არ განსაჯო... გაუგე!
განსჯა და დასჯა გაცილებით ადვილია, ვიდრე ადამიანის გაგება და მისთვის მიტევება. თუ ახლობელზეა საუბარი, ეს კიდევ უფრო მძიმე ფორმებს იძენს. მიზეზი, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგალითად, ფაქტია, რომ უფრო ძლიერად საყვარელი ადამიანისგან გვტკივა იმედის გაცრუება. უფრო მეტად მისგან გვწყინს და ეს იმიტომ, რომ მისგან ბევრს მოვითხოვთ. ბევრ სიყვარულს, ბევრ ყურადღებას, ბევრ სითბოს...
ხომ არ გინდათ, დაკარგოთ საყვარელი ადამიანი?! – უპირველესად, უნდა ისწავლოთ წყენასთან გამკლავება და ნეგატიური ემოციის დამორჩილება. მხოლოდ ამის მერე შეძლებთ გაუგოთ და აპატიოთ. გახსოვდეთ ის, რომ ტკივილი ადამიანის პიროვნებას ზრდის. ჩვენ ვიზრდებით ჩვენს დარდთან და ფიქრთან ერთად. ბევრ რამეს ვსწავლობთ და გამოცდილებას ვიძენთ. გარდა ამისა, გვამაგრებს კიდეც ეს. ნებისმიერი გადატანილი განსაცდელი ჩვენში ცხოვრებასთან ჭიდილის ჟინს აყალიბებს და ახალ მეთოდებსაც გვასწავლის. საერთოდ, პატიების ნიჭი სულის სიძლიერის ყველაზე ნათელი დადასტურებაა. მიტევება უფრო დიდი პოზიტივია იმისთვის, ვინც მიუტევა.
გაცილებით გაგიადვილდებათ პატიება, თუკი შეძლებთ და საკუთარ თავს იმ ადამიანის ადგილას დააყენებთ. ვინ იტყვის, ცხოვრებაში შეცდომა არ დამიშვია და არავისთვის მიწყენინებიაო... თუკი თქვენ მოგიტევეს და გაპატიეს, რატომ არ გინდათ, იგივე თქვენც გააკეთოთ?
სიტუაციები, რომლებშიც ჩვენ აღმოვჩნდებით ხოლმე ხშირად არ არის შემთხვევითი. ისინი იმისთვისაა „მოწოდებული“, რომ რაღაც ვისწავლოთ. რაღაცაში ჩამოვყალიბდეთ და მომავალში უფრო დიდ განსაცდელს დავაღწიოთ თავი. ასე რომ, ყველაფერს სხვას ნუ დავაბრალებთ და მივუტევოთ... მოვა დრო და ჩვენც მოგვიტევებენ...
რეცეპტი წარმატებისთვის
ყველა ადამიანს აქვს შანსი, შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ. თუ მოინდომებთ, აუცილებლად იქნებით წარმატებული. დააკვირდით ერთ უცნაურობას: ყველას, თითქმის გამონაკლისის გარეშე, აქვს სურვილი, იცნობდნენ და აფასებდნენ, ილაპარაკონ მასზე, როგორც დადებით და წარმატებულ ადამიანზე. მაგრამ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელები თუ აკეთებენ რამეს, რათა სურვილები რეალობად ექცეთ.
ადამიანები რატომღაც ფიქრობენ, რომ დიდება და წარმატება მათთან თავისით მივა, ან საერთოდ არ მივა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ლანგრით არავინ არაფერს მოგართმევთ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია და უცებ, ბედის წყალობა დაებერტყა თავზე. თქვენს ცხოვრებაში რაღაც კარგი რომ მოხდეს, უნდა გაისარჯოთ. ერთბაშად დიდ ნაბიჯებსაც ნუ გადადგამთ. პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყეთ. მთავარია, დაიწყოთ... ასე, ნელ-ნელა, მაგრამ ჯიუტი დაჟინებით მიხვალთ რეალურ მიზნამდე. აღმოაჩინეთ საკუთარ თავში სხვადასხვა ტალანტი. ღირსებები და უნარები. თუ საკუთარი შესაძლებლობები კარგად არ გეცოდინებათ, ვერასოდეს გაიხსნებით ბოლომდე და ვერც თვითრეალიზებას მოახერხებთ.
თავად „დაიწერეთ“ თქვენი წარმატების რეცეპტი, ხოლო რომელი „სანელებლებით“ შეაზავებთ, ეს მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ.
ყველა ერთნაირი
ყველა ადამიანი განსხვავებული და ინდივიდუალურად გამორჩეულია. მაშინ, მამაკაცები რაღატომ არიან ერთნაირები?! ესე იგი, რაღაც შეცდომას ვუშვებთ. მართალია, 90 პროცენტ შემთხვევაში მამაკაცების მოქმედების პრინციპი ერთნაირია, მაგრამ დაკვირვებული თვალი განსხვავებას მაინც აღმოაჩენს. არსებობენ სრულიად გამორჩეული და ორიგინალური ეგზემპლარები.
ზოგადად, ინიციატივას პირველად ქალი იჩენს ხოლმე. მამაკაცი კი იმის მიხედვით პასუხობს მის გამოწვევას, რამდენად მოსწონს ეს ქალი... თუ უკვე ძალიან მოსწონს, ხელგაშლით მიდის მის შესახვედრად. თუ ისე რა მოსწონს, ინიციატივას ისევ მას უტოვებს. ესეც მამაკაცების ხასიათში ზის (გამონაკლისები, ბუნებრივია, არსებობენ).
მამაკაცების უმრავლესობამ კარგად იცის, რომ სერიოზული ურთიერთობა თამაში არ არის. თუმცა, მაინც ცდილობს, ზოგჯერ ითამაშოს. ინიციატივას იჩენს მაშინ, როცა შანსი ხელიდან ეცლება ან უიმედოდაა შეყვარებული. ასეთ შემთხვევებშიც მამაკაცები ერთნაირად იქცევიან. ნუ გაართულებთ ცხოვრებას იმაზე ფიქრით, იპოვოთ ერთი განსხვავება მაინც. პრინციპში, იყვნენ ერთნაირები. ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ და ნურც თქვენ დაინახავთ... გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს და კაცების „ენასაც“ უკეთესად გაიგებთ.
ტესტი მამაცობაზე
არავინ დაგპირებიათ, რომ ცხოვრება იოლი იქნებოდა, მით უმეტეს, როცა ძალისხმევა არ დააკელით, გაგერთულებინათ ყველაფერი... ისიც გასაგებია, რომ ზოგჯერ წასვლა გარდაუვალია, მაგრამ ხომ შეიძლება, წახვიდეთ კაცურად და ქალი სრული აპათიის, დეპრესიის ზღვარზე არ დატოვოთ... მამაკაცებს ხშირად ავიწყდებათ საკუთარი დანიშნულება და მოვალეობები. მათ უმრავლესობას წყლიდან მშრალად გამოსვლა ურჩევნია – თავის დაძვრენა და პრობლემების მიფუჩეჩება. „ოღონდ ახლა გავასწრო და მერე მოხდეს, რაც მოსახდენიას“ პრინციპი, მარტო ქალების საზიანოდ არ „მუშაობს“. ადრე თუ გვიან, ამ „ლოგიკის“ სავალალო შედეგებს მამაკაციც იწვნევს საკუთარ თავზე.
მშვიდი, უკონფლიქტო, „მეგობრული“ განშორება, მგონი, მხოლოდ ფილმებშია და ილუზიას ნუ შეიქმნით, რომ თქვენს შემთხვევაშიც გამოვა. მაინც როგორ წარმოგიდგენიათ რამდენიმეწლიანი ურთიერთობის გაწყვეტა სრულ სიმშვიდეში, ფინჯან ყავასთან?! ეს მარტო იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ადამიანს, რომლის მიტოვებასაც აპირებთ, საერთოდ აღარ აინტერესებთ და ისე გიყურებთ, როგორც უვარგის, მოძველებულ ფეხსაცმელს. აჰა! არ მოგეწონათ ასეთი შედარება? თქვენი მამაკაცური თავმოყვარეობა შეილახა მაშინ, უკეთ მიხვდებით, რას გრძნობს ქალი, რომლისთვისაც ჯერ კიდევ გუშინ, ყველაზე ახლობელი და ძვირფასი იყავით.
მამაკაცის მამაკაცურობა მისი პასუხისმგებლობის ხარისხით იზომება. ნურასოდეს დაივიწყებთ ამას და დარჩით რაინდად მაშინაც კი, როცა სიტუაცია უღირსი საქციელის ჩადენისკენ გიბიძგებთ.