ფლორის სამყაროში
კითხვა: მაინტერესებს, ფიკუსის რომელი სახეობა ეგუება ოთახის პირობებს და როგორ მოვუარო მას სახლში?
პასუხი: ფიკუსების დიდი ოჯახიდან ოთახის პირობებს რამდენიმე ლამაზი სახეობა ეგუება. ასეთი მცენარეებია: „კაუჩუკი“ და „მტირალა“ ფიკუსები; ასევე, „ბენჟამინის“ ფიკუსი. ამათგან ზოგიერთი, ბუნებრივ გარემოში უზარმაზარი იზრდება, მაგრამ ქოთანში თქვენთვის სასურველ ფორმას მიაღებინებთ. ფიკუსის სახეობები „მტირალა“ და „კაუჩუკი“ კარგად ცნობილი და სასარგებლო მცენარეებია, რადგან ჰაერს ასუფთავებს. ისინი კარგად ძლებენ ჩრდილში, თუმცა, სინათლეში ყოფნა უფრო მოსწონთ. ფიკუსის ნებისმიერი სახეობისთვის საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. მოარიდეთ მცენარე გადამეტებულ ტენს. ზედმეტი მორწყვა ფოთლების დაცვენას გამოიწვევს. მცენარე კარგად ეგუება ოთახის პირობებს და ელემენტარული მოვლის შემდეგ კარგად გაიხარებს. სასურველია, თუ ფიკუსს კაბინეტში ან სასტუმრო ოთახში მოათავსებთ.
კითხვა: რომელ მცენარეებს მირჩევთ ოთახის გასალამაზებლად, რომლებიც ნაკლებად მოსავლელი იქნება?
პასუხი: ოთახის ლიანები ყველაზე ენერგიული და ნაკლებად პრეტენზიული მცენარეებია, ამიტომ ისინი ყველაზე მეტად შექმნის თქვენს ბინაში ბუნებრივ ეფექტს. ზოგს დიდი ადგილი სჭირდება, კუთხეების შესავსებად კი წვრილღეროიანი სახეობები გამოდგება. ის საკმაოდ მალე ედება ოთახის კუთხეებს და სულ ცოტა ხანში გაალამაზებს უფერულ კედლებს. ლიანა მეტწილად თავის ნებაზე იზრდება, ამიტომ, ზედმეტად გაზრდილი წვეროები წააჭერით. ასეთი მცენარეებია: ეპირემნუმი, სურო, ბუგენვილია და სტეფანოტისი.
კითხვა: როგორი მცენარეა ფიტონია და რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო ის?
პასუხი: ფიტონია მცირე ზომის, მაგრამ, ძალიან ლამაზი მცენარეა. ის საკმაოდ პატარაა და ძალიან შესაფერისია მომცრო ზომის ბინისთვის. ეს მხოხავი მცენარე თანდათან გადის განზე და ზრდასთან ერთად ტოტებიც უფესვიანდება. ამის გამო ფიტონია ძალიან მალე მრავლდება. თუ თქვენ რამდენიმე ფიტონია გაქვთ, გირჩევთ, ყველა ერთ ქოთანში ჩარგოთ და ასე უფრო ლამაზ ეფექტს შექმნის. ამ მცენარეს მოსწონს გაბნეული შუქი და აუცილებლად მოარიდეთ მწველ მზეს. მცენარეს მოსწონს ტენიანობა, ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში შეუნარჩუნეთ 18 გრადუსი. ზამთარში ზედმეტად არ მორწყათ, რომ ღეროები არ დაულპეს. ზაფხულობით კი ნიადაგს ტენიანობა შეუნარჩუნეთ, რადგან მისთვის აუცილებელია სითბო და მაღალი ტენიანობა. აქტიური ზრდის პერიოდში მცენარეს ბალანსირებული თხევადი სასუქი მიაწოდეთ.
კითხვა: ბინაში მაქვს მანდევილა, მაგრამ არ ვიცი მისი მოვლის პირობები. იქნებ, ამიხსნათ, როგორ გარემოში გავზარდო ეს მცენარე?
პასუხი: მანდევილა კარგად იტანს სიცივეს, თუმცა, მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ზამთრობით კი 15-16 გრადუსი. მცენარეს ყვავილობისთვის კარგი განათება სჭირდება, მაგრამ, მოარიდეთ მცხუნვარე მზეს. რაც შეეხება მორწყვას, ზრდის პერიოდში მორწყეთ რეგულარულად. ზამთარში ისე მორწყეთ, რომ ნიადაგი არ გამოშრეს, თუმცა, არც ზედმეტი წყალი მოგივიდეთ. ამ მცენარეს ფოთლების შესანარჩუნებლად ტენი სჭირდება. ყვავილები ზრდის პერიოდში ამოდის, ამიტომ, დაყვავილების შემდეგ გადაჭერით, რითაც ხელს შეუწყობთ მომავალ სეზონზე მის უხვად აყვავებას. თუ თქვენ ზამთრის ბაღი გაქვთ, გირჩევთ, მანდევილა ასეთ ადგილას დადგათ.
კითხვა: როგორ მოვუარო პტერისს?
პასუხი: ამ მცენარეს გაბნეული შუქი სჭირდება, მზისგულს მოარიდეთ. ზამთრობით 2-3 გრადუსსაც გაუძლებს. ცხელ ზაფხულში კი მაღალი ტენიანობა სჭირდება და ამიტომ ხშირად მორწყეთ. დაბალ ტემპერატურაზე მორწყვა შეამცირეთ. მისი მიწა ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით და სითბოში ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით ხოლმე.