ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, სად შევიძენ ქართული მთის ძაღლს და რა ასაკიდან უნდა დავიწყო მისი გაწვრთნა?
პასუხი: ქართული მთის ძაღლის შეძენა შესაძლებელია საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციაში ან კლუბ „ბომბორაში“. რაც შეეხება მის გაწვრთნას, შეგიძლიათ, 4-5 თვიდან მიმართოთ პროფესიონალ ინსტრუქტორს.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ არის მინიატურული პუდელის გაკრეჭა აუცილებელი? ზამთარში რომ არ გავუკეთოთ ვარცხნილობა თუ არის შესაძლებელი?
პასუხი: როგორც წესი, ძაღლის გაკრეჭა სეზონში ერთხელ ხდება.
კითხვა: მყავს 2 წლის ამერიკული კოკერ-სპანიელი, რომელიც მოულოდნელად ძალიან გაავდა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? უმიზეზოდ იკბინება. იქნებ არსებობს გამოსავალი? ძალიან შეჩვეული ვარ და არ მინდა მისი გაჩუქება.
პასუხი: ამერიკული კოკერ-სპანიელი ძალიან თბილი და მოსიყვარულე ძაღლია. რადგან მან აგრესიის გამოხატვა დაიწყო, სასურველია, მიმართოთ ვეტერინარ ექიმს.
კითხვა: უნდა ჰქონდეს თუ არა ლეკვს პატრონის შიში, დამჯერი რომ გაიზარდოს?
პასუხი: ლეკვი დამჯერი რომ გაიზარდოს, სასურველია, პატრონისადმი შიში არ ჰქონდეს. არავითარ შემთხვევაში არ სცემოთ, ამით ის დამჯერი კი არა ავი გაიზრდება.
კითხვა: ძალიან გვინდა ძაღლის შეძენა, მაგრამ ოჯახის ყველა წევრი ვმუშაობთ. შეიძლება თუ არა ძაღლის სახლში მარტო დატოვება დღის განმავლობაში?
პასუხი: დღის განმავლობაში ძაღლის სახლში დატოვება, რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ, მხოლოდ ზრდასრულ ასაკში. ლეკვის დატოვება არ შეიძლება.
კითხვა: როგორ გადავაჩვიო ძაღლი სახლში მოშარდვას? ის 4 თვის არის.
პასუხი: მისი შარდი იატაკიდან მოწმინდოთ სხვადასხვა საწმენდი საშუალებით, რომ ლეკვმა თავისი შარდის სუნი არ იგრძნოს. გარდა ამისა, ყოველი კვების შემდეგ ის სასეირნოდ გაიყვანეთ ეზოში.
კითხვა: ჩემი ლეკვი ძალიან ეჭვიანობს ყველა ადამიანზე, ვისაც ჩემს გვერდით ხედავს. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეს ჩვეულებრივი ამბავია ლეკვისათვის, რაც ასაკთან ერთად გაუვლის, ამიტომ ამაში უჩვეულო არაფერია და არ არის საჭირო რამე ზომის მიღება.