მამაკაცმა ჩემი ყველა სურვილი და კაპრიზი უნდა დააკმაყოფილოს
19 წლის მარიამ უცუნაშვილი თავისუფალი მოდელია. ის იმავდროულად სწავლობს საავიაციო უნივერსიტეტში და მუშაობს ტურისტულ სააგენტოში „New Express“ ტურ-ოპერატორად.
მარი: ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, ანუ უფრო ფოტო-მოდელობა. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის ვიღებ ფოტოებს.
– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე.
– მხიარული ვარ, კომუნიკაბელური, თუმცა უცხო საზოგადოებაში იოლად ვერ შევდივარ კონტაქტში და ამ დროს ძალიან სერიოზული ვხდები ხოლმე. სახლში ბევრი დედ-მამიშვილი ვართ, სამი და და ერთი ძმა, დებთან ვმეგობრობ და ერთად ვგიჟობთ, კარგ დროს ვატარებთ. მიმნდობი ხასიათი არ მაქვს, ამიტომ ადამიანს თუ კარგად არ ვიცნობ, მასთან არ ვიხსნები და არ ვენდობი.
– თაყვანისმცემლები ნამდვილად გეყოლება.
– კი, საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, საჩუქრებს მჩუქნიან, სიურპრიზებს მიწყობენ, სამსახურთანაც მაკითხავენ, მაგრამ იმ დროს მათთვის არ მცალია, შემდეგ უკვე იწყებენ მესიჯების წერას. არც ერთ ბიჭს არ ვაძლევ იმის შანსს, ჩემთან ურთიერთობა ჰქონდეს, ძირითადად, კარიერაზე ვარ გადართული და ბიჭებით არ ვინტერესდები.
– როგორი მამაკაცები მოგწონს?
– მომწონს მაღალი, შავგვრემანი, გამხდარი ბიჭები, თუმცა დიდ ყურადღებას არ ვაქცევ გარეგნობას. მთავარია, ვუყვარდე, პატივს მცემდეს, ვაჟკაცური და ერთგული იყოს. რაც მთავარია, დედიკოს ბიჭი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მშობლების აზრს პატივი უნდა სცეს, მაგრამ მათ ჭკუაზე არ უნდა დადიოდეს. მიყვარს საქმიანი, ჭკვიანი ბიჭები, უსაქმურებს ვერ ვიტან. ანუ, მთავარია ბიჭი დაკავებული იყოს და თავისი საქმე ჰქონდეს, უსაქმური მამაკაცების გარემოცვაში არ მსიამოვნებს ყოფნა. ისე, ჩემი ასაკის ბიჭები ჩემთან ურთიერთობისას ძირითადად მესიჯებით, ტელეფონზე რეკვითა და ჩეთით შემოიფარგლებიან, ვერ ხვდებიან, რომ გოგონას გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება. ყველა გოგონას სიამოვნებს საჩუქრები და თაყვანისმცემლების მხრიდან განებივრება. მამაკაცს თუ უნდა, რომ ქალის გული დაიპყროს, ის მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, ყურადღება უნდა გამოიჩინოს და მხოლოდ დღეში ათასი მესიჯის გამოგზავნით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
– რას აქცევ მამაკაცის გარეგნობაში ყურადღებას?
– უფრო მეტად – მზერას. მამაკაცის თვალებში უნდა დავინახო, რომ ძალიან მოვწონვარ და შეიძლება, თვალსაც მარიდებდეს. ვერ ვიტან, როდესაც ბიჭი ჩემზე გიჟდება, სულ მიყურებს. ზედმეტი ყურადღება არ მსიამოვნებს. ანუ, მამაკაცი ცოტა მორიდებული უნდა იყოს და თავსაც უნდა იფასებდეს. მამაკაცის მხრიდან ხვეწნა და ზედმეტი რაღაცეები არ მსიამოვნებს, როცა ბევრს მეხვეწება, ის ჩემთვის უინტერესო ხდება. თუმცა ისეთი მორიდებული არ უნდა იყოს, რომ ერთი წელი მირეკავდეს და ვერ მითხრას, მომწონხარო. ასეთ ბიჭს აღარ დაველაპარაკები. უფრო აქტიური ბიჭები მომწონს, მაგრამ არა – უზრდელები. რაც მთავარია, ისე უნდა მოგიდგეს, რომ თავი მოგაწონოს – დიპლომატიც უნდა იყოს, თორემ ქალის მოხიბვლას რა უნდა. კაცებმა არ იციან ქალებს როგორ მოაწონონ თავი, მათ მესიჯების წერა ჰგონიათ მთავარი. უბრალოდ კარგი მრჩევლები არ ჰყავთ, დედიკოებს უჯერებენ, რომლებიც სამოციანი წლების შესაფერისად აზროვნებენ, ჩვენ კი ოცდამეერთე საუკუნეში ვართ.
– საყვარელი მამაკაცის მხრიდან აკრძალვებს აიტან?
– მამაჩემი არ მიკრძალავს არაფერს და ვერ ავიტან, რომ საყვარელმა მამაკაცმა, რამე ამიკრძალოს – მოკლე კაბის, ან დეკოლტეს ჩაცმა. გვერდით ისეთი მამაკაცი უნდა გყავდეს, რაც უნდა ჩაიცვა, ვერავინ გაგიბედოს მისი შიშით რამის თქმა. უნდა გრძნობდეს, რომ ის გიცავს და რაც მთავარია, მას უნდა სიამოვნებდეს, ლამაზი ქალი რომ ჰყავს გვერდით. არაფერი არ უნდა ამიკრძალოს, თუმცა უნდა დამირეკოს, მომიკითხოს – სად ვარ. პირადად მე, კაცს არასდროს გავაკონტროლებ და არაფერს ავუკრძალავ.
– რა გჭირდება საყვარელი მამაკაცის მხრიდან, რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– მამაკაცს რასაც ვეტყვი, ის ისე უნდა გააკეთოს, როგორც მე მინდა. ანუ, ჩემი ყველა სურვილი და კაპრიზი უნდა დააკმაყოფილოს. არაფერი დამიშალოს, თუმცა ჩემს ჭკუაზე არ უნდა იაროს, ჩემი აზრი უნდა გაითვალისწინოს, ცუდს არაფერს ვურჩევ და სხვის ლაპარაკს არ უნდა აჰყვეს. არ მიყვარს ჭორიკანა ბიჭები. მამაკაცებსაც უყვართ ქალების საკუთარ ჭკუაზე ტარება, მაგრამ ჩემთან არაფერი გამოუვათ, საკუთარ აზრს ყოველთვის დიდი პატივს ვცემ.