კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აპირებდა ცნობილი აკადემიკოსის გატაცებას და რა შედეგით დასრულდა სოხუმში ჩატარებული ოპერაცია „დიოსკურია“

– აი, პეტია, „გრიშკა სკოლზკიც“ გამოჩნდა. ზოლიანი კეპი რომ ახურავს თეთრპერანგიან ყმაწვილს, სწორედ ეგაა ის, ვისზეც ახლა ვნადირობთ, – უთხრა კაპიტანმა ზელენცოვმა ახალგაზრდა კოლეგას, რომელიც „მურის“ ქურდობების განყოფილებაში თავის პირველ მორიგეობას ატარებდა.
ოლეგ ზელენცოვი და პეტრე გორბუნოვი ტრამვაით მგზავრობდნენ და მთელ მოსკოვში სახელგანთქმულ ჯიბგირზე ნადირობდნენ, რომელიც „გრიშკა სკოლზკის“ სახელით იყო ცნობილი ქურდულ წრეებში.
– როგორ ვიმოქმედოთ, ამხანაგო კაპიტანო? – უჩურჩულა გორბუნოვმა ზელენცოვს.
– როგორც კი ფაქტს ჯიბეში ჩაიდებს, მაშინვე ხელებს ვუგრეხთ, ბორკილებს ვადებთ და აქვე აგვყავს მოწმეები. ოღონდ, ძალიან ფრთხილად, გრიშკას „სკოლზკი“ ტყუილად კი არ ჰქვია – ისეთი სწრაფი თითები აქვს, თუ შეგვამჩნია ან რამე იყნოსა, მაშინვე ფაქტს ფოკუზნიკივით თვალსა და ხელს შუა გააქრობს და ხახამშრალები დავრჩებით. მით უმეტეს, რომ ტრამვაი ნახევრად ცარიელია და ასე ცოტა ხალხში შენიღბვა გაგვიჭირდება, – უპასუხა ზელენცოვმა თავის ახალბედა კოლეგას და თვალით ანიშნა, რომ წინ წაწეულიყვნენ.
„სკოლზკიმ“ ამასობაში ვიღაც ვუალჩამოფარებული ქალი შეარჩია და ჯერ გვერდიდან ამოუდგა, შემდეგ კი ძალზე ოსტატურად გაუჭრა ჩანთის ფსკერი სამართებლით, იქიდან შავი ფერის, საკმაოდ მოზრდილი საფულე გამოაძრო და სასწრაფოდ პერანგქვეშ დამალა.
– დროა, პეტია! – „სკოლზკის“ ფაქტი თან აქვს და სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ხელიდან არ გაგვისხლტეს, – უთხრა კაპიტანმა და ახალბედასთან ერთად, ოთხიოდე ნაბიჯი სწრაფად გადადგა.
მილიციელებმა ცნობილ ჯიბგირს ჯერ აქეთ-იქიდან გადაუგრიხეს ხელები, შემდეგ კი კაპიტანმა მას ნაქურდალი საფულე ამოუღო ქამრიდან.
– რაშია საქმე? – მთელი ტრამვაის გასაგონად დაიყვირა „სკოლზკიმ“, რომელიც მიხვდა, რომ გაება და ხალხის დახმარებით ცდილობდა თავის დაღწევას, – მიშველეთ, მოქალაქეებო, ბანდიტები მძარცვავენ!
– ჩვენ მილიციელები ვართ, ხოლო ეს ვაჟბატონი კი ჯიბგირია! – ხმამაღლა თქვა კაპიტანმა და „მურის“ წიგნაკი დაანახვა ჯიბგირის მისაშველებლად მომზადებულ რამდენიმე მამაკაცს, თან, ვუალიანს დაუძახა:
– ქალბატონო, თქვენი ჩანთა ამ ჯიბგირმა გაჭრა და ჩვენ თვალწინ აი, ეს საფულე მოიპარა.
ვუალიანი, შავოსანი ქალი უკვე ტრამვაის შუა კართან იდგა და კაპიტნის სიტყვები ვითომ არ ესმოდა, ჩასვლას აპირებდა.
– ქალბატონო, მოქალაქე, თქვენ გეუბნებით, – დაუყვირა კაპიტანმა და შავოსნისკენ გაიწია, რომ ხელით შეეჩერებინა. მაგრამ, ქალმა კაბის სახელოდან ჯერ პისტოლეტი ამოაცურა და კაპიტანს მკერდში ესროლა, შემდეგ კი გაოგნებულ ხალხს მიუშვირა და მამაკაცის ბოხი ხმით დაიღრიალა:
– არ გაინძრეთ, თორემ გესვრით!
ხალხი ადგილზე გაშეშდა. ამასობაში, ტრამვაი გაჩერდა, ვუალიანი ქვევით ჩახტა და ხალხში მიიმალა.
ლავიწის ძვალში დაჭრილი კაპიტანი ზელენცოვი პეტრე გორბუნოვმა, „გრიშკა სკოლზკიმ“ და კიდევ რამდენიმე მგზავრმა სასწრაფოდ საავადმყოფოში მიიყვანეს.
საიდუმლო შიფრი
ოლეგ ზელენცოვს ლავიწის ძვალი ჰქონდა დამსხვრეული, ტყვიამ, სულ რაღაც, რამდენიმე მილიმეტრში ჩაუარა საძილე არტერიას. კრიმინალისტებმა კაპიტნისთვის ნასროლი ტყვია და მასრა ტრამვაიში იპოვეს და დაადგინეს, რომ „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან იყო გასროლილი. ტყვია და მასრა შემოწმდა და დადგინდა, რომ ეს პისტოლეტი, საბუთების მიხედვით, განადგურებული იყო. ის ერთ-ერთ მოკლულ ბანდიტს ეკუთვნოდა და სასამართლო დადგენილების მიხედვით, განადგურებას ექვემდებარებოდა. ყველაზე საინტერესო და მოულოდნელი შედეგი „სკოლზკის“ მიერ მოპარული საფულის დათვალიერებამ აჩვენა. საფულე უცხოური წარმოების იყო და თავისი არასტანდარტულობით გამოირჩეოდა. მას ორმაგი ფსკერი აღმოაჩნდა და შიგ მილიციელებმა ქაღალდზე დაწერილი საიდუმლო შიფრი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, საფულეში ორმოცდაათიოდე წლის ჭაღარა მამაკაცის სურათები ელაგა.
როდესაც ეს ყველაფერი მოსკოვის ბაბუშკინის რაიონის მილიციის უფროსმა დაათვალიერა, ჩაილაპარაკა:
– ამ ყველაფერს შპიონაჟის სუნი ასდის და ეს საკითხი „კაგებემ“ უნდა გაარკვიოს.
შემდეგ მაიორმა პოზოვმა ლუბიანკის მორიგეს დაურეკა და მოკლედ შეატყობინა საქმის არსი. ნახევარი საათის შემდეგ კი „კაგებეს“ სპეცჯგუფმა მილიციიდან მოპარული საფულე წაიღო და ლეიტენანტი გორბუნოვი და „გრიშკა სკოლზკიც“ თან გაიყოლა დასაკითხად.
„კაგებეში“ ამ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელსაც მაიორი ვიქტორ ლოსევი იძიებდა. მან საფულის შიგთავსი ექსპერტიზას გადასცა, ლეიტენანტი და ჯიბგირი კი დაკითხა.
მილიციელმა და ქურდმა თითქმის ერთნაირი ჩვენება მისცეს უშიშროების გამომძიებელს, „სკოლზკიმ“ კი, თავის მხრივ, დაამატა:
– მოქალაქე გამომძიებელო, მე პატიოსანი ქურდი ვარ და ჩაშვება არ მჩვევია. მაგრამ, აშკარად ჩანს, ეს საქმე სამშობლოს ღალატს ეხება. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფერს შპიონაჟის სუნი ასდის. ამიტომ, თავს მოვალედ მივიჩნევ, დაგეხმაროთ.
– კი მაგრამ, რით?
– მოქალაქე გამომძიებელო, მე იმ ვითომ ქალს „გუმის“ წინ ავეკიდე. ჯერ ტრამვაიმდე ვდიე და შემდეგ, რაც მოხდა, კარგად იცით. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ „გუმთან“ იმ ვითომ ქალს ვიღაც მამაკაცი შეხვდა და ეს „მსუქანი“ საფულე სწორედ მან გადასცა. მე ვიფიქრე, რომ შიგ დიდი თანხა იდო და სწორედ ამიტომ ავედევნე ვუალიანს.
– თქვენი ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. იქნებ იმ მამაკაცის პორტრეტის შედგენაში დაგვეხმაროთ, – უთხრა ლოსევმა.
– მის პორტრეტს ზუსტად აგიწერთ. მე სამხატვრო ტექნიკუმი მაქვს დამთავრებული და რომ არა ბედის უკუღმართობა, ალბათ, ურიგო მხატვარი არ გამოვიდოდი. იმ მელოტს ძალიან სახასიათო ფიზიონომია აქვს და მისი სახე კარგად დავიმახსოვრე.
 „სკოლზკიმ“ ნახევარ საათში, ფანქრით შესრულებული რამდენიმე პორტრეტი დაუდო წინ ლოსევს, საიდანაც მაღალშუბლიანი, კეხიანცხვირიანი, ორმოციოდე წლის მამაკაცი იმზირებოდა.
სულ რაღაც 12 საათის შემდეგ, „კაგებემ“ დაადგინა, რომ ვითომ განადგურებული „ტეტე“ ერთი წლის წინათ ლენინგრადში მოკლული ბანდიტის, ალექსანდრე ზლობინისგან ამოიღეს. „სკოლზკის“ მიერ დახატულ  პორტრეტზე კი მოსკოველი ტრიფონ აგაფონოვი იყო გამოსახული. ის პროფესიით უბრალო ინჟინერი გახლდათ, მაგრამ „ჩეკისტების“ ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ აგაფონოვის ტყუპისცალი ძმა, იური, პროფესიით ბიოლოგი თავდაცვის უწყების საიდუმლო ლაბორატორიაში მუშაობდა. დადგინდა, აგრეთვე, რომ ჭაღარათმიანი მამაკაცი, რომლის სურათიც საფულეში აღმოაჩინეს, აკადემიკოსი ევგენი მარკოვი იყო. მარკოვი და ბიოლოგი იური აგაფონოვი ერთ უწყებაში მუშაობდნენ.
უშიშროებაში საიდუმლო შიფრიც ამოხსნეს, რომელშიც ეწერა: „სპეცტექნიკასა და რეკვიზიტს კლდეებთან, მეორე სამალავში შევინახავთ. ოპერაცია 96 საათის განმავლობაში უნდა დასრულდეს, რადგან ჩვენი დგომის დრო ამ ვადებში იწურება და ამ დროის შემდეგ ტვირთით უნდა დავბრუნდეთ უკან“.
ოპერაცია „დიოსკურია“
„კაგებეს“ კონტრდაზვერვის ანალიტიკურმა სამსახურმა გულდასმით გააანალიზა მოპოვებული ინფორმაცია და რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც კონტრმზვერავებს უნდა ემოქმედათ.
თავდაპირველად, გაძლიერდა აკადემიკოს მარკოვის დაცვა, ხოლო ტყუპ ძმებ, აგაფონოვებზე კი 24-საათიანი თვალთვალი დაწესდა.
გარდა ამისა, შეიმუშავეს ციცაბო კლდეებთან განლაგებული მეორე სამალავის სავარაუდო ადგილსამყოფელი და ერთ-ერთი ასეთი ადგილი იყო სოხუმის სამხრეთით მდებარე უკაცრიელი კლდეები. ყველაფერთან ერთად „ჩეკისტებმა“ დააპატიმრეს მაიორი ევგენი მორგულისი. ის იარაღის განადგურებაზე იყო პასუხისმგებელი და აღიარა, რომ ბანდიტისგან ამოღებული „ტეტე“ ვინმე სლესარევს მიჰყიდა 600 მანეთად. მორგულისის ჩვენებით, სლესარევი მისი მეზობელი იყო და როდესაც კონტრდაზვერვა მის დასაპატიმრებლად მივიდა, ის უკვე მიმალული აღმოჩნდა. 24-საათიანი თვალთვალის შემდეგ, ერთ-ერთი ტყუპისცალი, ინჟინერი აგაფონოვიც დააკავეს და მან დაადასტურა, რომ საფულე სლესარევს გადასცა, რომელიც ქალის სამოსში იყო გამოწყობილი.
– საფულე ვინ მოგცათ? – ჰკითხა ტრიფონ აგაფონოვს გამომძიებელმა ლოსევმა.
– ჯეიმს ლანგტონმა. ის ამერიკის საელჩოში მუშაობს, – თქვა აგაფონოვმა და ისიც აღიარა, რომ ტყუპისცალი ძმის  მეშვეობით აგროვებდა ინფორმაციებს აკადემიკოს მარკოვზე.
„ჩეკისტებმა“ დაადგინეს, რომ მარკოვი ბაქტერიოლოგიური იარაღის სუპერსპეციალისტი იყო და უახლესი სახეობის იარაღზე მუშაობდა.
– ალბათ, მისი მოტაცება ან მოკვლა უნდათ, – თქვა ლოსევმა, – ცოტა დრო გვრჩება და უნდა ვიჩქაროთ.
„კაგებეს“ კონტრდაზვერვაში შემუშავებული გეგმის ნაწილს, რომელიც სოხუმში უნდა განხორციელებულიყო, ოპერაცია „დიოსკურია“ უწოდეს.
„დიოსკურიას“ მაიორი შავლეგ დევდარიანი ხელმძღვანელობდა. ამ ოპერაციაში საქართველოს „კაგებეს“ მნიშვნელოვანი ძალები იყო ჩართული და სოხუმის სამხრეთით მდებარე კლდეები მაქსიმალური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
შიფროგრამაში მითითებული ვადის ამოწურვამდე 48 საათი რჩებოდა და გაირკვა, რომ გაგრაში დასასვენებლად ჩავიდა აკადემიკოსი მარკოვი. გაძლიერებული თვალთვალის მიუხედავად, აკადემიკოსს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მას იცავდნენ.
მითითებული ვადის ამოწურვამდე 36 საათით ადრე, კლდეებთან საეჭვო მობანავე გამოჩნდა. საშუალო სიმაღლის მამაკაცი ერთ-ერთ კლდეში შეძვრა. შემდეგ იქიდან საკმაოდ მოზრდილი ჩანთა ამოიღო და უკან გამობრუნდა. შუა გზაში კი ის შავლეგ დევდარიანის ხალხმა დააკავა. დაკავებული ხარიტონ სლესარევი აღმოჩნდა. მან თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ კალიუმციანიდის ამპულა ხელიდან გამოგლიჯეს და სოხუმის უშიშროებაში მიიყვანეს.
სლესარევისთვის ჩამორთმეულ ჩანთაში „ჩეკისტებმა“ აღმოაჩინეს სპეციალური საყვინთავი მოწყობილობა ორი ადამიანისთვის და მაყუჩიანი პისტოლეტი. გარდა ამისა, კლდეების ფსკერზე ჩაძირული მინი წყალქვეშა საცურაო მოწყობილობაც აღმოჩნდა.
– მე დავალებული მქონდა აკადემიკოს მარკოვის მოტაცება და მისი თურქულ გემ „იმპერიალზე“ აყვანა. მას შემდეგ, რაც ის სოხუმის აკვატორიას დატოვებდა. გემამდე კი მარკოვი მინი წყალქვეშა ნავით უნდა მიმეყვანა, – თქვა სლესარევმა და დაამატა, – ხოლო თუკი, აკადემიკოსს ვერ მოვიტაცებდი, მაშინ უნდა მომეკლა.
შპიონაჟისა და ადამიანების მკვლელობის მცდელობისთვის, ხარიტონ სლესარევს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 12 წლით გამოამწყვდიეს ციხეში ტრიფონ აგაფონოვი, ხოლო ჯეიმს ლანგტონი კი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. რაც შეეხება „გრიშკა სკოლზკის“, ის არ დაუპატიმრებიათ, გაათავისუფლეს და მხატვრობას მიჰყო ხელი.

скачать dle 11.3