რომელი თბილისელი ფოტოგრაფის სახლი შეიძინა მეცენატმა მიქაელ არამიანცმა და რომელ სასტუმროში გაჩერდა ჯორჯ ბუში-უმცროსი თბილისში ვიზიტის დროს
რუსთაველის, ყოფილი გოლოვინის პროსპექტზე უამრავი ისტორიული ნაგებობაა, რომლებიც თბილისში მოღვაწე სომეხი მეცენატების სახელებთან ასოცირდება. ერთ-ერთი მათგანია ამჟამინდელი სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, რომლის აშენება სომეხი მეცენატისა და ვაჭრის, ნავთობმომპოვებელი მიქაელ არამიანცის სახელს უკავშირდება, სწორედ იმ არამიანცის, რომლის მიერ აშენებული საავადმყოფო საჩუქრად გადაეცა თბილისს და რისთვისაც მან პირადად მიიღო სამადლობელი წერილი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორისგან. „თბილისელების“ ამ ნომერში სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ ისტორიის საინტერესო ფრაგმენტებს გთავაზობთ.
სასტუმრო „მაჟესტიკი“–„თბილისი მარიოტი“
რუსთაველის გამზირისა და ჭანტურიას ქუჩის კუთხეში მდგარ სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ ადგილზე, მეცხარმეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე თბილისელი ფოტოგრაფის, პეტრე განკევიჩის ორსართულიანი ფოტოსტუდია მდებარეობდა. ამ შენობას და რუსთაველის თეატრთან მოსაზღვრე სამსართულიან საცხოვრებელ სახლს 1900-იანი წლების დასაწყისში თვალი სომეხმა მეცენატმა მიქაელ არამიანცმა დაადგა და მფლობელებისგან გამოისყიდა მთელი ფართი. იმ დროის ტფილისში არამიანცი ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ადამიანი გახლდათ და მისი იდეით, ამ ადგილას სასტუმრო უნდა აშენებულიყო. თავდაპირველად სასტუმროს პროექტის შედგენა თბილისში მოღვაწე ცნობილ ინჟინერ-არქიტექტორს, ალექსანდრ ოზეროვს დაევალა, რომელმაც სასტუმროს ოთხსართულიანი გეგმა შეადგინა. მაგრამ, 1911 წელს დაწყებული მშენებლობა არამიანცმა გააჩერა და სასტუმროს ახალი პროექტის შედგენა ახალგაზრდა და წარმატებულ არქიტექტორს, გაბრიელ ტერ-მიქელოვს დაავალა. ტერ-მიქელოვმა, არამიანცის დაფინანსებით, პროექტის შედგენამდე ევროპაში იმოგზაურა და სასტუმროს გეგმის შედგენისას იქ ნანახი არქიტექტურული ელემენტები გამოიყენა. არსებობს ვერსია, რომ, როდესაც ტერ-მიქელოვმა განახლებული პროექტი წარუდგინა არამიანცს, მეცენატი უკმაყოფილო დარჩა, რადგან, პროექტის განხორციელება გაცილებით მეტ თანხებს მოითხოვდა, ვიდრე არამიანცი ფიქრობდა. საბოლოოდ ტერ-მიქელოვმა მოახერხა არამიანცის დარწმუნება, რომ ახალი სასტუმრო საუკეთესო იქნებოდა თბილისში და, მართლაც, 1915 წელს მისი ეს სიტყვები პარიზში დამტკიცდა, როდესაც ახლად გახსნილ სასტუმრო „მაჟესტიკს“ გრან-პრი და ოქროს მედალი მიაკუთვნეს, როგორც ევროპის საუკეთესო სასტუმროს. სასტუმროს მთავარ ღირსებად კი მისი მომრგვალებული ფორმა დასახელდა, რომელიც განსაკუთრებით მოუხდა გოლოვინის პროსპექტისა და ბარიატინსკის (ამჟამინდელი ჭანტურიას) ქუჩების კუთხეს. სასტუმროს ფასადის მოპირკეთებისას გამოყენებული იყო ქუთაისური თეთრი ქვა. ხუთსართულიანი ნაგებობის ფასადთა მორთულობის საფუძველს რენესანსულ-ბაროკოული ფორმები წარმოადგენდა: ნახევრად წრიული და ბრტყელი პილასტრები; ქვის კრონშტეინებზე დაყრდნობილი სამკუთხა და რკალური ფრონტონები. გამზირისპირა ფასადის განაპირა ნაწილში მსხვილი კოლონებით აქცენტირებული მთავარი შესასვლელი იყო მოთავსებული. შენობას აბოლოვებდა მეოთხე სართულის მძლავრი ანტაბლემენტი და ატიკის სართული, რომელსაც ნაძერწრიკულებიანი პარაპეტი აგვირგვინებდა. სასტუმროსთვის იყო შეკვეთილი სამზარეულოსა და სამრეცხაოს სრული მოწყობილობები, მაცივრები და სხვა. სასტუმროს ავეჯი კი სტოკჰოლმში მდებარე ფირმას – „ჩრდილოეთის კომპანიას“ დაუკვეთეს. თუმცა, ამ ავეჯის დიდმა ნაწილმა სასტუმრომდე ვერ მოაღწია და ბაქოში, ერთ-ერთ საწყობში, ხანძრისგან განადგურდა. პირველი მსოფლიო ომის დროს სასტუმრო „მაჟესტიკში“ სამხედრო ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა.
საქართველოში კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდგომ სასტუმროს პროფილი შეუცვალეს, რეკონსტრუქცია ჩაუტარეს და იქ საქართველოს პროფესიული კავშირების მუშათა სასახლე განათავსეს. 1936 წელს თბილისის საქალაქო საბჭომ შენობისთვის სასტუმროს ფუნქციის დაბრუნების ბრძანება გამოსცა და შენობას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა შიდა რეკონსტრუქცია, 1939 წელს კი განახლებული სასტუმრო „თბილისი“ გაიხსნა. ახალი სასტუმრო 125 ნომრისგან შედგებოდა; აგრეთვე, ჰქონდა: რესტორანი, კაფე, ცნობათა ბიურო და საპარიკმახერო. იქვე იყო საბანკეტო დარბაზი; კაბინეტები და 7 ლიფტი. მომსახურე პერსონალი კი 110 კაცისგან შედგებოდა. სასტუმრო საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული კომპარტიის მაღალჩინოსნებზე მუშაობდა და მათში დიდი მოწონებით სარგებლობდა.
1941 წელს თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა ესპანეთის კომუნისტური პარტიის მდივანი ხოსე დიასი ოჯახთან ერთად. საქართველოს „ცეკას“ მაშინდელმა მდივანმა კანდიდ ჩარკვიანმა მაღალი დონის სტუმარი თბილისის საუკეთესო სასტუმროში – „თბილისში“ დაასახლა. გენერალ ფრანკოს რეჟიმის მიერ დევნილობაში მყოფ დიასს კუჭის წყლული აწუხებდა, რომელიც მოგვიანებით კუჭის კიბოში გადაიზარდა; ამასთან, ესპანელი კომუნისტი უმძიმეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და, ჩარკვიანის დავალებით, მას მკურნალობის კურსს ვაკეში მდებარე „ლეჩკომბინატში“ უტარებდნენ. ხოსე დიასი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად 1941 წლის სექტემბერში დაასახლეს „თბილისში“, ხოლო 1942 წლის მარტში ესპანელმა კომუნისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – იგი სასტუმროს ოთახიდან ჯორჯიაშვილის (ამჟამინდელ ჭანტურიას) ქუჩაზე გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა. დიასის თვითმკვლელობის ამბავი იმ პერიოდის თბილისის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, თუმცა, კომუნისტურმა მთავრობამ დიასის თვითმკვლელობის ფაქტი დამალა და სიკვდილი მის ავადმყოფობას „დააბრალა“. ხოსე დიასი ვერის სასაფლაოზე იყო დაკრძალული, საიდანაც იგი 2005 წელს ოჯახის წევრებმა მშობლიურ სევილიაში გადაასვენეს. საინტერესოა, რომ დიასის საფლავზე 1961 წელს გაიხსნა მისი ქანდაკება (ავტორი – მორის თალაკვაძე), რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.
1991-1992 წლებში, სამოქალაქო ომის დროს, სასტუმრო „თბილისის“ შენობა პრაქტიკულად განადგურდა და მისი ხელახალი გახსნა მხოლოდ 2002 წელს მოხერხდა. რეკონსტრუქციის შედეგად სასტუმრო აღადგინეს და ახალი სახელწოდება – „თბილისი მარიოტი“ უწოდეს. ამ სასტუმროში იყო გაჩერებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი, რომელიც ყველაზე მაღალი რანგის სტუმრად ითვლება სასტუმროს არსებობის ისტორიაში.
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენეტბი გ. ბეჟანიშვილის წიგნიდან: „რუსთაველის პროსპექტი“ (თბილისი, 1956 წელი).