რაზე არ იტყვის ხატია ბრაჭული არასდროს უარს და როდის ჰგონია მას თავი ექიმი
ჩვენი რესპონდენტი თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ხატია ბრაჭულია. ხატიას ცხოვრება საკმაოდ შეცვალა სერიალმა „გოგონა გარეუბნიდან,” სადაც ის მარიკა ორაგველიძის გმირს ასახიერებს. მართალია, მას კამერასთან ურთიერთობა ადრეც ჰქონია და მის ანგარიშზე რამდენიმე ფილმი, რეკლამა და სერიალია, მაგრამ, პოპულარული მაინც მარიკას გმირმა გახადა. სერიალში ქასთინგის საშუალებით მოხვდა, თანაც, საკმაოდ უცნაურად.
ხატია ბრაჭული: თეატრალურ უნივერსიტეტში იყვნენ მოსულები, ირაკლი კაკაბაძე და ნიკა წულუკიძე და, ვინც მოეწონათ, კოორდინატები ჩაიწერეს. ქასთინგი ახალი წლის წინა დღეებში იყო და, რატომღაც, არ წავედი. მერე კიდევ დამირეკეს – იქნებ მოხვიდეთო და წავედი. ჯერ ქეთას როლზე უნდოდათ ჩემი დამტკიცება, მაგრამ, საბოლოოდ, მარიკას როლი მომცეს.
– მანამდე თუ იყავი ამ სერიალის მაყურებელი?
– ჩემზე მეტად, ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ ამ სერიალის აქტიური მაყურებლები, ყოველთვის უყურებდნენ.
– ეს სერიალი პირველია შენთვის?
– კამერასთან ურთიერთობა მანამდეც ბევრჯერ მქონია, რამდენიმე ფილმშიც მითამაშია, მაგრამ, ძირითადად, ეპიზოდურ როლებში. სერიალშიც მაქვს ადრე ნათამაშები და რეკლამებშიც ვარ გადაღებული.
– გადაღების პროცესი, ალბათ, ძალიან საინტერესოა.
– კამერასთან მუშაობაა ძალიან საინტერესო. სამწუხაროდ, ამას ჩვენს თეატრალურში არ გვასწავლიან და, ფაქტობრივად, აქ გავდივარ პრაქტიკას. ძალიან მომწონს, კარგი გარემოა, გართობაც არის თავის დროზე და, რა თქმა უნდა, ბევრი მუშაობაც.
– გადაღებებს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. როგორ ახერხებს თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი სწავლასთან ერთად ამ ყველაფერს?
– სხვათა შორის, თეატრალურში ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა სერიალის გადაღებების გამო, რადგან, ლექციების გაცდენა მიწევდა. ისეთი კონფლიქტური სიტუაცია შემექმნა გაცდენებთან დაკავშირებით, რომ ჯგუფიც კი შევიცვალე. სამწუხაროდ, რეჟისორმა არ შემიწყო ხელი, არადა, ვფიქრობ, შეეძლო, დამხმარებოდა. გული კი მეტკინა, ჯგუფიდან რომ წამოვედი, მაგრამ, არა უშავს, ხდება ხოლმე ასეთი კონფლიქტები რეჟისორებსა და მსახიობებს შორის.
– თუ სერიალი წარმატებულია, მასში მონაწილე მსახიობებიც საკმაოდ სწრაფად ხდებიან პოპულარულები. ალბათ, ხალხი გცნობს და უყვარხარ.
– ცნობილი სახე თვალსა და ხელს შუა გავხდი, რაც ძალიან სასიამოვნოა. ქუჩაში მივდიოდი და ბავშვები გამომეკიდნენ „მარიკას“ ძახილით. არც გამიხედავს, ვერ მივხვდი, მე თუ მეძახდნენ. მერე ავტოგრაფი მთხოვეს, რაც ძალიან გამიკვირდა, რადგან ჯერ კიდევ არ მქონდა ეს ყველაფერი გათავისებული. სხვათა შორის, ეს იყო ჩემი პირველი ავტოგრაფი. უკვე ნელ-ნელა ვეჩვევი ამ ყველაფერს. ძალიან სასიამოვნოა.
– რა საერთოა ხატიასა და მარიკას შორის?
– ჩემი გმირი თავისებური გმირია. მას ოჯახში არ გაუმართლა, რადგან შეყვარებულმა და დედამ უღალატეს – რომანი გააბეს. თან, თურმე, მამაც ღალატობდა. მოკლედ, ძალიან არეული ოჯახი აქვს. აი, მე კი ოჯახში ნამდვილად გამიმართლა, რადგან, ძალიან კარგი და ჰარმონიული ოჯახი მაქვს, მყავს მშობლები და და-ძმა. მე და მარიკა ხასიათითაც არ ვგავართ ერთმანეთს. ის ცოტა „სტერვაა“ და უყვარს ირონიულად ლაპარაკი. ერთმანეთს იმით ვგავართ, რომ ორივესთვის კარიერაა მნიშვნელოვანი. მარიკასგან განსხვავებით, მე ძალიან მხიარული ადამიანი ვარ. ერთ-ერთ სერიაში, ჩემი დაბადების დღის სცენაში, თუ გახსოვთ, ანეკდოტს ვყვები. ეს ანეკდოტი მართლა ჩემი ანეკდოტია, რომელიც სცენარისტებს მოეწონათ და ჩასვეს. ორად ორი ანეკდოტი მაქვს „ჩემი“, რომლებზეც მეცინება, სხვაზე არა.
– არ გიჭირს ამდენი სამედიცინო ტერმინის დამახსოვრება?
– თავიდან ძალიან მიჭირდა, რადგან სამედიცინო სფეროსთან ადრე არასდროს მქონია შეხება. ახლა კი უკვე ისე შევეჩვიე სამედიცინო ტერმინებს, რომ ხანდახან თავი ექიმი მგონია.
– ხომ არ ფიქრობ, რომ ექიმის პროფესია უფრო კარგი იქნებოდა შენთვის?
– არა, რადგან, როცა მსახიობი ხარ, შეიძლება, ყველა პროფესიის ადამიანი გახდე. თან, წინასწარ არ იცი, ვის როლს განასახიერებ.
– შეყვარებული ხარ?
– აღარ ვარ.
– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც შენს ყურადღებას მიიქცევს?
– მამაკაცმა ჩემი ყურადღება რომ მიიქციოს, უპირველესად, მამაკაცური თვისებები უნდა ჰქონდეს; აუცილებლად უნდა იყოს ჯენტლმენი და განათლებული; არ უნდა იყოს ერთფეროვანი. მამაკაცში ვიზუალს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას, მთავარია, ის თვისებები ჰქონდეს, რომელიც აღვნიშნე.
– ადვილია შენი გულის მოგება?
– გამომდინარე იქიდან, რომ შეყვარებული მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ჩემი გულის მოგება ადვილი ნამდვილად არ არის.
– როგორია შეყვარებული ხატია?
– ამ დროს, ალბათ, უფრო მეტი დადებითი მოდის ჩემგან.
– ცოტა უცნაური გვარი გაქვს, რომელიც პირადად მე პირველად გავიგე.
– არავის არ სჯერა, რომ ქართული გვარია. ერთმა ქალმა რომ მკითხა, სადაური გვარიაო, მოვატყუე, მთიულური და ნახევრად იტალიური-მეთქი. დამიჯერა. ყველას მოსწონს ჩემი გვარი.
– ოჯახში პირველი მსახიობი ხარ?
– დიახ, მე პირველი მსახიობი ვარ. ჩემი ოჯახის წევრებმა ბავშვობიდან შემაყვარეს ეს სფერო – არასდროს მაკლებდნენ კინოში თუ თეატრში სიარულს. მართალია, დედაჩემს არ ჩაუბარებია თეატრალურში, მაგრამ რომ ჩაებარებინა, დარწმუნებული ვარ, კარგი მსახიობი დადგებოდა მისგან. ძალიან ნიჭიერი ქალია.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– რაც მინდა და მსიამოვნებს, იმას ყოველთვის ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. უარს არასდროს ვიტყვი ჩემს პროფესიაზე, რადგან, ძალიან მიყვარს.
– არის შემთხვევები, როცა სხვა პროფესიის ადამიანებს მსახიობების გაგება უჭირთ და ამის გამო ურთიერთობაც არ ეწყობა. შენს პროფესიას შენთვის არ შეუქმნია მსგავსი პრობლემა?
– შეიძლება ითქვას, რომ არა, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად არ ყოფილა.
– მავნე ჩვევა გაქვს?
– ძალიან ცვალებადი ვარ და ვფიქრობ, ეს ჩემი მავნე ჩვევაა.
– ხასიათის ხშირი ცვალებადობა ხელს არ გიშლის?
– კი, როგორ არა.
– საკმაოდ აქტიური სტილით ცხოვრობ. პასიურ ადამიანებთან თუ შეგიძლია მეგობრობა?
– პასიურ ადამიანებთანაც არ მიჭირს ურთიერთობა, რადგან, ალბათ ყველა ჩემს განწყობაზე გადმომყავს. მყავს ერთი ბავშვობის დაქალი, რომელიც სულ მეუბნება, შენ რომ არ შეგეცვალე, ალბათ ასეთი ვერ ვიქნებოდიო.
– ფეთქებადი ხარ?
– კი, ძალიან. შეიძლება, უცებ ავფეთქდე, მაგრამ, საბედნიეროდ, წუთში ვწყნარდები.
– რას შეუძლია შენი წყობიდან გამოყვანა?
– შეიძლება, გამაღიზიანოს ადამიანების უხეშმა დამოკიდებულებამ. სხვა ისეთი არაფერი მახსენდება.
– სერიალი სეზონს როდის ხურავს?
– ეს სეზონი ივლისში დასრულდება და სექტემბერში ახალი სეზონი დაიწყება, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო იქნება.