ხაფანგში
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-24(598)
მიხომ ხმამაღლა შეიგინა და კარი საშინელი ხმაურით მიაჯახუნა. დაფეთებული ლელი და სალომე ერთად გამოცვივდნენ ოთახებიდან.
– რა გჭირს, რას ანგრევ აქაურობას, სულ გადაირიე? თანაც, ნუ იგინები. რა უბედურებაა ეს, რა არის?!
– თავი დამანებეთ, გულზე ვარ გახეთქილი! ამას ვის გადავეკიდე, როგორ ვერ შევამჩნიე თავიდან, რა ურჩხული და სტერვა იყო?!
– აჰა, გასაგებია! – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა სალომემ, – საყვარელ მეუღლეს ელაპარაკა და ახლა ჩვენზე გადმოანთხევს ბოღმას.
– გაჩუმდი-მეთქი! ისედაც დაგლეჯაზე მაქვს ნერვები. წადი და ყავა მომიდუღე, დავმშვიდდები ცოტა...
სალომემ ტუჩები აიბზუა:
– მე შენი ცოლი ხომ არ გგონივარ, ბრძანებებს რომ იძლევი? თუ ყავა გინდა, შენ თვითონ მოიდუღე, – გოგო სავარძელში ჩაჯდა და გამომწვევად გადაიდო ფეხი ფეხზე.
– რაო, რაზე მოილაპარაკეთ? – ჰკითხა ლელიმ ხელოვნური თავშეკავებით.
– მაგ გიჟთან საერთოდ არ შეიძლება ლაპარაკი... ისტერიკა მომიწყო და ორსულობის ტესტი მომიგდო.
– რა მოგიგდო? – სიცილი აუტყდა სალომეს, – ეგ ვითომ რას ნიშნავს?
– ნუ იღრიჯები სულელივით. გავუტრაკე, ფეხმძიმედ არ ხარ-მეთქი და ტესტი მომიგდო. რაღა უნდა მეთქვა, ხომ ვერ დავაბრალებდი, ჩემგან არ დაორსულებულხარ-მეთქი? ვცოფდები, როცა მახსენდება, როგორ მომატყუა. დეგენერატი! შანტაჟისტი! ძალით დაიორსულა თავი!..
– ძალით დაიორსულა, რა, შენ არაფერ შუაში ხარ? – წარბი შეიკრა ლელიმ, – მე ეგ გოგო არასდროს მომწონდა, მაგრამ, შენთან შედარებით, ანგელოზია.
– დედა, ისედაც გახეთქილი ვარ გულზე და შენ ნუ მიმატებ. იცი, ეგ რას გიზამს თავისი ბავშვით?
– თავისი კი არა, შენი ბავშვით, შენი... ბოლოს რა გადაწყვიტეთ?
– არაფერი, რა უნდა გადაგვეწყვიტა? მაგასთან ერთად აღარ ვიცხოვრებ, გამორიცხულია. ვეღარ ვიტან, მისი ხმის გაგონებაზეც კი ცუდად ვხდები.
– მერე, ბინა?
– რა ბინა? მაგას უყიდეს მშობლებმა, არ გახსოვს?!
– რემონტი რომ შენ გააკეთე? მამაშენის ბინა დააგირავე და მთელი ფული იმაში გაფლანგე, იმ ქალბატონს ევრორემონტში რომ ეცხოვრა და ძვირფას დივანზე ეგორავა. საოჯახო კინოთეატრიც ხომ მოუწყვე...
– იმას წამოვიღებ, არ დავუტოვებ, – ჩაიღრინა მიხომ, – რემონტი კი, რა, კედლებს ხომ არ გამოვთხრი ან დივანს ხომ არ წამოვიკიდებ? აქ მაინც არ გაქვს მისი დასადგმელი ადგილი.
ლელის თვალები გაუფართოვდა:
– ესე იგი, აქ აპირებ დასახლებას?!
მიხომ მხრები აიჩეჩა:
– აბა, რა ვქნა? მართლა კიბის ქვეშ ხომ არ ვიცხოვრებ ბომჟივით?
– მამაშენმა რომ დაგიტოვა ბინა, მე იქიდან არაფერი მომითხოვია. გადაეთრიე და იქ იცხოვრე.
– რანაირად, ტო... დაგირავებულია ის ბინა. მომეცი თხუთმეტი ათასი დოლარი და გადავეთრევი. ან, რა წილი უნდა მოგეთხოვა, როდის შენ მამაჩემს გაშორდი, აღარც კი მახსოვს...
– თხუთმეტი ათასი დოლარი კი არა, თხუთმეტი დოლარიც არ მაქვს და, რომც მქონდეს, არ მოგცემ!
– არ მომცემ და აქ ვიცხოვრებ. ნეტა მეტი პრობლემა არ მქონდეს.
– მიხო, არ გამაგიჟო, აქ ვერ დარჩები! – გაფითრდა ლელი.
– დარჩენილი ვარ და ეგ არის. ტყუილად ნერვების მოშლას არ გირჩევ, – მშვიდად განუმარტა მიხომ, – სალომე! – მიუბრუნდა დას – ყავა მომიდუღე, რა... მართლა ძალიან მინდა. ხელები მიკანკალებს, მანქანაში ნახევარი კოლოფი სიგარეტი მოვწიე.
– უი, მანქანა! – წამოიძახა სალომემ, – როგორ დაგავიწყდა! შეგიძლია, მანქანაში გაათენო ღამე.
– გოგო, გააჩერე ეგ მწარე ენა, თორემ... – მიხომ აღარ დაასრულა სათქმელი და დას მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.
– კარგი, – ვითომ მოლბა გოგო, – წამოდი და დაგალევინებ ყავას. ოღონდ, აქ ნუ მომატანინებ, სამზარეულოში გამოდი.
– კაბინეტში შემომიტანე.
სალომემ მხრები აიჩეჩა – ჯანდაბას, იყოს კაბინეტში. რადგან დაგპირდი, დაგალევინებ-მეთქი, დაგალევინებ.
– წამოვწვები და შემოდი. შეგიძლია, არც დააკაკუნო.
– მოიცა, სად მიდიხარ, სად წამოწვები, რომელი კაბინეტი, სინდისი სულ დაკარგე? გეუბნები, მოაგვარე პრობლემა-მეთქი! – გაცეცხლდა ლელი.
– როგორ მოვაგვარო, ქალო, ნუ გადამრიე! ახლა... მანქანაში ვერ ვიცხოვრებ. დამაცადე ცოტა ხანს და გამოჩნდება რაღაც გზა. მოვიფიქრებ რამეს.
– დეგენერატი ხარ! საერთოდ რატომ გაგაჩინე?
– ჰო, აი, ეგ მართლაც საინტერესო შეკითხვაა და მეც სიამოვნებით მოვუსმენ პასუხს, მაგრამ, ახლა არა. ნუ გეშინია, შენი შესანახი არ გავხდები. გარეთ კი რანაირად უნდა გამაგდო, შვილი ვარ, ბოლოს და ბოლოს.
– ახლა ხარ, შვილი?! ყოველთვის მამაშენის მხარეს იყავი. მაშინაც კი, როცა შენი სიყვარული ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
– მეც მჭირდებოდი მაშინ, მაგრამ, შენ ჩემთვის არ გეცალა. გეხვეწები, მომეშვი ახლა და ტვინს ნუღარ გამიბურღავ. მერე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ყველაფერზე. თუ გინდა, ჩვენი დედაშვილობის ასპექტებიც განვიხილოთ.
ლელიმ ჭერისკენ აღაპყრო თვალები:
– აშკარად ვისჯები... შეიძლება, ეს დავიმსახურე, მაგრამ, რეციდივისტებსაც და კაცისმკვლელებსაც კი ეძლევათ ახალი ცხოვრების დაწყების შანსი, მშვიდი და წყნარი ცხოვრების. მე კი სულს მიხუთავთ, მახრჩობთ! ერთი დღე არ ვყოფილვარ ბედნიერი, ერთი დღე!..– ლელი მონდომებით აქვითინდა.
მიხომ ხელი ჩაიქნია, ოთახიდან გავიდა და კაბინეტში ტახტზე წამოწვა. ცოტა ხანში მასთან სალომე შევიდა, ყავის ფინჯნით ხელში. ბიჭმა მოსვა და დაიჯღანა:
– რა არის, გოგო, ეს?!
– ყავაა, სხვა რა უნდა იყოს?! მიდი, მოყევი, რა მოიფიქრე.
– ფუი, შაქარი და წყალია, ისიც ცივი. ყავა ვერ იპოვე თუ რა უბედურება გჭირდა?!
– თუ არ მოგწონს, წადი და შენ თვითონ მოიდუღე, – ტუჩი აიბზუა სალომემ, – ისეთ საშინელ გუნებაზე ვარ... შენ მარტო საკუთარი თავი გადარდებს. დამპირდი, რაღაცას მოვიფიქრებო და მომატყუე...
– რა გინდა, გოგო... ხომ ხედავ, რა დღეშიც ვარ, რა გინდა, რომ მოვიფიქრო?!
– რამე! ქალბატონი უკვე მილოცვებს იღებს. რატომ არ მეკითხები, რა ვნახე, როცა სამსახურში მივაკითხე? შოკში ვარ, ლამის გული გამისკდეს ნერვიულობისგან. ცოლად ირთავს, წარმოგიდგენია?! ამ საფრთხობელას ირთავს ცოლად. რატომ უნდა ჰქონდეს ამას ყველაფერი და მე არაფერი?! ასეთი უსამართლო რატომ არის ცხოვრება?! რითი მჯობია?! გავგიჟდები, მართლა რომ გათხოვდეს.
– ჰო, კარგი, ნუ წრიპინებ. დიდად არც მე გამახარებს მაგისი გაბედნიერება. მით უმეტეს, ახლა, როცა მთელ სამყაროზე ვარ გაბოროტებული, – მიხომ ცოლის მიცემული ტესტი მუხლებზე დაიდო და დააშტერდა, – რატომ თავზე არ გადავახიე?! ძუკნა! გამიჩალიჩა... აი, ასეთები ხართ ქალები...
– გეყოფა, რა, მოეშვი ცოლის ლანძღვას. მახსოვს, როგორ გიჟდებოდი და ლამის ვენებს იჭრიდი, თავი რომ შეგეყვარებინა. ასე უცებ გადაგიყვარდა? ბრჭყალები და კუდი ერთ ღამეში გამოება? ვერ ვიტან, როცა კაცები იმით ცდილობენ თავის გამართლებას, რომ ქალებს ლანძღავენ.
– მომატყუა, გესმის შენ? მამამისი იმდენ რამეს დამპირდა და მარტო ის გააკეთა, რომ საკუთარ შვილს ბინა უყიდა.
– მანქანა არ გაჩუქა? ნუ ხარ უმადური.
– ეს მანქანაა, გოგო?! თვითონ ბოლო ორ თვეში სამი „ჯიპი“ გამოიცვალა, მე კი ორი წელია, ამ ჯაგლაგით დავრახრახებ. ნაგლი! სამსახურიც ისეთი მიშოვა, გროშებს მიხდიან და სიგარეტის ფულად ძლივს მყოფნის. მისი ქალიშვილი კი საყვედურებით მიკლებდა, ყველაფერზე ისევ მამაჩემთან გავრბივარ, ერთი წესიერი ფეხსაცმელიც არასდროს გიყიდია ჩემთვისო. არ იცოდა, რისი პატრონიც ვიყავი?
სალომე შეიჭმუხნა:
– ძალიან დავიღალე, უკვე ნახევარი საათია, შენს წუწუნს ვისმენ. გეუბნები, ქორწილი კარზეა მომდგარი...
– მოსაწვევი ნახე? – ირონიულად ჩაიცინა მიხომ, თან ისევ ტესტს დასცქეროდა.
– არ მჭირდება მოსაწვევის ნახვა. არ გჯერა, რომ ვამბობ, მილოცვებს იღებს-მეთქი? დღეს, საერთოდ, გიო ჰყავს გამოძახებული თავისთან, ეტყობა, სასიძო უნდა გააცნოს. ამასაც შემთხვევით მოვკარი ყური, თორემ, გგონია, მეტყოდა? მაინც ეჭვის თვალით მიყურებს.
– ანუ, ტყუილად მიფრატუნდი, არ გაგაცნო თავისი რაინდი?
სალომემ ტუჩები მობრიცა:
– არც უფიქრია. მარტო კაფეში დამპატიჟა ყავაზე. ცოტა აფორიაქებული იყო. რომ მივედი, მისგან ჩამოვიდა – კაბინეტში ჰყავდა გამოძახებული. რას აკეთებდნენ იქ ერთად, შენ იფიქრე...
– ვიფიქრო თუ წარმოვიდგინო? – ზიზღით ჩაილაპარაკა მიხომ, – პრინციპში, ეს ჩემი საქმე არც უნდა იყოს, მაგრამ, ისეთი აღრენილი ვარ ამ ცხოვრებაზე, ვინმე ჩემ გვერდით ბედნიერად რომ გრძნობს თავს, სისხლის სამართლის დამნაშავე მგონია.
– ჰოდა, ვიმოქმედოთ, აუ, გადააგდე, რა ეგ ქაღალდი და იაზროვნე! – გაცხარდა გოგო და თავად წაატანა ხელი ტესტს. მიხომ არ დაანება და უცნაურად შეხედა.
– რას მომაშტერდი, რა იყო?! ვერ მიხვდა სალომე, – არ გესმის? მომეცი-მეთქი და მე გადავაგდებ. რისთვის გჭირდება?! ხომ უკვე დარწმუნდი, რომ მართლა ფეხმძიმედ არის და არ გატყუებს? რელიკვიად უნდა შეინახო? მაშინ ჩარჩო გაუკეთე.
– გაჩუმდი, გოგო, რამდენს ლაპარაკობ, ვერ ხედავ, ვფიქრობ! – შეუბღვირა მიხომ.
– შეიძლება, ფიქრობ, მაგრამ, იმაზე არა, რაზეც უნდა ფიქრობდე. გეუბნები, გული გამისკდება, ეს რომ პატარძლის კაბაში დავინახო. თანაც, წარმომიდგენია, როგორ კაბას ჩაიცვამს. ქორწილშიც კი არ დაგვპატიჟებენ, – აწუწუნდა სალომე. ბიჭმა ხელის აქნევით გააჩუმა:
– ქორწილი არ იქნება... რაღაც მოვიფიქრე...
***
მაგიდის კიდეზე შემომჯდარი და ფეხი-ფეხზე შემოდებული მარიკო ავად უყურებდა ქეთის, თავისთვის, ჩუმად რომ იჯდა და კომპიუტერის კლავიატურაზე რაღაცას ნელა კრეფდა. მოულოდნელად თავისი ოთახიდან ნათია გამოვარდა და გაბრწყინებული მიიჭრა ქეთისთან:
– გეყოფა მუშაობა, შენ ახლა იმდენი საქმე გაქვს... ბატონმა დიმამ დამირეკა და მითხრა, რომ პირადად უნდა გავაკონტროლო, ასრულებ თუ არა მის დავალებებს. შენ კი, ვხედავ, ჯერ კაბის შერჩევაც არ დაგიწყია. მძღოლსაც გამოვიძახებ, თუ საჭირო გახდება და, სადაც გინდა, წაგიყვანს.
– არსად არ ვაპირებ წასვლას, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქეთიმ.
– როგორ?! – განცვიფრდა ნათია, – თუ აქაურ დიზაინერს გინდა, რომ შეუკვეთო, ახლავე უნდა წავიდეთ. დრო ბევრი არ გვაქვს. იმდენი რამეა მოსასწრები...
მარიკომ ნინის გახედა, რაღაც ანიშნა და ქეთის მიმართა.
– თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნება, მე დაგეხმარები. ამ ქალაქში ყველაზე „ფეშენ-საქორწინო“ კაბებს ვინ კერავს, ზეპირად ვიცი. მაგრამ, შენ ადგილზე, მე რომელიმე უცხოელ დიზაინერს ავირჩევდი, მით უმეტეს, რომ არის ამის საშუალება.
– შენ კი იზამდი ამას, ეჭვი არ მეპარება, – დასცინა ნათიამ და მარიკოს მიუბრუნდა, – მაგიდაზე ნუ ზიხარ. რა უზრდელობაა! შინაგანაწესს რატომ არ იცავ?
– არ ვიცოდი, შინაგანაწესის დარღვევა თუ იყო მოსახერხებელ პოზაში ჯდომა, – გამომწვევად თქვა მარიკომ და ზლაზვნით ჩამოხტა მაგიდიდან, – შინაგანაწესი აქ უკვე აღარ არსებობს, ყველანი არაორდინარულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ყოველთვის ხომ არ ქორწინდება უფლისწული კონკიაზე, თანაც, ზღაპარში კი არა, „ლაივში“?!
– ნუ გშურს და ნუ და ანახვებ ყველას, რომ დაიბოღმე. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, ბატონი დიმა დაქორწინდება.
– ჩვენც გვიხარია, მით უმეტეს, რომ „პრინცესა” ჩვენი ოთახიდან არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმედი მაინც გაგვიჩნდება, რომ ოდესმე ჩვენც გაგვიმართლებს, – გესლიანად წარმოთქვა მარიკომ და იქვე მდგარ ნინის და მაგდას გახედა იმ იმედით, რომ ორივე მხარს აუბამდა, მაგრამ, გოგოები, მისდა გასაოცრად, კეთილგანწყობილი გამომეტყველებით შესცქეროდნენ ქეთის. ნინიმ საერთოდ გააოგნა, როცა ალერსიანად გაუღიმა ასათიანის საცოლეს და მარიკოსთვის წარმოუდგენელი რამ თქვა:
– მე შეგარჩევინებ კაბას... მაინც არაფერი საქმე არ მაქვს, უფრო სწორად, როგორ არ მაქვს, მაგრამ, საჩქარო არ არის.
– იცით, ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, – ჩაიჩურჩულა ქეთიმ და გაწითლდა.
– არ შემიძლია ასეთი სენტიმენტები... გული მიჩერდება და მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ ხოლმე, – დასცინა მარიკომ და ჩანთა აიღო, – მე წავალ, არ შემიძლია, ამ იაფფასიან მელოდრამას ვუყურო.
– მარიკო, ზედმეტი ხომ არ მოგდის? – გაცხარდა ნათია, – თავი სად გგონია?
– იქ, სადაც ვარ. რა მენაღვლება, ისედაც მაგდებენ აქედან, მავან და მავან მიზეზთა გამო და რა აზრი აქვს, ეს კონკრეტულად დღეს მოხდება თუ ერთი თვის შემდეგ, როცა ბედნიერი წყვილი საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნდება. აჯობებს, ჩემით წავიდე.
– ნუ სულელობ! სად მიდიხარ? არავინ გაგდებს?! – სახელოში სწვდა მაგდა.
– თავი დამანებე. აქ ისეთი ზეიმია, ცუდად ვხდები: – ხელი გააშვებინა მარიკომ და წამოიძახა, – აი, ჩემი სიტყვების დადასტურება – უშოც კი ყვავილების თაიგულით გამოცხადდა. ფუ! ჯერ მისი ცოლი არ გამხდარა და უკვე როგორ ეტენებით ყველა. გაუმარჯოს დედოფალს!
მარიკო რომ გავიდა, ნათიამ მაგდას ჰკითხა:
– რა ბუზმა უკბინა ამას? არაფერს აკეთებს და ისევ თვითონ არის დიდ გულზე?! შეშურდა თუ რა არის?
ქეთი, რომელიც თავდახრილი და გაწითლებული უსმენდა მის გარშემო ატეხილ აურზაურს, უცებ წამოხტა და აღელვებულმა წამოიძახა:
– ძალიან გთხოვთ... მე... მე... ძალიან დავიბენი... მეშინია და, საერთოდ, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი ეს ამბავი... ახლავე ავალ ბატონ დიმიტრისთან...
გაქცეულ ქეთის ნათიამ შეწუხებულმა გახედა:
– მეცოდება ეს ბავშვი. ერთბაშად დაატყდა თავზე ამხელა სიყვარული. მისი ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება. ადვილი არ არის...
– ჰო, აბა, რა... – დაეთანხმა მაგდა, – მე გადავირეოდი.
– ძალიან მაინტერესებს, ვნახო, როგორი ხარ გადარეული, – გაიცინა უშომ და თაიგული ქეთის მაგიდაზე დადო.
– ეს ყვავილები მართლა ქეთის მოუტანე? – გაუკვირდა ნინის.
– ჰო, რა იყო? ხომ თქვი, თხოვდებაო და, ვიფიქრე, მივულოცავ-მეთქი. გამიხარდა... მართლა...
– მართლა გაგიხარდა?
– ვაიმე, ნინი, რატომ იცი, ასეთი ჩაციება? რაღაცნაირად კარგად ვარ ამ გოგოს მიმართ განწყობილი, იმსახურებს ბედნიერებას.
– რაღაცნაირად კი არ ხარ განწყობილი, მოგწონდა და აღიარე, ნუ გრცხვენია.
– ჰო, მომწონდა და ახლაც მომწონს. კარგი გოგოა, სხვებს არ ჰგავს.
– ვინ სხვებს? – დოინჯშემოყრილმა მაგდამ თვალები მოჭუტა, – წეღან რომ მითხარი, მაინტერესებს, გადარეული როგორი ხარო, მართლა გაინტერესებს თუ მეხუმრე?
უშომ მხრები აიჩეჩა და გოგოს მუშტრის თვალით ახედ-დახედა:
– პრინციპში, რატომაც არა?! ანუ, არ მოგესმა, სიამოვნებით ჩავატარებდი მაგ ექსპერიმენტს.
– ჰა, ჰა, ჰა! ნინი, შენი ძმა ცდილობს, პროვოკაციაზე წამომაგოს, – გაეკეკლუცა ბიჭს მისი სიტყვებით ნასიამოვნები გოგო.
– მერე, შენც ნუ წამოეგები, თუ არ გინდა, – უგულისყუროდ მიუგო ნინიმ და ნათიას მიუბრუნდა: – ქალბატონო ნათია, როგორ ფიქრობთ, ახლა რა მოხდება?
– რას გულისხმობ? – კითხვითვე მიუგო ნათიამ.
– იქ, ზემოთ რა მოხდება-მეთქი...
– რა უნდა მოხდეს?! ბატონ დიმიტრის აქვს იმის უნარი, ადამიანები თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს და როგორმე საყვარელი ქალის დარწმუნებასაც შეძლებს, არ გაუჭირდება...
***
ასათიანს ვახო ჰყავდა ოთახში.
– მოკლედ, ასე, ხვალ ჩემს მშობლებს წარვუდგენ ქეთის და საღამოს რესტორანი შენზეა.
– საღამომდე, ანუ ხვალ საღამომდე დრო ცოტაა. რა უნდა მოვასწროთ? ქორწილი სახუმარო საქმე არ არის, მით უმეტეს – შენი ქორწილი. მაგის ხათრით, მგონი, ცისიაც შემოვირიგე, მაგრამ, ბიჭო, თანამშრომლებს ხომ ვპატიჟებთ და, არ დაველაპარაკოთ მარიკოს?! რამე ნომერი არ მომიწყოს.
– ჩადი და დაელაპარაკე, – წარბი შეიკრა დიმამ, – სულელი ხარ, რა!.. და, საერთოდაც, ქორწილს არ ვიხდით. ქეთი ისევ ყოყმანობს და არ მინდა, ბევრმა ხალხმა, ცნობისმოყვარეებისა და კეთილმოსურნეების არმიამ დააბნიოს. ორმოცდაათკაციანი ევროპული სუფრა რომელიმე თანამედროვე რესტორანში საკმარისი იქნება. ხელს მოვაწერთ და გავემგზავრებით. ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცნობთ ერთმანეთს და არ მინდა, ჩვენი ურთიერთობა მისთვის დისკომფორტის შექმნით დაიწყოს.
– ქორწილი დისკომფორტია? რას ამბობ!
– არის. ქეთისთვის არის და, გულახდილად რომ გითხრა, არც მე მეხატება გულზე.
– შენი ქორწილი თვის მთავარი მოვლენა გახდება... – გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა ვახომ, – მთელი ქალაქი ელოდებოდა, ცოლად ვის შეირთავდი.
– საქმეც ეგაა. მეც რომ მივხვდი ამას, იმიტომაც აღარ მინდა. ყველა მოსალოდნელი და მოულოდნელი ინციდენტი რომ წარმოვიდგინე, არ მიღირს.
– მერე, თეთრი კაბა და თაიგული?! საქორწილო ტორტი?!
– არც ერთი მხიბლავს, არც მეორე და არც მესამე... – ამ სიტყვებით შემოვიდა ქეთი ოთახში და ასათიანის წინ გაჩერდა, – თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. ყველა ჩემზე ლაპარაკობს და, საერთოდაც, მე ხომ ჯერ თანხმობა არ მითქვამს?
– მოიცა, რას ნიშნავს, თანხმობა არ გითქვამს?! – განცვიფრდა ვახო, – დიმა, გამაგებინე, რა ხდება?
– არაფერი, არაფერი არ ხდება. შენ წადი, საქმეს მიხედე. ქეთის პასპორტი დაგჭირდება. ბილეთებზეც იზრუნე. – ქეთი, მომეცი შენი პირადობა.
– მომისმინე, ჯერ უნდა დაგელაპარაკო... – გააპროტესტა ქეთიმ, – არ მინდა, ჩემ მაგივრად შენ იღებდე გადაწყვეტილებებს. იმიტომ არა, რომ ჩემთვის სულერთი ხარ. უბრალოდ, არ მომწონს, როცა ცხოვრებას მიგეგმავენ. დიდი ხანია, თავად ვზრუნავ საკუთარ თავზეც და ჩემს ძმაზეც. ახლა კი რაღაც ისეთი ხდება...
– ეე... კარგი, რა... ქეთი, ახლა ასეთები იქნება? გასაგებია, რომ ქორწილი არ გინდათ, მაგრამ... – ჩაერია ვახო.
– წადი, წადი, შენ და დაგირეკავ, – შეაწყვეტინა დიმიტრიმ.
ვახომ მხრები აიჩეჩა და, ის იყო, გასვლას აპირებდა, რომ შიდა ტელეფონმა დარეკა. ვახო შემობრუნდა და ანგარიშმიუცემლად დასწვდა ყურმილს.
– დიმა, მაგდა გირეკავს, ქვემოთ ვიღაც ბიჭი ქეთის კითხულობს და გამოვუშვაო?
– ეს, ალბათ, გიოა, – ამოიოხრა ქეთიმ, – რა უნდა ვქნა? ისე უხარია ჩემი ამბავი. მე კი ძალიან დაბნეული ვარ. რაღაც ძალა მექაჩება უკან.
– მაგდას უთხარი, გამოუშვას, – ასათიანი ქეთისთან მივიდა და მოეხვია, – დამშვიდდი, რა, ძალიან გთხოვ, გეხვეწები. მოდი, ჩაი დავლიოთ. შენ რომ მოგეწონა, ის ჩაი მაქვს... ნუ ფიქრობ ნურაფერზე, მომეცი, ნება, შენ მაგივრად მე ვიფიქრო. დამიჯერე, ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც შენ არ მოგეწონება...
– დიმა, მოდი, ცოტა ხანს კიდევ მოვიცადოთ... მეშინია... ზუსტად ისეთი განცდა მაქვს, როგორც მაშინ, როცა დედაჩემი გარდაიცვალა.
– ჰო, მესმის, მაგრამ, ახლა მე ვარ შენ გვერდით. აი, შემოვა გიო და ვეტყვი, რომ ახლა უკვე მე ვიზრუნებ თქვენზე, ორივეს მოგხედავთ... არა, კი არ ვეტყვი, ნებართვას ვთხოვ... ხომ დამთანხმდება გიო? ქეთი, მითხარი, ჩუმად რატომ ხარ?
ვახო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ვეღარც გავიდა ოთახიდან და აღარ იცოდა, რა ექნა. კაბინეტის კარი ერთბაშად გაიღო და ვახომ გაოცებით შეხედა ახალგაზრდა კაცს, რომელიც თავდაჯერებული და აგრესიული იერით შემოიჭრა, მას გვერდი აუარა და პირდაპირ ქეთისკენ წავიდა. გოგოს თავი ასათიანის მკერდზე ჰქონდა მიყრდნობილი, ამიტომ, შემოსული მაშინვე არ დაუნახავს. დიმა მიხვდა, რომ ეს გიო არ იყო და მკაცრად იკითხა:
– ვინ ხართ და რა გნებავთ?
მიხომ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა. ქეთისთან მივიდა, მხარზე ხელი მოჰკიდა, თავისკენ შემოატრიალა და ცხვირწინ ორ თითს შორის მოქცეული ორსულობის ტესტი აუფრიალა, თან მთელი ხმით იყვირა:
– ასეც ვიცოდი, რომ მატყუებდი! ახლა თქვი, რომელია შენი შვილის მამა – მე თუ ეს ფულით გაძეძგილი ტომარა?! შენ, ალბათ, მის სასარგებლოდ გააკეთებ არჩევანს და არც მიკვირს. რა კარგად თამაშობდი შენს როლს, ყველაზე წმინდა, საოცარი არსება მეგონე და მიხაროდა, მეამაყებოდა, ასეთ ქალს რომ ვუყვარდი. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რა არის სიყვარული, შენთვის მთავარი საკუთარი კეთილდღეობაა. რაღატომ მარწმუნებდი, რომ ბავშვს ელოდებოდი ჩემგან?! თუმცა, ვხვდები, სათადარიგო ვარიანტი გჭირდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ამასთან გაგემაზებოდა. ეტყობა, ესეც ჩემნაირი იდიოტია, ან, კიდევ უფრო უარესი! ალბათ შენ ისეთი ძუკნა ხარ, კიდევ გეყოლება სადმე მესამე კანდიდატიც. სრული გარანტიისთვის. მე კი მიყვარდი! – მიხომ ტესტი მოისროლა, ხელები თავზე იტაცა და გულმოკლული, შეურაცხყოფილი მამაკაცივით დაიღმუვლა.
პირველი ვახო მოეგო გონს:
– ვინ ხარ, ტო?! ან ეს რას ნიშნავს? ვერაფერი გავიგე.
მიხომ ჩაწითლებული თვალებით ახედა.
– შენც ამ ქალბატონის ბადეში მოყევი, თუ, უბრალოდ ძმაკაცს გულშემატკივრობ? შემთხვევით გავიგე, ქალაქში ყველაზე სასურველი სასიძო რომ დაუთრევია. ეტყობა, პარალელურად ჩალიჩობდა და გამოუვიდა კიდეც. გულწრფელად მითხარი, – მიხო ასათიანს მიუბრუნდა, – უკვე გითხრა, ფეხმძიმედ ვარო თუ, არ დასჭირდა და ისეც შეები?
ასათიანმა ქეთის შეხედა. გოგო თავდახრილი იდგა და ცრემლები თავისით მოგორავდა ლოყებზე. არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, არც თავის გამართლება უცდია, ნელი ნაბიჯით დაიძრა კარისკენ. თითქოს ელოდა, რომ ასათიანი შეაჩერებდა, ხელს მაგრად ჩაჭიდებდა და ამ ცილისმწამებელს თავის ადგილს მიუჩენდა; მაგრამ, ასე არ მოხდა, ასათიანი ადგილიდან არ დაძრულა.
***
ლელიმ შვილის ოთახის კარი შეაღო. საწოლზე არხეინად წამოწოლილი სალომე კმაყოფილი სახით მიირთმევდა შოკოლადს, თან ხმადაბლა ღიღინებდა.
– რამდენი ხანია, გეძახი. არ გაგიგონია?
– რომ გამეგონა, გაგაგონებდი, – მიუმღერა სალომემ.
– რა გიხარია ამისთანა, სახე მზესავით რომ გიცინის? რაღაც ხდება და მე არაფერი ვიცი? მეორე დღეა, ეს გოგო ოთახიდან არ გამოდის, გიოც გვერდით უზის ჭირისუფალივით. ის იდიოტიც აშკარად კარგ გუნებაზე ბრძანდება. თუ იცი, ცოლთან გაარკვია, რამე?
– არააა! – თავი გააქნია სალომემ და დედას თვალი ჩაუკრა, – ეგ იდიოტი, როგორც შენ უწოდე, ძალიანაც ჭკვიანი ვინმეა. ისეთი მაგარი რაღაც გააკეთა, ისეთი...
– მაინც რა გააკეთა, სამსახური იშოვა, თუ მილიონი მოიგო ლატარიაში?
– უკეთესი, დედა, უკეთესი – ქეთის ქორწილი ჩაუშალა და კონკია კონკიად დარჩა, ყველაფრის გარეშე, დახეული ქოშების ამარა. აბა, რა ეგონა, ასე სად ხდება?! ზღაპრებშიც კი სამართლიანობა იმარჯვებს. მოუნდა გოგოს მალდივის კუნძულებზე გასეირნება და ვილა შვეიცარიის მთებში! იჯდეს, ახლა და იგლოვოს. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი. ჯადოსნური ჯოხის აქნევას დაქნევაც მოჰყვება ხოლმე... ისეთ მშვენიერ გუნებაზე ვარ, რამე გემრიელი გამიკეთე, რააა! მომშივდა, მგელივით.
ლელიმ ხელები გაშალა:
– ვერაფერი გავიგე, რა ზღაპრები აგიტყდა. ნორმალურად ამიხსენი, შენი ძმასავით უკუღმართი ნუ ხარ.
– ლელი, რა დაგემართა? ჩვენი კონკია უფლისწულზე აპირებდა გათხოვებას, მაგრამ, გამოჩნდა „შავი რაინდი” და უფლისწულს კონკიას ჭეშმარიტი სახე დაანახვა. ჰოდა, იმანაც, უკანმოუხედავად გააჭენა თავისი ჯადოსნური რაში, კონკია კი ტირის და ტირის...
– ახლა უკვე მართლა გავბრაზდები! – გაცხარდა ლელი, – სიცხე ხომ არ გაქვს, რომ ბოდავ. ნორმალური ენით მოყევი, ნუ დამღალე!
სალომე შეიჭმუხნა:
– ოო, კარგი, კარგი... დაჯექი და ყველაფერს მოგიყვები. მე და მიხომ ისეთი ჩავუტარეთ შენს ქეთის, ისეთი...
გიომ ფრთხილად შეახო დას ხელი მხარზე.
– არ მომიყვები, რა მოხდა? ქეთი, მეორე დღეა, ტირი და არაფერს ამბობ. არც მობილურს პასუხობ. სახეზეც ფერი არ გადევს... არც ისეთი პატარა ვარ, ვერ ვხვდებოდე, რომ ეს ყველაფერი ერთ ადამიანს – დიმიტრი ასათიანს უკავშირდება. რა მოხდა? მოგატყუა? მითხარი, მე უნდა ვიცოდე, ყველაფერს გაგიგებ.. შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ და, რა შეცდომაც არ უნდა დაუშვა, მაინც უპირობოდ გაპატიებ. ისიც შემიძლია, პასუხი მოვთხოვო იმას, ვინც გული გატკინა – მაქვს ამისი უფლება და გავაკეთებ, კიდეც. ქეთი, ხომ გესმის, რას გელაპარაკები? ახლა წავალ, ასათიანთან მივალ და, აბა, სცადოს და თავი გაიმართლოს! თვალებში შემომხედოს და ისე მითხრას, რომ რასაც გპირდებოდა, ყველაფერი ტყუილი იყო.
– გაჩუმდი, ძალიან გთხოვ. – საკუთარი ხმა ვერ იცნო ქეთიმ, – გიო, არაფერი არ ყოფილა. ასათიანი არაფერ შუაშია და არაფერშია დამნაშავე. მე არ უნდა შემექმნა იმის ილუზია, რომ ასე ერთბაშად შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ. გიო, ჩვენ ამ სახლში აღარ ვიცხოვრებთ. რამე პატარა ბინას მოვძებნი და გადავალთ. ახალ სამსახურსაც ვიშოვი. მთავარია, ერთად ვიყოთ და არ შეგვეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება.
– ქეთი, რა მოხდა? ის კაცი ისეთი გულწრფელი ჩანდა... გეხვეწები, მითხარი, რა მოხდა?!
– აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ჩემი ცხოვრების ეს ფურცელიც უნდა გადავშალო, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს. რომ შემეძლოს, საერთოდ გავქრებოდი და ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ... – ქეთი ხმამაღლა აქვითინდა. გიომ ცოტა ხანს უყურა დას, მერე შეუმჩნევლად აიღო მისი მობილური და აივანზე ფეხაკრეფით გაიპარა.
ეპილოგის მაგივრად
ასათიანი მოუსვენრად სცემდა ბოლთას აეროპორტის დიდ დარბაზში..
– სიგარეტი მომეცი.. – სთხოვა ვახოს.
– გეყოფა, რა, ნუ ნერვიულობ. გიო ჭკვიანი ბიჭი ჩანს, ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც შევთანხმდით. ისე, შენი მიკვირს, მანამდე, როგორ არ გამოიძიე ყველაფერი.
– მინდოდა, ქეთიზე ყველაფერი მისგანვე გამეგო, ბუნებრივად და ნელ-ნელა. ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი და ჩემი ბრალია, ამდენი რომ ინერვიულა. ოღონდ, იცოდე, ერთი წამითაც არ შემპარვია მასში ეჭვი და ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ამას მივხვდი. გიო კი მართლა ყოჩაღი ბიჭია. ჩვენს ჩამოსვლამდე მიხედე.
– ჩემი იმედი გქონდეს. თუ გინდა, საერთოდაც ჩემთან გადავიყვან. ცისიას არაფერი ექნება საწინააღმდეგო. ისე აუჩუყდა გული, როცა ეს ამბავი მოვუყევი... ახლა მის თვალში გმირი ვარ.
– არაფერი სისულელე არ ჩაიდინო, გმირო! – გაეცინა ასათიანს, – ყოველ შემთხვევაში, ჩემს აქ არყოფნაში მაინც. ხომ იცი, ბოლო შანსი გაქვს.
– არა, ჭკუა ვისწავლე. თანაც, უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს – ერთ იდიოტს თავის საქციელზე პასუხი უნდა ვაგებინო.
– მუშტი-კრივის გამართვას არ გირჩევ, მაგას სხვანაირად მოვუვლით, – ასათიანი მიხვდა, ვისზეც იყო საუბარი და წარბი შეიკრა.
– რატომ? მოხვდეს ერთი-ორი ყბაში. მაგისთანებზე სწორედ მუშტი-კრივია ზედგამოჭრილი. არ დაგიმალავ, პირდაპირ, ხელები მექავება.
– არ მოგერიოს, ბიჭო. არც გეკადრება შენი რეპუტაციის კაცს ხელჩართული ჩხუბი. შარს ნუ გადაეყრები, ჩამოვალ და მივხედავთ, სხვა საშუალებებიც არსებობს, – გაეცინა ასათიანს.
– უჰ, ძლივს არ დაგინახე შუბლგახსნილი?! არ იჯავრო, მე არ გავისვრი ხელს, ისეთ ბიჭებს მივუგზავნი, იმათი თითო მუშტი მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება.
ასათიანმა საათზე დახედა:
– ამდენ ხანს სად არიან? ვაითუ, ვერ დაიყოლია?..
– სადაც ის მოახერხა, შენთვის დაერეკა და მერე ქეთის პირადობის მოწმობაც მოეტანა ჩუმად, მის აქამდე მოყვანასაც შეძლებს. აგერ, მოდიან კიდეც. მორჩა, დანარჩენი შენზეა, ბატონო დიმიტრი. თუმცა, მეეჭვება, ბევრი წვალება დაგჭირდეს, რომ შენს სიყვარულში დაარწმუნო – ამისთვის დროც, ნერვებიც და სურვილიც საკმარისზე მეტი გაქვს, აღარაფერს ვამბობ გარემოზე. ისე, რომ ჩამოხვალ, მერე მე გამიშვი მაგ შენს სასტუმროში – ცისია შვეიცარიაში ჯერ არ მყოლია, მეორე თაფლობის თვეს მოვუწყობ და საბოლოოდ შემოვირიგებ...