დანაშაული ხელშეკრულებით
თავადაც ვერ მიხვდა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში სარეკლამო ფლაერი. თრეიდერმა მატარებელში ასვლის წინ გაზეთები შეიძინა და შესაძლოა, ერთი მათგანიდან გადმოვარდნილიყო. თუმცა, ეს მაინც არ იყო მთავარი. ის რეკლამის ტექსტმა განაცვიფრა. ერთ მხარეს გარკვევით ეწერა ის, რაზეც არაერთხელ უფიქრია: „თუ ბიჭუნა უკვე ზედმეტი გახდა, მიაკითხეთ რაპალოს და გაიგეთ მეტი „სმიტი და სმიტის” შესახებ. ლიკვიდაცია!” – მორჩა... არც მისამართი, არც ტელეფონის ნომერი, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე რეკლამის შემთხვევაში. თრეიდერმა ბილეთი გადაცვალა, ცოლს დაურეკა, მაგვიანდებაო. იქვე, კაფეში დაჯდა და დაფიქრდა. აშკარად არაფერი ეჩვენებოდა. შოკოლადი იყიდა და შეჭამა. ცოტათი დამშვიდდა. უახლოეს სატელეფონო ჯიხურს მიაკითხა და სატელეფონო ცნობარი მოიძია. როგორც მოელოდა „სმიტისა და სმიტის” შესახებ იქ არაფერი იყო ნათქვამი. ძიების ობიექტი შეცვალა და ამჯერად გაუმართლა. „რაპალო სენდვიჩ-კოქტეილ ბარი” კონდიტ-სტრიტზე მდებარეობდა. ნახევარი საათის შემდეგ თრეიდერი უკვე ბარმენის წინ იდგა და ყოყმანებდა.
– მე მითხრეს, რომ თქვენ გაქვთ ინფორმაცია „სმიტი და სმიტის” შესახებ, – თქვა გაუბედავად.
ბარმენმა უცნაურად შეხედა და ბარის სიღრმეში პატარა კარისკენ მიუთითა.
– მიბრძანდით, ბატონები უკვე გელიან.
უცნაური გრძნობით შეპყრობილი თრეიდერი ოთახში შევიდა. მრგვალ მაგიდას სამი ადამიანი უჯდა – ორი მამაკაცი და ერთი ქალი მოყვითალო, კატის თვალებით.
– მობრძანდით, მისტერ თრეიდერ. ჩვენ გელოდებოდით.
– უცნაურია. საიდან იცით ჩემ შესახებ, ან ეს ფურცელი რას ნიშნავს? ლიკვიდაცია – რის, ან ვის ლიკვიდაციაზეა ლაპარაკი?
– ბატონო თრეიდერ, მშვიდი და გონებამახვილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ბიჭი, ალბათ საკმაოდ ჯანმრთელია. ასეც ვიცოდი. გაზეთები წერდნენ მისი ტრაგედიის შესახებ, რომელმაც ექვსი წლის ბიჭი, უზარმაზარი ქონების ერთადერთ მემკვიდრედ აქცია. მართალია, თქვენ მისი ბიძა ხართ, მაგრამ ძმის სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ ბავშვზე მზრუნველობა გხვდათ წილად და უღიმღამო ნამცეცები... აი, ბიჭუნას, თუ რამე დაემართება... ამ ასაკში ბავშვები ისეთი ცელქები არიან და იმდენი საშიში ინფექციაა... ოღონდ არ მითხრათ, რომ ამაზე არ გიფიქრიათ.
თრეიდერი შეკრთა. ეს ვიღაც სმიტი თითქოს მის გულში და ტვინში იჯდა. სული შეეხუთა და მისთვის მომზადებული კოქტეილი მოსვა.
– რა თქმა უნდა, თქვენი ცოლი ძალიან ზრუნავს ბიჭზე, მაგრამ მას ხომ ახასიათებს რაიმე უცნაურობა, რომელიც თქვენ ძალიან გაღიზიანებთ?
– დიახ, უცნაური ამბების გამოგონება უყვარს. ზოგჯერ ისეთ რამეს მოიგონებს, ჩემი ცოლი ჭკუიდან გადაჰყავს, – ამოიოხრა თრეიდერმა.
– ვხედავ შევთანხმდებით... ოო, ბავშვები! ისინი, ხომ ანგელოზები არიან. მათი ადგილი ზეცაშია. „სმიტი და სმიტი – ლიკვიდაცია” სწორედ ამისთვის შეიქმნა. მთავარია, შეთანხმებას მივაღწიოთ და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ. მომსახურებაში ძვირს არ გამოგართმევთ. აბა, 1 500 ფუნტი რა სალაპარაკოა? სამაგიეროდ, შედეგზე გარანტიას ვიძლევით. ჩვენ სუფთად ვმუშაობთ. სირილ თრეიდერს ხომ ჰყავს ძიძა, მაგრამ ის მაინც ახერხებს ხოლმე გაპარვას მეზობლად მდებარე მიგდებულ მამულში სათამაშოდ... უბედური შემთხვევა, ყოველ წუთს შეიძლება, მოხდეს...
თრეიდერმა ისევ იგრძნო ჟანგბადის ნაკლებობა.
– ყველაფერი გცოდნიათ...
– ჩვენ პროფესიონალები ვართ. ამიტომაც კლიენტები თვითშემოქმედებას ჩვენთან ურთიერთობას არჩევენ. ხელშეკრულება მზად გვაქვს. თქვენ მარტო ხელი მოაწერეთ, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ. ფულს მაშინ მივიღებთ, როცა შეკვეთა შესრულდება. ერთ რჩევასაც მოგცემთ, შეკვეთის შესრულების ვადაში სადმე გაემგზავრეთ. ანუ, სასურველია, სახლში არ იყოთ. მაგალითად, წადით სანადიროდ. არ გიყვართ ნადირობა? მისტერ თრეიდერ, ზოგჯერ ნადირობა ძალიან სასარგებლოა, რისკის ელემენტებს გამორიცხავს.
თრეიდერმა, ფაქტობრივად, ბურანში მყოფმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და ჩეკიც გამოწერა. მერე ხშირად ეკითხებოდა საკუთარ თავს, ეს ყველაფერი სიზმარში ხომ არ ვნახეო, მაგრამ ჩეკების წიგნიდან ამოხეული ფურცელი რეალური იყო. მერე უცებ, თარიღი ამოუტივტივდა გონებაში – პირველი ოქტომბერი. ძმისა და რძლის სიკვდილის მერე, ისინი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ, პატარა ძმიშვილის მეურვეობა მას და მის ცოლს დაეკისრა. უსამართლობა იყო ის, რომ თრეიდერების უზარმაზარი იმპერია ამ თითის სიგრძე ლაწირაკს უნდა დარჩენოდა. მართალია, ჯერ კიდევ არ სჯეროდა, იმის, რომ სმიტების და ლიკვიდაციის ამბავი სიზმარში არ ნახა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, 29 სექტემბერს, მაინც უთხრა ცოლს, რომ მეგობართან ერთად სანადიროდ მიდიოდა და სახლიდან წავიდა.
– დეიდა!
– რაო, სირილ... – მისის თრეიდერი სუსტი და მელანქოლიური გარეგნობის ქალი იყო, ყველაფერი გულთან ახლოს რომ მიაქვთ, ხოლმე და ბიჭი მართლა უყვარდა.
– დღეს ჯადოსნური ამბავი გადამხდა. ვიცი, არ დამიჯერებთ, მაგრამ გეფიცებით, ამჯერად არაფერს ვიგონებ. ფერიას შევხვდი, ნამდვილ ფერიას. კატისებრი თვალები ჰქონდა და ლომები და ლეოპარდები ეხვია გარს.
მისის თრეიდერმა ბავშვს შუბლზე დაადო ხელი.
– სირილ, როგორი ცხელი შუბლი გაქვს, სიცხე გიწევს. იმიტომაც, გეჩვენება რაღაცეები. ახლავე ვეტყვი ძიძას, ლოგინში ჩაგაწვინოს და მიქსტურაც დაგალევინოს.
– არა დეიდა, არა. ცოტა მუცელი კი მტკივა, მაგრამ კარგად ვარ. ფერია კი მართლა ვნახე. ჩვენს მეზობლად ცხოვრობს. იმ დიდ, ძველ სასახლეში. მართალია, ცოტა ვიფანტაზიორე, მაგრამ ერთი ლეოპარდი მართლა ჰყავდა. ფერიამ ჯადოსნურ სადილზე დამპატიჟა და ოქროს თეფშებიდან ვჭამდით. ფერიამ ისიც მითხრა, რომ როცა გავიზრდები, უფლისწული ვიქნები, ჩემი ზღაპრული ქვეყანა მექნება და ფერიას ცოლად შევირთავ.
მისის თრეიდერმა თავზე იტაცა ხელები.
– სირილ, ჭკუიდან ნუ შემშლი. აშკარად ცუდად ხარ. დამნაშავე ძიძაა. ისევ უყურადღებოდ დაგტოვა და ბევრი იცელქე. ექიმს ახლავე გამოვიძახებ.
როცა ერთი საათის შემდეგ ექიმი სიმონდსი მოვიდა, პატარა სირილი სიცხისგან იწვოდა და ბოდავდა. ლეოპარდიან ფერიას და მის სასახლეში ჯადოსნურ ვახშამს ახსენებდა. შეშფოთებულმა ექიმმა სასწრაფოდ კუჭის გამორეცხვა ბრძანა და მისის თრეიდერს სთხოვა, მისტერ თრეიდერი სახლში დაებრუნებინა. მიუხედავად დამატებით კიდევ ერთი ექიმის გამოძახებისა და ორივე ექიმის ძალისხმევისა, ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და გამთენიისას გარდაიცვალა. მისის თრეიდერის მწუხარება უსაზღვრო იყო, ის სირილის უსულო სხეულთან ჩაიკეტა ოთახში და გარეთ მაშინაც არ გამოსულა, როცა სახლში დაბრუნებულმა მისტერ თრეიდერმა ექიმის დასკვნის გასაცნობად უხმო. ორივე ექიმი და სასამართლო ექსპერტიც იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბავშვმა ველური კარტოფილის მწვანე ბოლქვები შეჭამა და მასში არსებული შხამიანი ნივთიერებით – სოლანინით მოიწამლა. მთელი ექსპედიცია გაემგზავრა მეზობელ მამულში, სადაც აღმოაჩინეს კიდეც ველური კარტოფილის ბუჩქები.
– უცნაურია, – თქვა ექიმმა პრატმა – ასეთი დოზით შხამს, მხოლოდ კარტოფილის იშვიათი ჯიში შეიცავს. საწყალმა ბავშვმა ეტყობა, სწორედ ის ბოლქვი შეჭამა, რომელშიც განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის სოლანინი იყო კონცენტრირებული. აქედან აიხსნება ჰალუცინაციებიც. ეტყობა, ისედაც მდიდარი ფანტაზია ჰქონდა. თანაგიგრძნობთ, მისტერ თრეიდერ.
მისტერ თრეიდერის შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა. კალენდარი პირველ ოქტომბერს უჩვენებდა. მაშინვე ბანკში დარეკა და იკითხა, ხომ არ გაანაღდა ვინმემ მისი ხელმოწერით ათასხუთასფუნტიანი ჩეკი. ბანკიდან კი უპასუხეს, რომ ზუსტად ერთი საათის წინ მოხდა ანგარიშსწორება. თრეიდერმა თავი ცუდად იგრძნო. შეიძლება, ეს სინდისის ქენჯნაც იყო. სამი დღის შემდეგ კი... თრეიდერმა ჯერ ცოლის სიძულვილით სავსე გამოხედვა იგრძნო და მხოლოდ ამის მერე დაინახა მის ხელში წერილი.
– რა მოხდა, ძვირფასო? – ჰკითხა უსიამოვნო წინათგრძნობით შეპყრობილმა. პასუხად ქალმა წერილი გაშალა და ხმამაღლა წაიკითხა.
მე, არტურ თრეიდერი ვაღიარებ, რომ შეგნებულად მოვწამლე ჩემს მეურვეობაში მყოფი, საკუთარი ძმისშვილი სირილ თრეიდერი. მოწამვლა მოხდა შემდეგნაირად: ჩვენი მამულის მეზობლად მდებარე მამულში მოვძებნე კარტოფილის ბუჩქი და მის ბოლქვებში შპრიცით სოლანინის სასიკვდილო დოზა შევიყვანე. ახალგაზრდობაში ქიმიას ვსწავლობდი და ეს არ გამჭირვებია. ვიცოდი, რომ ბავშვი ადრე თუ გვიან შეჭამდა მას. დანაშაული თრეიდერების ფინანსური იმპერიისა და მამულების ხელში ჩასაგდებად ჩავიდინე, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.”
თრეიდერს მუხლები მოეკვეთა. გაახსენდა, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მექანიკურად, მის წაუკითხავად მოაწერა. საიდან იცოდნენ, რომ ახალგაზრდობაში ქიმიას სწავლობდა?!.. „ჩვენ პროფესიონალები ვართ”, ჩაესმა თითქოს მისტერ სმიტის ხმა და თვალთ დაუბნელდა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ