რისი ეშინია ქალს, რომელსაც იდეალური ქმარი ჰყავს
სხვისი ბედნიერება ყოველთვის უფრო „ბრჭყვიალებს“ და თვალს ჭრის. ამიტომაც, ხშირად შეუმჩნეველი რჩება რეალობა, რომელიც არცთუ მომხიბლავია და, მით უმეტეს, საერთოდ არ არის შესაშური. თქმა იმისა, რომ ვიღაცას იდეალური ქმარი ჰყავს და ძალიან გაუმართლა, უსამართლობაა. არავინ იცის, რა ღირს სხვისი „ბედნიერება“ ან, არის თუ არა ის ხელშესახები. იქნებ, იმ ბრჭყვიალა, მოკიაფე ბურთულას ჰგავს, რომელიც სწრაფად იმსხვრევა?! ფაქტი ერთია: არ არსებობენ ყველაფრით დადებითი ადამიანები. შესაბამისად, სხვისი ქმარი (ან – ცოლი) მხოლოდ „ღირსებების თაიგული” ვერ იქნება. ჯანსაღად შეაფასეთ სიტუაცია და, ნახავთ, რომ „იდეალური“ ადამიანების მეორე ნახევრებსაც უჭირთ; მათაც აქვთ პრობლემები და არცთუ იშვიათად, საკმაოდ სერიოზულიც. იმდენად სერიოზული, რომ თავისი „იდეალური“ პარტნიორისგან გაქცევასაც კი ფიქრობენ.
თინა (31 წლის): ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემზე უკეთესი ქმარი არავის ჰყავს. ჩემს ახლობლებს, ნაცნობებს, მეგობრებსა და უახლოეს დაქალებსაც კი, დღემდე ასე ჰგონიათ, მე კი მისგან გაქცევაზე ვოცნებობ და ეს ოცნება სულ უფრო ძნელად დასაძლევი ხდება. თუმცა, გარეშე თვალისთვის ყველაფერი ისევ ისე რჩება.
ჩემს ქმარზე ხშირად მეუბნებიან, რომ ის ძალიან კარგია, ჭკვიანი, ლამაზი, სერიოზული და წარმატებული. რომ ძალიან გამიმართლა. მე ჩუმად ვარ, ვუსმენ, ვუღიმი და ვერაფერს ვამბობ. პირი რომ გავაღო, ყველაფერი უნდა ვთქვა, რაც სინამდვილეშია, მაგრამ, ჯერ ვერ ვახერხებ ამას. თქვენთანაც ამიტომ მოვედი – ვიღაცასთან მაინც ხომ უნდა მოვყვე და დავიცალო?!
– ასე რთული სიტუაცია გაქვთ? ფარული მექალთანეა და გღალატობთ?
– არა, სულ სხვანაირად არის ყველაფერი. ისეთ ჭკუაზე მაყენებს, ლამის ღალატზე ვიფიქრო. ნორმალურ, ჩვეულებრივ მამაკაცთან მინდა ურთიერთობა.
– თქვენს ქმარს რა აქვს არანორმალური?
– მეტისმეტად უნაკლოა და იდეალური. არადა, როცა ცოლად მივყვებოდი, მეც სწორედ ამით ვიყავი მოხიბლული, როგორც ყველა სხვა, ვინც მას კარგად იცნობს. აბსოლუტურად სხვა ვინმეა. მისი იდეალურობა მხოლოდ გარსია, რომლის მიღმაც განსხვავებული ტიპი იმალება. არც აგრესიულია, არც სვამს, არც სკანდალს ტეხს და თითქოს არც არაფერში გზღუდავს, მაგრამ, რეალურად, მის გვერდით თავისუფლად სუნთქვა ჭირს. საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობ, ისე ვიცვლები. მაიძულებს, რომ შევიცვალო, სიტყვით კი არა, თავისი საქციელით. ერთი შეხედვით ამის მიხვედრა ძნელია და ამიტომაც ვერავის გავაგებინებ, რა არ მომწონს ჩემი ქმრის. თუმცა, „არ მომწონს” ცოტა ისეთი ნათქვამია, ამ სიტუაციისთვის შეუფერებელი. სხვათა შორის, დედაჩემი ხვდებოდა მისი „იდეალურობის“ ჭეშმარიტ სახეს, მაგრამ, ეს მაშინ იყო, სანამ ცოლად გავყვებოდი. ახლა ამბობს, უარესი მეგონა, აბსოლუტურად ასატანი ქმარი გყავს და ტყუილად ნუ იშლი ნერვებს, გაყრაზე არც იფიქროო. არადა, ისეთ მდგომარეობამდე ვარ მისული, დილაობით მისი სახის დანახვაც კი არ მინდა, რომ მთელი დღე მოშხამულმა არ ვიარო. ერთი წლის წინ თავი ყველაზე ბედნიერი ქალი მეგონა.
– ადამიანები, ზოგადად, არ იცვლებიან, მით უმეტეს – ერთ წელიწადში...
– ანუ, დამნაშავე მეც ვარ?! შეიძლება. ან დაბრმავებული ვიყავი, ან ისე ვერ ვაფასებდი ჩვენს ურთიერთობას, როგორც რეალურად იყო. ჩემი ქმრის პრინციპი, რომ იდეალური ურთიერთობა ოჯახში ერთმანეთისთვის ხელის არშეშლაა, მხოლოდ თავიდან აღმოჩნდა მისაღები, სანამ მის ვერაგ აზრს ჩავწვდებოდი. ისეთი სულელიც ვიყავი, რომ ჩემს მეგობრებსაც ვუმტკიცებდი, ცოლ-ქმარმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს ინდივიდუალობა და ერთმანეთში არ უნდა გაითქვიფონ-მეთქი. რამდენჯერ მიჩხუბია ამის გამო ჩემს მეგობრებთან, ვინ მოთვლის. ლამის დაგვიხოცავს ერთმანეთი. არადა, თურმე, როგორი მართლები იყვნენ ისინი და რა სულელი ვიყავი მე! რატომ ავყევი ჩემს ქმარს და რატომ მოვიტყუე თავი?! ამაზე არასდროს არავინ ამბობს მადლობას. იდიოტივით მიხაროდა, როცა ჩვენზე ამბობდნენ: „იდეალური წყვილი“, „მაღალი ურთიერთობები“, „განსაკუთრებული ცოლ-ქმარი“... არ მინდა ასეთი განსაკუთრებულობა; არ მინდა, რადგან, კარგი არაფერი მოაქვს. საკუთარ მაგალითზე გამოვცადე და ახლა სანანებლად მაქვს. ზუსტადაც, ცოლ-ქმარი „ერთ სულ და ერთ ხორც“ უნდა იყვნენ. არ შეიძლება უარყოფა და „ნოუ-ჰაუს“ გამოგონება, როცა გაქვს თვალსაჩინო ჭეშმარიტება. მე დამღალა ჩემი ქმრის მორალურმა შეგონებებმა, დამღალა მისმა ყალბმა სიმართლემ, მისმა მოჩვენებითმა იდეალურობამ. თუმცა, ყოველთვის არ არის ასეთი. სწორედ ესაა პრობლემა, რომ ცდილობს, საკუთარ თავს რაღაც დაუმტკიცოს, რაღაცაში არ გატყდეს და არ დანებდეს. ხომ ვითომ იდეალური ქმარია! არადა აკვიატებული აქვს ფრაზები „პირადი სივრცე“ და „ჰაერი თავისუფალი სუნთქვისთვის“. საშინელებაა, როცა ცდილობს, დაამტკიცოს, როგორი აუცილებელია ეს ყველაფერი პიროვნებისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, გამეგო მისი პრინციპების ლოგიკა, ახლა კი აღარ მაინტერესებს. სისულელე და სიყალბეა, ეს ყველაფერი თავისი ღალატის შესანიღბავად სჭირდება. ამას უკვე ვგრძნობ.
– იცით, რომ გღალატობთ?
– ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი აქვს. თუ არ გამოსდის, ეს მხოლოდ შესაფერისი მომენტის არარსებობის ბრალია. მაგრამ, ერთხელაც, გაუმართლებს. ყოველთვის ჩემს სასარგებლოდ არ მოხდება მოსახდენი. ფაქტობრივად, გარდაუვალის მოლოდინში ვარ. თან, გარშემო ყველა მიმტკიცებს, რომ იდეალური ქმარი მყავს. წარმოუდგენელი სურვილი მაქვს, დავანახვო ამ „იდეალურს”, რომ, სინამდვილეში, ცოლი ჰყავდა იდეალური და ვერ შეიფერა. მე არ მჭირდება „თავისუფალი სივრცე“ – რა არის ეს და რაში უნდა გამოვიყენო?! რით უნდა ამოვავსო თუ შევავსო – სხვა კაცებთან ფლირტით და რომანტიკული გატაცებით?! კაცი, რომელიც ცოლისგან ამ „თავისუფლებას“ ითხოვს, უკვე გასაგებია, რაც უნდა და რაზეც ოცნებობს. აქამდე რატომ ვერ ვხვდებოდი ამას, გაუგებარია. ან ძალიან დაკავებული ვიყავი ჩემი საქმითა და სამსახურით, ან – სირაქლემას პოზაში ვემალებოდი რეალობას. მე ხომ „იდეალური“ ქმარი მყავდა, რა შეეძლო მას დაეშავებინა?! არადა, აშავებდა რომელია... თავისი სიმშვიდით, უშფოთველობით, ვითომ ინტელექტით ნიღბავდა ჭეშმარიტ სახეს. რომანი ჰქონდა თავისი მეგობრის მდივანთან და იქაც „იდეალურს“ თამაშობდა. „გულს უჩუყებდა“ ყველას, რომ თითით საჩვენებელი, ცოლზე გადაყოლილი ქმარია, რომ მეუღლეს არასდროს მიატოვებს, ფლირტი და ოჯახს გარეთ ურთიერთობები მისთვის სერიოზული არასდროს იქნება.
– ამას ეუბნებოდა თავის საყვარელს?
– თავის საყვარელს რას ეუბნებოდა და რითი „აბოლებდა“, ნაკლებად მაინტერესებს. მთავარი ის არის, იმიჯს იქმნიდა ისეთს, რომ, განხეთქილების შემთხვევაში, ვერავის ეთქვა მასზე, რომ ცუდი ქმარია.
– როგორ გაიგეთ, რომ გღალატობდათ? დარწმუნებული ხართ, რომ არ ცდებით?
– მთავარი ის არ არის, მე რაში ვარ დარწმუნებული. კაცები ღალატობენ ცოლებს და მერე სინდისი აწუხებთ ამის გამო. თუ ოჯახის დანგრევა არ უნდათ, ბოდიშსაც კი იხდიან. ჩემი ქმარი ამაშიც გამორჩეულობას „აწვებოდა“. მან ღალატს განსაკუთრებული სახელი მოუგონა – „თავისუფალი სივრცე“! თუ ვინმეს ჩვენი წყვილი იდეალურად ეჩვენებოდა, ეს მარტო ჩემი დამსახურებაა. ჩემი – იმიტომ რომ, კარგა ხანს ბრმად მივყვებოდი, საშუალებას ვაძლევდი, ბოლომდე ეთამაშა იდეალური კაცის როლი. პრინციპში, ის ახლაც „იდეალური“ კაცია, მაგრამ, მე აღარ ვარ იდეალური ცოლი, აღარ მინდა! აშკარად ვაგებ ამით, ვზარალდები.
– ანუ, თქვენ ქმარს ღალატზე კი არ ედავებით, ისევ იდეალურის იმიჯი რომ აქვს, ამას ვერ პატიობთ?
– დიახ. როგორ შეიძლება, ასეთ მამაკაცს თავი ისევ მაღლა ეჭიროს და ზემოდან მიყურებდეს?! ისეთი შეგრძნება მაქვს, მადლობა უნდა ვუთხრა, პატივს რომ მდებს და ჩემი ქმარი ჰქვია.
– ამას თავად გეუბნებათ?
– აუცილებელი არ არის, ყველაფერი თქვა, თანაც, შეუძლია, ისე თქვას, სხვანაირად, მაგრამ, იგივე გამოვიდეს და გული გაგიხეთქოს. იდეალურობის რა მოგახსენოთ, დახვეწილი ნაძირალა კი ნამდვილად არის. იცით, როგორ მინდა, ჩვეულებრივი კაცი მყავდეს გვერდით?! ყველანაირი ორაზროვნების, ირონიის, ცინიზმის და იდეალურობის გარეშე. მართლა ძალიან მინდა, დედას გეფიცებით. დავიღალე ჩემი ქმრის სიტყვებისა და საქციელის გაშიფვრით. თან, რაც მთავარია, ასეთი არ არის, თამაშობს და ეს არის ყველაზე საშინელი. მთრგუნავს და მანადგურებს ამით. პოზა სხვების დასანახავად უჭირავს, რომ მაგარი კაცი და მაგარი ქმარია, თორემ, ფეხებზე ვკიდივარ.
– ადამიანი ყველაფრით დადებითი ვერ იქნება...
– გეთანხმებით. სწორედ მაგას ვამბობ, რომ ვერ იქნება და ჩემი ქმარი რატომ იქნებოდა გამონაკლისი, რატომ შევიქმენი ამის ილუზია?! ჩვენ, იდეალურ წყვილს – როგორც ყველას ჰგონია, რომ ასეთები ვართ, ძალიან მძიმე, საშინელი პრობლემები გვაქვს. შეიძლება, თვითონ ჰგონია, რომ არ გვაქვს, მაგრამ, რეალობა სხვანაირია. გული მტკივა ყოველ წუთს, ყოველდღე. იშვიათი ნიჭი აქვს, გაგსრისოს თავისი „იდეალურობით“... მაიძულებს, არაფერი შევიმჩნიო და მეც ვითამაშო, ვითომ ძალიან ბედნიერი ვარ. ფსიქოლოგიურად ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს. ახლა რომ ვინმე გამოჩნდეს და, უბრალოდ, მხარზე თავის მიყრდნობის საშუალება მომცეს, უკან არ დავიხევ. ეს ძალიან მჭირდება.
– ანუ, სხვა მამაკაცს გულისხმობთ?
– დიახ. ჩემს ქმართან ეს გამორიცხულია. არ მიშვებს იქამდე, რომ ნორმალური, ადამიანური ურთიერთობა გვქონდეს. „თავისუფალი სივრცე“ რომ შეეზღუდოს?! დარწმუნებული ვარ, მას ის ქალებიც ფეხებზე ჰკიდია, რომლებთანაც ფლირტი აქვს. ისინიც ვერ ხვდებიან, რა იმალება ამ კაცის „იდეალურობის“ მიღმა.
– არასოდეს გილაპარაკიათ ქმართან?
– რაზე, ჩემს განცდებზე? როგორ არ მილაპარაკია, მაგრამ, არანაირი შედეგი. შევთავაზე, ბოლოს და ბოლოს, გავცილდეთ-მეთქი. ერთი შვილი მყავს და არ გამიჭირდება მისი გაზრდა. სანამ კიდევ შემრჩა ძალა და სულ არ დამენგრა ნერვული სისტემა. აჯობებს, მარტო ვიყო. იქნებ, ახალი ცხოვრებაც დავიწყო იდეალურ კი არა, ჩვეულებრივ კაცთან. რაში მჭირდება ქმარი, რომელიც თან მყავს, თან არ მყავს?! საშინელებაა. მისი იმედი ერთ ნაბიჯზეც არ მაქვს. რამე რომ გამიჭირდეს, სულერთია, უფრო კი პირადულს ვგულისხმობ, მასთან არ მივალ და შველას არ ვთხოვ, გამორიცხულია. შეურაცხყოფა რომ მომაყენოს ვინმემ, ქმარს არ ვეტყვი. ვიცი, რომ ისეთი რეაქცია არ ექნება, როგორიც ნორმალურ მამაკაცს უნდა ჰქონდეს. დაიწყებს ფილოსოფოსობას და უარესად დამაწყვეტს ნერვებს. კაცურად კი არ გაიქნევს მუშტს, ამ შემთხვევაშიც შეეცდება, იდეალური გამოჩნდეს. გულს მირევს მისი ეს პოზა.
– იქნებ, ბუნებრივად ასეთია?!
– არა, არ არის ასეთი, ხელოვნურია. ვფიქრობ, რაღაც კომპლექსია. ერთგულებას „აწვება“ და არ არის ერთგული; „კარგი ტიპი“ ჰგონია საკუთარი თავი და არ არის „კარგი ტიპი“. მიმტკიცებს წესიერი ვარო და მოკლეკაბიანი ქალის დანახვაზე სახე „ებრიცება“. ებრძვის საკუთარ თავს და აიძულებს, იყოს ის, რაც სინამდვილეში არ არის. ეს კი ისეთი დისკომფორტია ჩემთვის, ცუდად ვარ. აი, მე არ დავიჭერ პოზას და, როგორც კი ვუღალატებ, მაშინვე ვეტყვი. ალბათ, სიხარულსაც ვიგრძნობ, როცა მის „იდეალურ“ სახეს დავინახავ – უკვე ამ ზომამდე ვარ მისული.