ვის მიულოცა კათოლიკური შობის ნაცვლად აღდგომის დღესასწაული კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ და რა კავშირი ჰქონდა მას კოსოვოს მაფიოზურ კლანებთან
ოთხი წლის წინ გართიანებული ერების ორგანიზაციის ოთხმოცდაათმა სახელმწიფომ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა და ახალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჰაშიმ ტაჩი „სახელმწიფო მოღვაწეების” არაოფიციალური კლუბის წევრი გახდა. ტაჩის მეტსახელია „გველი” და მისი პიროვნება მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და ოდიოზურ ფიგურადაა მიჩნეული. მსოფლიოში არცთუ ბევრია პოლიტიკოსი, რომელსაც იმდენ ბრალდებას უყენებდნენ, რამდენსაც ჰაშიმ ტაჩის. „თბილისელების” ამ ნომერში კოსოვოს პრემიერ-მინისტრის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.
* ჰაშიმ ტაჩი 1968 წლის 24 აპრილს დაიბადა სოფელ ბროკნაში, სრბიცას მუნიციპალიტეტში, კოსოვოს ავტონომიურ ოლქში, რომელიც სერბეთის შემადგენლობაში შედიოდა იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის ფარგლებში. ტაჩის ახალგაზრდობის შესახებ რამდენიმე ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი ფაქტი არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, მან საშუალო განათლებაც კი ვერ მიიღო სრულყოფილად, სამაგიეროდ, სრბიცას – მთვრალი დებოშებითა და კოსოვოს – მიტროვიცეს ბაზარში გამყიდველ-მყიდველთა ძარცვა-დაყაჩაღებით დაამახსოვრა თავი. ტაჩის ოპონენტების თქმით, ის უკანონო ბანდფორმირებების ორგანიზატორი და ლიდერი იყო. მეორე ვერსიით კი, რომელსაც კოსოვოს მხარე ავრცელებს, ტაჩიმ პრიშტინას უნივერსიტეტი დაამთავრა ისტორიისა და ფილოსოფიის სპეციალობით, ხოლო მოგვიანებით, ციურიხის უნივერსიტეტში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებს შეისწავლიდა.
* ცნობილია, რომ ტაჩის პრიშტინას უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, 1989 წელს, სერბეთის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა კოსოვოს ავტონომია ჩამოართვა. ამის გამო, ჰაშიმი კოსოვოელი ალბანელი სტუდენტებისგან შემდგარი ანტისერბული მოძრაობის წევრი გახდა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო. 1992 წლიდან ჰაშიმ ტაჩი მონაწილეობდა უკანონო ბანდფორმირებების საქმიანობაში კოსოვოს ტერიტორიაზე. ცნობილია, რომ მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ტერაქტი, სერბულ სოფელ გლოგოვაცში, რომლის შედეგად სამი სერბი პოლიციელი დაიღუპა. იმავე წელს ტაჩიმ შვეიცარიას შეაფარა თავი და ციურიხში დააარსა მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგიის რადიკალური მოძრაობა „კოსოვოს სახალხო მოძრაობა”. ამ მოძრაობის ბაზაზე, მოგვიანებით, ჰაშიმ ტაჩიმ ჩამოაყალიბა კოსოვოს გათავისუფლების არმია და სწორედ იმ პერიოდში, მისმა თანამებრძოლებმა მას მეტსახელად „გველი” უწოდეს.
* 90-იან წლებში ჰაშიმ ტაჩის მჭიდრო კავშირი ჰქონდა ალბანეთის, მაკედონიისა და ჩეხეთის კრიმინალურ დაჯგუფებებთან. მისი და კი გავლენიანი ალბანელი მაფიოზის მეუღლე გახლდათ. სხვადასხვა ვერსიით, ტაჩი კოსოვოს კრიმინალური ბიზნესის 10-15 პროცენტს პირადად აკონტროლებდა. ეს იყო: პროსტიტუცია, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობა, თამბაქოს კონტრაბანდა, ავტომობილების გატაცება და ბენზინის ბიზნესის დატერორება. ტაჩის მიერ დაფინანსებული და შექმნილი შეიარაღებული ბანდფორმირებები საბრძოლო წვრთნას ალბანეთის ტერიტორიაზე გადიოდნენ და პერიოდულად დივერსიულ თავდასხმებს აწყობდნენ კოსოვოს ტერიტორიაზე. ჰაშიმ ტაჩის ერთ-ერთ ცნობილ იდეად „დიდი ალბანეთის” შექმნა მიიჩნევა, რომლის შემადგენლობაშიც ალბანეთი, კოსოვო, მაკედონიის ნაწილი, სერბეთი, ჩერნოგორია და საბერძნეთი უნდა შესულიყვნენ. სხვათა შორის, სწორედ ჰაშიმ ტაჩის ავტორიტეტის შედეგად, ისლამისტების გავლენა სეპარატისტულ მოძრაობაზე მინიმუმამდე დაეცა და მათი როლი კოსოვოს მოვლენებში თითქმის შეუმჩნეველია.
* 1997 წელს ჰაშიმ ტაჩის სერბულმა მხარემ ტერორიზმში დასდო ბრალი და მასზე ძებნა გამოაცხადა. პრიშტინის სასამართლომ მას დაუსწრებლად ათწლიანი პატიმრობაც კი გამოუწერა, თუმცა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო. 1999 წელს ჰაშიმ ტაჩი კოსოვოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საველე მეთაურად იქცა და რიგ საერთაშორისო მოლაპარაკებებში წარმოადგენდა დამოუკიდებელი კოსოვოს მხარეს, იგი ნელ-ნელა კოსოვოს „ნათლიმამადან” პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. როდესაც ნატოს ბომბდამშენებმა ბელგრადის დაბომბვა დაიწყეს და იუგოსლავიას კოსოვოს რეგიონისთვის აღარ ეცალა, ჰაშიმ ტაჩიმ ყოფილი ავტონომიის მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო და მას შემდეგ, ფაქტობრივად, კოსოვოს ერთპიროვნულ მმართველად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ტოვებდა მაღალ თანამდებობებს. თუმცა, მალევე იბრუნებდა გავლენას.
* არსებობს ვერსია, რომ 90-იან წლებში სამხედრო აღჭურვილობისა და შეიარაღების მოპოვებაში, კოსოვოს გათავისუფლების არმიას და პირადად ჰაშიმ ტაჩის, ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის დირექტორი, ეთნიკური ალბანელი, ჯორჯ ტენეტი ეხმარებოდა. ცნობილი ფაქტია, რომ კოსოვოელი ალბანელი მებრძოლები ამერიკულ და გერმანულ სამხედრო ამუნიციას ატარებდნენ.
* ჰააგის ტრიბუნალის ყოფილმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ გამოსცა წიგნი – „ნადირობა”, სადაც იმ უკანონო ქმედებებზეა საუბარი, რასაც ჰაშიმ ტაჩის ბანდფორმირებები სჩადიოდა. კერძოდ, – ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაზე. დელ პონტეს მოყვანილი აქვს ფაქტები, როცა კოსოვოელ მებრძოლებს ალბანეთის ტერიტორიაზე გადაჰყავდათ ტყვედ აყვანილი სერბები. იქ მათ უტარებდნენ ოპერაციებს, აჭრიდნენ ორგანოებს და შემდგომ „შავ ბაზარზე” ჰყიდდნენ. დელ პონტეს ვერსიით, ამ ოპერაციებს პირადად ჰაშიმ ტაჩი ხელმძღვანელობდა და მოგების სახით გაყიდული ორგანოებიდან 80 პროცენტს იღებდა. იგივე ბრალდებებზე ტაჩის მისამართით გაამახვილა ყურადღება შვეიცარიელმა სენატორმა დიკ მარტიმ. თუმცა, მის და დელ პონტეს ბრალდებებს ტაჩის წარმომადგენლებმა აბსურდი უწოდეს. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, ადამიანის თირკმელებითა და ღვიძლით ვაჭრობიდან ტაჩიმ 4 მილიონი გერმანული მარკა მიიღო. ამ ბრალდებების გამო, სერბეთში ჰაშიმ ტაჩის რამდენიმე მეტსახელი მოუგონეს: „ჰაშიმ-მფატრავი”, „კაციჭამია”, „დონ ტაჩი” და სხვა.
* ჰაშიმ ტაჩის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩამოყალიბდა კოსოვოს სადაზვერვო სამსახური, რომელიც ამავე დროს, კონტრდაზვერვასთან ერთად, ნარკოტრაფიკთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით დაკავდება. იმავე პერიოდში ტაჩის ინიციატივით ჩამოყალიბდა კოსოვოს რეგულარული არმია, სადაც 2 500 ჯარისკაცი ირიცხება.
* თბილისის მსგავსად, კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამ გზით კოსოვოელებმა მადლიერება გამოხატეს ბუშის ადმინისტრაციის მიმართ, იმის გამო, რომ მან შეუწყო ხელი სერბეთის ჯარების გაყვანას კოსოვოდან და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებაზე მუშაობა სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო.
* 2011 წლის კათოლიკურ შობაზე, 25 დეკემბერს, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ მისალოცი ბარათი გააგზავნა ვატიკანში და კათოლიკეებს შობის ნაცვლად, შეცდომით, აღდგომა მიულოცა. „აღდგომა უდიდესი კათოლიკური დღესასწაულია და მინდა, ყველა კათოლიკეს ვუსურვო მშვიდობა”, ეწერა ტაჩის მისალოც, საშობაო ბარათში.
* ჰაშიმ ტაჩი დაქორწინებულია და სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, 2 შვილი ჰყავს. მისი მეუღლე და შვილები გარკვეული პერიოდი შვეიცარიაში ცხოვრობდნენ, თუმცა დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომ, 2008 წლიდან, კოსოვოში დაბრუნდნენ. ჰაშიმ ტაჩი გერმანულ და ინგლისურ ენებს ფლობს თავისუფლად და უყვარს ფეხბურთი.