მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-23(597)
ფილოსოფიის პროფესორის ლიკვიდაცია, „კაგებეს“ რევოლუციურმა მთავრობამ შეუკვეთა, რომელიც საბჭოთა კავშირის მეკავშირე და პარტნიორი იყო.
პროფესორის ვილას რომ ვტოვებდი, გავიფიქრე: „ტყუილად ფიქრობდით, პროფესორო, რომ ღმერთი არ არსებობდა და არ გსჯიდათ. აი, ხომ დაისაჯეთ და ეს ჩემი ხელით განხორციელდა“.
ჩემი ხელით მრავალი სადამსჯელო აქცია განხორციელდა და, რა თქმა უნდა, ყველაში ღმერთის ხელი არ ერია, თუმცა, უმეტესი მათგანი ნამდვილად იმსახურებდა ღვთის რისხვას და სამართლიანად განხორციელდა.
ერთხელ შჩუკინმა პირდაპირ განმიცხადა:
– ერთი უმწეო მოხუცის ცხოვრებას წერტილი უნდა დაუსვა.
– უმწეო მოხუცს რას ვერჩით, ამხანაგო გენერალო? – ვკითხე შჩუკინს.
– ძველი ჯალათია და ათასობით საბჭოთა ადამიანისთვის სული აქვს ამოხდილი. ფაშისტი „ზონდერი“ იყო. კარგა ხანია, ვეძებდით და ჩვენმა დაზვერვამ ნორვეგიაში მიაკვლია. ხერხემალგადამტვრეული წევს საწოლში და დაქირავებული ექთანი უვლის, რომელიც ოჯახის წევრებმა მიუჩინეს. ერთი სიტყვით, წმიდათაწმიდა საქმეა, – დააბოლოვა შჩუკინმა.
ყოფილ ჯალათს ნორვეგიაში, პირდაპირ ქოხში ვეწვიე, მის საწოლს ერთი ბიდონი ბენზინი მოვასხი, შემდეგ ანთებული ასანთი მივაგდე და წამოვედი. ამით ორმაგი საქმე გავაკეთე. ერთი მხრივ, უდანაშაულო ადამიანების გამო ვიძიე შური, მეორე მხრივ კი, მის უზომო ტანჯვას მოვუღე ბოლო. მოსკოვში რომ დავბრუნდი, შჩუკინს ვუთხარი:
– დამეთანხმეთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, რომ ჩვენ მიერ შესრულებული აქცია შეცდომა იყო.
– შენ ასე გგონია?
– თქვენ რა, სხვაგვარად ფიქრობთ? მოხუცი ჯალათი საშინლად იტანჯებოდა, ლიკვიდაციით კი მას შვება მოვუტანეთ.
– პრინციპში, მართალი ხარ, მაგრამ, ნაბრძანები იყო ჯალათის განადგურება და იმაზე არავის უფიქრია, რომ მეტი შურისძიებისთვის მისი ცოცხლად დატოვება ჯობდა. თუმცა, არა უშავს, ამ შეცდომას სხვა დროს გამოვასწორებთ, – დამაიმედა ვიქტორ იაკოვლევიჩმა.
იმ შემთხვევიდან ბევრი დრო არ იყო გასული, რომ გენერალმა მიხმო და მითხრა:
– შეცდომის გამოსწორების შანსი გეძლევა და პარიზში მოგიწევს გამგზავრება.
– მზად ვარ! – ვუთხარი შჩუკინს, მან კი ულამაზესი ქალის სურათი მაჩვენა და მითხრა:
– ეს დედოფალი ისე უნდა დაამახინჯო და გააუბედურო, რომ ძაღლმაც კი აღარ შეხედოს.
– ვინ არის და რა დააშავა?
– ცნობილი თეატრალური მსახიობია და საბჭოთა კავშირიდან საფრანგეთში გაიქცა. ეს არის და ეს, – განმიმარტა შჩუკინმა.
თავს ზემოთ ძალა არ იყო. ძალიანაც არ მინდოდა ქალის დამახინჯება, მაგრამ, დავალება უნდა შემესრულებინა და სამი დღის შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქს ვეწვიე. დავესწარი სპექტაკლს, რომელშიც ობიექტი მონაწილეობდა. დიდი ანტრაქტის დროს ვარდების უზარმაზარი თაიგულით ახალგაზრდა თეატრალურ ვარსკვლავს საგრიმიოროში ვესტუმრე, ყვავილები მივართვი და ვუთხარი:
თქვენ ძალიან ლამაზი ხართ და ეს ძალიან სახიფათოა.
ქალს ეგონა, ვეფლირტავებოდი და მითხრა:
– დიახ, მე კარგა ხანია, „საბედისწერო ქალი“ შემარქვეს და თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ჩემი სილამაზის საშიშროებაზე ლაპარაკობს.
ქალის ხელს ვეამბორე. თავი რომ ავწიე, გავუღიმე. შემდეგ კისერში გაშლილი ხელი ჩავცხე და გავთიშე, ბოლოს კი გოგირდმჟავის სპეციალურად დამუშავებული ხსნარი სახეზე მივასხი, რომელმაც მისი სილამაზე წამებში წაშალა და ისე დაამახინჯა და გაასაზიზღრა, ენით არ აიწერებოდა. მე მას სურათი გადავუღე და იქაურობა ჩუმად დავტოვე.
სპექტაკლი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. საღამოს გაზეთებმა კი დამახინჯებული მსახიობის ექსკლუზიური ფოტოები დაბეჭდეს, რომლებიც მათ ინკოგნიტოდ გადავეცი.
– კარგი ნამუშევარია, – შემაქო შჩუკინმა, რომელსაც ერთ-ერთი ფრანგული გაზეთი ეჭირა ხელში, სადაც ქალის ფოტო იყო დაბეჭდილი, – ხვალ ყველა ჩვენი გაზეთი გადაბეჭდავს ამ ფოტოებს და, გასაქცევად გამზადებული ლამაზმანები რომ ნახავენ, გადაიფიქრებენ სამშობლოს ღალატს. მარტივი და ეფექტურია: არც არავინ მომკვდარა და, ერთის მაგალითზე ათასები ისწავლიან ჭკუას.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილი ისტორია მართლაც ძალიან ეფექტურად მოქმედებდა მერყევ ადამიანებზე, მაინც მოიძებნებოდნენ ხოლმე ისეთები, ვინც არაფრად დაგიდევდა შურისძიებას და მაინც ადგებოდა ღალატის გზას.
ერთხელ ამერიკაში ძალიან ცნობილი მწერალი გაიქცა და, გავიგე თუ არა ეს ამბავი, ვიფიქრე, რომ შურისძიების აქციას მე დამავალებდნენ. მაგრამ, დრო გადიოდა, ის კაცი უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა დასავლეთში, პასუხს კი არავინ სთხოვდა. ერთ მშვენიერ დღეს შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:
– დროა, ამ კაცსაც მივხედოთ.
– ესე იგი, მისი ლიკვიდაციის დრო დადგა, – მივუგე გენერალს, მან კი ღიმილით მითხრა:
– არა. ჩვენ უკეთესი ვარიანტი გვაქვს: შენ ის უნდა გადმოიბირო და ათქმევინო, რომ მისი გაქცევა ფარსი იყო და ეს იმიტომ გააკეთა, დამპალი კაპიტალიზმის არსს ჩასწვდომოდა; რომ ის მამხილებელ წიგნს წერს, რომელიც მალე გამოვა. რას იტყვი, კარგი ვარიანტია? ამაზე უკეთეს პროპაგანდისტულ ფანდს ვერც ვერავინ მოიფიქრებდა და ლიკვიდაციაზე ბევრად უკეთესია.
– კარგი კი არის, მაგრამ, რატომ უნდა დამთანხმდეს?
შჩუკინს ჩაეცინა, გვერდით ოთახში გამიყვანა და მითხრა:
– აი, კინოფირს უყურე და მიხვდები.
თხუთმეტწუთიან ფილმში ახალგაზრდა ქალი და სამი ტყუპი იყო გადაღებული, რომლებიც კომფორტულ გარემოში ცხოვრობდნენ და მათი დალხინებული ყოფა იყო ნაჩვენები.
– ესენი ვინ არიან? – ვკითხე შჩუკინს.
– ობიექტის ცოლ-შვილი, – მომიგო გენერალმა და დაამატა, – უფრო სწორად კი, მისი ფარული საყვარელი, რომელმაც მისგან სამი ტყუპი გააჩინა. აი, რას ველოდებოდით და რატომ ვიყავით უმოქმედოდ.
– ბავშვების დაბადებას გულისხმობთ?
– სწორედ ამას, – დამიდასტურა შჩუკინმა და დაამატა: – ობიექტს ეგონა, რომ ქალი საიმედოდ ჰყავდა გადამალული. მასთან ფარული მიმოწერა ჰქონდა და მისი წაყვანა ჰქონდა განზრახული. ჩვენ კი მისი წერილი მოვიპოვეთ, შემდეგ ქალი გადმოვიბირეთ და ის უკვე ჩვენი კარნახით სწერდა წერილებს. რაც შეეხება ბავშვებს, სინამდვილეში ტყუპები ქალმა სხვისგან გააჩინა.
– მართლა? – გავოცდი მე.
– დიახ. მართლა და, ესაა ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი მისი გადმობირების საქმეში. ასე რომ, შენ ამ ფირს ობიექტს ანახვებ და ეტყვი, რომ მისი კომფორტში მცხოვრები ცოლ-შვილი მოუთმენლად ელოდება მას, მაგრამ, თუ გაჯიუტდება, ეს კომფორტი ქალსა და ბავშვებს დისკომფორტით შეეცვლებათ.
უდავოდ სატანური გეგმა იყო. „კაგებეს“ ასეთი ტრიუკები კარგად ჰქონდა დამუშავებული და წარმატების დიდი ალბათობა არსებობდა.
სამი დღის შემდეგ უკვე ნიუ-იორკში ვიყავი, ბროდვეიზე, სადაც ობიექტი ცხოვრობდა ერთ-ერთი ფეშენებელური სახლის აპარტამენტებში. მართალია, მას დაცვა ჰყავდა, მაგრამ, ერთ-ერთი ცნობილი ევროპული გაზეთის ჟურნალისტად გავაცანი თავი და აუდიენცია ვთხოვე, რაზეც ის დამთანხმდა, შეხვედრის დრო დამინიშნა და მეც ვეწვიე.
– რას დალევთ – ვისკის, კონიაკს, ჯინს... – შემომთავაზა მასპინძელმა, მე კი ღიმილით მივუგე:
– მშობლიურ არაყს.
– ჩემს მშობლიურ არაყს? – გაეღიმა მასპინძელს, – არ ვიცი, მაქვს თუ არა, რაც აქ ვარ, თითქმის არ დამილევია.
– თქვენს და ჩემს მშობლიურ არაყს...
– რა ბრძანეთ?! – შეცბა მასპინძელი, – განა თქვენ რუსი ხართ?
– არა მარტო რუსი, არამედ თანამშრომელი რუსი, ასე ვთქვათ, „კომიტეტჩიკი“.
– „კაგებეშნიკი“ ხართ?! – შეძრწუნდა მასპინძელი, მაგრამ, მე მას პირზე ხელი ავაფარე, რომ არ ეყვირა და დაცვის ყურადღება არ მიეპყრო და მშვიდად ვუთხარი:
– ნუ გეშინიათ, სამტროდ არ მოვსულვარ, მე თქვენ წერილი მოგიტანეთ.
– წერილი?
– დიახ... წერილი თქვენი მეუღლისგან, თან, სამ ტყუპს გილოცავთ. აი, ინებეთ.
მასპინძელმა წერილი გამომართვა და ხმამაღლა წაიკითხა: „საყვარელო, მოუთმენლად გელოდებით. ვიტია, ჟენია და ვასია კარგად არიან, მეც არა მიშავს. მხოლოდ შენ გვაკლიხარ და, იმედია, მალე შემოგვიერთდები, რათა სამუდამოდ ერთად ვიყოთ და ჩვენი შვილები ერთად გავზარდოთ“.
– როგორ მიაგენით? – მკითხა მასპინძელმა.
– ნუ გავიწყდებათ, რომ მსოფლიოში უძლიერესი უწყება ვართ და ჩვენი შესაძლებლობები განუსაზღვრელია. თანაც, კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს. თექვსმეტმილიმეტრიანი კინოპროექტორი გაქვთ?
– მაქვს.
– აი, ეს ფირი ვნახოთ, – მასპინძელს კინოფირი გავუწოდე.
კინოფირს რომ ვუყურეთ, მასპინძელმა მკითხა:
– რა უნდა გავაკეთო?
– თქვენი შეცდომა უნდა გამოასწოროთ.
– როგორ?
– პარიზში მსოფლიოს ცნობილ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადებთ, ვითომ ამერიკაში იმიტომ იმყოფებოდით, რომ დამპალი კაპიტალიზმი გემხილებინათ. იტყვით, რომ სულ მალე მამხილებელ წიგნს გამოსცემთ. ამ წიგნს თქვენ მართლა დაწერთ უმოკლეს დროში და მის გამოცემაზე, თარგმნასა და გავრცელებაზე „კაგებე“ იზრუნებს. რას იტყვით, თანახმა ხართ?
– თანახმა ვარ.
ზუსტად სამი დღის შემდეგ, პარიზში, საბჭოთა საელჩოს საკონფერენციო დარბაზში სკანდალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ობიექტმა მიწასთან გაასწორა ამერიკა, განაცხადა, რომ სამშობლოსთვის არასდროს უღალატია და რომ ამერიკაში გაქცევა კომუნიზმის მშენებლობის საქმეს სჭირდებოდა.
ლენგლი შოკში იყო. სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ობიექტს ლამის წმიდანად აცხადებდა, სამარცხვინოდ დუმდა.
– აი, კიდევ ერთი დარტყმა მივაყენეთ იანკებს! ამიერიდან ისინი მეტად ფრთხილები იქნებიან და ყოველგვარ ნაძირალას ასეთ ფართო რეკლამირებას არ გაუწევენ. რას იტყვი, ხომ მაგარი იყო?! – თქვა კმაყოფილებით შჩუკინმა.
– კი, კარგად გამოვიდა ყველაფერი, მაგრამ, ობიექტს რა ბედი ეწევა? მან ხომ მართლაც უღალატა საბჭოთა სამშობლოს და, კაცი ერთხელ რომ გიღალატებს, ის მეორედაც ჩაიდენს ამას.
– ჩვენი მწერალი სახალხო გმირია და მისი ხელის ხლება არ შეიძლება. იცოცხლოს, გაიხაროს ტყუპებით, – ჩაეცინა შჩუკინს, – მართალია, ის ბავშვები მისი არ არიან, მაგრამ, მან ხომ ეს არ იცის. თანაც, გვერდით საიმედო მეთვალყურე და გეზის მიმცემი ჰყავს – თავისი ცოლი და ის ახლა ცოლის „ჩმორია“.
სხვათა შორის, მეთვალყურე ცოლები „კაგებეს“ კარგად აპრობირებული მეთოდი იყო და ჩვენი უწყება მას კარგად იყენებდა. ვინ მოთვლის, რამდენი „დამოუკიდებელი“ მამაკაცი გვყავდა ამგვარად ყურებით დაჭერილი და, მათ რომ ეგონათ, ყველაფერს თვითონ წყვეტდნენ, მათი მეორე ნახევრები კი ერთგულად ედგნენ გვერდში, სინამდვილეში, ის მეორე ნახევრები „კაგებეს“ კარნახით „დააჭენებდნენ“ მათ და იმას აკეთებინებდნენ, რაც ჩვენს უწყებას სჭირდებოდა. ერთი ასეთი ობიექტი მთელ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი იყო, რომელსაც ცოლი თავის ჭკუაზე ატარებდა, ქალი „კაგებესთან“ იყო შეკრული, ქმარი კი ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რაც „კაგებეს“ აწყობდა. ის კაცი განსაკუთრებით „პერესტროიკის“ დროს გაააქტიურეს. ის ახლა მკვდარია, მისი ცოლი კი დღემდე „კაგებეს“ კმაყოფაზეა და სპეცფონდიდან დანიშნულ პენსიას იღებს. ასეთები რუსულ „ეფესბეს“ ათასობით ჰყავს და თავიანთ აგენტებს არასდროს ტოვებენ უყურადღებოდ
– დაიხსომეთ, კოკი, – მითხრა შჩუკინმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „კაგებეს“ კარიერა ახალი დაწყებული მქონდა და ვიქტორ იაკოვლევიჩი თქვენობით მომმართავდა, – ჩვენი უწყება ჩვენს ერთგულ თანამშრომლებს არასდროს ივიწყებს: დაღუპულებს პატივს მიაგებს, მათ ოჯახებს კი ეხმარება. თქვენ ჭეშმარიტებას ემსახურებით. მართალია, საიდუმლოდ, მაგრამ, ასე სჭირდება საქმეს და, აბა, თქვენ იცით, თავი არ შეირცხვინოთ.
შჩუკინის სიტყვებს ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი. თავი არასდროს შემირცხვენია და ღალატი ფიქრადაც არ გამივლია. მხოლოდ ის დავუმალე ხელმძღვანელობას, რომ ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს შვეიცარიის ბანკში ჩემი პირადი ანგარიში გავხსენი, საჭიროების შემთხვევაში რომ მესარგებლა. გარდა ამისა, ჩემ მიერ მოკლული ოლეგის ქალიშვილის, ჩემი დობილის, ნატას ამბავს ვინახავდი საიდუმლოდ. აგრეთვე, ზუსტად ვიცოდი, რომ თუკი „კაგებესა“ და ჩემი ოჯახის ინტერესები ერთმანეთთან წინაღმდეგობაში მოვიდოდა, მე უყოყმანოდ ოჯახის ინტერესებს დავიცავდი. საბედნიეროდ, ასეთი რამ არ მომხდარა და რამდენიმე ათეული წელი ისე გავატარე საიდუმლო სამსახურის ყველაზე მოწინავე და სახიფათო ხაზზე, რომ სამსახურსა და ოჯახს წარმატებით ვუთავსებდი ერთმანეთს. ყოველივე ეს მე უდიდეს ფიზიკურ და სულიერ ჰარმონიას მანიჭებდა და სიკვდილის ზღვარზე თამაში ჩემი ცხოვრების ყოველდღიურ წესად იყო ქცეული.
დღეს ძალიან მოდური სიტყვაა „ადრენალინი“ და, როდესაც ტელევიზორში ხელზე, თაბაშირდადებული მატრაკვეცა გამოდის და აცხადებს, რომ მას, თურმე, უნდა ადრენალინის მოჭარბება იგრძნოს და ამიტომ აძვრა კლდეზე, სადაც ფეხი დაუცურდა და თოკს რომ არ დაეჭირა, მხოლოდ ხელის მოტეხილობით ვერ გადარჩებოდა, მეცინება. ჯერ ერთი, ყველა საქმეს წინასწარი მომზადება და პროფესიული უნარ-ჩვევები სჭირდება. მთავარი კი ის არის, რომ ჭარბი ადრენალინი გულს ხეთქავს და არავის ვურჩევ მის ხელოვნურად გამოწვევას. ექსტრემალობა მოდაშია, მაგრამ მასში კარგი არაფერია. მე თვითონ ექსტრემალი ვარ, უკვე რამდენიმე ათეული წელია, ეს საქმე ავტომატურობამდე მაქვს დაყვანილი და ისიც კარგად ვიცი, რომ მისადმი არაპროფესიონალურად მიდგომა და თამაში დამღუპველია...
– კოკი, კარგად დაიმახსოვრე, რომ რისკიც კი უნდა გათვალო, – მასწავლიდა ინსტრუქტორი, რომელიც სხვადასხვა ურთულესი ტრიუკის დახვეწაში მეხმარებოდა, – გახსოვდეს, რომ რისკი გონიერი უნდა იყოს და არა უაზრო.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ? – ვკითხე ერთხელ მას და პასუხიც იქვე მივიღე:
– უაზრო რისკია ის, რომ ვულკანის კრატერში ჩახტე. ასეთ შემთხვევაში გადარჩენის არანაირი შანსი არ გაქვს. ხოლო, თუ ობიექტის დადგენისას თვითმფრინავიდან უპარაშუტოდ გადახტები, პარაშუტიანი რომ შეიპყრო, გადარჩენის შანსი გაქვს და, შენ წარმოიდგინე, არც ისე მცირე. მთავარია, წესები იცოდე, არ შეგეშინდეს და არ დაიბნე...
სხვათა შორის, მსგავსი ტრიუკი ჩემს ცხოვრებაში ორჯერ შევასრულე: პირველად – წვრთნაზე, მეორედ კი უკვე სპეცდავალების შესრულებისას.
საპარაშუტო მომზადებას კოჯრის სპეცსკოლის ფარგლებში, მარნეულში გავდიოდი.
თავდაპირველად პარაშუტი შევისწავლე, შემდეგ ხტომები დავამუღამე. ერთ მშვენიერ დღეს კი ინსტრუქტორმა მითხრა:
– დღეს, ჩემო კოკი, უპარაშუტოდ უნდა გადმოხტე.
მე ეს ხუმრობა მეგონა და ვუთხარი:
– თუ ცოცხალი გადავრჩი, აუზში წყალსაც ჩამისხამთ, ხომ?
– მე არ გეხუმრები... სამი ათასი მეტრიდან ჯერ მე გადავხტები, შემდეგ კი შენ, ოღონდ, უპარაშუტოდ და ჰაერში უნდა დამეწიო, რომ მიწაზე ერთად დავეშვათ. შეძლებ?
სპეციალურ ტრენაჟორზე ნავარჯიშევი ვიყავი და კარგად ვიცოდი, თუ როგორ უნდა მემოძრავა ჰაერში პარაშუტის გარეშე. თუმცა, უპარაშუტოდ გადმოხტომა სულ სხვა იყო და მცირე შეცდომაც რომ მომსვლოდა, ვერაფერი გადამარჩენდა. რა თქმა უნდა, შემეშინდა, მაგრამ, შიში დავძლიე და ინსტრუქტორს მივუგე:
– შევძლებ!
ჩვენ სასწავლო თვითმფრინავში ჩავსხედით, სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე ავედით და, სანამ ინსტრუქტორი ისკუპებდა, მითხრა:
– რომ გადმოხტები, არ დაიბნე და რაც ტრენაჟორზე გასწავლე, ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთე. აბა, შენ იცი, ათ წამში მომყევი!
ინსტრუქტორმა ისკუპა. ვისკუპე მეც და ოცი წამის მერე უკვე მასზე ვიყავი ჩაბღაუჭებული, რომელმაც მითხრა:
– ყოჩაღ! ახლა უფრო მაგრად მომეკარი და პარაშუტი გახსენი. გახსოვდეს, რომ დარტყმის ძალა ზევით აგვაგდებს და არ მომწყდე, თორემ, დაიღუპები.
მე ინსპექტორს ჯერ თავი დავარტყი ნიკაპში და გავთიშე, რომ შემთხვევითობა გამომერიცხა და მას ჩემთვის უნებლიეთ ხელი არ ეკრა პარაშუტის გახსნის დროს. შემდეგ უფრო მაგრად ჩავჭიდე ხელი, რგოლი მოვქაჩე და პარაშუტი გავხსენი... მიწაზე რომ დავეშვით, ინსტრუქტორი გონზე მოვიყვანე და მან მითხრა:
– ყოჩაღ, უმაღლეს შეფასებას გაძლევ. განსაკუთრებით კი ჩემი გათიშვა მომეწონა, რითაც შენ ყოველგვარი შემთხვევითობა გამორიცხე.
რაც ახლა გიამბეთ, მოსაყოლად იოლია, მაგრამ, მსგავსი ტრიუკის გაკეთებას არავის ვურჩევ, თუმცა, მე მაინც მომიწია გამეორება.
ერთ ზაფხულს ცოლ-შვილთან ერთად სოჭში ვისვენებდი, როდესაც მოსკოვში გამომიძახეს. შევდგი თუ არა ფეხი შჩუკინის კაბინეტში, გენერალმა მითხრა:
– რამდენიმე საათში ბეირუთში უნდა გაემგზავრო. ძალიან მნიშვნელოვანი დავალებაა და შენი იმედი მაქვს.
– მზად ვარ. რა ხდება?
მუხინმა ახალგაზრდა კაცის სურათი მაჩვენა და მითხრა:
– ეს მუჰამედ ალ-ფარაჯია, ცნობილი ტერორისტი და პალესტინის ლიდერის, იასირ არაფატის მარჯვენა ხელი. შენ ის ბეირუთიდან უნდა მოიტაცო და ჩამოგვიყვანო.
– რა დააშავა?
– როგორც ჩანს, ებრაელებმა გადაიბირეს. ხომ იცი, „მოსადი“ როგორ მოქმედებს. ის ბრიყვი დაარწმუნეს, რომ არაფატი ისრაელის აგენტია და მისი მოკვლა აქვს განზრახული. ალ-ფარაჯს კამიკაძეთა მთელი არმია ჰყავს და მისი მოტაცება იმიტომ გვინდა, რომ დავკითხოთ და ყველაფერი დავაყაჭვინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფატს მოკლავენ, ეს კი საბჭოთა პოლიტიკისთვის საზიანოა, – ამიხსნა შჩუკინმა. მუხინმა კი ტერორისტის ადგილსამყოფლის ზუსტი კოორდინატები მითხრა და შემდეგი სიტყვებით დამემშვიდობა:
– ბეირუთის კლდოვან ნაპირზე ორძრავიანი თვითმრფინავი გელოდება, რომელიც ტვირთს საბჭოთა წყალქვეშა ნავამდე მიგატანინებს, ისინი კი მოსკოვში ჩამოგიყვანენ. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ!
ათი საათიც არ იყო გასული, რომ უკვე ლიბანის დედაქალაქში ვიმყოფებოდი და მაშინვე საქმეში ჩავერთე. მუჰამედ ალ-ფარაჯი ძალიან იოლად გავიტაცე: ის პულვერიზატორით გავთიშე, დახოცილ დაცვას გადავაბიჯე და ფურგონიანი „ფორდი“ კლდოვანი ნაპირისკენ გავაქანე, რომელსაც ზღვის ტალღები ეხეთქებოდა.
– ჩქარა ავფრინდეთ, დრო არ ითმენს! – ვუთხარი პილოტს, თან მძინარე ტერორისტს პარაშუტი ჩავაცვი, რომ ავარიის შემთხვევაში მასთან ერთად წყალში გადავმხტარიყავი.
ის იყო, პარაშუტი მეც უნდა ჩამეცვა, რომ კეფაში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და დავეცი. თუმცა, არ გავთიშულვარ და მუჰამედ ალი-ფარაჯის მოვკარი თვალი – მან ჩემი პარაშუტი გადააგდო, შემდეგ ისკუპა და ხელიდან დამისხლტა...
თვითმფრინავი 1 800 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდა. მე წამოვდექი, ჰაერში მოსრიალე ტერორისტს გავხედე და უპარაშუტოდ გავყევი უკან. უცებ ტერორისტმა პარაშუტი გახსნა და ორმოცდაათიოდე მეტრით ზევით აიწია. მართალია, ის ვერ მხედავდა და არ იცოდა, რომ მე ვხედავდი, მაგრამ, პარაშუტიანის უპარაშუტოდ დევნა ურთულესი საქმე იყო. მიუხედავად ამისა, მე მთელი ჩემი ცოდნა გამოვიყენე, სხვადასხვა სპეციალური მოძრაობის შედეგად ალ-ფარაჯს უკნიდან მოვექეცი, მივეკარი და კეფაში ისე ძლიერად ვთხლიშე შუბლი, რომ მოსკოვში მას ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს...
– შენ რაც გააკეთე, ფანტასტიკის სფეროსაც კი სცილდება, – მითხრა აღფრთოვანებულმა შჩუკინმა, მოსკოვში რომ დავბრუნდი, – მართლაც რომ პერანგში ხარ დაბადებული და მაგრად გაგიმართლა. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება!
– ჩემს ცხოვრებაში კი მეორედ მოხდა, ამხანაგო გენერალო! – ვუთხარი შჩუკინს, – პირველად ასეთი რამ ვარჯიშზე გავაკეთე.
– მეორედ?! ყოჩაღ! მაშინ, მესამედაც გამოგივა, ჩემო კარგო. თუმცა, ნამდვილად არ გისურვებ ასეთ ყოფაში ჩავარდნას.
– არც მე ვისურვებ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – ვუთხარი გენერალს და ხუმრობით დავძინე, – იქ, მაღლა, ისე ცივა და ისე უბერავს, რომ შეიძლება, გაცივდეს კაცი. ორჯერ კი გადავურჩი ფილტვების ანთებას, მაგრამ, მესამედ, ალბათ, ორმხრივს ავიკიდებ. კმარა, ნამდვილად არ მინდა ავადმყოფობა.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯანმრთელი თანამშრომლები გვჭირდება, – მხარი ამიბა გენერალმა, თან აღტაცებით მიყურებდა და მთელი არსებით ვგრძნობდი მის დიდ პატივისცემას ჩემ მიმართ.
„კაგებე“ და, საერთოდ, ძალოვანი სტრუქტურები ისეთი ორგანიზაციებია, სადაც სუბორდინაცია მკაცრადაა დაცული და უფრო ცივი, მკაცრი და ლაკონური ურთიერთობებია მიღებული, ვიდრე თბილი და ადამიანური. ამიტომ, ორმაგად უფრო დასაფასებელია ისეთი ურთიერთობა, როგორიც ჩემსა და გენერლებს – შჩუკინსა და მუხინს შორის ჩამოყალიბდა. მე ამას ყოველთვის ვაფასებდი, ვუფრთხილდებოდი და ვცდილობდი, რომ ამ ურთიერთობებს არასდროს შეჰპარვოდა ბზარი. შჩუკინი და მუხინი ჩემთვის უფროსი ძმებივით იყვნენ და ასეთივე თავდადებით ვპასუხობდი მეც.
ადრე უკვე გიამბეთ, თუ როგორ ვიხსენი შჩუკინი და მუხინი ნაციონალისტების კლანჭებიდან, თუმცა, შემეძლო, კრინტიც არ დამეძრა, რადგან, ძალიან სახიფათო თამაშში ვებმებოდი. ახლა კი ერთ ისტორიასაც მოვყვები, რომელიც უკვე პოსტ-საბჭოთა პერიოდში მოხდა.
„ძია“ ახალი გაშვებული მყავდა პენსიაზე და შეკვეთებს უკვე პირადად ვიღებდი, როდესაც შემკვეთმა მოსკოვში დამინიშნა შეხვედრა. რუსეთის დედაქალაქში ჩავფრინდი, შევინიღბე და პარკ „სოკოლნიკებში“ გავემართე პაემანზე. შეხვედრაზე შეუნიღბავი, ორმოციოდე წლის მამაკაცი მოვიდა. ის მომესალმა და მითხრა:
– გამარჯობა, ბაბუა!
– გაგიმარჯოს!
– თქვენ, ალბათ, შემსრულებლის ნდობით აღჭურვილი პირი ხართ, ასე ვთქვათ, მისი პირადი აგენტი, ჩვენ კი უშუალო შემსრულებელთან გვინდა შეხვედრა.
– მე თქვენ წინაშე ვარ. გისმენთ.
– ხუმრობთ, ბაბუა?
– სულაც არა. გისმენთ.
მამაკაცმა კიდევ ერთხელ შემათვალიერა. შემდეგ პაუზა გააკეთა. ბოლოს უბიდან სურათი ამოიღო, მიჩვენა და მითხრა:
– აი, ესაა მოსაშორებელი. საქმეში 400 ათას ევროს ვიხდით. გაწყობს „კაგებეს“ გენერლის მოკვლა?
სურათზე ანდრეი ლუკიჩ მუხინი იყო აღბეჭდილი, მაგრამ, არაფერი შევიმჩნიე და მივუგე:
– ნახევარი თანხა წინასწარ მომეცით, მეორე ნახევარი – საქმის შემდეგ. ახლა კი მისი ზუსტი კოორდინატები მინდა და ერთმანეთს სამუდამოდ დავშორდეთ.
მამაკაცმა მუხინის ყველა მონაცემი და კოორდინატი მითხრა, რომელიც მასზე უკეთესად ვიცოდი და ასე დაასრულა:
– აბა, შენ იცი, ბაბუა. შემსრულებელს გადაეცი, რომ დროზე ქნას, თორემ, იაღლიში თუ მოუვიდა, მიწიდან ამოვიღებთ.
– ნახვამდის, – მივუგე შემკვეთს და წავედი. თუმცა, რამდენიმე მანევრი რომ გავაკეთე, შევნიშნე, მითვალთვალებდნენ. ამიტომ, მეტროში ჩავედი, „კუდი“ მოვიშორე და, როცა დავრწმუნდი, რომ „სუფთა“ ვიყავი, მუხინს პირდაპირ აგარაკზე მივადექი.
ანდრეი ლუკიჩი ეზოში ფუსფუსებდა. რომ დამინახა, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო, რადგან შენიღბული ვიყავი. მე ღობეს მივუახლოვდი და ვუთხარი:
– წუხელ ანტარქტიდაზე ისე ცხელოდა, რომ პინგვინები შიშვლები იწვნენ მზეზე და აბაზანებს იღებდნენ, – ეს სიტყვები ერთი ძველი ოპერაციის პაროლი იყო, რომელიც პირადად მუხინმა შეიმუშავა. ამიტომ, ის შეცბა და კოპებშეკრულმა მკითხა:
– ვინ ხარ, მოხუცო და რა გინდა?
– კოკი ვარ, ამხანაგო გენერალო. თქვენთან საქმე მაქვს. შეიძლება, დაგელაპარაკოთ პირისპირ?
– კოკი, ძვირფასო, შემოდი. მარტო ვარ, – გაუხარდა მუხინს, აგარაკზე შემიყვანა და მკითხა: – ხომ მშვიდობაა?
ანდრეი ლუკიჩს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ვკითხე:
– ვინ არიან და რატომ უნდათ თქვენი მოკვლა?
– ანტონ სივუხას ხალხია...
– სივუხა, სივუხა... რა ნაცნობი გვარია... – ვთქვი მე. მუხინმა კი მითხრა:
– პეტრე სივუხა ხომ გახსოვს, ერთ-ერთი პარტიული ფუნქციონერის ბიძაშვილი?
– კი, როგორ არა, – გამახსენდა მე, – ნარკობიზნესში რომ იყო ჩართული და თურქმენეთის საზღვარზე რომ მოვკალი.
– სწორედაც რომ, – დამიდასტურა მუხინმა, – ანტონი პეტრეს ტყუპისცალია და ახლახან გამოვიდა ციხიდან. ისიც ბარიგაა და, უთქვამს, რომ ჩემი ძმის მკვლელ მუხინს მოვსპობო. ეს ამბავი სულ რაღაც სამი დღის წინ მიამბო ჩემმა კაცმა, რომელიც იმ ნაძირლებთანაა დაკავშირებული.
– კი მაგრამ, ის ოპერაცია ხომ საიდუმლო იყო, საიდან შეიტყვეს სივუხებმა?
– პოსტ-საბჭოთა პერიოდში მრავალი „გაიყიდა“ და იმ ნაძირალამაც მოძებნა, ალბათ, ფულის სანაცვლოდ ინფორმატორი.
– მაშინ, ჯერ მე უნდა ამოვეღე მიზანში – ის ხომ მე მოვკალი!
– შენზე ვერასგზით ვერ გამოვიდოდნენ, შენი ამბავი მხოლოდ მე და შჩუკინმა ვიცოდით და, როდესაც ზემდგომებს ოპერაციის შედეგების ანგარიშს ვაბარებდით, შენი სახელი არ გვიხსენებია.
– კეთილი. მოდი, საქმეს მივხედოთ და მანამდე მოვიშოროთ ისინი, ვიდრე რამეს დაგვიშავებენ.
– უნდა დავხოცოთ, მაგრამ, ეს არც ისე იოლია.
– ყოველ შემთხვევაში, აუცილებელი. რას იტყვით, ამხანაგო გენერალო, ღირს, რომ ვიღაც ბარიგებს თავი მოვაკვლევინოთ?
– არ ღირს.
– მაშინ, საქმეს მივხედოთ. იარაღის ხმარება ხომ არ დაგავიწყდათ?
– რა თქმა უნდა, არა. მივხედოთ საქმეს, – მომიგო მუხინმა და საქმეს შევუდექით.
ჩვენ ჯერ ოპერაციის დეტალები დავგეგმეთ, შემდეგ შევიარაღდით და მოქმედებას შევუდექით.
მე ვმოქმედებდი, მუხინი კი მაზღვევდა. თავდაპირველად სივუხას ბანდის ის წევრი შევიპყარით, რომელიც მე მითვალთვალებდა და მისგან შევიტყვეთ როგორც ბანდის რიცხოვნობა, ასევე, დისლოკაციის ადგილი.
– ათივე დღეს, საღამოს ათ საათზე უნდა შევიკრიბოთ, სივუხას აგარაკზე, – თქვა ჩვენმა ტყვემ და აგარაკის ადგილმდებარეობა ზუსტად აგვიწერა.
იმავე ღამეს მე და მუხინი აგარაკზე შევიჭერით და ჩვენი მტრები დავხოცეთ. ბოლოს მათი „ჩამშვებიც“ მივაყოლეთ და უკან „სუფთად“ დავბრუნდით.
მეორე დღეს თბილისში გამოვფრინდი და წამოსვლის წინ გენერალმა მითხრა:
შენთან დიდ ვალში ვარ, ჩემო კოკი, და გადამეხადოს. აბა, შენ იცი, ნახვამდის!
სივუხასა და მისი ხელქვეითების განადგურება, ჩემი მხრიდან, წმინდა წყლის მეგობრული ჟესტი იყო. ასეთი რამ კი ჩვენს საქმეში (მე ჩემს ამჟამინდელ საქმეს ვგულისხმობ) დაუშვებელია. თუმცა, მე ძველ მეგობრობას ძალიან ვაფასებ და ეს წესიც იმიტომ დავარღვიე, თუმცა, ასე ბევრი არ მოიქცეოდა, საქმესაც გააკეთებდა, ფულსაც აიღებდა და ენასაც კბილს დააჭერდა.
წესების დარღვევა, რა თქმა უნდა, დაუშვებელი რამ არის და ჩემი კარიერის განმავლობაში ძალიან იშვიათად ჩამიდენია ასეთი რამ. მაგრამ, როცა ჩამიდენია, ყოველთვის სწორად მოვქცეულვარ და ჩემი თავის წინაშე მართალი აღმოვჩენილვარ.
დაქირავებული მკვლელობა განსაკუთრებული პროფესიაა. თუ შემკვეთი „გადააგდე“, ყოველთვის მიზანში იქნები ამოღებული და ამას არასოდეს გაპატიებენ. თუმცა, მე უკვე რამდენჯერმე მაქვს ეს ჩადენილი, რა თქმა უნდა, კეთილშობილური მოსაზრებების გამო და, ჯერჯერობით ვერავინ მომწვდა. თუმცა, ვინ იცის, იქნებ, უკვე მაზის კიდეც ვინმე დაინტერესებული „კუდზე“ და ჩემთვის სასროლი ტყვია გამზადებული აქვს.
– სიფრთხილე, სრული კონსპირაცია და აბსოლუტური მობილიზაცია – აი, რა ჰმართებს საიდუმლო აგენტს, – მასწავლიდნენ კოჯორში და დღემდე ვცდილობ, ფანტომი ვიყო, ვერავინ მომიხელთოს და ყოველგვარ ხიფათს გვერდი ავუარო.
ჩემს შეგირდ ვოვასაც თითქმის ყველაფერი ვასწავლე და, ლომის აღმზრდელი კატისა არ იყოს, მხოლოდ „ხეზე ასვლა“ არ მისწავლებია. „ხეზე ასვლა“ კი ჩემს შემთხვევაში ისაა, რომ ვოვამ არაფერი იცის ჩემი შვილების, უახლოესი ნათესავებისა და მეგობრების შესახებ, ანუ, მას მე მარტოხელა ვგონივარ და, თუკი ის ოდესმე გადაწყვეტს თავიდან მომიშოროს, ჩემს მოსახელთებლად ჩემსავე ახლობლებს არ დაუწყებს ძებნას და მხოლოდ და მხოლოდ ჩემთან შეტაკება მოუწევს. ეს კი, მისი აზრით, თუ, რა თქმა უნდა, არ არტისტობს, ძალიან რთული საქმეა. მართალია, ვოვას ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, რომ ჩემს წინააღმდეგ არასდროს აღმართავს ხელს, მაგრამ, ვინ იცის?! იცვლება დრო, ვიცვლებით ჩვენც, ადამიანებიც. ვოვაც ადამიანია და, აბა, მე რა ვიცი, თუ როდის და როგორ ჩაუძვრება სულში ეშმაკი?!
ბოლომდე, რა თქმა უნდა, არავის ვენდობი, არც ვოვას და არც შჩუკინსა და მუხინს. მიუხედავად იმისა, რომ გენერლებისთვის ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული. მე ისინი არასდროს გამიწირავს და არც მათ გავუწირივართ, თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
მე თითქმის ყველაფერი გავითვალისწინე და ჩემი შვილები და შვილიშვილები ბევრად უფრო დაცულები და, ასე ვთქვათ, გადამალულები მყავს, ვიდრე საკუთარი თავი. ამქვეყნად ჩემ გარდა სულ სამი ადამიანია, ვინც ჩემი საქმიანობის შესახებ იცის – გენერლები და ვოვა. ამიტომ, თუკი ვინმემ ჩემზე გამოსვლა მოინდომა, ეს მათი მეშვეობით უნდა მოახერხოს, მათ კი ჩემი ახლობლების ადგილსამყოფელი არ იციან და მათზე გასვლა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეშვეობითაა შესაძლებელი. ასეთი რამ კი გამორიცხულია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ისინი კარგად არიან დაცულები და მათი მოხელთება პრაქტიკულად შეუძლებელია. როდესაც მათ სანახავად მივდივარ, ისეთი შორეული, შემოვლითი გზით ვაკეთებ ამას, რომ ვერავინ გაიგოს.
ამ ცოტა ხნის წინ სწორედ ჩემი ახლობლების სანახავად ვიყავი წასული, მათთან ათი დღე დავრჩი. უკან რომ მოვდიოდი, მათ ჩემი გამოშვება არ უნდოდათ. დამესივნენ შვილები, შვილიშვილები და დიდხანს მეხვეწნენ, კიდევ ერთი დღით მაინც დავრჩენილიყავი მათთან, მაგრამ, დრო არ მქონდა, თბილისში დაბრუნებამდე ერთი შეკვეთა უნდა შემესრულებინა, რომელშიც 600 ათას ევროს მიხდიდნენ.
შეკვეთა უნგრეთის დედაქალაქში უნდა შემესრულებინა. ბუდაპეშტში შეღამებისას ჩავედი, პატარა სასტუმროში დავბინავდი და ცოტა დავისვენე, შემდეგ რკინიგზის სადგურში გავემგზავრე. შემნახველი საკნიდან შავი ფერის სპორტული ჩანთა გამოვიღე და სასტუმროში დავბრუნდი. ჩანთაში საქმისთვის საჭირო რეკვიზიტი და შეიარაღება ელაგა. მე ყველაფერი შევამოწმე. ჩანთა შევინახე და დასაძინებლად დავწექი. უკვე ჩათვლემილი ვიყავი, როდესაც ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და ვუპასუხე:
– გისმენთ!
– კოკი, ქვემოთ ჩამოდი!
გაგრძელება შემდეგ ნომერში