თოჯინების ჯანყი
დორის ლინლის სახლი ნამდვილი ზღაპრული სამყარო იყო და შერლის იქ მისვლა ყოველთვის უყვარდა. დორისი უჩვეულო ოსტატობით აკეთებდა თოჯინებს: ჭაღებზე ელფები და ანგელოზები ქანაობდნენ, სავარძლებში ზღაპრული პრინცესები და უფლისწულები ისხდნენ, კომოდიდან შუა საუკუნეების რაინდები „იმზირებოდნენ”... განსაკუთრებულ ყურადღებას ცნობილი ადამიანების, კინოვარსკვლავების, პოლიტიკოსების, შოუ-ბიზნესის „ფეისების” თოჯინები იპყრობდნენ, რომლებიც არაჩვეულებრივი სიზუსტით გამოსახავდნენ თავიანთ ცოცხალ ანალოგებს. დორისი თავისი იშვიათი ნიჭის წყალობით ქმნიდა ამ თოჯინებს და თითოეულ მათგანს საკუთარი ხასიათიც ჰქონდა. ის თავადაც თოჯინას ჰგავდა – სიფრიფანა და ნაზი, გამჭვირვალე კანითა და დიდი, ლურჯი თვალებით, შიგნით მუდამ გაოცება რომ ეწერა. მას ყველაფერი ჰქონდა: დიდი, ანტიკვარული სახლი მშობლებმა დაუტოვეს; ჯორჯი, მოსიყვარულე ქმარი კი, მას ყველაფერში ეხმარებოდა. დორისის თოჯინების პოპულარობა დღითი დღე მატულობდა და საკმაოდ ძვირადაც ფასობდა. მას ხშირად უკვეთავდნენ ცნობილი ადამიანებისთვის საჩუქრად, თოჯინა-ასლებს, ან, უბრალოდ, მდიდარ ადამიანებს თავი ვალდებულად მიაჩნდათ, ცნობილი მეთოჯინის ხელით დამზადებული ერთი თოჯინა მაინც ჰქონოდათ სახლში, დორისის და, ედნა, ამ თოჯინებისთვის აქსესუარების შექმნით იყო დაკავებული. იმ დღეს, უახლოეს მეგობარს, შერლის დორისი უჩვეულოდ აღელვებული დაუხვდა. ერთიანად გაფითრებული და აკანკალებული, მეგობარს მკლავზე ჩამოეკიდა და ისტერიკული ხმით წამოიძახა:
– შერლი, საყვარელო! ჩემს თავს რაღაც საშინელება ხდება! ჩემი თოჯინები, ისინი გაგიჟდნენ!
– რას ამბობ? ასე რატომ ფიქრობ?
– იმიტომ რომ, ორი დღეა, აქაურობა ნამდვილ საგიჟეთს დაემსგავსა. წამოდი, შენი თვალით ნახე!
შერლი თოჯინების ოთახში წაჰყვა დორისს და თვალწინ მართლაც საშინელი სურათი გადაეშალა: თოჯინებს თითქოს მართლაც ომი ჰქონდათ ერთმანეთში – ელფებს ფრთები ჰქონდათ დაგლეჯილი და მათი თმები იატაკზე იყო მოფანტული. რაინდები მუცელგამოფატრულები ეყარნენ; ცხენებისთვის ვიღაცას თავები მოეჭრა, დედოფალებისთვის კი თითები მოემტვრიათ და კაბები დაეფხრიწათ.
– ღმერთო, ეს რა ხდება, ვინ ჩაიდინა ასეთი საშინელება?
დორისს თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა და მეგობარს ხელზე მოებღაუჭა:
– ვშიშობ, რომ მე, შერლი, შენ ხომ ფსიქოლოგი ხარ, უნდა მიშველო...
– მოიცა, დამშვიდდი, სისულელეა. შენ ამას ვერ გააკეთებდი, შენ ქმნი მათ და გიყვარს ისინი.
– ჰო, ასეა, მაგრამ, იქნებ, შეშლილი ვარ და ამ ყველაფერს ღამით, ძილში ვაკეთებ? მე არ ვიცოდი და ედნამ მითხრა, რომ ჩემი დეიდა, კლაუდია, შიზოფრენიით ყოფილა ავად და სიცოცხლე სულით ავადმყოფთა თავშესაფარში თვითმკვლელობით დაუსრულებია. ხომ შეიძლება, მეც სულით ავადმყოფი ვიყო? შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ასეთი რაღაცეები გენეტიკურია. თან, რატომ მაინცდამაინც მე მიმალავდნენ ჩემი მშობლები დეიდა კლაუდიას ამბავს?.. ესე იგი, მათ რაღაცის ეშინოდათ.
– მოიცა, მოიცა, საკუთარ თავს ერთბაშად ნუ გამოუტან განაჩენს. მოვიცადოთ, ვიფიქროთ. ჯორჯი რას ამბობს?
– რას უნდა ამბობდეს? შეშინებულია და ვეცოდები. იცი, რა უნდა გითხრა? მგონი, ეს ყველაფერი იმის მერე დაიწყო, რაც ტონი ბონდონეს თოჯინა გავაკეთე შეკვეთით. იცი, ვინ არის ტონი ბონდონე?! ცნობილი იტალიელი მაფიოზია, სხვათა შორის, მის თოჯინას არაფერი დაშავებია, – დორისი ჩურჩულზე გადავიდა.
– დამშვიდდი, საყვარელო, – მიეფერა მეგობარს შერლი, მე ყველანაირად დაგეხმარები. ყველაფერი კარგად იქნება... მოიცა, ის მაფიოზი ხომ არ გაბრაზდა, მის თოჯინას რომ აკეთებდი?
– არა, თავად გამომიგზავნა თავისი ფოტოები და ჟურნალები მასზე დაწერილი სტატიებით. – ამოიოხრა დორისმა, – მგონი ვგიჟდები...
– დორის, გეყოფა. რაღაც სისულელეების გამო თავს ნუ დაიტანჯავ. მე ახლა მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, მერე შემოგივლი...
მერე უკვე შეშფოთებულმა ჯორჯმა დაურეკა და შერლის სასწრაფოდ მათთან მისვლა სთხოვა. შერლის უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. კარი ედნამ გაუღო. შერლის ყოველთვის აოცებდა დების ასეთი განსხვავებულობა. ედნა ძალიან უსახური იყო, ერთადერთი, თმა ჰქონდა ლამაზი და საგულდაგულოდ უვლიდა. ნიჭიერებითაც ძალიან ჩამორჩებოდა დას. მხოლოდ ერთხელ, მისმა ნახატმა, ვატერლოოს ბრძოლას რომ ასახავდა, კონკურსში გაიმარჯვა და სასკოლო სახელმძღვანელოშიც კი დაიბეჭდა. ეს ნახატი, თავისი ნატურალიზმით, ძრწოლას ჰგვრიდა მნახველს: ნაწლავებგადმოყრილი ადამიანების და ცხენების ერთმანეთში აზელილი გვამები, ბევრი სისხლი და ტრაგიზმი..
– როგორ არის საქმე? – ჰკითხა შერლიმ ედნას.
– საზიზღრად. დორისი სულ გადაირია – ჯორჯის თოჯინას მუცელი გამოფატრა და მერე ფანჯრიდან ხტებოდა. ჯორჯი სასოწარკვეთილია.
დორისი თვალდახუჭული იწვა. შერლის არც კი შეხედა, ისე წარმოთქვა:
– მე გიჟი ვარ... გიჟი... ახლა უკვე ზუსტად ვიცი. ჯორჯის თოჯინა დავასახიჩრე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეცნობიერში მისი მოკვლაც შემიძლია... შეხედე! – დორისმა სახელო აიწია და შერლიმ მის ხელზე წითელი ნაკაწრი დაინახა, – ეტყობა, მაშინ გავიკაწრე, როცა თოჯინებს ვასახიჩრებდი.
– არაფერი გახსოვს?
– არაფერი. საქმეც ეგაა, რომ მკვდარივით ვიძინებ. როდის ვდგები და ამას როდის ვაკეთებ, ვერ ვხვდები. მეც თვითმკვლელობით დავასრულებ სიცოცხლეს, როგორც დეიდაჩემი. იცი, კიდევ რა მოხდა? აკვარიუმიდან თევზები გაქრა და მერე ისინი ჯორჯმა სამზარეულოს იატაკზე იპოვა ფეხით გასრესილი. ოჰ, შერლი! მე ურჩხული ვარ!
შერლი ჯორჯთან შევიდა:
– შენც ფიქრობ, რომ შენი ცოლი გიჟია?
– არ ვიცი, შერლი. არ ვიცი, რა ვიფიქრო. მეშინია, თავი არ მოიკლას. იცი, რომ ჩვენი კატაც აღარ ჩანს?
– კატა დიდი დანაკლისი არ არის, ვერასოდეს ვიტანდი, აი, დორისის ამბავი კი ძალიან მადარდებს. იცი, რა?! თქვენი სახლის სადარბაზო კარის გასაღები მომეცი. – უნდა ვნახო, რა ხდება ღამით ამ სახლში. ოღონდ, შენ არაფერი თქვა, ჯორჯ, ედნამაც არ უნდა იცოდეს.
– შერლი, საქმე ისაა, რომ დორისს იმ დღეს ვუთხარი, არ ენერვიულა რაღაც დამტვრეული თოჯინების გამო. სისულელე წამოვროშე და ვთქვი, ტრაგედია ის იქნება, თუკი ჩემს ფოტოგალერეას დაემუქრება რამე-მეთქი და მეორე დილით ექვსი საუკეთესო ფოტო ნაკუწებად იყო დაჭრილი. ცუდ დღეში ვართ, შერლი. იქნებ, ჯობდეს, დავრეკო და დორისი ექიმებს გადავაბარო?
– ერთი დღე კიდევ მაცადე. ამაღამ აუცილებლად რაღაც გაირკვევა, – დაჰპირდა შერლი.
ღამით შერლიმ ჩუმად გააღო დორისის სახლის კარი და ფეხაკრეფით აიპარა კიბეზე. სინათლე არსად ენთო, მაგრამ, ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი საკმარისი იყო, გარკვევით დაენახა, რაც სახლში ხდებოდა. შერლი იმ ოთახში შეიპარა, სადაც დორისს ეძინა. ძლივს მოასწრო კარადის გვერდით შემალვა, რომ კარი ჩუმად გაიღო და ოთახში წელში მოხრილი ადამიანი შემოვიდა, რომელსაც ერთ ხელში ტომარა ეჭირა, მეორეში კი – სამზარეულოს დიდი დანა. წელში მოხრილი მიუახლოვდა ფანჯარას და ტომარა გახსნა. არსება, რომელიც იქიდან გამოათრია, გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა. ის იყო, დანა მოიქნია, რომ შერლიმ გამაყრუებლად დაუსტვინა და თითქმის იმავე წამს ოთახში ორი პოლიციელი გაჩნდა, რომლებიც დანააღმართულ ედნას მისცვივდნენ და ხელბორკილი დაადეს...
ჯორჯმა შერლის სასმლით სავსე ჭიქა გაუწოდა:
– მადლობელი ვარ შენი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ედნა იქნებოდა ამ საშინელებების ჩამდენი.
– დორისს კიდევ კარგა ხანს ეძინება. ედნას იმდენი ძილის წამალი მიუცია, რომ ორ ადამიანსაც თავისუფლად ეყოფოდა ამხელა დოზა და, რა გასაკვირია, რომ გაღვიძებულს აღარაფერი ახსოვდა. თან, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი, ფანჯარაში ჩამოკიდებულ, გამოფატრულ კატას რომ დაინახავდა, ეს ბოლო წვეთი იქნებოდა მისი ნაზი ფსიქიკისთვის, რაც ბოლოს მოუღებდა კიდეც. ედნამ კარგად გათვალა. მას არასოდეს უყვარდა და, პირიქით, სძულდა კიდეც. მშობლები ლამაზ და საყვარელ დორისს განსაკუთრებით ანებივრებდნენ, მას ყველაფერი ჰქონდა და ედნაც დაიბოღმა. მის გულში შურისძიების სურვილმა იფეთქა და საშინელი გეგმაც მოიფიქრა. სინამდვილეში ედნას აქვს მიდრეკილება სულიერი აშლილობისა და სადიზმისკენ. გაიხსენე მის მიერ დახატული ბრძოლის ველი. გახსოვს, გვიკვირდა კიდეც, როგორ შეეძლო ქალს, ასეთი სისასტიკე დაეხატაო. დარწმუნებული იყავი, ედნა მოახერხებდა დორისის თვითმკვლელობამდე მიყვანას.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ