მოპარული ლექსების პოეზიის საღამო
ამ ქვეყანაში ვის გააოცებ ცუდი საქციელით... თუმცა, მოდი, თავიდან დავიწყებ: თბილისში ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ცხოვრობს – ძალიან ლამაზი სულით და ლექსებით... ბადრი შუბლაძეს იმის პრეტენზია არასდროს ჰქონია, პოეტის შარავანდედით შეემოსათ და ფეხქვეშ ვარდები გაეშალათ... უხაროდა, როცა „ფრენდები“ მისი „ფეისბუქის“ გვერდზე უწონებდნენ ფიქრისა და მუზის ქმნილებებს. მაგრამ, ერთხელაც...
... 13 ივნისს კინოს სახლში ირაკლი ყიფიანის პოეზიის საღამო გაიმართა, ბატონი შალვა ნათელაშვილისა და მისი მეუღლის, ბელა ალანიას ეგიდით. იმაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს, როცა ლამაზ ლექსებს ისმენ, მაგრამ... ეს ლექსები მოპარული არ უნდა იყოს. დიახ, სწორედ რომ მოპარული. საღამოზე ირაკლი ყიფიანის მიერ ბადრი შუბლაძის „ფეისიდან“ „აწაპნილ“ ლექსებს კითხულობდნენ...
თამუნა ხელაძე (პოეტი): „მე საღამოს ორგანიზატორებმა მთხოვეს, რამდენიმე ლექსი წამეკითხა. ლექსები იქ გადმომცეს და, რადგან ბადრის შემოქმედებას კარგად ვიცნობ და მომწონს, კითხვა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ ირაკლი ყიფიანის კი არა, ბადრის ლექსებს ვკითხულობდი. აღშფოთებული ვარ. ამას რა სახელი უნდა მოვუძებნო, არ ვიცი. ნუთუ, ირაკლის ჰგონია, რომ ლექსის ქურდი ქურდი არ არის?! თავად საღამოზე არც მოსულა, თორემ, იქვე ვეტყოდი ყველაფერს“.
P. S. სამწუხაროა, როცა ის ადამიანი სჩადის ინტელექტუალურ ქურდობას, რომელიც თავად უნდა იცავდეს ამ უფლებებს. შესაძლოა და ვიმედოვნებთ, რომ ბატონმა შალვამ და მისმა მეუღლემ არ იცოდნენ, ქურდს რომ უწყობდნენ პოეზიის საღამოს.
ბადრი შუბლაძის ლექსებს კი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გაეცნობით. Badri SHubladze