„ფორბსის” 2012 წლის ახალი მილიარდერები
„ფორბსის” 2012 წლის რეიტინგში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდა, მათ შორის არიან ისეთებიც წარსულში რომ ფიგურირებდნენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, თუმცა წარუმატებელი ინვესტიციების ან ეკონომიკური კრიზისის გამო, დაუკარგავთ თავიანთი პოზიცია. რეიტინგის ახალბედა მილიარდერებისთვის „ფორბსმა” ცალკე სია შეადგინა, სადაც მხოლოდ ახალი სახეები შეიყვანა. „თბილისელების” ამ ნომერში ახალგამომცხვარი მილიარდერების ჩამონათვალს გთავაზობთ.
ალეხანდრო სანტო დომინგო (კოლუმბია) – 9,5 მილიარდი დოლარი
2011 წლის ოქტომბერში ყველაზე მდიდარი კოლუმბიელი პლანეტაზე, ხულიო მარიო სანტო დომინგო პუმარეხო 87 წლის ასაკში გარდაიცვალა და კომპანია „სანტა დომინგო გრუპს” სათავეში 35 წლის ალეხანდრო დომინგო ჩაუდგა – ხულიო მარიოს უფროსი ვაჟი და მემკვიდრე. ალეხანდრო წლების განმავლობაში ნიუ-იორკში ბაზირებულ საინვესტიციო კომპანია „ქუადრანტ კაპიტალში” მმართველ დირექტორად მუშაობდა, ხოლო 2012 წლის მარტიდან ის „ფორბსის” რეიტინგის წევრიც გახდა.
ლორენ პაუელ ჯობსი ამერიკის შეერთებული შტატები – 9 მილიარდი დოლარი
„ეფლის” დამაარსებლის, სტივ ჯობსის ქვრივი, მეუღლის გარდაცვალების შემდგომ ჯობსის აქტივების მემკვიდრე გახდა. ლორენმა და სტივმა ერთმანეთი 1989 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში გაიცნეს და გაცნობიდან ორი წლის თავზე დაქორწინდნენ. 2011 წლის ოქტომბერში სტივ ჯობსი გარდაიცვალა და მის ნაცვლად „ფორბსის” რეიტინგში ლორენი პირველად მოხვდა.
ივან გლასენბერგი (ავსტრალია) – 7,3 მილიარდი დოლარი
საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების მწარმოებელი კომპანია „გლენკორის” მმართველი ივან გლასენბერგი 2011 წლის მაისში ოფიციალური მილიარდერი გახდა და გიგანტი კომპანიის სხვა 5 დირექტორთან ერთად, „ფორბსის” რეიტინგის დებიუტანტი გახდა. გლასენბერგს ფიცი აქვს დადებული, რომ სანამ კომპანიაში მუშაობს, არც ერთ აქციას არ გაყიდის.
პატრიციო ბერტელი (იტალია) – 3,7 მილიარდი დოლარი
პატრიციო ბერტელიმ, თავისი მომავალი მეუღლე, მიუჩია პრადა 1977 წელს ფეშენ-ბაზრობაზე გაიცნო. პრადამ დიზაინზე აიღო პასუხისმგებლობა, ხოლო ბერტელიმ ბიზნესის განვითარებაზე და ერთობლივად, მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი შექმნეს. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პრადა „ფორბსის” რეიტინგში დაბრუნდა, ხოლო ბერტელი პირველად მოხვდა მილიარდერთა რეიტინგში.
პენსი ჰო (ჰონკონგი) – 3,5 მილიარდი დოლარი
90 წლის მაკაოელ მაგნატს, სტენლი ჰოს 16 შვილი ჰყავს, თუმცა მხოლოდ პენსი ჰო გახდა მილიარდერი. პენსი ჩინური MGM-ის შეფია და მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის სათამაშო ბიზნესთან. გარდა ამისა, პენსი ფლობს აქტივებს მამის კომპანიებში: „SJM”-სა და „შან ტაკ ჰოლდინგში”, რომლებიც ასევე სათამაშო ბიზნესში ჩართული კომპანიებია.
ბერტილ ჰულტი (შვედეთი) – 3 მილიარდი დოლარი
დისლექსიით დაავადებული ჰულტი კოლეჯიდან ერთი წლის თავზე გამოაგდეს. მან კი თავის საძინებელში დაიწყო მუშაობა პროგრამაზე, რომელიც იოლად შეასწავლიდა ადამიანებს უცხო ენას. EF-ის პროგრამები ამჟამად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არის ხელმისაწვდომი. მათ შორის, ის EF პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პარტნიორიც გახლდათ.
შაჰიდ ხანი ამერიკის შეერთებული შტატები – 2,5 მილიარდი დოლარი
შაჰიდ ხანი ნაციონალური ფეხბურთის ლიგის კლუბის პირველი უცხოელი მფლობელია. „ჯექსონვილის იაგუარებში” მან თავის დროზე 770 მილიონი დოლარი გადაიხადა. მოგვიანებით, ხანს „სენტ ლუის რემსის” ყიდვის სურვილიც ჰქონდა, თუმცა მილიარდერ სტენ კრონკესთან დამარცხდა. ხანი ფლობს კომპანიას, რომელიც ავტომობილების „ბამპერების” დიზაინით არის დაკავებული. დღესდღეობით მისი კომპანია „ფლექს ენ გეითი” წელიწადში 3 მილიარდის პროდუქციას ყიდის მსოფლიოს 41 სხვადასხვა საავტომობილო ფირმაში.
ელონ მასკი ამერიკის შეერთებული შტატები – 2 მილიარდი დოლარი
ელონ მასკის ელექტროავტომობილების მწარმოებელი კომპანიის, „ტესლას” აქციების ფასმა 2011 წელს 30 პროცენტით მოიმატა, რამაც მასკის „ფორბსის” რეიტინგში მოხვედრა განაპირობა. 2013 წლისთვის მასკი კომპანია „სფეისიქსთან” ერთად, ფართო წარმოებაში კოსმიური ხომალდებისა და რაკეტების გაშვებას გეგმავს.
სილას ჩოუ (ჰონკონგი) – 2 მილიარდი დოლარი
მაიკლ კორსის ფინანსურმა მფარველმა, სილას ჩოუმ მილიარდიანი კაპიტალი მას შემდეგ ჩაიგდო ხელში, რაც სათავეში ჩაუდგა ფეშენ- ჰაუსს. ჩოუს მამა 90-იან წლებში იყო „ფორბსის” რეიტინგში და 2012 წელს სილასმაც მოახერხა ყველაზე მდიდარი ხალხის სიაში მოხვედრა.
ლოურენს სტროლი (კანადა) – 1,8 მილიარდი დოლარი
ლოურენს სტროლი სილას ჩოუს პარტნიორია „კორსის” ფეშენ-ჰაუს გრუპში. წარმოშობით კანადელი სტროლი შვეიცარიაში ცხოვრობს და „მაკლარენისა” და „ფერარის” რარიტეტული ბოლიდების კოლექციონერობით არის გატაცებული.
ვუდს სტეიტონი (კოლუმბია) – 1,7 მილიარდი დოლარი
სტეიტონის „არკოს დორადოსი” „მაკდონალდსის” სწრაფი კვების სარესტორნო ქსელს აკონტროლებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში. ამისთვის სტეიტონს 700 მილიონი დოლარის გადახდა მოუხდა „მაკდონალდსისთვის”. სტეიტონი მილიარდერი 2011 წლის აპრილში გახდა, მისი კომპანია მსოფლიოს 20 ქვეყანაში „მაკდონალდსის” ქსელის 1 775 რესტორანს ფლობს.
ტილმან ფერტიტა ამერიკის შეერთებული შტატები – 1,5 მილიარდი დოლარი
სარესტორნო ბიზნესში ჩართული ტილმან ფერტიტა ბიზნესში 1986 წლიდან ჩაერთო და თავდაპირველად, „ლანდრის” ქსელის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ. 2010 წლიდან მან კერძო ბიზნესი წამოიწყო და ამჟამად ფლობს აქტივებს: „ბუბა გამპში”, „სალთგრეის სტეიკ ჰაუსსა” და „ლანდრის ზღვის პროდუქტებში”.
მანოჯ ბჰარგავა ამერიკის შეერთებული შტატები – 1,3 მილიარდი დოლარი
ინდოეთში დაბადებულ მანოჯ ბჰარგავას საინტერესო ბიოგრაფია აქვს. სხვადასხვა დროს მას ტაქსის მძღოლად, მშენებლად, პლასტმასის ქარხნის მუშად უმუშავია. გარდა ამისა, მანოჯს 12 წელი აქვს გატარებული ბერად დელის აშრამაში. ამჟამად ბჰარგავა ენერგეტიკული სასმლის „5 აუა ენერჯის” მწარმოებელია. სასმლის შემცველობაშია ტაურინი, კოფეინი და B ვიტამინები.
სემ გოი (სინგაპური) – 1,2 მილიარდი დოლარი
სინგაპურის „პაპაის მეფის”, სემ გოის ბიზნესკარიერა მამის პროდუქტების მაღაზიაში კურიერობით დაიწყო. შემდგომ მან სარემონტო ფირმა დააარსა, მოგვიანებით კი, საკუთარი საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ჩამოაყალიბა. ამჟამად „ტე ი ჯია ფუდ მანუფაქტურა” გაყინული საკვებ პროდუქტებს მსოფლიოს 49 ქვეყანაში ყიდის. მსოფლიოში ის პაპაის კანის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორად ითვლება.
პეტერ სტორდალენი (ნორვეგია) – 1,2 მილიარდი დოლარი
ნორვეგიელი სასტუმროების მაგნატი, „ნორდიკ ჩოის ოტელის” 170 სასტუმროს ოპერატორია. გარემოს დაცვის დამცველი და ყოფილი მრბოლელი იმით არის ცნობილი, რომ 2002 წელს ხელბორკილებით მიება ბრიტანეთის ბირთვულ გამწმენდ კომპლექსს „სელაფილდს” და 9 საათის განმავლობაში ის ამ გზით გამოხატავდა პროტესტს ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ. სტორდალენს ჰყავს მსოფლიოში პირველი „ფერარი”, რომელიც ბიოსაწვავზე მუშაობს.
ელიზაბეთ ბატინდერი (საფრანგეთი) – 1,1 მილიარდი დოლარი
ავტორი ევროპული ბესთსელერისა „კონფლიქტი: როგორ აყენებს ზიანს თანამედროვე ქალებს დედობა” 1926 წელს დაარსებულ საკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელ კომპანია „პაბლიკ გრუპს” უდგას სათავეში. ბატინდერი 1996 წლიდან არის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.