კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა მგლების სამყაროში მოხვედრა მაია ყიფიანს და როგორ ცხოვრობს სომხური ელიტა

ალბათ, დამეთანხმებით, ქართულ ტელევიზიას, შოუ-ბიზნესს ნამდვილად დააკლდა, მაია ყიფიანის სილამაზე, შრომისმოყვარეობა და ის სიხარულები, რომლებსაც გამოცდილი, პროფესიონალი პროდიუსერი ყოველ ზაფხულს გვანიჭებდა. ქალბატონი მაია მეუღლესთან, არაიკ ბაბაჯანიანთან ერთად, ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს, აქტიურ საპროდიუსერო საქმიანობას ჩამოშორდა და, როგორც თავად ამბობს, ტკბება დასვენებითა და ბევრი თავისუფალი დროით.

 მაია ყიფიანი: გადასარევად ვცხოვრობ სიმშვიდეში, სიწყნარეში, ჩემს გემოზე. როცა მინდა, ვდგები, ვწვები და, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. ძირითადად, ისეთი საქმეებით ვარ დაკავებული, რაც ყოველთვის მიყვარდა. არასდროს შემეძლო ფულის კეთება იმ საქმით, რომელიც სიამოვნებას არ მანიჭებს, რაც უნდა დიდი ფული შემოეთავაზებინათ. ამიტომ, ვცდილობ, სულ ისეთი რაღაც გავაკეთო, რაც შემიძლია და რაშიც პროფესიონალი ვარ, მით უფრო – მოსკოვში, სადაც ძალიან დიდი საცდურებია. სულ გთავაზობენ ახალ-ახალ წინადადებებს. მაგალითად, ამას წინათ შემომთავაზეს თანამედროვე ხელოვნების გალერეაში მუშაობა. დაახლოებით ჩემი ასაკის ქალბატონი სჭირდებათ, გემოვნებიანი, კარგი კავშირებით და ჩემთვის ეს წინადადება ძალიან სასიამოვნო იყო. თან, ეს გალერეა ჩემს სახლთან ძალიან ახლოს არის, აი, იმ ავადსახსენებელ „ბალოტნაია პლოშადზე”, სადაც ახლა საგიჟეთია, მაგრამ, ჯერ არ დავთანხმებულვარ. კი, ხელოვნება, მხატვრობა მიყვარს, მაგრამ, თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტი ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, თუ დავთანხმდები, ბევრი რაღაცის სწავლა მომიწევს, მუშაობა საკუთარ თავზე...
– გალერისტობა ევროპაშიც და მოსკოვშიც საკმაოდ პრესტიჟულ საქმიანობად ითვლება.
– ასეა და, ამიტომაც უფრო მეტად ვფიქრობ პასუხზე. ჩემი მეუღლე თანამედროვე არტში კარგად ერკვევა და მეუბნება, რომ ყველაფერში მომეხმარება. ყველაფერთან ერთად, ეს ბიზნესია და, თან, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ბიზნესი. ვნახოთ, კიდევ მაქვს მოსაფიქრებელი დრო და, შესაძლოა, გავრისკო.
– წლევანდელი წელი დატვირთული იყო საიუბილეო თარიღებით?
– დიახ, საშინლად დატვირთულები ვიყავით. არნო ბაბაჯანიანის საიუბილეო წელი იყო და უამრავ ქალაქში გაიმართა საიუბილეო კონცერტი, ერევანში და მოსკოვში ხომ – თავისთავად. ერევანში ცალ-ცალკე იყო კლასიკური და საესტრადო მუსიკის კონცერტები. ეს ყველაფერი დააგვირგვინა დეკემბერში, მოსკოვში, კრემლში გამართულმა გრანდიოზულმა, სამსაათიანმა კონცერტმა, რომელიც მთლიანად ჩემი და ჩემი მეუღლის ორგანიზებით გაკეთდა რამდენიმე მენეჯერის დახმარებით. ამ კონცერტს „პირველი არხი” იღებდა, რაც ძალიან დიდი თავსატეხია – უამრავი სატელევიზიო ნიუანსია გასათვალისწინებელი, რასაც „პირველი არხი” ითხოვს დაწყებული განათებით, დეკორაციით, შემსრულებლებით, დამთავრებული კონცერტით. მეორე დღეს ჩემი მეუღლის 60 წლის იუბილე იყო, რომელიც ასევე გრანდიოზულად აღვნიშნეთ – დიდ საბანკეტო ცენტრში გავაკეთეთ. უამრავი სტუმარი მოვიდა, უცხოეთიდანაც იყვნენ ჩამოსულები, და, მათი მიღება, სასტუმროებში განაწილება, მიხედვა – ყველაფერი გასათვალისწინებელი იყო. იმ წუთებში კი საშინლად დაღლილები ვიყავით, მაგრამ, ახლა ყველაფერი კარგად მახსენდება. რაც მთავარია, პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ ბინის საფუძვლიანი რემონტი, რომელსაც უკვე ვამთავრებთ და, ახლა, ბოლო ეტაპზე, თბილისში გამოვიპარე (იცინის).
– იქაურ შოუ-ბიზნესში ძალების მოსინჯვა არ გინდათ?
– ყველა ნიშა დაკავებულია რუსულ შოუ-ბიზნესში, მით უმეტეს, რაც პროდიუსერებს შეეხება. ქვა რომ ააგდო, პროდიუსერს მოხვდება. თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ძალიან მაგრად იციან ის, რასაც აკეთებენ. სიმართლე გითხრა, ამ კლანში შესვლა დიდ წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული. შეიძლება, ნაცნობობით, კავშირებით ვიღაცის კლანში მოხვდე, მაგრამ, ეს ისეთი მძიმე სამუშაოა, ამ ბაზარზე რომ რამე აკეთო, ისეთი მგელი უნდა იყო, ვერ აგიწერთ. ოცდაოთხი საათი ვირებივით მუშაობენ თუ პროდიუსერები, თუ დირექტორები, მენეჯერები და თვითონ მომღერლებიც. ჩვენს კონცერტზე ნომერ პირველი მომღერლები მღეროდნენ და, რომ ვუყურე მათი მუშაობის ტემპსა და დამოკიდებულებას საქმის მიმართ, მივხვდი, რაზე დგას ეს უდიდესი სამყარო. მთელი წელი ისე აქვთ გათვლილი, რომ წამებსაც კი მნიშვნელობა ენიჭება – აქ თუ ერთი წამი დააგვიანეს, მერე მთელი წლის გრაფიკი ერევათ, ამიტომ, თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ. გაკვირვებული ვიყავი. ახლა ვხვდები, ეს მომღერლები, რომელთა ოთხმოცი პროცენტი ტალანტი ნამდვილად არ არის, რატომ არიან ასეთი პოპულარულები და რატომ აქვთ ამხელა შემოსავლები.
– ერევანში რა ხდება ამ მხრივ, როგორ ცხოვრობს იქაური ელიტა?
– ძალიან განსხვავებულად თბილისისგან. იქ დღე არ გავა ისე, რომ არ ჩატარდეს კონცერტი. გიჟდებიან კონცერტებზე და, არა მხოლოდ ელიტის წარმომადგენლები. ჩვეულებრივი ადამიანებიც კი, არ შეჭამენ, არ ჩაიცვამენ და კონცერტებზე, სპექტაკლებზე, გამოფენებზე აუცილებლად ივლიან. ეს კულტურა მაინც რუსებისგან აქვთ გადმოღებული. ერევანშიც და მოსკოვშიც სალაროებთან სულ რიგებია, ვერსად ბილეთს ვერ იშოვი, ყველგან ნაცნობი გჭირდება. რაც შეეხება იქაურ ბომონდს, ბევრი ცნობილი მომღერალი მსახიობია. შოუ-ბიზნესი სომხეთში გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე საქართველოში. არის მუსიკალური არხები, იღებენ უამრავ კლიპს, მთავარ არხებზე „მუსიკალური ათეულები” და მსგავსი გადაცემები სულ არის. იქაური მომღერლები აქტიურად მუშაობენ დიასპორებზე. თქვენ იცით, რამხელა დიასპორები ჰყავთ სომხებს მთელ მსოფლიოში და მათზე მომღერლები აქტიურად მუშაობენ, ბევრს მოგზაურობენ. ერევანში საკმაოდ ბევრი კარგი კლუბია, სადაც იქაური ელიტა დადის. მიყვარს იქაური ჯაზ-კლუბი – „მალხაზთან”. სხვათა შორის, მალხაზს აქაც გაუკეთებია კლუბი. მოსკოვში შევეჩვიე კარაოკე-კლუბებს. იქ არც ერთი ღონისძიება თუ წვეულება არ ჩაივლის კარაოკეს გარეშე. აქაც შევთავაზე რამდენიმე კლუბს, რომ ეს სტილი დაენერგათ. კვირაში ერთი ან ორი დღე ამა თუ იმ კლუბში ვარსკვლავი მღერის შენთან ერთად კარაოკეს. ამას წინათ ბოიარსკისთან ერთად ვიმღერეთ. მართალია, ეს სიამოვნება ძვირი ჯდება, მაგრამ, სიამოვნებაში ფულიც უნდა გადაიხადო. მოდი, აბა, ჩემთან ერთად ეს იმღერეო, – რომ იტყვი, გადასარევი გასართობია (იცინის).
– „იურმალას“ დაემშვიდობეთ?
– მე არა, საქართველო დაემშვიდობა ესეც ბიზნესია. „იურმალა” არ მიიღებს ქვეყანას, რომელიც კონკურსს არ გააშუქებს და ტრანსლაციას არ იყიდის. მონაწილეობის მსურველი ისედაც ბევრი ჰყავთ, რომლებიც ტრანსლაციასაც ყიდულობენ. შემეძლო, თუნდაც სომხეთიდან ან რუსეთიდან რომელიმე მომღერლის პროდიუსირება, მით უმეტეს, რომ ჩემთან თანამშრომლობის მსურველი ბევრია, მაგრამ, თითქოს აზარტი და ინტერესი დავკარგე ამ კონკურსის მიმართ. ახლა სომხეთიდან სომხურ-რუსული სატელევიზიო პროექტის შემოთავაზება მაქვს, რამდენიმედღიანი სპორტულ-მუსიკალური პროექტია და, ვფიქრობ, გავაკეთო. პატარა პროექტებზე მუშაობა მირჩევნია, ვიდრე რაღაც მასშტაბურის აღება. ძალიან მძიმე ქალაქში ვცხოვრობ მუშაობის მხრივ. ამ ეტაპზე, მირჩევნია საკუთარ თავს დავუთმო მეტი დრო: ვიარო სალონებში, აუზზე, ვივარჯიშო, დავისვენო... შეიძლება, სიამოვნებისთვის ვიმუშაო და არა კარიერისთვის. ჩემი ძალების რეალიზება უკვე დიდი ხანია მოვახდინე, შინაგანი ამბიციებიც დაკმაყოფილებული მაქვს და, მივხვდი, ახლა გაჩერება მირჩევნია.
– მეუღლე რას ამბობს ამაზე?
– უზომოდ კმაყოფილია ამ ამბით, რადგან, მისთვის მეტი დრო მაქვს. ამ ასაკში ცოლი იმიტომ შეირთო, რომ ერთად მეტი დრო გავატაროთ, ვიმოგზაუროთ, დავისვენოთ და კარიერაში რაღაც მწვერვალების დაპყრობაზე არ ვიფიქროთ. ისიც არ არის დროში ისეთი შეზღუდული, ცხრიდან ექვსამდე არ მუშაობს, მასაც აქვს დრო იმისთვის, რომ ჩემთან იყოს. როგორც კი შანსი გვეძლევა, მოსკოვიდან გავდივართ, ვცდილობთ, ახალი ქალაქი, ახალი ქვეყანა ვნახოთ. მართალია, მისთვის ახალი არაფერია, მაგრამ, ჩემთვის არის ახალი. ალბათ, ეს ის დროა, რომელიც სამყაროს ნახვაში უნდა დახარჯო.
– ქართველებთან ურთიერთობთ?
– ნაკლებად. მყავს ბავშვობის რამდენიმე მეგობარი, რომლებიც უკვე დიდი ხანია, იქ ცხოვრობენ და ხშირად ერთად ვართ. ძალიან კარგად მიმიღო ჩემი მეუღლის სამეგობრო წრემ, მათმა მეუღლეებმა. ძირითადად, ესენი არიან რუსები და ებრაელები. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, ხშირად დავდივართ ერთად სამოგზაუროდ. საზოგადოება, წრე, ასე ვთქვათ, უკვე მზამზარეული დამხვდა ჩემი ქმრის დახმარებით. ახლა ერთი თვით ჩამოვედი თბილისში და, იმდენი მეგობარი ჩამომყვა, ვისაც აქაურობის დათვალიერება უნდოდა, მთელი თვე არ დამისვენია. პარტია-პარტია ვიღებდი სტუმრებს და ვათვალიერებინებდი მათ საქართველოს. აღფრთოვანებულები წავიდნენ აქედან. ასე რომ, მოწყენის დრო ნამდვილად არ მრჩება არც თბილისში, არც მოსკოვში და არც ერევანში.

скачать dle 11.3