მწვანე კუთხე
კითხვა: რას მირჩევთ, როგორ ადგილასაა უმჯობესი ციპერუსის დადგმა და რამდენად სჭირდება მას მზე?
პასუხი: ამ მცენარისთვის მთავარია სინათლეში იყოს, მას ძალიან მოსწონს ნათელი ადგილი. ამიტომ, გირჩევთ, მისთვის შეარჩიოთ ნათელი სასტუმრო ოთახი. ცოტა ხანს შეგიძლიათ, მზის გულზეც ამყოფოთ. თუმცა, შუადღის მწველ მზეს აუცილებლად მოარიდეთ, რადგან შემდეგ იმოქმედებს ცუდად. გახსოვდეთ, რომ მზეზე მყოფ მცენარეს მეტი სინესტე სჭირდება, რათა ფოთლის წვეროები არ გაუხმეს.
კითხვა: რა ტემპერატურა მოსწონს კალას და ხომ არ არის მავნებელი მისთვის სიგრილე?
პასუხი: კალასთვის საუკეთესოა ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. როგორც იცით, ეს მცენარე მხოლოდ ზაფხულში ყვავილობს და ისიც ცოტა ხნით. თუ გსურთ, რომ ყვავილობა უფრო მეტხანს გაგრძელდეს, შეგიძლიათ, სიგრილეში ამყოფოთ. შედარებით დაბალი ტემპერატურა, 16 გრადუსი ამ მცენარეზე უარყოფითად ნამდვილად არ იმოქმედებს და ყვავილობასაც გაუხანგრძლივებთ.
კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ზამიოკულკასი?
პასუხი: მისი ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში ტენიანი უნდა იყოს. ზამთრობით ზაფხულის სეზონთან შედარებით იშვიათად მორწყეთ. ზაფხულში მას ბალანსირებული თხევადი სასუქი სჭირდება. მართალია, მცენარე დროდადრო სიმშრალესაც აიტანს, მაგრამ ასეთ პირობებში მას შეიძლება ფოთლები დასცვივდეს. თუ ჩამოვარდნილ ფოთოლს ტენიან ნიადაგზე დადებთ, ის დაფესვიანდება და რამდენიმე წელიწადში თქვენ ახალ მცენარესაც მიიღებთ.
კითხვა: ბინაში მაქვს რეო, რომელსაც სიმაღლეში ზრდასთან ერთად ნელ-ნელა ფოთლები დასცვივდა. რისი ბრალია?
პასუხი: პატარა რეოს მიწაზე გართხმული მაგარი ფოთლის როზეტები აქვს, მაგრამ როდესაც იზრდება, ქვედა ფოთლები სცვივა და ღერო უშიშვლდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა და არ იფიქროთ, რომ თქვენი მიზეზით ხდება. როგორ კარგადაც არ უნდა მოუაროთ, მცენარე, ზრდასთან ერთად, ფოთლებს ძირს ჩამოყრის. ტენი არ მოაკლოთ, რათა ფოთლის წვეროები არ გაუხმეს.
კითხვა: რამდენ ხანს ყვავის ტილანზია და რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ის?
პასუხი: ამ მცენარის ყვავილედი ერთმანეთზე გადაფარებული თანაყვავილებისგან შედგება, საიდანაც ყვავილები ამოდის. დაახლოებით, 20 ყვავილი იშლება და მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ცოტა ხანს ცოცხლობს, ყვავილობა მაინც დიდხანს გრძელდება. თითქმის სამი თვე ყვავის ტილანზია. დაყვავილების შემდეგ ახალი როზეტები ვითარდება, რომელიც შეიძლება გასამრავლებლადაც გამოიყენოთ. მცენარისთვის კარგია 18-25 გრადუსი ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში, თუმცა 14 გრადუსსაც აიტანს.