ექიმის რჩევები
კითხვა: ოთხი წელია, მაწუხებს ტკივილები მარჯვენა ფერდქვეშა არეში. გამოვიკვლიე და დადგინდა, რომ ღვიძლის პრობლემები არ მაქვს. რა შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში ნაწლავების დისბაქტერიოზით შეიძლება იყოს გამოწვეული (თუ შებერილობაც გაქვთ); ასევე, უნდა გამოირიცხოს ხერხემლის, მკერდისა და წელის მალების ოსტეოქონდროზი.
კითხვა: მყავს კატა, რომელზეც ალერგია არ მაქვს. კარის მეზობლებმა შეიძინეს კატა, რომელზეც საშინელი ალერგია დამეწყო, ზოგჯერ სუნთქვაც კი მიჭირს. კატის მოშორება არ უნდათ. კლარიტინი და მსგავსი აბები თითქმის არ მშველის. როგორ მოვერიო ალერგიას?
პასუხი: თქვენი სიმპტომები ბრონქული ასთმის დასაწყისს ჰგავს. სხვადასხვა ჯიშის კატებს ალერგენობის სხადასხვა ხარისხი აქვს. კლარიტინი ქოშინს არ ხსნის. გირჩევთ, ჩაიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები (სპირომეტრია, ანალიზები) და მკურნალობა მათზე იქნება დამოკიდებული.
კითხვა: რა არის ჰიპიპლასტიური ანემია?
პასუხი: ჰიპიპლასტიური ანემია არის ერითროციტების (სისხლის უჯრედების) რაოდენობის შემცირება ძვლის ტვინის მუშაობის დარღვევის გამო.
კითხვა: რამდენად საშიშია C ჰეპატიტი?
პასუხი: ვირუსული C ჰეპატიტი პრაქტიკულად ყოველთვის ქრონიკული დაავადებაა. ხშირად უსიმპტომო, რომელიც შეიძლება ციროზში ან ღვიძლის კიბოში გადაიზარდოს.
კითხვა: ვარ 22 წლის. 14 წლის ასაკში გრიპით ავადმყოფობის დროს ძლიერი თავის ტკივილები მქონდა. მას შემდეგ 8 წელიწადია შაკიკის შეტევები მაქვს (საშუალოდ თვეში ერთხელ). რას მირჩევთ? რა იყო გამომწვევი მიზეზი?
პასუხი: დიაგნოზი „შაკიკი“ ძალიან საეჭვოა, რადგან თავის ტკივილები მძიმე ინფექციის შემდეგ დაგრჩათ. ასეთ შემთხვევაში უფრო ხშირად არაქნოიდიტზე ფიქრობენ. საჭიროა გამოკვლევა: თვალის ფსკერის დათვალიერება, ექოენცეფალოგრაფია, თავის ქალის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული თავის ტვინის კვლევა ნევროლოგის კონსულტაციის შემდეგ.
კითხვა: ვარ 23 წლის. რამდენიმე წელია ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს: თავბრუხვევა, გულის წასვლის შეგრძნება, თავის ტკივილი და არითმია. გამოკვლევისას აღმომაჩნდა სინუსოიდური არითმია, მიტრალური სარქვლის პროლაფსი, ჰიპოტონია, ეს მდგომარეობა ხელს მიშლის ნორმალურ ცხოვრებაში: სირბილის დროს გული მტკივა, სულ თავბრუ მეხვევა, ღამე ძლიერი არითმიისგან მეღვიძება. ექიმმა არანაირი რეკომენდაცია არ მომცა, თქვა ასაკის ბრალიაო. გავიდა 2-3 წელი, მდგომარეობა კვლავ სავალალოა. ნუთუ ეს სიმპტომები მისახედი არ არის?
პასუხი: გამოკვლევებზე დაყრდნობით, გულის სერიოზული პათოლოგია არ გაქვთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ძილის წინ დიდ დროს ნუ დაუთმობთ კომპიუტერს და ტელევიზორს. მეტი პოზიტივი ცხოვრებაში! იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ პრობლემების დაძლევაში.
კითხვა: ჩემი საქმრო 28 წლის არის, აქვს ხერხემლის გამრუდება (დადის მასაჟზე და აკუპუნქტურაზე). დედამისს მშობიარობის შემდეგ სერიოზული პოლიართრიტი აქვს (დეფორმულია მტევნები, ტერფები, ხერხემალი). როგორია იმის ალბათობა, რომ ჩემი საქმროც ასე დამძიმდება მომავალში? შეიძლება თუ არა, ჩვენი მომავალი ბავშვიც დაავადდეს?
პასუხი: რევმატული დაავადებები უფრო ხშირად მემკვიდრეობით ქალის ხაზით გადადის. ორსულობა და მშობიარობა ხშირად ახდენს პროვოცირებას, რადგან ამ დროს ქალის ორგანიზმს დიდი დატვირთვა აქვს. თქვენს საქმროს ასთენიური კონსტიტუცია აქვს, რომელსაც ახასიათებს კუნთების და მყესების სისუსტე, რაც, საბოლოო ჯამში სქოლიოზს იწვევს. პროფილაქტიკისთვის საჭიროა ბავშვობიდანვე კუნთოვანი კორსეტის გამაგრება შესაბამისი ვარჯიშებით.
კითხვა: რისგან შეიძლება შეიცვალოს ფერი და ზომა ხალებმა?
პასუხი: თუ ხალი ფერს და ზომას იცვლის, აუცილებელია ონკოლოგის კონსულტაცია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი