შარიანი ავტოინსპექტორი და წესიერი მძღოლი
გასული საუკუნის 70-იან წლებში ზესტაფონის რაიონში მუშაობდა ერთი ჯიბიდან გავარდნილი ავტოინსპექტორი, პირობითად, ბონდოს დავარქმევ. მძღოლები მას დასანახად ვერ იტანდნენ, რადგან, როგორი წესიერი მძღოლიც არ უნდა ყოფილიყო, აუცილებლად რაღაცას მოუგონებდა, რამე შარს მოსდებდა და ფულს წაართმევდა.
ახალპრავააღებული სილოვან ჯ-ძეც იმ პერიოდში „ვასმიორკა სამასვალზე“ მოეწყო მძღოლად და ზაფხულის სეზონზე კარიერიდან სამშენებლო ობიექტზე ხრეშს ეზიდებოდა.
გააჩერა ბონდომ.
– რა მიგაქვს?
– ხრეში.
– სად?
– მშენებლობაზე.
– საბუთი გაქვს?
– მაქვს.
ნახა საბუთები – ყველაფერი რიგზეა. რა ჰქნას, რა შარი მოსდოს?
– ვთქვათ, სიარულის მომენტში მარცხენა უკანა პაკრიშკა გაგისკდა, მანქანის რომელი ნაწილი დაზიანდება?
სილოვანს ასეთი რაღაცეები საიდან უნდა სცოდნოდა.
– არ ვიცი, უფროსო.
– არ იცი და, გადეიხადე 10 მანეთი ჯარიმა!
ჩათრევას ჩაყოლა არჩია ახალბედა მძღოლმა, ინსპექტორს თუმანი „ჩაუკარმანა“ და წავიდა.
– მეორე დღეს არა და მესამე დღეს კვლავ ჩაუსტვინა სილოვანს ბონდომ:
– ხრეში მიგაქ, ხომ?
– კი.
– საბუთები ხომაა წესრიგში?
– კი.
– აბა, ერთი მითხარი, მიდიხარ გვარიანი სიჩქარით, – დაიწყო „გაიშნიკმა“, – გაგისკდა წინა მარცხენა პაკრიშკა, მაშინის რომელი ნაწილი დაზიანდება მაგ დროს?
სილოვანი ამდენ თავხედობას და ვერაგობას არ ელოდა და ისევ დააღო პირი.
– არ ვიცი, უფროსო.
– გადეიხადე 10 მანეთი და ისწავლე მომავალში.
– გაწბილებულმა სილოვანმა ერთ თავის ავარდნილ ძმაკაცს უამბო ყველაფერი.
– შენ ნუ გეშინია, მე ვიცი და მაგ ახვარმა! – დააიმედა ძმაკაცმა.
ორი დღის შემდეგ ისევ აჩერებს სილოვანს ბონდო:
– ხრეში, ხომ?
– დიახ...
– საბუთები?
– წესრიგში.
– ძაან კარგი... ვთქვათ, მიდიხარ დიდი სიჩქარით... – წამოიწყო ჩვეულებრივად „გაიშნიკმა“ და აქ გაიჩითა სილოვანის ძმაკაცი როლანდია, ხელში უშველებელი „მანტიროვკით“ და პირდაპირ მივიდა ინსპექტორთან:
– მეიხედე შენ აქეთ! ახლა, ამ მანტოროვკას რო დაგიშვებ მაგ დეგენერატ თავში, რომელი ჩექმა გაგისკდება, მარჯვენა თუ მარცხენა?!
ინსპექტორმა ოპერატიულად „მოწვა“, რაც ელოდა, მოტოციკლს მოახტა და მოუსვა. მას მერე ლმობიერი გახდაო, ამბობენ. რა ვიცი, შეიძლება, მართლაც ასე მოხდა...