რატომ აშანტაჟებდა სიძე ყოფილ სიმამრს და როგორ იძია მასზე შური ქალიშვილის გათხოვებისთვის
49 წლის გელა დ-შვილის დასახიჩრებული სხეული მეზობლებმა შემთხვევის ადგილზე, მის სამსახურში, ხილის ჩასაბარებელი პუნქტის დაცვის საგუშაგოსთან იპოვეს. მას სხეულის სხვადასხვა ადგილებში მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, ასევე, აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის მძიმე კვალიც, ადამიანს ვინც მძიმე მდგომარეობაში მყოფ გელა დ-შვილს მიაგნო, ის გარდაცვლილი ეგონა. მოგვიანებით მან დაკითხვაზე განაცხადა: „მე და ჩემი მეზობელი, კუკური მ-შვილი, ნაკვეთში მივდიოდით ფეხით, გზად ხილის ჩასაბარებელ პუნქტთან უნდა გაგვევლო, სადაც ჩემი მეზობელი გელა დ-შვილი ღამის დარაჯად მუშაობდა. წინა დღეს გელა მანქანის ნაწილის შოვნას დამპირდა და, გადავწყვიტე, სამსახურში შემევლო მასთან. ის ღამის მორიგედ მუშაობს და დილის შვიდ საათზე ისევ სამსახურში უნდა ყოფილიყო. ეზოში შევედი და გელას დავუძახე, ჩემი თანმხლები პირი კი გარეთ დარჩა. ჩემს დაძახილს არავინ გამოეპასუხა, შენობასთან უფრო ახლოს მივედი, მაგრამ, გელა არსად არ ჩანდა. ვიფიქრე, რომ ეზოში იქნებოდა გასული და შენობას წრე დავარტყი და, იქვე, მეორე გასასვლელთან დავინახე, რომ გელა პირქვე ეგდო და სისხლის გუბეში ცურავდა. ახლოს მივედი და გადმოვატრიალე, არ სუნთქავდა, ამიტომ, მკვდარი მეგონა. მაშინვე კუკურის გავძახე, რომელიც სოფელში გაიქცა და ხალხს შეატყობინა ეს ამბავი“. მათ მძიმე მდგომარეობაში მყოფი გელა დ-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა. დაჭრილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა – ის შოკური მდგომარეობიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოვიდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა საგუშაგო პუნქტის მთელი ტერიტორია დაათვალიერეს. სისხლის კვალი შენობიდან ერთი მიმართულებით მიდიოდა – იქით, საითაც მეზობლებმა გელა დ-შვილი იპოვეს, თუმცა, აშკარა იყო, რომ თავდამსხმელი მამაკაცს შენობაში გასწორებოდა და დაჭრილს ეზომდე ხოხვით გაეღწია. როგორც ტერიტორიის დათვალიერებისას გაირკვა, გელა დ-შვილი ეზოდან გასასვლელისკენ მიღწევას ცდილობდა, რომ როგორმე გზამდე გაეღწია, მაგრამ, ვერ შეძლო – მან ჩასაბარებელი პუნქტის ეზოში გონება დაკარგა, რამდენიმე საათში კი, სანამ მას მეზობლები მიაგნებდნენ, თითქმის სისხლისგან დაიცალა.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ დაზარალებული მამაკაცი სამსახურში ჩვეულებისამებრ, საღამოს 6 საათზე მივიდა. გვიან ღამემდე მასთან იმყოფებოდა მისი ძმა, ბესიკ დ-შვილი, რომელმაც ჩვენებაში განაცხადა, რომ დამშვიდობებისას ძმამ ის ქუჩამდე მიაცილა და თავად შენობაში შებრუნდა. მოწმის ჩვენების მიხედვით, მას ძმის საქციელში საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. ერთადერთი, ის იყო, რომ უფროსმა ძმამ მას 200 ლარი სთხოვა სესხად, მაგრამ, რაში სჭირდებოდა ეს ფული, ამაზე არაფერი უთქვამს.
გამოძიებამ გელა დ-შვილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაიწყო. როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, დაზარალებულ მამაკაცს სოფელში პატივს სცემდნენ, რადგან, ყველას გვერდში ედგა და მტრები არ ჰყავდა. გელა დ-შვილს დადებითად ახასიათებდნენ მეზობლებიც: კარგი ოჯახი აქვს, კარგი მამა და მეუღლეაო, ამბობდნენ ისინი დაზარალებულზე. სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ, დანაშაულამდე ერთი თვით ადრე, გელა დ-შვილს გაუთხოვდა ქალიშვილი, რომელსაც პირველი ქორწინებიდან 8 წლის შვილი ჰყავდა. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტიკი დანაშაულის მთავარი მიზეზი გახდა, თუმცა, მძიმედ დაჭრილი მამაკაცის გონზე მოსვლამდე დანაშაულის დეტალების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი, უფრო მეტიც, არ არსებობდა თვითმხილველი, არ არსებობდა მოტივაცია და არ არსებობდა საეჭვო პიროვნება, რომელსაც ეს სასტიკი დანაშაული შეიძლებოდა ჩაედინა.
მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ გელა დ-შვილის ქალიშვილი მეორედ გათხოვდა, მათ ამ დანაშაულში დაზარალებულის ყოფილი სიძის ბრალეულობის დადგენა დაიწყეს. როგორც გაირკვა, 29 წლის კოტე გ-ძემ ცოლი ოთხი წლის წინ მიატოვა, თუმცა, მას შემდეგ ყოფილ ცოლთან ურთიერთობის აღდგენა რამდენჯერმე სცადა. ამ ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყო თავად დაზარალებული, რომელსაც ბოლო ორ წელიწადში ყოფილ სიძესთან რამდენიმე არასასიამოვნო ინციდენტი მოუხდა. მათ შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც კოტე გ-ძემ შეიტყო, რომ ქალიშვილის მეორედ გათხოვებაში დიდი წვლილი მამას მიუძღოდა. ყოფილი სიძე-სიმამრის დაპირისპირების შესახებ სოფელში არავინ არაფერი იცოდა, ეს ამბავი მხოლოდ გელა დ-შვილის ცოლისთვის იყო ცნობილი, რაც მან თავად განაცხადა სამართალდამცველებთან. ამის შემდეგ გამოძიებამ კოტე გ-ძის შესახებ ინფორმაციის მოგროვება დაიწყო. დადგინდა, რომ ის წარსულში ქურდობისთვის იყო ნასამართლევი და ციხეში ორი წელი გაეტარებინა. სოფელში ათას ისტორიას ყვებოდნენ კოტეს პათოლოგიური სიმთვრალის შესახებაც, რისი მსხვერპლიც ყველაზე ხშირად კოტეს დედა ხდებოდა. ქალბატონი, რომელმაც ერთადერთი შვილი მარტომ გაზარდა, ერთხელ საავადმყოფოშიც კი მოხვდა იმის გამო, რომ მთვრალმა შვილმა დანით ხელები დაუსერა.
როდესაც სამართალდამცველებმა იმის დადგენა დაიწყეს, თუ სად იმყოფებოდა დანაშაულის ღამეს კოტე გ-ძე, დედამისისგან ცნობილი გახდა, რომ ის ღამით ნათესავ ბიჭთან ერთად ლუდს სვამდა და სახლიდან ერთი საათითაც კი არ გასულა, თუმცა, საწინააღმდეგო თქვა მისმა ნათესავმა ბიჭმა, რომელმაც გამოძიებასთან განაცხადა, რომ კოტე სახლიდან დაახლოებით ღამის 12 საათზე გამოვიდა, ის მეზობელ უბნამდე მიაცილა და იქ დაშორდა, ამის შემდეგ კი მისი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იცოდა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კოტე ფეხით წავიდა ყოფილი სიმამრის სამსახურისკენ, რომელიც დაახლოებით ერთი საათის სავალზე იყო. ის გვიან ღამით მივიდა გელა დ-შვილის სამსახურში და მძინარე სიმამრს თავზე დაადგა. კოტე გ-ძემ სამართალდამცველებთან დაკითხვაზე სიმამრთან ღამეული სტუმრობა უარყო. მან განაცხადა, რომ, თვეზე მეტი იყო, რაც ყოფილი სიმამრი არ ენახა, თუმცა, როგორც მოგვიანებით თავად გელა დ-შვილისგან გახდა ცნობილი, ღამით თავს ყოფილი სიძე დაესხა. ამონაწერი გელა დ-შვილის ჩვენებიდან: „ყოფილ სიძესთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა, ბოლო რამდენიმე თვეში კი ეს ურთიერთობა უფრო დაიძაბა. ერთხელ სამსახურში თავზე დამადგა და მითხრა, 800 ლარი გაქვს ჩემი ვალი და უნდა დამიბრუნოო. რა ვალი მაქვს-მეთქი, როცა ვკითხე, გამომიცხადა: როცა დამაკავეს, შენც იყავი საქმეში გარეული, მე არ ჩაგიშვი და ახლა ადვოკატის მომსახურების ფული შენ უნდა გადაიხადოო. მე იმ საქმეში აბსოლუტურად უდანაშაულო ვიყავი, კოტე გენერატორის ქურდობისთვის დააკავეს. მართალია, გენერატორი ჩემს სახლში მოიტანა, მაგრამ, მე არ ვიცოდი, რომ ნაქურდალი იყო. მოგვიანებით პოლიციამ გენერატორი ჩემი სახლიდან ამოიღო, მაგრამ, მე მართლა არ ვიცოდი, რაში იყო საქმე. ჩემთან ნათქვამი ჰქონდა, გენერატორი ვალში მომცესო. ეგ რომ მცოდნოდა, ამხელა კაცი სახლში შემოვატანინებდი მოპარულ ნივთს?! მივხვდი, რომ კოტეს ჩემი დაშანტაჟება უნდოდა, მაგრამ, არ მინდოდა, რომ ჩემს ოჯახთან რაიმე შეხება კიდევ ჰქონოდა, ამიტომ, იმ ფულის ნახევარი მალევე გადავუხადე და ვუთხარი, რომ ნაწილ-ნაწილ გადავუხდიდი. მინდოდა, თავიდან მშვიდად მომეშორებინა, თან, ის პერიოდი იყო, ჩემი ქალიშვილი გათხოვებას აპირებდა და, ვიცოდი, რომ ეს კოტესთვის ახალი ინციდენტის მიზეზი გახდებოდა. მართლაც ასე მოხდა. როგორც კი გაიგო, რომ ირინა გათხოვდა, სამსახურში მომივარდა და სკანდალი მოაწყო. ამ ამბავს ჩემი უფროსი ძმაც შეესწრო. კოტეს მისი შიში ჰქონდა და მალე დაგვანება თავი, თუმცა, დამემუქრა: ამას არ გაპატიებ, შენ გაათხოვე ირინა, თორემ, თვითონ ისევ მე ვუყვარვარ და თავისი ნებით არ გათხოვდებოდაო. რა უნდა მეთქვა, ოცდამეერთე საუკუნეში 27 წლის ქალს ძალით გაათხოვებ? ეს ამბავი აქ დასრულდა, მაგრამ, სულ ვფიქრობდი, რომ კოტე ამას ასე მარტივად არ დაივიწყებდა. მინდოდა, დარჩენილი ფულიც მალე გადამეხადა, რომ მასთან კავშირი აღარ მქონოდა. იმ ღამეს ჩემი უმცროსი ძმა მოვიდა ჩემთან სამსახურში, ის გავაცილე და შენობაში შევბრუნდი. ახალი ჩაძინებული ვიყავი, ეზოში რომ ხმაური შემომესმა. გამომეღვიძა, მაგრამ, ადგომაც ვერ მოვასწარი, კოტე დამადგა თავზე. ნახევრად მძინარე ვიყავი, ოთახში სასმლის სუნი შემოიტანა და მივხვდი, რომ ნასვამი იყო. უცებ დანა ამოიღო და სიტყვა არ უთქვამს, ისე, გულთან დამარტყა. წამოვიწიე, ადგომა ვცადე, მაგრამ, ზემოდან გადამაწვა. კოტე ფიზიკურად ძლიერია და ვერ შევეწინააღმდეგე, ეგ კი ვუთხარი, რატომ მკლავ, რა დაგიშავე-მეთქი. ცოლი როგორ გამითხოვე, ღორივით უნდა გამოგჭრა ყელიო – მითხრა და კიდევ დამარტყა დანა. დაჭრილს უკვე ღონე მეცლებოდა, ტახტიდან ძირს გადმომაგდო და ფეხებით შემდგა. მერე დანა აიღო, სახესთან ახლოს მომიტანა, ვიფიქრე, რომ სკალპს ამხდიდა. ჯერ ყურის ბიბილო ამაჭრა, მერე კი ისევ ჩემი ცემა განაგრძო. თვალთ დამიბნელდა, თითქოს გონება დავკარგე. ეტყობა, მკვდარი ვეგონე და თავი იმიტომ დამანება, თორემ, მართლა ყელს გამომჭრიდა. არ ვიცი, რამდენი ხნის გასული იყო შენობიდან, გონს რომ მოვედი, სულ სისხლიანი ვიყავი. ტელეფონი არ მქონდა, რომ ვინმესთვის დამერეკა, ძლივძლივობით გავხოხდი ოთახიდან, მინდოდა, ქუჩამდე გამეღწია, იქნებ შემთხვევით გამვლელს ვეპოვე. ეზომდე დიდი ტანჯვით მივხოხდი. ეტყობა, წიხლების რტყმისგან კიდურებიც დამიზიანდა, რადგან, ფეხებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, თითქოს მოკვეთილი მქონდა. ქუჩის გასასვლელამდე მისვლა ვერ შევძელი, იქ საბოლოოდ დავკარგე გონება და მერე არაფერი მახსოვს – არც ის, როგორ მიპოვეს მეზობლებმა და როგორ წამიყვანეს საავადმყოფოში”.
დაკავებულმა კოტე გ-ძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ყოფილი სიმამრის მიმართ შურისძიების გრძნობა არ ასვენებდა, მკვდარი მეგონა, თორემ, ცოცხალს როგორ დავტოვებდიო, – განაცხადა მან. სასამართლომ კოტე გ-ძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსით და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.