იგავები მარილზე და ძველსა და ახალ სამოსზე
„კარგი რამ არის მარილი, მაგრამ, თუ ძალა დაკარგა, რიღათი დაამარილებ? აღარც ნიადაგისთვის ივარგებს და აღარც სასუქად გამოდგება და შორს გადაყრიან“.
ლუკა 14, 34-35
მარილის ძალა
ამ იგავს უფალი თავისი მოწაფეების გასაგონად ყვებოდა და ეუბნებოდა: „თქვენ ხართ მარილი ქვეყანისა“.
რატომ მიამსგავსა უფალმა იესომ თავისი მიმდევრები მარილს?
მარილი საკვებს ინახავს, გაფუჭებისგან იცავს და კარგ გემოსაც აძლევს. როგორც კი ამის ძალას დაკარგავს, უვარგისი ხდება და ყრიან.
ეს იგავი უფლისგან გაფრთხილებაა. ქრისტეს მიმდევარი მადლის ჭურჭელივით არის: უფალმა მოგცა თავისი სიტყვა და სწავლება, მცნებები და რჯული, სიყვარულის, სინანულისა და მიტევების ნიჭი. ეს არის ქრისტიანის ძალა, რომელიც კეთილად უნდა მოიხმარო, თავსაც არგო და სხვასაც. თუკი ამ ძალას დაკარგავ, რაღა დარჩება შენი ქრისტიანობისგან?
ჰოდა, კარგად მოუარე იმას, რაც უკვე მოგეცა, და იმასაც, რასაც მოწყალე უფალი კვლავ უხვად გიბოძებს.
იგავი ძველსა და ახალ სამოსზე
„არავინ ადებს ახალ საკერებელს ძველ სამოსს, რადგან ახალ ქსოვილს ვერ გაუძლებს და უფრო დაიხევა.
არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, რომ არ დასკდეს, ღვინო არ დაიღვაროს და ტიკებიც უვარგისი არ გახდეს. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება“.
მათე 9, 16-17
ძველს ახალი სჯობია
ეს იგავები ფარისევლების გასაგონად თქვა უფალმა და უთხრა: თქვენ მოითხოვთ, რომ ჩემმა მოწაფეებმა ძველი სამოსი არ მოიშორონ და ძველი აღთქმის რჯული დაიცვან. მე კი ვითხოვ, რომ მათ ახალი სამოსი – ყოვლის მიმტევებელი სიყვარული შეიმოსონ. ძველი სამოსი თუ არ გაიხადე, ახალს ისე ვერ ჩაიცვამ; ვერც საკერებელი გააახლებს ძველ ტანსაცმელს, პირიქით – ახალ ქსოვილს ძველი ვერ გაუძლებს და დაიხევა. უფალმა განაგრძო: ძველ ტიკში ახალ ღვინოს იმიტომ არ ასხამენ, რომ ვერ გაუძლებს, დასკდება და ორივე წახდება – ტიკიც და ღვინოც. ახალი ღვინო ახალ ტიკში უნდა ჩავასხათ და მაშინ ორივე კარგად შეინახება.
უფალ იესოს იმის თქმა სურს, რომ მისი მოწაფეები ჯერ მზად არ იყვნენ, რათა ქრისტეს ახალი რჯული მიეღოთ. მათ ჯერ კიდევ არ ჰყოფნიდათ ძალა, რომ ძველი ტანსაცმელივით შეჩვეული ცხოვრების წესისთვის დაეღწიათ თავი და გათავისუფლებულიყვნენ. იმას კი ხვდებოდნენ, რომ ქრისტეს სიტყვა და სწავლება უკეთესი იყო და, უკვე აღარ უნდოდათ, ცუდი ღვინო ესვათ, რადგან კარგს გაუსინჯეს გემო!