როგორ იხსნა თავი მაღალი წრის ქალის სიყვარულისგან ასკეტმა ბერმა ევაგრე პონტოელმა და რის გამო გადასცეს ის ანათემას
ლევან გურიელიძის დახმარებით მსოფლიოში გაფანტული ზოგიერთი ქართველის ჯერ კიდევ საიდუმლოებით მოცულ, უცნაურ ბიოგრაფიებში საინტერესოდ ვმოგზაურობთ. ერთ-ერთი მათგანი ევაგრე პონტოელია, 345 წელს დაბადებული ივერიელი, რომლის ბიოგრაფიიდანაც კარგი ჰოლივუდური ფილმის გაკეთებაა შესაძლებელი. ბატონი ლევანი ყველა იმ დეტალს ეხება, რომელიც ევაგრე პონტოელის ცხოვრების შესახებ არის ცნობილი.
ლევან გურიელიძე: ევაგრე პონტოელის ცხოვრება საკმაოდ საინტერესოა არა მხოლოდ ღვთისმეტყველებით დაინტერესებული პირებისთვის, არამედ, ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის. ის ქრისტიანული ასკეტურ-მისტიკური მწერლობის ერთ-ერთი უძველესი წარმომადგენელი, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევრის საეკლესიო მწერალი და გამოჩენილი მოღვაწე იყო. ევაგრე პონტოს პატარა ქალაქ ებორაში, 345 წელს დაიბადა და, როგორც მის შესახებ წყაროებშია ცნობილი, ლამაზი, მოხდენილი გარეგნობით გამოირჩეოდა. ევაგრე პონტოელის შესახებ ცნობებს მეხუთე საუკუნის რომაელი ისტორიკოსი სოზომენი გვაწვდის, ხოლო, რაც შეეხება მის ქართველობას, ამას მისი თანამედროვე ბერძნული და კოპტური წყაროები ადასტურებს.
– რა ზუსტი ცნობა არსებობს იმის შესახებ, რომ ის წარმოშობით ქართველი იყო?
– ევაგრე პონტოელის წარმომავლობის შესახებ რუსი წმიდა მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი ასე წერს: „ამბა ევაგრე ბერულ ცხოვრებასთან მოიყვანა ღვთის განსაკუთრებულმა განგებულებამ. იგი პრესვიტერის ვაჟი იყო, წარმოშობით პონტოელი და გვარ-ტომობით – ივერიელი.” ევაგრე მედავითნედ იყო დადგინებული თვით კაპადოკიელი ეპისკოპოსის, ბასილი დიდის მიერ, ხოლო დიაკვნად ხელდასხმული იყო მისი ძმის – გრიგოლ ნოსელისგან, რომელმაც მას არქიდიაკონობა უბოძა. ევაგრე პონტოელი გრიგოლს თან ახლდა კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე. როგორც ღრმად განათლებული ღვთისმეტყველი, გრიგოლმა ის მიუყვანა კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ნეტარ ნექტარის. ამ ქალაქში ევაგრემ ყოველგვარი მწვალებლობის დამმარცხებლის სახელი გაითქვა.
– მაგრამ, რაღაცამ მისი ცხოვრება არია...
– ევაგრეს ისეთი რამ შეემთხვა, რამაც მთელი მისი შემდგომი ცხოვრება შეცვალა: ამ ადამიანს, რომელიც მთელ ქალაქში ზნეობრივი სრულყოფილების ეტალონად იყო უკვე ცნობილი, თავდავიწყებით შეუყვარდა ერთი მაღალი წრის ქალი. ქალი მის სიყვარულს თანაგრძნობით პასუხობდა. ღვთის შიშითა და საკუთარი სინდისის წინაშე სირცხვილით აღვსილი ევაგრე დღითა და ღამით სთხოვდა უფალს, აერიდებინა მისთვის და ქალისთვის ვნებისმიერი საცდური, მაგრამ, თავს ვერ სძლევდა. ამ მდგომარეობისგან ევაგრე ანგელოზის გამოცხადებამ იხსნა, რომელმაც უბრძანა, დაეფიცებინა სახარებაზე, რომ კონსტანტინოპოლს დატოვებდა.
– ამის გაკეთება არც ისე ადვილი იქნებოდა.
– რა თქმა უნდა, მაგრამ, მას სხვა სულის სიმტკიცე და რწმენა ჰქონდა, რამაც ძალიან მალე მიაღებინა გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ დატოვა ქალაქი. ამით ის სამუდამოდ გათავისუფლდა ქალისადმი ვნებისგან. ევაგრე ბერის კაბით ჩავიდა იერუსალიმში, საიდანაც უკვე ეგვიპტეში, ნიტრიის მთაზე გადავიდა. ნიტრიის მთა ბერებით დასახლებული უდაბნო იყო. ამ უდაბნოში გატარებული ორი წლის შემდეგ ევაგრე კელიით სახელდებულ სხვა უდაბნოში გადავიდა, სადაც მკაცრი ასკეტური წესების დაცვით ეწეოდა დაყუდებულ ცხოვრებას. მისი სულიერი მოძღვარი იყო წმიდა მაკარი მეგვიპტელი. თვითონ ევაგრე კი ძალიან მალე გახდა „ლავსაიკონის” ავტორის, პალადი ჰელენოპოლელისა და მომავალში იოანე ოქროპირისგან ეფესოს ეპისკოპოსად ხელდასხმული კვიპროსელი ირაკლიდის მოძღვარი. როგორი სულიერი განათლება მიიღო ევაგრესგან კვიპროსელმა ირაკლიდისმა, ამაზე მისი მოღვაწეობაც მეტყველებს. იმ დროისთვის ეგვიპტელი ბერების უმეტესობა მოკლებული იყო კლასიკურ განათლებას. ევაგრე, როგორც ფილოლოგი-კლასიკოსი, ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც მეუდაბნოე მამათა ზეპირი მოძღვრებების ჩაწერასა და სისტემატიზაციას დაუდო სათავე. ის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის აღქმის უნარს და არასდროს ტვირთავდა მოსაუბრეს საღვთისმეტყველო საკითხებით, რომელში გარკვევაც მსმენელს უჭირდა. ის ღვთისგან იხვეჭდა სულის სიწმინდეს, გონების ნათელსა და სიბრძნეს, მრავალგზის იყო შეჭიდებული დემონებს.
– რაში გამოიხატებოდა ეს?
– წყაროების მიხედვით, ერთხელ მას სწვევია სამღვდელო სამოსში გამოწყობილი სამი დემონი, რათა სარწმუნოების საკითხებში გამოეცადათ. ერთი არიანელად ასაღებდა თავს, მეორე – ევნომიანელად, ხოლო მესამე – აპოლინარიუსის მიმდევრად. საღვთო სულით აღვსილმა ევაგრემ იოლად დაამარცხა ისინი.
სიცოცხლის ბოლო წლებში ისეთ ასკეტურ ღვაწლში იყო ევაგრე, რომ მასთან მორწმუნეები ყველაზე შორი ქვეყნებიდანაც კი მოდიოდნენ. ევაგრე პონტოელმა შექმნა საღვთისმეტყველო შრომები, რომლებიც სამონაზვნო ცხოვრებას ეხება, ასევე, მოძღვრება რვა გულისთქმათა შესახებ, რაც საფუძვლად დაედო შვიდ სასიკვდილო ცოდვას. ეს ნაშრომებია – „წესი ახლად მონაზონქმნულთათვის”, „რვათა გულისსიტყუათა, რომელნი მოვლენან კაცსა ზედა”, „შეუღლვილთათვის”, „პირი დედაკაცისა არს ისარი წამლეული” და სხვა. საგულისხმოა, რომ წინასწარმეტყველ იერემიას შეგონებას ცოლისა და შვილების არყოლის თაობაზე, ევაგრე პონტოელი განმარტავს არა მხოლოდ პირდაპირ, არამედ, გადატანითი მნიშვნელობითაც – ხორციელ გულისთქმებზე და სურვილებზე უარის თქმის თვალსაზრისით. თავის შრომებში ის სოლომონის იგავთა აფორიზმულ სტილს ბაძავდა.
– როგორც ვიცი, ის ერეტიკოსად შერაცხეს.
– დიახ, ევაგრე მონაზონი იმ ასკეტთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ცდილობდნენ, ასკეტიზმი ფილოსოფიურად გაემართლებინათ. ის ცნობილი ფილოსოფოსის, ორიგენეს მიმდევარი იყო, რომელიც ამტკიცებდა ადამიანის სულის წინაარსებობას და ჯოჯოხეთის ტანჯვა-წამების დასასრულს. ორიგენემ პირველად გამოიყენა ტერმინი – „ღმერთკაცი”. სწორედ ამის გამო, 553 წელს მეხუთე საეკლესიო კრებაზე, ევაგრე და ორიგენე ერეტიკოსებად შერაცხეს და ისინი ანათემას გადასცეს. ანათემის შედეგი იყო ის რომ მის სახელს მალავდნენ, მის იდეებს სხვა მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები იყენებდნენ, ხოლო მისი თხზულებების დიდი ნაწილი ეკლესიის სხვა მამებს მიეწერებოდა.