როგორ მოხატეს ყველა კაბა ტილოებივით –„კაბარტის” დიზაინერების საზაფხულო კოლექცია
ზაფხული ზუსტად ასეთი წარმომიდგენია – ფერადი, ყვავილებიანი, ჰაეროვანი, ცხელი და საოცრად მიმზიდველი. „კაბარტი” დიზაინერების ის გაერთიანებაა, რომლის სამოსიც ყოველთვის იქცევს ყურადღებას, იქნება ეს გამოფენაზე, ქართველი დიზაინერების მაღაზიაში თუ სხვაგან. პირადად მე, „ეფ ლაბორში” შესვლისას პირველად თვალში სწორედ „კაბარტის” ნამუშევრები მხვდება. „კაბარტი” ორი ადამიანის ნიჭითა და შრომით შეიქმნა – ნინო ჩოკოშვილი და ქეთუთა ჩიჩუა დაახლოებით ერთი წელია, რაც ერთად მუშაობენ. ახალ პარტნიორთან ერთად, ეს ნინოს მეორე გამოფენაა, რომელიც საკმაოდ საინტერესო სტილში შეიქმნა: სხვადასხვა ტიპის ქსოვილი „კაპაროლის” საღებავებით შეიღება, რამაც სამოსზე საოცარი ფერთა პალიტრა გაშალა. აბაშიძის ქუჩაზე, მაღაზია „ბუქეთშოპში” საოცარი გარემო დაგვხვდა. გარეთ – ცივი შამპანური, სალონში – ულამაზესი, თბილისისთვის საკმაოდ უცხო ყვავილები და მათ შორის გამოფენილი ყვავილებივით ჭრელი სამოსი.
ნინო ჩოკოშვილი: ეს „კაბარტის” მეორე გამოფენაა. ქეთუთა აკვარელზე მუშაობს, მისი ნამუშევრები ყოველთვის ძალიან მომწონდა. მე ტექსტილის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ქსოვილებზე ვმუშაობ. აკადემიაში სწავლისას აღმოვაჩინე ბატიკა და, გადავირიე, ისე მომეწონა. მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი მიმართულება.
– ამ კოლექციასთან დაკავშირებით რას იტყვი, როგორ შეიქმნა?
– ყვავილების მაღაზია „ბუქეთშოპის” ხელმძღვანელმა დაგვიბარა და გვთხოვა, რომ ჩვენი ნამუშევრები მის მაღაზიაში გამოგვეფინა. რადგან ზაფხულია და, თან, ნამუშევრები ყვავილების მაღაზიაში უნდა გამოფენილიყო, მე და ქეთუთამ გადავწყვიტეთ, ბაღის თემა აგვერჩია და ამის გარშემო აგვეგო კოლექციის ძირითადი ხაზი. ყველაფერში ბაღის თემაა, მათ შორის – საქორწილო კაბაშიც, რომელიც საკმაოდ არასტანდარტული გამოვიდა და ძალიან მომწონს. რაც შეეხება მასალას, ძირითადად აბრეშუმი და ხელოვნურნარევი ქსოვილებიც არის გამოყენებული.
– და, თითოეული მათგანი ხელით არის მოხატული, ხომ?
– დიახ, არც ერთ კოსტიუმში პრინტი ან რაიმე მსგავსი ტექნოლოგია არ არის გამოყენებული. ზუსტად ისე, როგორც ნახატი იხატება – სათითაოდ მოიხატა ყველა კოსტიუმი. ძალიან დაგვეხმარა ამ გამოფენის გაკეთებაში „კაპაროლი” – სწორედ „კაპაროლის” საღებავებით მოიხატა ყველა კაბა თუ ქვედაბოლო, რასაც აქ ხედავთ.
– და, რა საღებავია ასეთი, რეცხვისას არ გადადის?
– ქსოვილიდან არ გადადის, უბრალოდ, გრილ წყალში, ხელით უნდა გაირეცხოს. სულ რომ არ იყოს ეს ქსოვილები მოხატული, ისეთი მასალაა, რომ მაინც ასე რეცხვა დასჭირდება.
– ეს ტანსაცმელი, ლამაზთან ერთად, ალბათ, პრაქტიკულიც არის.
– დიახ, საკმაოდ პრაქტიკულია. ჩვენ არ გვინდოდა, რომ სამოსი მხოლოდ გამოგვეფინა – მაშინ, ტილოზე დავხატავდით და კედელზე დარჩებოდა. იმიტომ კეთდება ეს ყველაფერი სამოსზე, რომ ქალებმა ტანზე მოირგონ და თავი ზაფხულის ბაღში იგრძნონ.
ნინოს და ქეთუთას ნამუშევრები გამოფენის გახსნის დღეს საკმაოდ დიდი რაოდენობით გაიყიდა, თუმცა, ჯერ კიდევ არის მათი შეძენის შანსი, რის შემდეგაც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენნაირ ჩაცმულს თბილისში მეორეს, უბრალოდ, ვერ ნახავთ.