მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: მტკივნეულია თუ არა სულის სხეულთან გაყრა?
პასუხი: ეს არავინ იცის დანამდვილებით. თუმცა, თუ ადამიანს აქვს რწმენა, როგორც დედის ტკივილი იცვლება დიდი სიხარულით ბავშვის დაბადების შემდეგ, ისევე შეიცვლება ადამიანის სულის სხეულთან გაყრის ტკივილიც სასუფეველში მოხვედრის შემდეგ. თუ რწმენით ვიცხოვრებთ და ამქვეყნად ბევრი სიკეთის ქმნით მოვემზადებით მარადიული ცხოვრებისთვის, ამქვეყნიდან წასვლის წუხილიც სამუდამო სიხარულად შეიცვლება. მოგეხსენებათ, გარდაცვალებამდე ადამიანები ხედავენ იმათ და იმ სანახებს, რაც იმქვეყნად დახვდებათ. ამით უფალი წინასწარ აჩვევს იმ სამყაროს, საითკენაც მიდის ადამიანი და მარადიული ცხოვრების გზას უადვილებს.
კითხვა: ყველა გარდაცვლილისთვის სასარგებლოა თუ არა ფსალმუნების კითხვა?
პასუხი: ფსალმუნების კითხვა გარდაცვლილთათვის, რა თქმა უნდა, კეთილი საქმეა, მაგრამ, ყველა გარდაცვლილისთვის მისი წაკითხვა არ შეიძლება, კერძოდ: თვითმკვლელთათვის, ურწმუნოთათვის, მოუნათლავთათვის და სხვა აღმსარებლობის მიმდევართათვის.
კითხვა: ძალიან კარგად ვქარგავ. ბოლო დროს რელიგიური თემატიკით დავინტერესდი და დიდი სურვილი მაქვს, მოვქარგო უფლის ხატი. მაქვს თუ არა ამის უფლება?
პასუხი: ეს ძალზე სასიხარულოა. თქვენი დაინტერესება ამ თემატიკით მეტყველებს თქვენს მოწიწებასა და სიყვარულზე უფლის მიმართ, თუმცა, გარდა სურვილისა, აუცილებელია, გაითვალისწინოთ ხატის შესრულების კანონიკა. ასევე, უნდა აიღოთ კურთხევა მოძღვრისგან.
კითხვა: ჩემს შვილს ჰყავს სამი ნათლია. ნათლობის დროს სამივემ მოუტანა ჯვარი. სამივე ჯვარი უნდა ატაროს?
პასუხი: მონათლულმა ერთი ჯვარი უნდა ატაროს. თან, არ არის აუცილებელი, ეს ნათლობის ჯვარი იყოს. ნათლობის ჯვარს სათუთად ინახავენ. შეიძინეთ ჯვარი, აკურთხებინეთ და დაე, ის ჯვარი ატაროს თქვენმა შვილმა.