როდმანის ალიმენტები
ცნობილ კალათბურთელს, დენის როდმანს, ამერიკულმა სასამართლომ ალიმენტების გადაუხდელობის გამო, 104 საათი გამოსასწორებელი შრომა მიუსაჯა. ეპატაჟურ როდმანს თავისი ექსმეუღლის 800 ათასი დოლარი მართებს და ამ თანხის გადახდა გაკოტრებულ კალათბურთელს არ შეუძლია. ამის გამო სასამართლომ მას საკმაოდ ლმობიერი სასჯელი მიუსაჯა. ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში 900-მდე მატჩის ჩამტარებელი, 51 წლის როდმანი ამჟამად აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მართავს საჩვენებელ მატჩებს და ამით ინახავს თავს. ერთ დროს მილიონერი როდმანისთვის 800 ათასი დოლარი კატასტროფულად დიდ თანხად იქცა.