რატომ იხვრეტენ მასობრივად თინეიჯერები სხეულის გარკვეულ ნაწილებს და რა სიამოვნებას ანიჭებენ მამაკაცებს ინტიმ-ტატუიანი ქალები
უკვე კარგა ხანია, მოდაში შემოვიდა ტატუ და პირსინგი. მას არა მარტო თინეიჯერები, არამედ საკმაოდ სოლიდური ასაკის ადამიანებიც იკეთებენ. თუმცა, ძნელია იმის თქმა, ეს ყველაფერი მოდის ბრალია, სხეულის გალამაზების სურვილი, წარმატებისკენ მიმავალი გზა თუ იმიჯის შეცვლის წყურვილი. მისი გაკეთების სურვილი ბევრს აქვს, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ტატუსა და პირსინგს გარკვეული დატვირთვა აქვს და ის ადამიანის ბედზეც აგებს პასუხს. ირმა ასკურავა, როგორც ამბობენ, ამ საქმის ნამდვილი ჯადოქარია. ის თურქეთში მუშაობს, თუმცა, საქართველოშიც ხშირად ჩამოდის, რადგან აქ უამრავი ადამიანი ელოდება სხეულის მოსახატად.
ირმა ასკურავა: ჩემი აზრით, პირსინგი და ტატუ, განსაკუთრებით თინეიჯერებში, თვითგამოხატვის საშუალება გახდა. მათ უნდათ, გაარღვიონ სტანდარტული ჩარჩო და განსხვავებული, „ნონ-სტანდარტები“ იყვნენ. ტატუც და პირსინგიც სხეულის გალამაზების ერთ-ერთი საშუალებაა და მას იმიტომ იკეთებენ, რომ სხეული უფრო გაილამაზონ იმ სამკაულებით და ნახატებით, რომლებიც მათ მოსწონთ ან მოდაშია. წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოში, მაგრამ, ერთ დღესაც, თურქეთში წასვლა გადავწყვიტე და ახლა აქ ერთ-ერთ ტატუ-პირსინგის სტუდიაში ვმუშაობ. სხვათა შორის, თურქების უმეტესობა ნახატებს მთელ ხელზე იხატავს, რადგან, ძალიან მოდაშია. ეს მათი კულტურის ნაწილიცაა. მთიან სოფლებში რამდენიმე ასაკოვან ქალს მთელი სახე აქვს ფერადად მოხატული და ეს მათი უძველესი კულტურის გადმონაშთი, სოციალური სტატუსის მანიშნებელია.
– პირადად შენ ორივე ხელი მოხატული გაქვს.
– დიახ, ძალიან მომწონს ფერადი ტატუ ორივე ხელზე და ეს ახლახან გავიკეთე. სხვათა შორის, თავიდან მომწონდა ეგვიპტური ხოჭო და სულ პირველად ის დავიხატე ხელზე. მერე გავიგე, რომ თურმე ეს წარმატების მომტანი თილისმა ყოფილა.
– მართალია მოსაზრება, რომ, ესა თუ ის ტატუ და გარკვეულ ადგილას გაკეთებული პირსინგი ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება?
– ეს ყველაფერი თვითდაჯერებაა. ანუ, როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ თუ ტატუს გაიკეთებს ან გაიხვრეტს სხეულის გარკვეულ ნაწილს, ეს მას წარმატებას მოუტანს და პოზიტიურ ენერგიას მიანიჭებს, რატომაც არა?! დამიჯერეთ, ამას დიდი ენთუზიაზმით იკეთებენ, იმედიც აქვთ და სჯერათ კიდეც, რომ მათ ცხოვრებაში რაღაც შეიცვლება, ახალი ეტაპი დაიწყება და ეს მათთვის წარმატებების მომტანი აღმოჩნდება. ხოლო, იმისთვის, რომ ადამიანს ტატუ გაუკეთო, აუცილებელია, გქონდეს მხატვრობის ნიჭი. ბევრი ტატუთი სტრიებსა და გარკვეულ დეფექტებს მალავს საკუთარ სხეულზე. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა, შენიღბო დეფექტი, რომელიც სხვების ყურადღებასაც იქცევს და თავადაც არ გსიამოვნებთ მისი გამოჩენა. სხეულზე ლამაზი ნახატიც იქცევს ყურადღებას, მაგრამ, მას ინტერესით უყურებენ და ეს სულ სხვა განცდაა.
– ეს პირსინგსაც ეხება?
– პირსინგს მხოლოდ გაბედული ადამიანი თუ გააკეთებს, რადგან, პროცედურა ისეთია, რომ სამედიცინო სფეროშიც უნდა იყო გარკვეული. თან, უნდა იცოდე, წლის რომელ პერიოდში გააკეთო, რა ადგილას, რომ კანი არ დაჩირქდეს და პრობლემა არ შეიქმნას.
– თინეიჯერები თავად მოდიან ტატუს ან პირსინგის გასაკეთებლად თუ მშობლებთან ერთად?
– ბავშვებს მშობლების გარეშე ვერც პირსინგს გავუკეთებ და ვერც ტანს მოვუხატავ ტატუთი. თუ 18 წლის ზემოთ არიან, ანუ, სრულწლოვანები, ეს უკვე მათი სურვილი და ნებაა. სხვათა შორის, არის მომენტები, როცა მამებთან ერთად მოსულან თინეიჯერი გოგონები და გაუხვრეტიათ ჭიპი, წარბი ან ცხვირი. ერთხელ მამამ მომიყვანა გოგონა და გავუკეთე ტატუ, მეორე დღეს კი მამამისმა ისევ მომაკითხა – მომეწონა და მეც მინდა სხეულის მოხატვაო. ასე რომ, არის შემთხვევები, როცა ქართველი მამები ტატუს გაკეთებაში შვილებს ეჯიბრებიან (იცინის).
– გამიგია, რომ დღეს ბევრი ადამიანი იკეთებს ინტიმურ ადგილებში პირსინგს, მათ შორის, ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები თუ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. არ მეთანხმები?
– გეთანხმები, ბევრი იკეთებს ინტიმურ ადგილას პირსინგს: უბრალო ადამიანებიც, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც და პოლიტიკოსებიც. იცით, ზოგადად, როგორი შეხედულებაა? თუ გაქვს პირსინგი და ტატუ, ესე იგი, „ფეისი” ხარ. ბევრი ქალი საყვარელი მამაკაცის გამო იკეთებს ინტიმურ ადგილებში პირსინგს. ინტიმ-ტატუს ბევრი კაცი აკეთებინებს საყვარელ ქალს საქართველოში და ბევრი, გიჟდება ტატუიან ქალებზე. აი, მკერდზე პირსინგს კი, რომელიც მოდაშია ევროპაში, ქართველი ქალები არ იკეთებენ, ან – იშვიათად. უბრალოდ, ტკივილის ეშინიათ. ერთ გოგოს გავუხვრიტე ჭიპი და კინაღამ გული წაუვიდა შიშისგან, მკერდის გახვრეტაზე კი არც კი დაუწუწუნია.
– დაახლოებით, რა ასაკის ადამიანები იკეთებენ მასიურად პირსინგს?
– მასობრივად იხვრეტენ ორგანოებს 18-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები, თუმცა, არიან გამონაკლისებიც. საქართველოში არაერთ მამაკაცს აქვს გახვრეტილი მკერდი და ჭიპი, მაგრამ, ძირითადად ყურის გახვრეტით შემოიფარგლებიან. შესაძლოა, სასქესო ორგანოგახვრეტილი ქართველი მამაკაცებიც დადიან, მაგრამ, ეს მე არ გამიკეთებია (იცინის). უბრალოდ, ვიცი, რომ ევროპაში წასულ და იქიდან დაბრუნებულ არაერთ ქართველ მამაკაცს აქვს სასქესო ორგანო გახვრეტილი. თუმცა, ის, რომ ასეთი, დაღვინებული მამაკაცები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, მცდარი აზრია. უბრალოდ, ისინი ევროპული სტილის ადამიანები არიან და ისრულებენ იმ ნატვრას, რაც წლების განმავლობაში ჰქონდათ. გეტყვით, რომ როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ინტიმურ ადგილებში, პირსინგი კეთდება მხოლოდ ქალის მეტი სიამოვნებისთვის. ამას სექსუალური ნიუანსები გააჩნია და ეს „მუღამი” აქვს (იცინის). ზოგადად, ჩვენთან არის დოგმა, თორემ, ჭიპგახვრეტილი, მკერდგახვრეტილი და ყურგახვრეტილი კაცები არანაკლებად ვაჟკაცურები არიან, ამით არ განისაზღვრება მათი სექსუალური ორიენტაცია და ბუნება. თუმცა, პირსინგი ინტიმურ ადგილას ჯერ კიდევ უცხო ხილად ითვლება ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ, რთულია მისი გაკეთების „დაშვება” გონებაში, საზოგადოებასაც უწევენ ანგარიშს – რას იტყვიანო, თუმცა, ეს ბარიერი მაინც ბევრმა გადალახა, გარისკა და გაიკეთა. არიან საქართველოში ცნობილი პოლიტიკოსები, რომლებიც პიჯაკის შიგნით ბევრ რამეს მალავენ. აი, ტანზე რომ გაიხდიან, მაშინ მიხვდებით, რომ სტატუსი გემოვნებაზე არ მოქმედებს. საკმაოდ პოპულარულია კაცის ინტიმურ ადგილას გაკეთებული პირსინგი, ეგრეთ წოდებული „პრინცი ალბერტი”, რაც სუსტი სქესის სიამოვნებისთვის კეთდება.
– ის რომ, ენის გახვრეტასაც ინტიმური დატვირთვა აქვს, სიმართლეა?
– ახლა ენას ბევრი იხვრეტს და ამასაც თავისი პლუსები აქვს ინტიმური თვალსაზრისით. მაგალითად, კოცნის დროს სიამოვნებას იღებთ, ექსტრავაგანტურია და, თანაც, არ ჩანს.
– თურქეთში ხშირად იხვრეტენ ასეთ ადგილებს ჩადრიანი ქალები?
– სხვათა შორის, სულ რამდენიმე დღის წინ მოვიდა ერთი ჩადრიანი გოგო, რომელიც პალესტინიდან გახლდათ და ისეთი „შეფუთული” ჩაცმული იყო, კი გამიკვირდა, ნეტავ რა უნდა-მეთქი. მკითხა, მამაკაცები ხომ არ არიან აქ, ჩადრი რომ მოვიხადოო. ვუპასუხე, არა-მეთქი. მოიხადა, დაჯდა და ტუჩი გამახვრეტინა. ვკითხე, ჩაცმის მიხედვით, რელიგიური ჩანხარ და ეს რატომ გაიკეთე-მეთქი. მიპასუხა, ჩვენი რელიგია ამას კრძალავსო. არაბები ხშირად მაკეთებინებენ ტატუს. თქვენ წარმოიდგინეთ, ტატუსა და პირსინგის გაკეთება არ არის დამოკიდებული ეროვნებაზე, ის დამოკიდებულია თავად პიროვნებაზე. ერთი კაცი მოვიდა, საკმაოდ რელიგიურ ოჯახში აღზრდილი, რომლისთვისაც სხვა ქალთან სექსიც კი აკრძალული იყო, ცოლი თუ არ ჰყავდა და მან გაიკეთა ტატუ. ეს ძალიან უნდოდა და ისეთ ადგილას გაიკეთა, რომელსაც ვერავინ დაინახავდა. თავად მითხრა, ეს რომ გაიგონ ჩემებმა, მომკლავენ, ისეთი რელიგიური ხალხიაო. მაგრამ, გარისკა. თურქეთში ქართველებიც მაკითხავენ. სტამბულში ათა თურქის ხელმოწერაა ძალიან პოპულარული და ბევრჯერ მაქვს გაკეთებული მკლავზე. ეს პიროვნება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა იყო. ტატუს მოდა არ აქვს, მას აქვს ახალი ხედვები და ყოველთვის ძალიან მოდურია.