საზარელი ტრაგედია ფონიჭალაში – რა შეიძინა 21 წლის ზურა სხირტლაძემ მკვლელობის წინა დღეს საცოლისთვის და როგორ გაჩნდა შემთხვევის ადგილზე საბედისწერო იარაღი
14 ივნისს ფონიჭალაში მომხდარი საზარელი ტრაგედიის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. შეყვარებული ახალგაზრდების ტრაგიკული ისტორიის დეტალებს სამართალდამცველები იძიებენ, თუმცა, არაოფიციალურად ვრცელდება რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსია, რომლებზეც გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის წევრები, მძიმედ დაჭრილი გოგონას ახლობლები და შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანები საუბრობენ.
რა მოხდა 14 ივნისს, დღის 3 საათზე ქვემო ფონიჭალის დასახლებაში? – ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს მას შემდეგ გაიგებს საზოგადოება, რაც 17 წლის თეო ჩიხლაძის დაკითხვა გახდება შესაძლებელი. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უკიდურესად მძიმეა – მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. იმავე „ტეტე” პისტოლეტით გულის არეში მიყენებული ჭრილობა საბედისწერო აღმოჩნდა 21 წლის ზურა სხირტლაძისთვის, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ეს საზარელი ტრაგედია ქვემო ფონიჭალაში, რკინიგზის სადგურის ახლოს მოხდა. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეყვარებულ წყვილებს ხშირად ხედავდნენ ხოლმე, თუმცა როგორც ზურა, ასევე, მისი შეყვარებული თეოც, ამ ადგილიდან საკმაოდ მოშორებით – ზურა ავლაბარში, თეო კი ზემო ფონიჭალაში ცხოვრობდნენ. თუ რატომ მოხდა მათი შეხვედრა მაინცდამაინც აქ, ამ ადგილზე, უცნობია. მამაკაცი, რომელიც მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 15 მეტრში იმყოფებოდა, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მას არ დაუნახავს ნაძვის ხის ქვეშ შეფარებული ახალგაზრდები, მაგრამ, გაიგონა ორი გასროლის ხმა, მათგან, ერთი ძლიერი, მეორე კი სუსტი და, ასევე, გოგონას კივილი. მამაკაცებმა, რომლებიც იქვე ახლოს იმყოფებოდნენ და ლუდს სვამდენ, გასროლიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი და მძიმედ დაჭრილი გოგონა, რომელიც, ასევე, ძირს ეგდო. სწორედ ამ მამაკაცებმა გამოიძახეს შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები, რომლებმაც მკვლელობის თუ უბედური შემთხვევის ადგილიდან ორი მასრა ამოიღეს. ამ ადგილს დღემდე ატყვია სისხლიანი ტრაგედიის კვალი.
ვერსიები, რომლებზეც გარდაცვლილი ბიჭის და დაჭრილი გოგონას ახლობლები საუბრობენ, ერთმანეთისგან განსხვავებულია. გოგონას ახლობლების განცხადებით, თეოს ჭრილობა ზურამ მიაყენა, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა. განსხვავებული ვერსია აქვს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახს: მათი აზრით, ზურას გოგონა ისე ძალიან უყვარდა, რომ, გამორიცხული იყო მისთვის ესროლა და სასიკვდილოდ გაემეტებინა. მათი ვარაუდით, მკვლელობა შესაძლოა, უბედური შემთხვევა იყოს – თეოს ზურას იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა ტყვია და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია – შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ადამიანი, რომელიც, შესაძლოა, გოგონას თაყვანისმცემელი იყო და ეს საზარელი ტრაგედია მან ჩაიდინა. ზურა და თეო ერთმანეთს ბოლო სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. გოგონას ოჯახი ამ შეხვედრების წინააღმდეგი იყო. თეო ზემო ფონიჭალაში მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს, მან 9 კლასის დასრულების შემდეგ სტილისტის კურსებზე იარა და, როგორც ამბობენ, უკვე მუშაობასაც იწყებდა. ზურა ხუთშვილიანი ოჯახის მეორე შვილი იყო და ავლაბარში ცხოვრობდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კერძო დაცვის სამსახურში – „არგანში” მუშაობდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მან გოგონას ცოლად შერთვა გადაწყვიტა – ბინა იქირავა და საქორწინო ბეჭედი შეიძინა. როგორც გარდაცვლილის მამამ, პაატა სხირტლაძემ, ჩვენთან საუბარში განაცხადა, „იმ დღეს, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, მე და ჩემი შვილი ერთად ვიყავით. თიკომ ტელეფონზე დაურეკა. ზურა წავიდა და მითხრა, ერთ საათში დავბრუნდებიო. მოგვიანებით, როდესაც პოლიცია დაგვიკავშირდა, სანამ მათგან შევიტყობდით, რომ ჩემი შვილი გარდაცვლილი იყო, თიკას მამას დავურეკე – ბავშვები ხომ არ გაიპარნენ, რაღაც ხდება-მეთქი. იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი საშინელება დატრიალდებოდა. ორივეს ძალიან უყვარდა ერთმანეთი, თუ რამეზე წაკამათდებოდნენ, ხუთ წუთში შერიგდებოდნენ ხოლმე. ცოტა ხნის წინ ზურამ 800 ლარად საქორწინო ბეჭედიც კი იყიდა, უკვე დღე-დღეზე აპირებდა მის ცოლად შერთვას. ვიცოდი, გოგონას მშობლები წინააღმდეგები რომ იყვნენ, მაგრამ, ჩემი შვილი ამას ყურადღებას არ აქცევდა. ისე უყვარდათ ერთმანეთი, წინ ვერაფერი დაუდგებოდათ.
– იცოდით, თქვენს შვილს რომ იარაღი ჰქონდა? ან, რატომ უნდა წასულიყო პაემანზე იარაღით?
– ზურას იარაღი არ ჰქონია, ისე გავრცელდა ხმა, თითქოს თავდაცვისთვის ჰქონდა იარაღიო. ვისგან უნდა დაეცვა თავი? არ არსებობს. ახლახან გავიგე, თითქოს ის იარაღი მკვლელობის დღეს შეიძინა და ამის დაჯერებაც მიჭირს. ბიჭი, რომელიც მეორე დღეს ცოლის შერთვას აპირებს, იარაღს რატომ შეიძენს? არ ვიცი, ამაზე პასუხი არ მაქვს. ჯერ არც იმაზე მაქვს პასუხი, თუ რატომ აქვს ჩემს გარდაცვლილ შვილს ჭრილობა თავზე. თუ ეს ჩემმა შვილმა ჩაიდინა, უკვე გარდაცვლილია და კუბოში წევს, თუ ეს თიკოს მოუხდა შემთხვევით, რა ვთქვა, ჩემს შვილს ვერავინ ვეღარ გააცოცხლებს და, ის მაინც გადარჩეს. მე მაინც ვფიქრობ, რომ, როცა ეს ამბავი მოხდა, იქ ჩემი შვილისა და მისი შეყვარებულის გარდა კიდევ ვიღაც იყო.“
ყველაზე საეჭვო, რაც ყველაზე ბევრ შეკითხვას აჩენს, შემთხვევის ადგილზე მესამე პიროვნების შესაძლო არსებობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით, ტყვია პირველად ზურა სხირტლაძეს მოხვდა. შემთხვევის ადგილზე მესამე პირის ყოფნა ჯერჯერობით არ დასტურდება. იმავეს აცხადებენ შემთხვევის ადგილას მყოფი გამვლელები, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ. მათი განცხადებით, ისინი იმდენად სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იქ მესამე პიროვნება რომ ყოფილიყო, გაქცევას, ალბათ, ვერ მოასწრებდა, თუმცა, ამ ვერსიას, ისევე, როგორც კითხვებს, რომლებიც ამ ტრაგიკული ისტორიის შესახებ არსებობს, გამოძიებისა და დაზარალებული გოგონას დაკითხვის შემდეგ გაეცემა მთავარი პასუხები.