დედაწულიანად დაწაფებულები
დანამატი – ინგლისურენოვანი პენსიონერებისთვის
თავდაპირველად, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოეური ენების არჩევანი შეიზღუდა (იმიტომ რომ, იქ, ზემოთ მყოფებს, დიდი თავები აქვთ და ყველას ნაცვლად ფიქრობენ!) და ძირითადი აქცენტი ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის მშობლიურ ენაზე გაკეთდა. სულ ახლახან კი გადამწყდარა, რომ შესაძლოა, საერთოდაც შეწყდეს უმაღლესი განათლების დიპლომების გაცემა იმ პირებისთვის, რომლებსაც ინგლისური ენა არ ეცოდინებათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამის შესახებ განცხადება თვით პრეზიდენტმა გააკეთა (მოვიხმობ ციტატას): „ვინც რა არ უნდა თქვას, ჩვენ უახლოეს მომავალში შემოვიღებთ წესს, რომლის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებლის დიპლომებს ვერ აიღებენ ის პირები, რომელთაც ინგლისური ენა არ ეცოდინებათ“, ამ საქმეს წყალი არ გაუვა!
წყალი გაუვა თუ ძმარი, როგორც პირველი პირი ბრძანებს, „არც რუსულის ცოდნაა ურიგო“, თუმცა, რაკი „დღეს მთელი ინფორმაციის მიწოდება ინგლისურად მიდის, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ აღნიშნული წესის შემოღება აუცილებელია (თორემ, განა მამა დავიწყებოდა და მამინაცვალს ფიცულობდაო?!).“
მოკლედ, ის დროც აქვეა, როდესაც დედაწულიანად სულ ინგლისურად დავეწაფებით თანამედროვე ინფორმაციას, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, პედაგოგებს, თუკი ინგლისურს დაეუფლებიან (ქართულ ცეკვასაც რომ ასწავლიდეს), სახელფასო დანამატს უნიშნავენ (თუ კომპიუტერსაც აუღებს ალღოს, ხომ, საერთოდაც, მეფური ხელფასი „ეჯღანება“), ვითომ, აღარ მოვმწიფდით ამ ინგლისურენოვანი ფილმების მაყურებელი საზოგადოება საიმისოდ, რომ პენსიონერებს პენსია (განა სტაჟითა და დამსახურებით) ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით დავუნიშნოთ?!