ვინ დააჭიდეს 14 წლის ლევან თედიაშვილს და რატომ გადაიფიქრეს მისი ძეგლის დადგმა საგარეჯოში
„პოპულარობა კარგი რამეა. დღეს გიცნობენ, ხვალ – ვერა. ამას უნდა შეეგუო. აი, სხვა საქმეა ის ხარისხი, რომელშიც პოპულარულობამ აგიყვანა. უკვე განსაზღვრული გაქვს დონე, რომლის დაბლა ვეღარ დაეშვები. ვალში ხარ შენი ხალხის წინაშე და ეს ვალი კაცურად უნდა დაუბრუნო დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში. მტრისას, თუ პირიქით მოხდა – ფეხი დაგიცდა ან რაღაც უღირსი საქციელი ჩაიდინე, – აბა, მაშინ გაგიხსენებენ და თავზე დაგამხობენ შენს განვლილ წარმატებასაც და ჩინ-მედლებსაც...“
მისი ბიოგრაფია ძალიან უბრალოა: დაიბადა 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოს რაიონში. იზრდებოდა ისე, როგორც სხვა მისი თანატოლები: ზოგჯერ აცდენდა გაკვეთილებს, იპარავდა მეზობლის ვაშლებსა და ყურძენს. ბავშვობა ჩვეულებრივი იყო. წამოიზარდა. გაკვეთილებიდან გაპარულს, მასწავლებლები საჭიდაო დარბაზში პოულობდნენ. ჩაცუცქდებოდა არსენ მეკოკიშვილის წინ და თვალებში შესციცინებდა. „მე მიყვარს ჭიდაობა, მთელი არსებით მიყვარს. საჭიდაო მუსიკის ხმას რომ გავიგებდი, მთელი სხეული ამითამაშდებოდა ხოლმე და ახლაც ასე ვარ. სხვანაირად არ შეიძლება, არ შეიძლება, არსენ მეკოკიშვილის თანამემამულეს ჭიდაობა არ მიყვარდეს. 14 წლის ვიყავი ნინოწმინდის ეკლესიის ეზოში ვიღაც კაცი რომ გამომიყვანეს. ჯერ შემეშინდა, უარი ვთქვი – ამხელა კაცს როგორ დავეჭიდო-მეთქი. გეშინიაო... ბავშვობიდან ჟინიანი ვარ. ბევრ შემთხვევაში, ალბათ, ეს მშველის, არავის შევარჩენ ჩემთან მეტოქეობას. კისრულით წამოვიღე ეს კაცი, დავაწვინე და ხელი ამოვუგდე. საცემრად გამომეკიდნენ, გავიქეცი”... – ეს, ერთი კახელი კაცის, ლევან თედიაშვილის ცხოვრების ფურცლებია, რომლებიც თავის დროზე მისმა მეუღლემ, ნანა მჭედლიშვილმა შეკრიბა და წიგნად გამოსცა, სახელწოდებით: „ლევან თედიაშვილი – ფალავანი და მოქალაქე“. ენაკვიმატმა, პროფესიით იურისტმა თედიაშვილმა, ცხოვრება მთლიანად სპორტს, ჭიდაობას დაუკავშირა და არცთუ ტყუილად – ის ხომ 36 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლის მფლობელია, ამასთან, მიღებული აქვს სხვადასხვა ხარისხის ორდენი და ტიტული. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
1966 წელს კაკაბეთში საჭიდაო არენა გაიხსნა. სოფლად ასეთი არენა არ იყო ხშირი მოვლენა. ტელევიზიებიდან ოპერატორები ჩამოვიდნენ გადასაღებად. მათ ვახტანგ ბალავაძე ჩამოჰყვა. ჭიდაობა დამთავრდა და ვახტანგმა თან წამოიყვანა ლევანი... „აქედან იწყება ჩემი, როგორც მოჭიდავის ნათლობა. ბევრს ვვარჯიშობდი, თითქოს მივაღწიე კიდეც მიზანს, მაგრამ, არა, იური შახმურადოვი ვერა და ვერ დავამარცხე. სპარტაკიადამდე რამდენიმე შეჯიბრება მოვიგე. დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი – იური შახმურადოვი. მე არ მეშინოდა შახმურადოვისა, ეს რკინის კაცი ჩემი იდეალი იყო. ვერც კი წარმომედგინა, მის დამარცხებას თუ შევძლებდი. ერთგვარ მოკრძალებასაც განვიცდიდი, როგორც იდეალისადმი, კაცისადმი, რომელმაც ჭიდაობის ყველა საიდუმლო იცის... და... მე ვამარცხებ რკინის კაცს – გზა გამეხსნა მსოფლიო პირველობისკენ...“
„ხარება და გოგია“
„...ამ ფილმში სრულიად შემთხვევით გადამიღეს – გიორგი შენგელაიას დაჟინებული თხოვნა იყო. ეტყობა, ფილმის ტიპაჟს კარგად მიესადაგებოდა ჩემი გარეგნობაც, ხასიათიც. ადრე „ყაჩაღებს” რომ ეძახდნენ, ის ხალხი არსენასავით მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდა. ასეთ ტიპს მოვერგე. ახლაც არის მსგავსი წინადადებები. „მგლის ბილიკში“ შემომთავაზეს როლი. დიდად არ გავუტაცებივარ ახალ როლს. ყაჩაღობა უფრო მომიხდა. საერთოდ, ჩემს ბიოგრაფიას რაც შეეხება, მეც არ ვიცი, სისტემის ბრალი იყო, ხელმძღვანელობის თუ ჩემი, კოლმეურნეობის თავმჯდომარედ წასვლა კი მომიწია. მაშინ ჩემი მთავარი დანიშნულება იყო, რომ მათთვის ხელი შემეშალა...“
კახელებზე განაწყენებული ფალავანი
„მსოფლიო პირველობა რომ მოვიგე, უცებ შემომთავაზეს – სამბოც იჭიდავეო. გამიკვირდა, მაგრამ, მაინც ვიჭიდავე და, წარმოიდგინეთ, მოვიგე. 12 ქვეყნის 69 სპორტსმენი ჭიდაობდა, მაგრამ, რომ მივყევი, ერთი-ერთმანეთზე დავალაგე ყველანი. საგარეჯოელები ჩემი ძეგლის დადგმას აპირებდნენ თურმე. საქართველოში რომ დავბრუნდი, აეროპორტიდან პირდაპირ კახეთში გავუხვიე. ეგრე მქონდა დაფიცებული – გამარჯვებული პირველად დედაჩემს ვეახლებოდი ხოლმე. საგარეჯოში რომ შევედი, მანქანის წინ ბიჭები გადამიდგნენ. ცოტა კი დავიმორცხვე, ვიფიქრე, ემანდ, მანქანიანად არ ამიტაცონ მაღლა-მეთქი და სასწრაფოდ გამოვაღე კარი. ამ დროს მომეჭრა ერთი ბიჭი და მომაძახა: ღმერთმა შეგარცხვინოს, რატომ კლასიკურში არ იჭიდავე და მესამე ოქროს მედალიც არ ჩამაიტანეო. რატომ მესამე არაო, კაცო! აბა, მაგათ როგორ დავადგმევინებდი ძეგლსა?!”
თედიაშვილის რეზოლუცია
„იყო ასეთი შემთხვევაც – ამხანაგურ შეხვედრაზე ვიყავით შეერთებულ შტატებში. მაშინ ამერიკაში ძალიან აქტიურად იყო გაშლილი სიონისტური მოძრაობა. მოთელვას ვაკეთებ და ვხედავ, მოვიდა ხალხი დიდი პლაკატით – „გაათავისუფლეთ ჩვენი ებრაელები!“ აღმოჩნდა, რომ ჩემ გარდა, ჩვენი დელეგაციიდან იქ არავინ იყო. თითი ჩემკენ მოიშვირეს – შენ მოგმართავთო. გამოვართვი ფლომასტერი და დავადე „რეზოლუცია“ მათ პლაკატს: „თავისუფლება ებრაელებს!” არ ვიცი, რა ბედი ეწიათ ჩემი „რეზოლუციის“ შემდეგ, მაგრამ, ძალიან კმაყოფილები კი წავიდნენ...”
პარლამენტში
„არც კი დამესიზმრებოდა ცხოვრებაში, თუ ოდესმე პოლიტიკაში ჩავერთვებოდი... რამ მაიძულა ამ ჩემთვის უჩვეულო საქმეში ჩართვა? „ეროვნულ“ პარლამენტში მოსული ხალხის მიერ ჩადენილმა საქმეებმა; იმან, რომ ერთი წლის განმავლობაში ნგრევის, არეულობის მეტი არაფერი გააკეთეს; რომ ცრუ პატრიოტიზმით გააბრუეს ხალხი. არც მწვრთნელობაზე მიფიქრია. ეს უაღრესად რთული საქმეა, თან, მე მაქვს პროფესია – იურისტი ვარ... ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რომ ყველას გაუკვირდება: მე ჭიდაობის ფანატიკური სიყვარულის გამო არ გავმხდარვარ მოჭიდავე, ეს შემთხვევით მოხდა. მე უფრო ფეხბურთი მიყვარდა. მერე თქვეს, ვინც სპორტის ოსტატი გახდება, უმაღლესში მოწყობაში დაეხმარებიანო და ამან მიბიძგა ვარჯიშისკენ. დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. უბრალოდ, ამ ბუნების კაცი ვარ – სადაც ვარ, პირნათლად უნდა ვიყო. მე მინდა, ბევრი რამ ვისწავლო მათგან, ვინც იცის. დახმარების გარეშე წარმატება არ არსებობს... სიტყვა „დახმარებას” მე სიამოვნებით ვამბობ, რადგან არ არსებობს ადამიანი, მის გარეშე რომ რამისთვის მიეღწიოს“...