცრიელი. თანაც, ცოტა მოშორებით, უკეთეს ადგილას, უკეთესი კემპინგი ააშენეს და, ამ კოტეჯებით, პრაქტიკულად, აღარავინ სარგებლობდა. ის ორნი უკვე არაჩვეულებრივ გუნებაზე იყვნენ. ერთ-ერთმა, თავიდან მეორეზე ბრაზიანი რომ ჩანდა და რევოლვერის ლულას ბოროტად უტრიალებდა ცხვირწინ, გაუღიმა კიდეც და თვალი ჩაუკრა, მერე მეგობარს განაპირა სახლზე მიუთითა და უთხრა:
– აი, იმაში გავჩერდეთ და დილამდე იქ ვიყოთ, უფრო მშვიდად ვიქნებით.
მძღოლიც გადმოვიდა მანქანიდან და, გულხელდაკრეფილი, თითქოს შემდგომი მითითებების მისაღებად მოემზადა.
– შენ მანქანის გასაღები უნდა მოგვცე –  ასე გვირჩევნია, სიფრთხილისთვის. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს?
– არა, რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო, გამომართვი. როგორც მივხვდი, მეც აქვე უნდა დავრჩე. ხვალ დაგჭირდებით?
– მიხვედრილი ბიჭი ხარ. ამოირჩიე ნებისმიერი კოტეჯი და გამოიძინე, გამთენიისას შეგეხმიანებით.
მძღოლმა მანქანის გასაღები გაუწოდა. შეხედა, როგორ დაეჯაჯგურა მისი მგზავრი ტომარას და მშვიდად ჩაილაპარაკა.
– თქვენს ადგილას, მე ჯერ იქაურობას შევამოწმებდი. ასეთ ადგილებში ნარკომანებსა და მაწანწალებს უყვართ ხოლმე ბინის დადება.
მგზავრებმა ერთმანეთს გადახედეს:
– გეუბნები, გამოგვადგება-მეთქი! –  წამოიძახეს თითქმის ერთდროულად და ორივე კოტეჯისკენ გაემართა.
მძღოლი სწრაფად ჩაჯდა მანქანაში, სავარძლის ქვემოდან სათადარიგო გასაღები გამოაძვრინა და მანქანა ელვის სისწრაფით მოწყვიტა ადგილს. სულ ბოლოს, რაც მან საქარე მინაში დაინახა, თავისი მგზავრების დაღრეჯილი სახეები იყო.
– ნეტავი ვიცოდე, სად დაწანწალებ! –  ეცა სახლში მისულ ქმარს დიანა, –  წარმოდგენა არ გაქვს,  რა დამემართა. ჰაროლდ, არ გესმის? ის იყო, იარაღი უნდა ამომეღო, რომ ბანკში ორი ნიღბიანი შემოვარდა და მთელი ფული წაიღო.. დამასწრეს, გესმის? შენც სადღაც გაუჩინარდი... რა ჯანდაბა გაცინებს?
ჰაროლდმა ტომარა იატაკზე დააგდო და ცოლს გაუღიმა.
– ეს რა არის? –  ფრთხილად ჰკითხა ცოლმა.
– მათაც არ გაუმართლათ –  მეც დავასწარი... მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის –  მანქანა სჭირდებოდათ და გავუგზავნე კიდეც გამოცდილი მძღოლები. მართალია, ფულს ვერ უპოვიან, მაგრამ მათ ნაბოდვარს ყაჩაღი მძღოლის შესახებ, რომელმაც ისინი გააცურა, ერთბაშად არ დაიჯერებენ. მით უმეტეს, რომ მანქანის გასაღებს უპოვიან, თავად მანქანას კი ხევში ნახავენ... ახლა მაინც ხომ მომცემ ახალი ავტომობილის შეძენის საშუალებას? თორემ, მარტო სათადარიგო გასაღების ამარა ვერ ვიქნებით...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3