MUST „ქერები”
ანუ ნორჩი და დრომოჭმული დემოკრატები
არჩევნების მოახლოებამ არა მხოლოდ გაპოლიტიკოსების მსურველები გაააქტიურა (ზედაც, პოლიტიკოსის სტატუსის შენარჩუნების მსურველებიც მიაყოლა), არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც ამომრჩევლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას (ესე იგი, Must carry-ის პრინციპს) მოითხოვენ. მოთხოვნა მეტად დროულია, იმ მიზეზით, რომ ყველა მაუწყებელი ვერც სრულიად საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს და, რაც მთავარია, სრულად არც ყველა საკაბელო ტელევიზიებში არიან წარმოდგენილი (დაახლოებით, ასეთი სურათია: თუ „რუსთავი 2-ს“ ან „იმედს“ სწყალობ ან სხვა არჩევანი არ გაქვს, „მაესტროსა“ და „კავკასიას“, მით უმეტეს – „მეცხრე არხს“, თვალსაც ვერ მოჰკრავ). ამის აუცილებლობაზე გასულ კვირას საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმაც ისაუბრა. კერძოდ, ბრძანა: „ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქება მაუწყებლების ვიწრო სპექტრის მიერ ხდება და მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებათ სხვა მაუწყებლებზე, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას გამოხატავენ.“ ეს მოსაზრება მან ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე გამოთქვა, რომლის თემაც მეტად ტევადი და მრავლისმთქმელი გახლდათ: „საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები – წარსული, აწმყო, მომავალი.“
იქვე განმარტა, რომ „წინასაარჩევნო ვითარების პირობებში უმნიშვნელოვანესია, ინფორმაციის ფართო სპექტრის გაცნობისა და განსხვავებული პოლიტიკური პარტიების აზრის მოსმენის საშუალება საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს… Must carry-ს პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც მედიის ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევას გულისხმობს“, თუმცა, როგორც ჭეშმარიტად დემოკრატიის აკვანში შობილ-გაზრდილს შეეფერება, იქვე დასძინა, რომ ეს პრობლემა ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია (ანუ, ჩემი გითხარით, აწი კისერიც გიტეხიათო?!).
ხოლო, საქმე რომ უფრო „კისრისტეხისკენაა“, უმრავლესოელი ხალხის რჩეულის ბ-ნი მინაშვილის კომენტარიც მოწმობს, სადაც ის ამბობს, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ეს შენ გეხება“ და აშშ-ის ელჩი სხვადასხვა „მასთ ქერიზე“ საუბრობენო. ბ-ნი მინაშვილის ამოსავალი პრინციპი ასეთია: ზემოდან ვერ დაავალდებულებენ საკაბელო მაუწყებლებს, რომ ჩართონ სხვა საკაბელო ან სატელიტური მაუწყებელი, იმიტომ რომ, აი, აქ კი ზუსტი ციტატა უნდა მოვიხმო: „ეს არის თავისუფალი, შეუზღუდავი ბიზნესი და სახელმწიფოს რეგულირება უფრო შეზღუდავს თავისუფალ მედიას (აბა, თქვენ რა გეგონათ?!)“. შესაბამისად, ბ-ნი მინაშვილი ასკვნის, რომ „მასთ ქერის“„ეს შენ გეხებას“ მიერ შეთავაზებულ ვარიანტზე „საუბარი ზედმეტია“! თუმცა, ყველაზე საინტერესო დეპუტატის მოსაზრების ის მომენტია, სადაც ის აღნიშნავს, რომ აშშ-ის ელჩი „ზოგადად „მასთ ქერიზე“ საუბრობდა და არა მის შინაარსზე“.
თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი მინაშვილი ნორჩი დემოკრატიის შვილია, ბ-ნი ბასი კი – ხანდაზმულის, შესაძლოა, ეს ის შემთხვევაც იყოს, როდესაც შვილიშვილი ბებიას დემოკრატიის ანა-ბანას ასწავლიდაო.