რატომ შეცვალა ცირკთან „ღამის პეპლები“ ელიტურმა საზოგადოებამ და რატომ დაიწუნეს გოჩა კაპანაძის არჩეული ქალები
კლანური დაჯგუფებების არსებობა საქართველოსთვის ახალი არ არის, მაგრამ თეატრალურ სამყაროში უდავოდ ახალი ცნებაა. „მეჯღანუაშვილები” ყველა სფეროში მრავლად არიან, თუმცა დრო ყველაფერს თავის სახელს არქმევს. დასაწყისში ერთი შეხედვით უწყინარი ინტერვიუ გოჩა კაპანაძესთან საკმაოდ სერიოზული თემის განხილვით დასრულდა.
– ბატონო გოჩა, როგორ მოხვდით ამ პროექტში და რამ დაგაინტერესათ, რის გამო დასთანხმდით?
– კიკალა დამიკავშირდა და შემომთავაზა პროექტში ჩართვა. გავეცანი პროექტს და ჩავთვალე, რომ ჩემთვისაც, როგორც რეჟისორისთვის ერთგვარად საინტერესო იქნებოდა, მემუშავა მოდელებთან, რომლებსაც სამსახიობო ოსტატობის არანაირი გამოცდილება არ აქვთ და აღმომეჩინა თუნდაც ერთი მოდელი, რომელმაც, შეიძლება, სამოდელო თუ არა სამსახიობო კარიერა მაინც გაიკეთოს. ზოგადად პროექტის ფორმატი ითვალისწინებს, რომ ისინი იყვნენ მრავალმხრივ განვითარებულები, იქნება სამსახიობო ნიჭის გამოვლენა, ექსტრემალური სიტუაციებიდან თავის დაღწევა, სირთულეების გადალახვა თუ სხვა რამ. ზოგადად მოდელი გოგონები ძალიან ჩაკეტილები არიან და, შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე არ გენდობიან, მაგრამ, მათ უნდა მოუძებნო ის გასაღები, რომლითაც გახსნი ბოლომდე და მოგენდობიან.
ისინი 300-ზე მეტ გოგონას შორის იქნენ არჩეულნი, რაც, ერთი მხრივ, უკვე გამარჯვებაა, თუმცა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა და მთელი გუნდი მაქსიმალურად ვეცდებით, ღირსეული კანდიდატი გავუშვათ დიდ ბრიტანეთში, რომელიც ასევე ღირსეულად წარადგენს საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში შედის, ვიღაცამ არ იფიქროს, რომ ბაბაჯუს ქვეყანა ვართ. ერთი კვირის წინ ავთო ცქვიტინიძის მოდების ჩვენება იყო ცირკთან, სადაც უკვე რეალურად დავინახეთ შედეგი და ძალიან კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ თავსხმა წვიმა იყო, აბსოლუტურად წელში გამართული და მოღიმარი გოგონები ისეთი შარმით წარმოადგენდნენ კოსტიუმებს, ისე დანარნარებდნენ ცირკის კიბეებზე, გეგონება ხმელთაშუა ზღვის რივიერაზე აჩვენებდნენ კოლექციას.
– მყუდროების დარღვევის გამო რაიმე ინციდენტი ხომ არ მომხდარა იქ მომუშავე უძველესი პროფესიის წარმომადგენლების მხრიდან?
– არანაირ ინციდენს ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, დროის გარკვეულ მონაკვეთში მიმოიფანტნენ იქაური „ღამის პეპლები“ და ელიტურმა საზოგადოებამ დაიკავა მათი ადგილი, თუმცა ცოტა მოგვიანებით ისინიც შემოგვიერთდნენ და ჩემთან პირად საუბარში სურვილიც გამოთქვეს ჩვენებაში მონაწილეობის მიღებაზე. უნდოდათ, რომელიმე ცნობილ დიზაინერს მათთვისაც შეეკერა კაბები – ჩვენ ისედაც ყოველღამე აქ ვმოძრაობთ და არანაკლებ საინტერესო შოუს მოწყობა შეგვიძლიაო (იცინის).
– ზოგადად, მკაცრი რეჟისორის იმიჯი გაქვთ, ამ პროექტში მეჩვენება, რომ ზედმეტად რბილი ხართ გოგონებთან ურთიერთობისას.
– მსახიობობა არის პროფესია, რომლის შესწავლასაც მე და ჩემი სტუდენტები 4-5 წელს ვანდომებთ, აქ კი ძალიან მარტივად და ჩქარ ტემპებში ხდება ყველაფერი, თანაც, მათ არ მოეთხოვებათ ის, რაც დამწყებ მსახიობებს. გარდა ამისა, ვცდილობ, ერთ ენაზე ვისაუბროთ, რომ ის გასაღები ვიპოვო, რაც მათ მთლიანად გახსნაში დამეხმარება. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე რჩეული მყავს და მათ შორის ერთი-ორს საკმაოდ კარგი სამსახიობო მონაცემები აღმოაჩნდა.
– თავად თქვენ როგორი ქალები მოგწონთ?
– მე ისეთ ქალებს ვანიჭებ უპირატესობას, ვინც ხორცის ნაკლებობას არ განიცდის. ქალს ყველაფერი უნდა ჰქონდეს. კარგი მკერდი თუ არ აქვს ქალს, ტაკო თუ ხელში არ მოგხვდა და ფეხი ხელისგან ვერ გაარჩიე, ისეთი ქალი რად ვარგა?! სამწუხაროდ, ჩემი გემოვნების ქალები სტანდარტებში ვერ ჯდებიან და, იმდენი ჩემი მოსაწონი დაიწუნეს ქასთინგებზე, რომ კინაღამ გული შემიწუხდა. მე რომ ვიყო დიზაინერი და ჩემი ბრენდი მქონდეს, მაგალითად, „ჯორჯ კაპანელი“, აუცილებლად ფუმფულა გოგონებს გამოვიყენებდი. პირველივე შესარჩევზე ერთი ისეთი კარგი გოგო გაუშვეს, რომ დღემდე ვერ გადავიტანე ეს ამბავი. მაგ დღეს მე არ ვესწრებოდი, თორემ, ვერავინ გამაშვებინებდა იმ გოგოს, ბოლომდე ვიბრძოლებდი (იცინის).
– მოდი, თქვენი, როგორც რეჟისორის წარმატება-წარუმატებლობაზე ვისაუბროთ. თქვენ აღადგინეთ რუსთაველის თეატრში „მარიამ სტიუარტი“, რომელმაც 15 წლის წინ მოგიტანათ უდიდესი წარმატება.
– შეიძლება ითქვას, სპექტაკლი თავიდან დაიდგა, რადგან, თითქმის ათი ახალი მსახიობი ჩაენაცვლა. მომიწია გარკვეული სცენების ამოღებაც, რომ უფრო თანამედროვეობაზე მომერგო და კარგი სანახავი ყოფილიყო, რამაც გაამართლა და, თქვენ იცით, რომ სპექტაკლზე ბილეთები ორი-სამი კვირით ადრე აღარ იშოვება. ასეთივე რეზონანსული იყო „ბერნარდა ალბაც“. საერთოდ, მე მიყვარს კლასიკაზე მუშაობა, სადაც ბევრი საძიებელი და ამოსახსნელია. მაყურებელიც უფრო კრიტიკულია ასეთი სპექტაკლების მიმართ და ყოველთვის მაქსიმალურს ითხოვს. ამიტომ, თუ მაყურებელმა სპექტაკლი მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ არასოდეს დაივიწყებს და ბოლომდე შეიყვარებს. წარმოიდგინეთ, დღესაც კი, 15 წლის წინანდელი მაყურებელი მოდის და, თან, არაერთხელ. დიდ მადლობას ვუხდი მათ ასეთი ერთგულებისა და სიყვარულისთვის.
– თუმცა სოხუმის თეატრში დადგმულ სპექტაკლს „გუშინდელნი“ დიდი კრიტიკა მოჰყვა. ამბობენ, თეატრალურ ფესტივალ „დურუჯის“ ჟიური შუა სპექტაკლიდან გავიდაო.
– არა, თქვენ გეშლებათ და ორი ამბავი აურიეთ ერთმანეთში. „გუშინდელნის“ საკმაოდ კარგი რეცენზიები ჰქონდა, მაგრამ, სხვა თემაა „დურუჯის“ ჟიური. რაც შეეხება კრიტიკას, ეს რამაზ ჩხიკვაძის იუბილეს მოჰყვა. აუცილებლად ვეთანხმები და ვიზიარებ იმ ჟურნალისტების მწვავე შეფასებებს, რაც გამოითქვა მათი მხრიდან, თუმცა, იმას, რასაც ახლა ვიტყვი, პირველად ვამბობ, აქამდე არ მითქვამს და ახსნა-განმარტება არავისთვის მიმიცია. ჩემდა გასაკვირად, რამაც მე სრულიად შოკში ჩამაგდო და დარწმუნებული ვარ, თქვენს მკითხველსაც გაუკვირდება, მაგრამ, ბატონი რამაზ ჩხიკვაძის კოლეგებმა საღამოში მონაწილეობის მიღებაზე უარი ბოლო დღეს განაცხადეს, რის გამოც მომიწია სცენარის რადიკალურად შეცვლა და პრაქტიკულად თავიდან გაკეთება ზუსტად 7 საათში. ზოგმა ავადმყოფობა მოიმიზეზა, ზოგმა კიდევ რა, რომ საღამოზე არ მოსულიყო, თუმცა, მოგვიანებით, რატომღაც, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ პარტერში ის ადამიანები, ვინც საწოლიდან ვერ დგებოდა და შეუძლოდ იყო. ამას დაემატა ტექნიკური ხარვეზები, რაც მთლიანად მოუწესრიგებელი იყო – საღამოს მსვლელობის დროს გადაიწვა ორი ტელეპროექტორი, რომელმაც მთლიანად ამოაგდო ტემპორითმიდან მთელი პროგრამა. რამდენიმე საათით ადრე მომიწია ძველი მსახიობების ახალგაზრდა მსახიობებით ჩანაცვლება, რომლებიც ტექსტებს სცენაზე გასვლამდე სწავლობდნენ და ვიყავი აბსოლუტურად შეურაცხადი. მხოლოდ ბატონმა გურამ საღარაძემ და ჯემალ ღაღანიძემ გაწიეს ჭაპანი ბოლომდე. ამიტომ, როდესაც სვამენ კითხვას, რატომ იყო ბატონი რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამო მხოლოდ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული და არა იმ მსახიობებით, ვისთან ერთადაც ის მსოფლიო წარმატებებს აღწევდა, ეს თავად მათ ჰკითხეთ, რატომ არ მიიღეს მონაწილეობა, თორემ, მე აბსოლუტურად ყველა მყავდა დაკავებული.
– რაც შეეხება შალვა დადიანის „გუშინდელნის“, რა მოხდა, რატომ დატოვა ჟიურიმ სპექტაკლი შუა წარმოდგენის დროს?
– არაფერი. უბრალოდ, მე ძალიან წინააღმდეგი ვარ თეატრალური კლანებისა და დაჯგუფებების. აქ უნდა გავარკვიოთ, რა ენაზე ვსაუბრობთ, ვის როგორი თეატრი მოსწონს, ვის რა გვანიჭებს სიამოვნებას. ქართული თეატრის ისტორიას არ ახსოვს ისეთი კლანური დაჯგუფებები, როგორებიც იქმნება დღეს. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ერთმანეთს გულშემატკივრობს და ზოგჯერ შავს თეთრად გაჩვენებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო თეატრალური ინტრიგები და ამაში ახალი არაფერია, მაგრამ, არასოდეს ყოფილა კლანური სიტუაცია, რაც დამღუპველია ისევ და ისევ მათთვის, რადგან, საბოლოო ჯამში, შენი შემფასებელი მაინც მაყურებელია და ის არასდროს ცდება. შენ ჩემი ბიძაშვილი ხარ, ნათლია და ბავშვობის ძმაკაცი და ამიტომ მომწონს შენი სპექტაკლი – ასე არ ხდება, იმის ძახილიც, რომ შენ ვერ გაიგე და მე მესმის – არ შეიძლება; ყველას ყველაფერი ესმის და ყველა ყველაფერს ხედავს. ზუსტად ვიცოდი რომელ სპექტაკლებს გაიყვანდნენ და ასეც მოხდება, აგერ, დღე-დღეზე გაირკვევა, თუმცა, ეს სპექტაკლები, რომლებზეც მე ვვარაუდობ, ღირსეულად იმსახურებენ პრემიას, რადგან, მართლა ძალიან კარგია, მაგრამ, რამდენიმე ნომინაციაში ისეთებია წარმოდგენილი, რომლებიც არ უნდა მოხვედრილიყვნენ. მე დაჩაგრულის პოზიციიდან არ ვსაუბრობ, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ სიბრაზე მალაპარაკებს. უბრალოდ, ერთადერთი, რაზეც მაქვს პრეტენზია, ის არის, რომ, რადგან შენ ხარ ჟიურის წევრი და ამაში იღებ ხელფასს, ვალდებული ხარ, წახვიდე და დაესწრო სპექტაკლს, მით უმეტეს, კეთილი უნდა ინებო და, იმ 2 საათის განმავლობაში, სანამ სპექტაკლი მიდის, უყურო ბოლომდე, რაც არ უნდა საშინელი და მოსაწყენი იყოს. ჟიურის სტატუსის მატარებელი ნოუთბუქით ხელში არ უნდა იჯდეს დარბაზში და „ფეისბუქში” არ უნდა ჩეთაობდეს. კორპორაცია „დურუჯი“ 1924 წელს დაარსდა, რომელიც პროგრესული მოვლენა იყო ქართული თეატრის ისტორიაში და რომელმაც მისი მცირე არსებობის პერიოდში ბევრი რამ შეცვალა, ბევრ სიახლეს დაუდო სათავე და, ამდენი წლის შემდეგ, როცა კვლავ აღდგა, ყველა სიხარულით შევხვდით ამ ამბავს. რეალურად ეს მართლა რაღაც ნათელი წერტილივით არის თეტრალურ სამყაროში, მაგრამ, არ შეიძლება, ზოგიერთ კლანური სურვილებითა და ამბიციებით შეპყრობილ ადამიანს გავაფუჭებინოთ ის საქმე და მიზანი, რასაც თავისი არსებობით „დურუჯი“ ემსახურება. უპრიანი იქნება, თუ უცხოელ ჟიურის მოიწვევენ, რომ იყოს ობიექტური შეფასება და ადეკვატური დამოკიდებულება შემოქმედების მიმართ. თუმცა, კიდევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ის სპექტაკლები, რომელიც წელს გამარჯვების კანდიდატია, უდავოდ იმსახურებს ჯილდოს, მაგრამ, მე ვსაუბრობ ჟიურის წევრების დამოკიდებულებაზე მათთვის დაკისრებული ვალდებულებების მიმართ.