კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დასაჯა სპარსეთის იმპერიამ ორი საუკუნის წინათ საქართველო რუსეთთან კავშირის გამო და როგორ აპირებს რუსეთი ოცდამეერთე საუკუნეში საქართველოს დასჯას თურქეთთან სიახლოვის გამო

ის, რომ ჩვენი ქვეყანა გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა და ამიტომაც მის გამო დიდი იმპერიები ყოველთვის ეჭიდავებოდნენ ერთმანეთს, ლამის დაბადებიდანვე ვიცით; როგორც ის, რომ, მიუხედავად ოცდამეერთე საუკუნისა, ეს რეალობა არ იცვლება. უფრო მეტიც, თვით ამ ტექნოლოგიების გარღვევის ეპოქაშიც კი, ჩვენთან საუკუნეების წინანდელი რეალობაა: მოქმედი გმირებიც კი არ იცვლებიან. გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს თურქეთი და რუსეთი ეცილება და, კაცმა რომ თქვას, არც ირანია ამ თამაშში ჩართვის უარზე (ჯერჯერობით დასავლეთთან ბირთვული საკითხის გარკვევა რომ არ უშლიდეს ხელს). თანამედროვე ეპოქისთვის უჩვეულო ამ ისტორიულ-პოლიტიკური დეჟავუს შესახებ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორსა და უნივერსიტეტში არსებული რუსეთის კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელ სიმონ კილაძეს გავესაუბრეთ.

– ჩვენ არ ვართ ერთადერთი რეგიონი დედამიწაზე, რომელიც იპყრობდა დიდი იმპერიების ყურადღებას, მაგრამ თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად დალაგდა, ამა თუ იმ ბანაკშია, პოლონეთიც კი, რომელიც სამ ქვეყანას ჰყავდა გახლეჩილი, ჩვენ კი ისევ იქ ვართ, პრობლემების მხრივ, სადაც საუკუნეების განმავლობაში ვიყავით. როდიდან იწყება ეს ჩვენი საბედისწერო ისტორია?
– რასაკვირველია, კავკასიის გარდა მსოფლიოში კიდევ არის ადგილები, სადაც პრობლემატურია სახელმწიფოს ორიენტაცია, მაგრამ კავკასია, ალბათ, მაინც სხვებისგან განსხვავებულია, იმიტომ რომ აქ ყველაზე უფრო მწვავედაა გამოხატული დიდი სახელმწიფოების კონკურენცია კავკასიის დასაპატრონებლად.
– რადგან მკვეთრი საზღვარია ცივილიზაციათა შორის?
– დიახ, კავკასია ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც ერთმანეთს კვეთს დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციები. ასე იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაწყებული და, განსაკუთრებით, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან. ქართულ სახელმწიფოებს მაშინაც ჰქონდათ პრობლემა, საით აეღოთ ორიენტაცია: აქეთ ბიზანტია იყო, იქით –  სპარსეთი. მაგრამ ეს პრობლემა, განსაკუთრებით, გამწვავდა მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში, როდესაც სპარსეთი გაძლიერდა, დასავლეთით –  ოსმალეთის იმპერია და ჩრდილოეთიდან მოახლოვდა რუსეთი.
– მეთოთხმეტე საუკუნიდან იღებს სათავეს ამ სამის ინტერესების ჭიდილი?
– უფრო ზუსტად, მეთხუთმეტე საუკუნიდან, როდესაც ოსმალეთის იმპერია ძლიერდება. მას უკვე აღებული აქვს კონსტანტინოპოლი და მთლიანად ბიზანტიის ტერიტორია.
– ანუ იმ დროიდან, როდესაც ჩვენი მაშინდელი მოკავშირე დასავლეთი, ბიზანტიის სახით, დაეცა?
–  როდესაც ბიზანტია დაეცა, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო იყო, რუსეთი იმ პერიოდში ჯერ შორს იმყოფებოდა და ჩვენ დავრჩით ორ მუსლიმანურ სახელმწიფოს შორის. განსაკუთრებულად დაიძაბა ვითარება მეთექვსმეტე საუკუნეში, როდესაც 1555 წელს ოსმალეთის იმპერიამ და სპარსეთმა ამასიის ზავით საქართველო შუაზე გაიყვეს. ოსმალეთს ერგო დასავლეთი საქართველო, სპარსეთს –  აღმოსავლეთი. აი, მას შემდეგ საქართველო ერთიანი სახელმწიფო აღარ არის და ქართული სამეფო-სამთავროები, ვერ ვიტყოდი, რომ კოლონიისა და პროვინციის სტატუსით, მაგრამ ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ სპარსეთთან და ოსმალეთთან. თუმცა, მაგალითად,  ოსმალეთის იმპერია დასავლეთ საქართველოს განიხილავდა თავის ნაწილად და მას გურჯისტანის ვილაიეთი ერქვა. თუ გავიხსენებთ, რომ, მაშინდელი სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობით, ოსმალეთის იმპერია ვილაიეთებისგან შედგებოდა, ესე იგი, დასავლეთი საქართველო მის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა ჰქონდა თავისი სპეციფიკა, სარგებლობდა გარკვეული ავტონომიით. ასევე, კახეთისა და ქართლის სამეფოებსაც ჰქონდათ თავიანთი პოლიტიკის გატარების უფლება. ეს პერიოდი ძალიან მწვავე და მძიმე იყო საქართველოსთვის, იმიტომ რომ ქართულ ხელისუფლებებს უწევდათ მოქნილი პოლიტიკის წარმოება და ბალანსის დაცვა. მაგრამ ბალანსის დაცვა ძალიან ძნელი იყო, იმიტომ რომ ორ მუსლიმანურ სახელმწიფოს მარწუხებში ჰყავდა მოქცეული საქართველო. თუმცა იმ პერიოდში, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში რუსეთი წამოვიდა კავკასიისკენ. რუსეთის ქმედებას ნუ ჩავუღრმავდებით: მას თავისი ინტერესები ჰქონდა.
ის უპირისპირდებოდა ოსმალეთის იმპერიას, სპარსეთს, ინდოეთს პეტრე პირველის დროს, რომელსაც თბილ ზღვებზე გასავლელი უნდოდა. მაგრამ აი, ამ მომენტში როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს პოლიტიკა? თანამედროვე და უფრო ადრინდელი მეცნიერებიც, რომლებიც იკვლევდნენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებს, სხვადასხვა პრინციპსა და თვალსაზრისზე იდგნენ და დგანან. რატომ აიღო ერეკლე მეორემ ორიენტაცია რუსეთზე?
– თან მანამდე ჰქონდა ვახტანგ მეექვსის მაგალითი, რომელიც მოატყუა პეტრე პირველმა, შეატოვა სპარსელებს და იმ შტომ საერთოდ დაკარგა ქართლ-კახეთის ტახტი.
– მაგრამ ერეკლე მეორემ ეს გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა. რატომ აირჩია მან, მაინცდამაინც, რუსეთი? რას შეჰპირდა რუსეთი ასეთს საქართველოს? ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი დღესაც ამბობს, რომ მაშინ იყო ალტერნატივა, რომ საქართველო რუსეთის ნაცვლად ან სპარსეთთან ყოფილიყო, ან ოსმალეთთან. დღევანდელი გადასახედიდან ძალიან იოლია ამის თქმა, მაგრამ, აბა, დროის მანქანით გადავიდეთ მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში, როდესაც საქართველო თითქმის გაპარტახებული იყო და შემდეგ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე.
– ერეკლეზე უკეთ ვინ იცოდა, რა ხალხი ებარა და რისი იმედი უნდა ჰქონოდა მათგან.
– ყველაზე ობიექტური იმ პერიოდის შეფასებისას არის სწორედ იმ პერიოდის ადამიანი, რომელიც საკუთარ ტყავზე განიცდიდა, რაც ხდებოდა. მაშინვე იყო შემოთავაზებები, როგორც კი ერეკლემ გეზი „ერთმორწმუნე“ რუსეთისკენ აიღო, თუმცა რუსეთი მართლაც ერთმორწმუნეა.
– მართლმორწმუნესავით არ იქცევა ოღონდ.
– მართალია. როდესაც ერეკლემ გეზი რუსეთისკენ აიღო, სპარსეთიც და ოსმალეთიც დაფაცურდნენ. ორივემ მიუგზავნა თავისი ელჩობები და სთხოვეს, ყველანაირად ვეცდებით, მოგიგვაროთ პრობლემებიო. განსაკუთრებით ოსმალეთი აქტიურობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ერეკლე მეორემ მაინც რუსეთი არჩია, თუმცა, როგორც ვთქვით, უკვე ჰქონდა გამოცდილება, რომ რუსეთი ბევრ რამეში გვატყუებდა, თავის ინტერესებს ემსახურებოდა და კრიტიკულ მომენტში საქართველოს ბედი ფეხზე ეკიდა. ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში დაწერა ნიკოლო მაკიაველმა სქელტანიანი წიგნი, თუ როგორ უნდა ემოქმედა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში და როგორ გადაერჩინა თავი. რასაკვირველია, მაშინ სხვა სიტუაცია იყო და დღეს სხვა ვითარებაა, მაგრამ ქართველმა მეცნიერებმა განვლილი 20 წლის განმავლობაში ეს საკითხი კარგად დაამუშავეს. მსოფლიოში ბევრი მცირე სახელმწიფოა: ზოგი ძლიერია ეკონომიკურად, ზოგი ნორმალურად ცხოვრობს, ნაწილი ჩამორჩენილია, მაგალითად, აფრიკის ქვეყნები, მაგრამ საქმე ის არის, რომ თვითგადარჩენის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. დღეს თვითგადარჩენის მეთოდია მოქნილი პოლიტიკა, მოქნილი დიპლომატია და შინაგანი სიმტკიცე, მაგრამ მეთვრამეტე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი ხმალზეა დამოკიდებული, როდესაც ადამიანის ცნობიერება მიჩვეული იყო ომებს, იმას, რომ ვიღაც აუცილებლად მოკვდება, სხვა ცნობიერება იყო. ქართველი ხალხი ნადგურდებოდა მტრის შემოსევებისას: თავს დაუფიქრებლად სწირავდნენ, იმიტომ რომ მაშინ ასეთი მენტალიტეტი იყო ჩამოყალიბებული. დღეს კი, ოღონდაც ომი არ იყოს და თითქმის ყველაფერზე თანახმა ვართ. იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი სიტუაცია მაშინდელისგან განსხვავდება, თუმცა პრობლემა იგივე დგას: თვითგადარჩენა. თვითგადარჩენის მაშინდელი პრინციპი იყო რომელიმე ძლიერ სახელმწიფოსთან კავშირის დამყარება და რაღაცის დათმობა თავის გადარჩენის სანაცვლოდ. ერეკლე მეორემ თვითგადარჩენის აი, ასეთი მეთოდი აირჩია, როდესაც რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი დადო. იმ პერიოდში ბევრი მსგავსი ტრაქტატია დადებული და ზოგიერთი ამაზე უარესიც. ერთი მხრივ, ტრაქტატში ჩაწერილი იყო, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებდა, ანუ საქართველოსთვის დადებით ნაბიჯს გადადგამდა და ეს რუსეთმა, ასე თუ ისე, განახორციელა. მაგრამ როგორ შეაფასეს ეს შემდეგ ჩვენი ერის დიდმა მოაზროვნეებმა ილიამ, აკაკიმ? ერთი მხრივ, დადებითად, მაგრამ –  რუსეთმა ხორცი გადაგვირჩინა და  სული ჩაგვიკლაო. რუსეთი თავისი ძლიერი ეკლესიითაც გვჩაგრავდა: ავტოკეფალია გაგვიუქმა. ჩვენ ფიზიკურად გადავრჩით რუსეთისკენ ორიენტაციით...
– მაგრამ ის იყო გაურკვეველი, ვინ ვიყავით ეს გადარჩენილები?
– დიახ. ტერიტორიებიც შემოიერთა რუსეთმა, თუმცა, უფრო ზუსტად, თავის იმპერიას შეუერთა. ამდენად, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ რუსულ ორიენტაციას საქართველოსთვის ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები. მაგრამ ეს მაინც ისტორიაა, თუმცა შედეგებს დღემდე ვიმკით, ოღონდ ამის შეცვლა უკვე შეუძლებელია. მთავარია, ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული სახელმწიფო ორიენტაციის მხრივ წარსულში, აღარ გავიმეოროთ.
– მას შემდეგ ორი საუკუნე გავიდა, ჩვენ ისევ იქ ვართ და ისევ იმ სამთან ერთად?
– სახელი შეეცვალათ, თორემ თურქეთი და ირანი ისევ მუსლიმანურ ქვეყნებად დარჩნენ, თუმცა, რასაკვირველია, თანამედროვე საერთაშორისო სისტემის, კაცობრობის განვითარების შედეგად ირანი ის აღარ არის, რაც სპარსეთის იმპერია იყო, ისევე, როგორც თურქეთის საგარეო პოლიტიკა არ არის ისეთი დამპყრობლური, როგორიც ოსმალეთის იმპერია იყო. თუმცა ირანი მაინც განსხვავებულია, ის თეოკრატიული სახელმწიფოა, თურქეთი კი –  უფრო საერო, მაგრამ იქაც შეიმჩნევა ისლამის მომძლავრების სიმპტომები. დღესაც ისევ მუსლიმანური სახელმწიფოები, თურქეთი და ირანი გვარტყია გარს, იქით კი, ჩრდილოეთიდან ისევ რუსეთია. მართლაც, წარსული მეორდება: დაახლოებით, იგივე სიტუაციაა, რაც მაშინ იყო. ჩვენ ბევრი სიმძიმე  და კონფლიქტი გამოვიარეთ ამ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო.
– ძმრად ამოგვადინა რუსეთმა, თუ, თავის დროზე, საკუთარი იმპერიისთვის სპარსეთსა და ოსმალეთს ქართული მიწები წაართვა.
– დიახ, შემდეგ ხან ისევ გადასცა თურქეთს, ხან ჩვენ დაგვიბრუნა. რუსეთის მეზობლობა ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის ჩვენთან მიმართებაში. ისიც ფაქტია, რომ არ გამოვა, ანგარიში არ გავუწიოთ თურქეთსა და ირანს. განსაკუთრებით, თურქეთს, იმიტომ რომ ირანი მოშორებითაა, უშუალოდ არ გვესაზღვრება. ზოგიერთი დღევანდელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ძალიან ვართ ინტეგრირებული თურქეთთან, ბევრ რამეზე ვხუჭავთ თვალს, ოღონდაც თურქეთთან, როგორც ნატოს ერთ-ერთ ძლიერ წევრთან, დავახლოვდეთ და ამიტომ კომპრომისებზე მივდივართ. ბევრი მათგანი ამბობს, რომ შეიძლება, დასავლური ორიენტაციის თურქულმა სეგმენტმა დაგვღუპოს იმავე აჭარასთან მიმართებაში, რომელსაც თურქეთი თავისად მიიჩნევს. ის ყოველთვის ცდილობდა მის მიერთებას და დღეს ჩუმად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით გვართმევს. არის მეორე მოსაზრება ირანთან დაკავშირებით: რომ არ უნდა დავიჭიროთ მასთან მტკიცე ურთიერთობა, რათა არ გავაბრაზოთ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი მოკავშირე.
– ახლახან თქვა ამერიკის ელჩმა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ უნდა, საქართველო ირანული კომპანიებისთვის იქცეს იმ ქვეყნად, სადაც ისინი თავს აარიდებენ საერთაშორისო სანქციებს.
– ამერიკის ასეთი განცხადება საჯაროდ გააკეთა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა ხდება კულისებს მიღმა. როდესაც რამდენიმე წლის წინათ ირანთან დაახლოება გადავწყვიტეთ, მაშინ გამოითქვა მოსაზრება, ვაითუ, ეს ამერიკამ არ მოგვიწონოსო, მაგრამ ეს ურთიერთობა დღემდე ვითარდება. თუმცა საქმე ის არის, თუკი სიტუაცია გამწვავდება და დასავლური სამყარო გადაწყვეტს ირანის მორჯულებას, ირანს  სპეციფიკური საგარეო პოლიტიკა გააჩნია, როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ? მთლიანად დაუჭიროს მხარი დასავლეთს? ირანს აქვს რაკეტები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას თავისუფლად მოსწვდება და ჩვენ ვიცით, როგორია რუსეთ-ირანის ურთიერთობები. ასე რომ, საქართველოს დიდი დაფიქრება მართებს. დღესაც მეორდება ძველი დილემა: ვისთან ერთად ვიყოთ, როგორი ფრთხილი ნაბიჯები გადავდგათ? ამ კითხვებზე რთულია ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. ბევრი მომენტია გასათვალისწინებელი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, დავაბალანსოთ ურთიერთობები. დღეს მეტ-ნაკლებად დაბალანსებული ურთიერთობა გვაქვს ირანთან და თურქეთთან, მაგრამ არ არის დაბალანსებული მესამე ძალასთან –  რუსეთთან. ორი საუკუნის წინათაც იგივე ძალები იყო ჩვენ გარშემო, მაგრამ, თუ მაშინ ოსმალეთთან და რუსეთთან დავაბალანსეთ ურთიერთობა, ირანთან ვერ შევძელით და თავს დაგვესხა. დღეს ვერ ვაბალანსებთ რუსეთთან, თუმცა ირანთან და თურქეთთან ვაბალანსებთ. ჩვენს საგარეო პოლიტიკას ყოველთვის აკლია ერთი კუთხე. ეს სამწუხაროა მცირე ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ამას ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყვება. მაგრამ ერთია საუბარი და მეორე –  რეალური პოლიტიკის მძიმე შედეგები, რომლებიც ისტორიამ მრავლად შემოგვინახა.
– დასავლეთის გამოჩენამ რაღაცნაირად შეამსუბუქა ჩვენი მდგომარეობა ამ ცალგვერდმორღვეულ სამკუთხედში?
– დასავლეთის აქტიურმა გამოჩენამ და მისმა ინტეგრაციამ კავკასიის საკითხებში შეასუსტა საფრთხე, მაგრამ, თუ ზოგადად ვილაპარაკებთ, დასავლეთის ფაქტორი ჩვენთვის ყოველთვის ნიშნავს გადამრჩენლის, მხსნელის სიმბოლოს. დღეს სიტუაცია ისეთია, რომ, თუ რაღაც მოხდება მსოფლიოში, ყველამ ყველაფერი იცის და ინფორმაციის გავრცელების სისწრაფეც ჩვენზე მუშაობს. რადგან სწრაფად იგებს მსოფლიო, სწრაფი დახმარებაც შეიძლება, მოვიდეს. ჩვენი პლუსები რეგიონში უფრო მეტია, ვიდრე დანარჩენების, იმავე თურქეთთან მიმართებითაც. თურქეთში უფრო და უფრო მატულობს ისლამის სიმპტომები ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს საგარეო პოლიტიკაზეც მოქმედებს. ასე რომ, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს დასავლეთს, საქართველოა.

скачать dle 11.3