მამათა შეგონებანი
იოსებ ათონელი: რა მოწყალებას გამოიჩენ, როცა მადლი გაქვს? მაშინ იგი თავადვე ღაღადებს თავის თავზე: „აბბა მამაო!“ მადლი უხმობს მადლისმომცემელს: „ვინ განმაშორებს შენს სიყვარულს, იესო ჩემო?“ ამას ხორციელი ბაგეების საშუალებით ამბობს მადლი, შენში ჩასახლებული ძალა, და არა ხორცი, ისევე, როგორც ეშმაკეული შეურაცხყოფს და გმობს ადამიანური ბაგეების მეშვეობით. ხორცს კი მადლის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალუძს. როცა მადლი არ არის, ხორცი უარს ამბობს იესოზე.
ალექსი ბერი: არიან მეცნიერნი ცალმხრივნი, რომელთა შეისწავლეს მხოლოდ სტიხიონთა ძალები რაოდენად მაინც, მაგრამ, თავის სულიერი ძალების შემეცნებაში დიდ ნაკლულოვანებას იჩენენ. ამისთვის იგინი ცალი თვალით ვლენან და ვერ ხედავენ სისწორით და სისრულით სწავლა-მეცნიერების არსებით გვამს, რამეთუ სამოსელსა ებღაუჭებიან და შინაგანის კაცისა აღსავალი ვერ ცნეს. სწავლული, რომელიც ზნეობრივად სულიერ სიმაღლეს, სიმართლეს, გულმშვიდობას, კაცთმოყვარეობას, მოწყალებას, სიწმიდეს არ აქცევს ყურადღებას, მას დაუფლავს მისი მეცნიერება მწვირეში და რა ვსთქვათ, ნუთუ გმობა არ იქნება და ცრუ ფარისევლად არ გამოვჩნდებით ჭეშმარიტების წინაშე, რომ ასეთ სწავლულთა ვუწოდოთ განათლებული?
პროტოპრესვიტერი შმემანი: მოთმინების სარბიელი ფართოა და იგი ადამიანის ცხოვრებას მთლიანად გასდევს, ისევე, როგორც მოიცავს ზოგადად კაცობრიობის მიწიერ ცხოვრებას. მოთმინებით ადამიანი მოიპოვებს და დაიმარხავს სიკეთეს, წარმატებას თავგამოდებაში, აღისრულებს წადილს, უვნებლად დაძლევს ყოველგვარ ჭირს. მოთმინების დაკარგვისთანავე, იგი აღმოჩნდება სიკეთის დაკარგვის საშიშროების წინაშე, ვნებას მიაყენებს ბოროტება, ან, რაც კიდევ უფრო უარესია, თვითონ შეიქმნება ბოროტების ჩამდენი. მოთმინების გარეშე არ არსებობს ღვაწლი, ღვაწლის გარეშე კი არ არსებობს არც სათნოება, არც სულიერი ნიჭები, არც ცხონება, რამეთუ „სასუფეველი ცათა იიძულების“.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ვისაც პატიოსნება არა აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვინმესთან არ იყოს შეკრული რომელიმე პირობით, ჩვენი მოვალეობა კი სხვა არა არის რა, თუ არა ამ პირობის ასრულება – მამაშვილობა, ძმობა, მოყვრობა, მეგობრობა, უფროს-უმცროსობა, მოძღვრობა, ვაჭრობა – ეს ყოველივე პირობის მიცემასა და აღთქმის აღსრულებაზეა დაფუძნებული. საზოგადოებაში, სადაც პატიოსნება სუფევს, ყოველი საქმე წარმატებულია, ხოლო, სადაც იგი არ არის, იქ ადამიანის ცხოვრება გატანჯულია.