ვინ არის ქალი, ვინც ნახევარი მსოფლიოს „დაზვერვა” მოასწრო, ყოველ წელიწადს თხოვდება და სად იხდის ის ღამეში 1 000 ევროს
ის წარმატებული ქალია, და ძალიან წარმატებულიც. საქმე, რომელიც სამწელიწად-ნახევრის წინ ნულიდან წამოიწყო, დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი და აღიარებული. მის მიერ დაარსებული, სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრს უკვე შვიდ ქვეყანაში აქვს გახსნილი ფილიალი. თუმცა, ეს ყველაფერი არაა – წინ ამერიკისა და აფრიკის აუთვისებელი ბაზარია, სადაც 33 წლის მარიამ კუკუნაშვილს უკვე კარგად იცნობენ. თავად ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანია, ჩვეულებრივი ქალური გატაცებებითა და „სისუსტეებით”. აქვს საკუთარი, „ოქროს წესები”, რომელსაც არასდროს ღალატობს და არც იმას მალავს, რომ ეს მისი წარმატების მთავარი „საიდუმლოა”, წარმატების, რომელიც მის ცხოვრებაში იოლად არ მოსულა...
მარიამ კუკუნაშვილი: პროფესიით ექიმი ვარ, განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ ბავშვობაში დაიწყო. ჩემი მშობლები ექიმები არ ყოფილან, დედა პედაგოგია, მამა – მხატვარი. სამაგიეროდ, ჩემი ორივე ბებია იყო დაკავშირებული მედიცინასთან – ექთნები გახლდნენ, ერთი სამშობიარო სახლის საოპერაციოში მუშაობდა, მეორე – რენტგენის განყოფილებაში. როცა პატარა ვიყავი, ხშირად დავყვებოდი მათ სამსახურში. უფრო მეტიც, ხელფასიც კი მქონდა, რომელსაც თურმე ბებია მიხდიდა, მაგრამ მე მაშინ ეს არ ვიცოდი. ჩემი სტიმული იყო ჩემი ხელფასი – ხუთი მანეთი, რომელსაც ძალიან პატარა ასაკში ვიღებდი (იცინის). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. იმ 1 200 ადამიანს შორის, ვინც იმ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, როგორც აბსოლუტური ხუთოსნობის დიპლომის მქონე, მე ვიყავი ერთადერთი, ვინც მიიღო უფასო გრანტი რეზიდენტურაში სწავლაზე. ჩავაბარე რეზიდენტურაში, პარალელურად მუშაობა დავიწყე რეანიმაციაში, ექთნად. მიწევდა მუშაობა ღამის ცვლაში. შემდეგ გადავედი ექიმ-რეზიდენტად. ექვსი წელი ვიმუშავე რეანიმაციული განყოფილების ექთნად, საკმაოდ რთული შრომა მიწევდა, მაგრამ იმ პერიოდში მივიღე დიდი გამოცდილება, რაც ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ, როცა ღამეებს ვათენებდი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, დღისით ვმუშაობდი საერთაშორისო პროექტებზე, რაც ძალიან საინტერესო მიმართულება აღმოჩნდა ჩემთვის. 2003 წელს, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს რეფორმა დაიწყო, მე დავინიშნე ჯანდაცვის რეფორმის კოორდინატორად ევროკომისიაში. ამის შემდეგ იყო ევროკომისიის სხვა პროექტები, ასევე მომიწია მუშაობა ამერიკის საელჩოს რამდენიმე პროექტზე, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამან განაპირობა ჩემი დაინტერესება ჯანდაცვის მენეჯმენტით, რომელიც ძალიან საინტერესო და ამოუწურავი სფეროა.
– პრაქტიკოსი ექიმის საქმიანობას იოლად შეელიეთ?
– სამი წელი ვიმუშავე ექიმ-რეზიდენტად. ვერ ვიტყვი, რომ ურიგო ექიმი ვიყავი, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მუდმივად სიახლეების ძიებამ, უფრო მეტი აზარტი და ხიბლი დამანახვა ამ სფეროში. ძალიან კომუნიკაბელური და კონტაქტური ვარ. იმის მიუხედავად, რომ ექიმის პროფესია ჩემთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საპატიო პროფესიად რჩება და უდიდეს პატივს ვცემ, ჩემს კოლეგებს, ექიმებს, არჩევანი სხვა მიმართულებაზე შევაჩერე, – ეს იყო სფერო ახალი პერსპექტივებით. იმავე პერიოდში ჩავაბარე მაგისტრატურაში ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ეკონომიკის განხრით. საკმაოდ კარგად შევისწავლე ბიზნესის თეორიული საფუძვლები. თუმცა, სწავლაზე ხელი დღემდე არ ამიღია. რამდენიმე დღეში მივემგზავრები ლონდონში, სადაც უნდა ჩავაბარო გამოცდა მანჩესტერის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, რომელიც ბიზნესსკოლების ტოპ-ათეულში ერთ-ერთი წამყვანია. ახალი წლიდან ორი წლის განმავლობაში ლონდონში მომიწევს ცხოვრება და სწავლა.
– თქვენ წამოიწყეთ სამედიცინო ბიზნესის ის სახეობა, რომელიც ჩვენთვის ძალიან ახალი იყო. როგორ შეძელით ასეთი წარმატებული კარიერის შექმნა?
– ეს იოლი ნამდვილად არაა. წარმატება ძალიან დიდი შრომისა და ბევრი ბარიერის გადალახვის შედეგად მოდის, ხანდახან გვიწევს საკუთარ თავთან ისეთი პრიორიტეტების დაყენება, რასაც ეწირება პირადი ცხოვრება, ოჯახის ინტერესები, თუმცა ალბათ, ამითაც ხდება ცხოვრება საინტერესო. ვერ ვიტყვი, რომ ქალისა და მამაკაცის ფაქტორი ბიზნესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ყველაფერი მაინც ადამიანზე, მის ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებული. მე, მაგალითად, ძალიან მიზანდასახული ვარ. როცა საქმეს ხელს მოვკიდებ, მისი გაკეთების გარდა, სხვა ალტერნატივა არ განიხილება. „არ გამოვა” – ჩემთან არ არსებობს (იცინის).
რაც შეეხება ბიზნესს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიზნესში მოვხვდი ცოტა უცნაურად, მაგრამ ალბათ, მაინც კანონზომიერად. როდესაც ოჯახი შევქმენი, გარკვეული პერიოდის შემდეგ წავაწყდი პრობლემას შვილის ყოლასთან დაკავშირებით. მე მჭირდებოდა ხელოვნური განაყოფიერების ჩატარება. თვითონ ვიყავი პაციენტი და თავად მე თვითონ მჭირდებოდა სუროგატი. პირადად აღმოვჩნდი პრობლემის წინაშე, რომ საქართველოში არ იყო საშუალება და მექანიზმი, მოიძიო სუროგატი. დღეს სამი შვილი მყავს – ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. სამივე სუროგატმა დედამ გამიჩინა. როდესაც საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი ესა თუ ის პრობლემა, მერე ყველაფერს სხვაგვარად უდგები, უფრო აცნობიერებ და სისხლხორცეულად ხარ ჩართული მასში. მე ხომ სწორედ საკუთარი პრობლემიდან დავუკავშირე ცხოვრება ამ სფეროს. ამიტომ, დღეს ძალიან ხარისხიან მომსახურებას ვთავაზობთ ჩვენს პაციენტებს. ეს ის სფეროა, სადაც კეთილსინდისიერი დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ბიზნესში პატიოსანი მიდგომა და რეპუტაცია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. მე ძალიან ვამაყობ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დიდი ქსელი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვიცნობენ ამ სფეროს წარმომადგენლები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ავსტრალიაში გაიმართა ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის ცენტრების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი კონგრესი, სადაც საკმაოდ დიდი აუდიტორიის წინაშე მომიწია გამოსვლა, მაგრამ, ეს დღეს, ყველაფერი კი დაიწყო ერთ პატარა ნაქირავებ ოფისში, ყოველგვარი ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის გარეშე. ამას მოჰყვა საკმაოდ ბევრი ბარიერი, გამოჩნდნენ თითქოს კონკურენტები, რომლებმაც ბრძოლა დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ. მაგრამ, მე მათთან ბრძოლას ვარჩიე საქმე მეკეთებინა. ბიოლოგიაში ხომ არსებობს ფოტოსინთეზი, როდესაც მცენარეები ნახშირორჟანგს იღებენ და ჟანგბადად გარდაქმნიან, ანალოგიურად, ადამიანმა ცუდი უნდა მიიღოს და დადებითად გარდაქმნას. ამას მე ადამიანურ ფოტოსინთეზს ვეძახი. ამგვარად ავარიდე თავი „ბრძოლას” კონკურენტებთან, რომელთაც არ მივიჩნევდი ჩემს მოწინააღმდეგეებად. წავედი უკრაინაში და იქ გავხსენი ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის ცენტრი, რომელიც დღეს წარმატებით მუშაობს. სამწელიწად-ნახევარი გავიდა და დღეს ჩვენი კომპანია გამართულად ფუნქციონირებს როგორც თბილისში, ასევე კიევში. გვაქვს ფილიალები ინდოეთში, სომხეთში, ესტონეთში, ტაილანდში და ჩვენი წარმომადგენლობა მუშაობს ისრაელში. უახლოეს მომავალში ვხსნით კლინიკებს პოლონეთსა და უზბეკეთში. ამ პერიოდში მაქვს საქმიანი მიმოწერა კენიის ჯანდაცვის მინისტრთან, სადაც ხელოვნური განაყოფიერება ჯერჯერობით განვითარებული არ არის.
– კიევი კიდევ აქვეა და გასაგებია, მაგრამ რატომ აირჩიეთ ინდოეთი და ტაილანდი, როგორ გარისკეთ ბიზნესის წამოწყება ასე შორს, იქ, სადაც არავის არ იცნობდით და არც კონტაქტები და ბიზნესგამოცდილება გქონდათ?
– მე არ ვფიქრობ, რომ ბიზნესში გადამწყვეტი გამოცდილებაა. მთავარია მიდგომა, სწორი მენეჯმენტი და ადამიანის ხასიათი. რა თქმა უნდა, უკრაინამ და საქართველომ, ისევე როგორც საერთაშორისო პროექტებში მუშაობამ, გარკვეული გამოცდილება შემძინა, თუმცა, მე მაინც ვთვლი, რომ იყო ლიდერი, მაინც ადამიანის ბუნებაა და ამას ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ ისწავლი. ერთ ხალისიან ისტორიას გავიხსენებ. ამაზე ჩემს ოჯახში ახლაც ბევრს ხუმრობენ. როცა პატარა ვიყავი, ჩემს სახლთან ახლოს, ტყეში იებს ვკრეფდი და მეზობლებს ვთხოვდი, ეს იები მაინცდამაინც ჩემგან ეყიდათ. ზაფხულში, როცა სკოლაში სწავლა მთავრდებოდა, მუშაობას ვიწყებდი ვაშლის, მოგვიანებით, ყურძნის კრეფაზე და იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ამის საჭიროება არ ჰქონდა, საკუთარ ფულს თავად გამოვიმუშავებდი. აი, ეს იყო ჩემი ბიზნესსაქმიანობის დებიუტი (იცინის).
როდესაც ინდოეთში ჩავედი, ეს იყო აბსოლუტურად უცხო სამყარო ჩემთვის, მივხვდი, რომ ბიზნესის ის დაწერილი თუ დაუწერელი წესები, რაც არსებობდა უკრაინაში, იქ არ გამომადგებოდა. მაშინ, როცა კიევში, სადაც ყველა ყველაფერს ართულებს თუ ფული არ გადაიხადე, საქმიან ურთიერთობაში საკმაოდ მკაცრი და კატეგორიული უნდა იყო, ინდოეთში სხვა თვისებებია საჭირო, რომ ადამიანებთან კონტაქტების დამყარება შეძლო. თუმცა, თავიდან, როცა ახალი ჩასული ვიყავი, ლამის ხელიც კი ჩავიქნიე. მაღალი კვალიფიკაციის იურისტის მოძებნაც კი პრობლემა აღმოჩნდა. ყველა იბრალებს, რომ პროფესიონალია (იცინის). გადიოდა დღეები და საქმის რეალურ გამკეთებელს ვერ ვპოულობდი. რვა თვე ტექნიკური საკითხების მოგვარებას და პროფესიონალი კადრების შერჩევას მოვანდომე. დღეს უკვე თბილისიდან ვმართავ საქმეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ადგილზე ჩასვლაც მიწევს ხოლმე. ძალიან მომეწონა ტაილანდი, ეს არის ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც არსებობს კანონი დონაციისა და სუროგაციის შესახებ. შესაბამისად, ეს ქვეყანა ძალიან დიდ ბაზარს ემსახურება. უშვილობა, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს ყველა ქვეყნის პრობლემაა. როდესაც მე ბაზრის შესასწავლად ჩავედი ჩინეთში, მალაიზიაში, ტაილანდში, ინდონეზიაში, გავითვალისწინე ამ ქვეყნების რელიგია, წეს-ჩვეულებები, ხალხის ფსიქოლოგია, ყველა დეტალი და ნიუანსი და არჩევანი ტაილანდზე გავაკეთე, რომელიც ღიმილის ქვეყანაა. იქ შენიშვნის მიცემისას ძალიან ფრთხილი უნდა იყო. თუ სადაც ხარ იმ ქვეყნის კულტურას არ ჩაწვდი, იქ მუშაობა ძალიან ძნელია. მაგალითად, ინდოეთში, სადაც მამაკაცის პრიორიტეტი დღემდე არსებობს, მე მათთვის ვარ თანასწორი საქმიანი პარტნიორი. ისინი ჩვეულებრივ სხდებიან ჩემთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან იციან, რომ სხვა ქვეყნებში ქალისა და მამაკაცის თანასწორობა საქმეში დაბალანსებული და დაცულია. მე პატივს ვცემ მათ კულტურას და იგივეს ვითხოვ მათგან. მაგალითად, როცა ინდოეთში ვარ, ხშირად მათ ეროვნულ ტანსაცმელსაც ვიცვამ, ეს ის წესია, სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი რომ უნდა დაიხურო (იცინის).
– ასე, „დაზვერვაზე” დადიხართ შორეულ სამხრეთ-აღმოსავლეთში და ქვეყანას, სადაც ბიზნესს წამოიწყებთ ასე არჩევთ?
– კი, ასე „დაზვერვით” შემოვიარე ნახევარი მსოფლიო (იცინის). არ დაგიმალავთ, მოგზაურობა ჩემი სისუსტეა. უკვე 50 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მაქვს სია, ასი ქვეყნის ჩამონათვალით, რომელიც ბოლომდე უნდა „ავითვისო” (იცინის). მოგზაურობა, რა თქმა უნდა, ძალიან მეხმარება როგორც საქმეში, ასევე, ეს არის ყველაზე დიდი რელაქსი ჩემთვის. როდესაც ვარ ინდოეთში, ხუთი დღით მაინც გადავდივარ მალდივებზე, თუ ტაილანდში ვარ, გადავდივარ სხვა კუნძულებზე – ულამაზესია ფიჯი, ბორა-ბორა, ფილიპინები. როდესაც რომელიმე ქვეყნაში ვარ, უკან წამოსვლისას ვცდილობ, იმ ქვეყნის გამოვლით დავბრუნდე, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ. მსოფლიოს თითქმის ყველა ულამაზეს კუნძულზე ნამყოფი ვარ. ორი თვის წინ ვიყავი კუნძულ ფალავანზე, სადაც მაგელანი მოკლეს. მეგობრები ხუმრობენ, ისე გიყვარს მოგზაურობა, მაგელანის კვალსაც კი გაჰყევიო (იცინის). მიყვარს აღმოსავლეთის და აზიის ხიბლი. გარდა იმისა, რომ ულამაზესი ეგზოტიკური ბუნებაა, არის არაჩვეულებრივი ოკეანის სანაპირო, სადაც ისეთი მდიდრული ვილები და სასტუმროებია, ასეთს ვერ მიაგნებთ ვერც ნიცაში და ვერც საბერძნეთის ცნობილ კურორტებზე. სეიშელზე, მალდივებზე ულამაზეს და ზღაპრულ სასტუმროებში ერთი ღამის ღირებულება 1 000 ევრო და მეტიც კია, მაგრამ ეს ის კომფორტია, რაზედაც უარის თქმა ძნელია. დამერწმუნეთ, იმ გარემოში ყოფნისას, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი. ეს გრძნობა მაქვს მაშინაც, როცა ვცურავ ინდოეთის ოკეანეში, სადაც განსხვავებული წყალია. ძალიან მიყვარს ცურვა და ოთხივე სტილს პროფესიონალურად ვცურავ, თუმცა, ოკეანეში ზვიგენებს მაინც ვერიდები (იცინის).
– ვინ არის თქვენი მთავარი პარტნიორი ასეთ მოგზაურობებში?
– ძირითადად, ჩემი მეუღლე. ის ყოველთვის გვერდით მიდგას და ძალიან მეხმარება. ჩემი მეუღლე ბანკირია. თუმცა, ბოლო, რამდენიმე თვეა, ჩვენ ერთად ვუძღვებით ამ ბიზნესს. საქმეში ყველაზე საიმედო მაინც მეუღლეა (იცინის). გარდა ამისა, ასევე, გვაქვს ოჯახური ტრადიცია და მე და ჩემი მეუღლე ყოველ წელიწადს ეგზოტიკურ კუნძულებზე ვქორწინდებით. ანუ, მთელი წელიწადი ის გულისფანცქალით ელოდება, გავყვები თუ არა კიდევ ცოლად და ანალოგიურად, მეც მოუთმენლად ველი მთხოვს თუ არა კიდევ ხელს. წლევანდელი ქორწილი იამაიკაზე გვაქვს დაგეგმილი. საქორწილო კაბას კი დათუნა სულიკაშვილთან ვიკერავ.
– როგორ ზრდით სამ შვილს, რომელთაც თქვენი ცხოვრება ყველა თვალსაზრისით რადიკალურად შეცვალეს?
– სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრების რეჟიმი არ მაძლევს საშუალებას, ბევრი დრო გავატარო შვილებთან. ბავშვებს, ძირითადად, ძიძები ზრდიან. თუმცა, ისინი არიან ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები. ახლა როცა უცხოეთიდან თბილისში ვბრუნდები, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ მათ. სულ მიკვირს, როგორი იყო ჩემი ცხოვრება მათ გარეშე (იცინის). დღეს ჩემი ცხოვრება ძალიან აზარტული და საინტერესოა. მე ჯანსაღი ცხოვრების წესის დიდი მოყვარული და აგიტატორი ვარ. ახლა ვმუშაობ და წლის ბოლოს გამოვცემ წიგნს, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა დიდხანს. რაც არ უნდა დაკავებული ვიყო, დღეში რამდენიმე საათს ვატარებ სპორტულ დარბაზში და აუზზე. საღამოს შვიდიდან თერთმეტ საათამდე ჩემი პოვნა მხოლოდ „ბენდუქიძის” კომპლექსში შეიძლება (იცინის). ახლა ოქროყანაში ვაშენებ ჩემი ოცნების სახლს, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთდება „ბასეინზე“ და გართობაზე. იქ ყველა სტუმარს შეეძლება თავისი გასართობი იპოვოს. ძალიან მიყვარს ადამიანები, მყავს დიდი სამეგობრო. მათთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. მე არ შემიძლია ცხოვრება მხოლოდ ორი მარშუტით: სახლი – სამსახური. ჩემი ოცნების სახლში იქნება ყველაფერი, მათ შორის პატარა სპორტული კლუბიც კი. მართალია, ოქროყანაში ინდოეთის ოკეანე არ მექნება, მაგრამ, სამაგიეროდ, მშობლიურ მიწაზე ვიდგები (იცინის).
– და სხვა ქალური სისუსტეები?
– ჩაცმა, შოპინგი, თავის მოვლა – ნამდვილად არის ჩემი სისუსტე, ის, რაზეც უარს ვერ ვამბობ, კარგი ბრენდებია. შოპინგზე ძირითადად ლონდონში დავდივარ, თუმცა კარგი ურთიერთობა მაქვს ჩვენს დიზაინერებთან, მათი მომხმარებელიც ვარ. აზიისადმი ჩემი დიდი გატაცების მიუხედავად, ლონდონი მაინც ჩემს უსაყვარლეს ქალაქად რჩება. მიყვარს იქაური კულტურა, კონსერვატიზმი. ამიტომაც, ახალი წლიდან მე, ჩემი მეუღლე და ჩემი სამი შვილი დროებით სწორედ ამ ქალაქს ავირჩევთ საცხოვრებლად (იცინის).